იერემია წინასწარმეტყველი, თავი 2
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე.
უფლის სიწმიდეა ისრაელი, მისი მოსავლის ნათავარი; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება დაატყდება თავს, ამბობს უფალი,
ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო საგვარეულოვ!
ასე ამბობს უფალი: რა ნახა ჩემში ცუდი თქვენმა მამა-პაპამ, რომ განმიდგა, ამაოებას რომ აჰყვა და თავადაც ამაოებაში ჩაეფლო?
რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.
არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.
ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ.
რადგან, აბა, წადით ქითიელთა კუნძულებზე და ნახეთ, გააგზავნეთ კედარში და კარგად გამოიკვლიეთ, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამე.
თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!
შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.
რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
მონაა ისრაელი თუ სახლისშვილი? აბა, რატომ იქცა ნადავლად?
თავს დაღრიალებდნენ ლომები, ხმამაღლა ბდღვინავდნენ, უდაბნოდ უქციეს ქვეყანა; გადამწვარია მისი ქალაქები, გაუკარციელებული.
თვით ნოფელებმა და თახფანესელებმაც კი ჩაგიმტვრიეს თავის ქალა.
იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი?
ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? - ნილოსის წყლის დასალევად? რად დასდგომიხარ აშურის გზას? - ევფრატის წყლის დასალევად?
ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით.
მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე. როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!
ნაცარტუტითაც რომ იხეხო, რამდენი საპონიც არ უნდა იხმარო, შენი შეცოდება მაინც ლაქად და რჩება ჩემს წინაშე, ამბობს უფალი ღმერთი.
როგორ ამბობ: არ წამიბილწავს თავი, ბაალებს არ ავკიდებივარო? გაიხსენე შენი საქციელი ველზე, დაფიქრდი, რა გააკეთე, გარეულო დედალო აქლემო, აქეთ-იქით რომ დაჭენაობ?
ვინ დააკავებს უდაბნოზე შეჩვეულ კანჯარს, როცა სუნთქვაშეკრული გარბის? ნუ დაშვრებიან მისი მძებნელნი; ერთ თვეშიც ვერ მიაგნებენ.
დაინდე შიშველი ფეხები და წყურვილისგან გამომშრალი ყელი! შენ კი ამბობ: არა, ამაოა! რადგან უცხოები მიყვარს და მათ ავეკიდებიო!
როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,
ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.
სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!
რიღასთვის მედავებით? ხომ ყველანი განმიდექით მე, ამბობს უფალი.
ამაოდ მიცემია თქვენი შვილები: ჭკუა ვერ ისწავლეს. თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც გამანადგურებელმა ლომმა.
ეჰა, მოდგმავ! შეიგონე უფლის სიტყვა! განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან ბნელეთი? რატომ ამბობს ჩემი ერი: თავისუფალნი ვართ, შენთან აღარ მოვალთო?
როდის ყოფილა, ქალწულს თვისი სამკაული დაევიწყებინოს ან პატარძალს - თვისი მორთულობანი? ჩემმა ერმა კი რა ხანია, დამივიწყა მე.
როგორ გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად? ბოროტებანიც კი შეაჩვიე შენს გზებს!
შენი კაბის კალთებს ამჩნევია უდანაშაულო ბეჩავთა სისხლი. ხომ არ წაგისწრია მათთვის სახლის გამოთხრისას?
და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო.
რამდენს დაეხეტები და იცვლი გზებს! ეგვიპტისგანაც ისევე შერცხვები, როგორც აშურისგან შერცხვი.
მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ.
და იყო სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
ვიდოდე და აღმოიკითხე ყურთა მიმართ ძეთა იერუსალიმისათასა მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი: მოვიჴსენენ წყალობანი სიჭაბუკისა შენისანი და სიყუარული სრულებისა შენისა. შეუდეგ რაჲ შენ წმიდასა ისრაილისასა, იტყჳს უფალი, - უდაბნოსა ქუეყანასა უთესველსა:
წმიდა უფლისა ისრაილი, დასაბამი ნაშრომთა მისთა; ყოველნი მჭამელნი მისნი ცოდვენ, ბოროტნი მოიწინენ მათ ზედა, - იტყჳს უფალი:
ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ, სახლო იაკობისო და ყოველნო ტომნო სახლისა ისრაელისანო!
ამათ იტყჳს უფალი: რაჲ პოვეს მამათა თქუენთა ჩემ თანა შეცოდებაჲ? რამეთუ განდგეს ჩემგან და ვიდოდეს შემდგომად ამაოსათა და ამაო იქმნენ.
და არა თქუეს: სადა არს უფალი აღმომყუანებელი ჩუენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა? და გჳძღოდა ჩუენ უდაბნოსა ზედა ქუეყანასა მას უქმსა და უვალსა, ქუეყანასა შინა ურწყულსა და უნაყოფოსა და აჩრდილსა სიკუდილისასა, ქუეყანასა, რომელსა შინა არ განვლო მის შორის მამაკაცმან, არცა დაემკჳდრა მუნ ძე კაცისა,
და შემყუანებელი ჩუენი კარმელისა მიმართ ჭამად ნაყოფთა მისთა და კეთილთა მისთა. და შეხუედით და შეაგინეთ ქვეყანა ჩემი და სამკჳდრებელი ჩემი დასდევით საძაგელებად.
მღდელთა არა თქუეს: სადა არს უფალი და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე. და მწყემსნი უთნოობენ ჩემდამო და წინაწარმეტყუელნი უწინაწარმეტყუელებდეს ბაალსა, და უკუანა ურგებთასა ვიდოდეს.
ამისთჳს მერმეცა განვისჯებოდი თქუენდამი, - იტყჳს უფალი, - და ძეთა მიმართ ძეთა თქუენთასა განვისაჯოვე,
რამეთუ განვლეთ ჭალაკთა მიმართ ქეტიიმისთა და იხილეთ, და კიდარადმი მიავლინეთ და გულისხმა-ყავთ ფრიად, და იხილეთ, უკეთუ იქმნეს ესევითარნი.
უკუეთუ სცვალებენ წარმართნი ღმერთთა მათთა, და იგინი არა არიან ღმერთნი, ხოლო ერმან ჩემმან შეიცვალა დიდებაჲ თჳსი, რომლისაგან არა რგებულ იქმნეს.
განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად, - იტყჳს უფალი.
რამეთუ ორნი ძჳრნიცა ქმნნა ერმან ჩემმან. მე დამიტევეს, წყაროჲ წყლისა ცხოველისაჲ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაჴურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა.
ნუ მონაჲ არსა ისრაილი, ანუ სახლის ნაშობი არს იაკობი, რაჲსათჳს წარსატყუენველ იქმნა?
მის ზედა იზახდეს ლომნი და მოსცეს ჴმაჲ მათი, რომელთა დააწესეს ქუეყანაჲ მისი უჩინოსაქმნელად, და ქალაქნი მისნი დაიქცეს არადამკჳდრებისა მიერ.
და ძეთა მემფისათა და ტაფანაჲსათა გიცნეს შენ და გემღერდეს შენ.
არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან შენგან ჩემმან, -იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - ჟამსა მოყვანებისა შენისასა გზასა ზედა?
და აწ რაჲ არს შენი და გზისა ეგჳპტისა, სუმად წყალი გიონისა? და რაჲ შენი და გზისა ასურასტანელთასა, სუმად წყალი მდინარეთა?
გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და ცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი ღმერთი შენი, - და არა სათნო ვიყო შენ ზედა, იტყჳს უფალი ღმერთი შენი,
რამეთუ საუკუნითგან შეჰმუსრე უღელი შენი, და განჰხეთქენ აპაურნი შენნი და სთქუ: არა გმონო შენ, არამედ წარვიდე ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და ქუეშე ყოველსა ხესა ჩრდილოვანსა, მუნ დავითხიო სიძვისა მიერ ჩემისა,
ხოლო მე დაგნერგე შენ, ვენაჴი ნაყოფის გამომღებელი ყოვლად ჭეშმარიტი, ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი უცხოჲ?
უკუეთუ განიბანო ბავრუკითა და განიმრავლნე თავისა შენისა მდელონი, შეგინებულვე ხარ უსამართლობათა მიერ შენთა წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი,
ვითარ იტყჳ: არ შევიგინე და უკანა ბაალისსა არა ვიდოდე? იხილენ გზანი შენნი სამრავალკაცოს შინა, და ცან, რაჲ ჰყავ.
მწუხრი ჴმითა მისითა ვალალაებდა, გზანი მისნი განავრცნა წყალთა ზედა უდაბნოსათა; გულისთქუმათა შინა სულისა მისისათა სულშემოსილობდა; მიეცა; ვინ მოაქციოს იგი? ყოველნი მეძიებელნი მისნი არა დაშურენ, სიმდაბლესა შინა მისსა პოონ იგი.
მოაქციე ფეჴი შენი გზისაგან ფიცხელისა და ჴორცი შენი წყურილისაგან. ხოლო მან თქუა: ვმჴნდები, ვმჴნდები, რამეთუ შეიყუარნა უცხონი, და შემდგომად მათსა ვიდოდა.
ვითარცა სირცხჳლი მპარავისაჲ, ოდეს შეიპყრას, ეგრეთ სირცხჳლეულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, რამეთუ მათ და მეფეთა მათთა და მთავართა მათთა და მღდელთა მათთა და წინაწარმეტყუელთა მათთა.
ძელსა ჰრქუეს, ვითარმედ: მამაჲ ჩემი ხარ შენ: და ქვასა: შენ მშევ, და მომაქცინეს მე ზურგნი და არა პირნი მათნი. და მას ჟამსა ძჳრთა მათთასა თქუან: აღდეგ და განგუარინენ ჩუენ.
და სადა არიან ღმერთნი შენნი, რომელნი უქმნენ თავსა შენსა? უკეთუ აღდგნენ და განგარინონ შენ ჟამსა შინა განბოროტებისა შენისასა? რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა, იყუნეს ღმერთნი შენნი, იუდა. აჰა, და რიცხჳსაებრ საგზაურთა იერუსალიმისათა უზორვიდეს ბაალსა.
რაჲსათჳს იტყჳთ ჩემდამო? თქუენ ყოველნი უთნო იქმნენით ჩემდამო. - იტყჳს უფალი, -
და თქუენ ყოველნი უსჯულოებდით, მედად მოვსრენ შვილნი თქუენნი, წურთაჲ არ შეიწყნარეთ. მახჳლმან შეჭამნა წინაწარმეტყუელნი თქუენნი, ვითარცა ლომმან მომსრველმან, და არ შეიშინეთ.
ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს უფალი: ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით, რამეთუ თქუა ერმან ჩემმან, და უუფლო ვიყვნეთ და შენდა არღა მოვიდეთ მერმე.
ნუ დაივიწყის სძალმან სამკაული თჳსი და ქალწულმან მკერდის შესაკრავი თჳსი? ხოლო ერმან ჩემმან დამივიწყა მე დღეთა, რომელთა არა არს რიცხჳ,
რაჲღა კეთილი მოიჴელოვნო გზათა შინა შენთა ძიებად შეყუარებისა? არა ესრე, არამედ შენცა უკეთურებდე შეგინებად გზათა შენთა.
და ჴელთა შინა შენთა იპოვა სისხლები სულთა უბრალოთა, არა შეთხრასა შინა ჰპოვენ იგინი, არამედ ნუ ყოველთა თანა მუხათა.
და სთქუ: უბრალო ვარ, არამედ მიიქეცინ გულისწყრომა მისი ჩემგან. აჰა, მე განვისაჯები შენდამი თქუმისათჳს შენგან: არა ვცოდე,
რამეთუ უგულებელს-ჰყავ ფრიად და მრჩობლები გზათა შენთა, და ეგჳპტითცა სირცხჳლეულ იქმენ, სირცხჳლეულ იქმენ ასურეთით,
რამეთუ ამიერცა გან-ვე-ხვიდე, და ჴელნი შენნი თავსა ზედა შენსა, რამეთუ განაგდო უფალმან სასოება შენი, და არ წარგემართოს მას შინა.