ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 41

1

მეშვიდე თვეს იყო, რომ მივიდნენ ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, მეფეთა ნათესავი და მეფის დიდებულები ათი კაცითურთ გედალია ახიკამის ძესთან მიცფას და ჭამეს იქ პური ერთად, მიცფაში.

2

წამოიჭრნენ ისმაელ ნეთანიას ძე და მისი თანმხლები ათი კაცი და განგმირეს მახვილით გედალია, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა. მოკლეს კაცი, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ბაბილონის მეფეს ქვეყანა.

3

ყველა იუდაელთ, ვინც კი გედალიასთან იყო მიცფაში და ქალდეველი ჯარისკაცები, ვინც იქ იმყოფებოდნენ, დახოცა ისმაელმა.

4

გედალიას მკვლელობის მეორე დღეს, როცა კაციშვილმა არაფერი იცოდა,

5

მოვიდა ხალხი შექემიდან, სილოამიდან და სამარიიდან - ოთხმოცი კაცი, წვერგაპარსულნი, ტანისამოსშემოგლეჯილნი და სახედაკაწრულნი, ძღვენითა და საკმევლით ხელში უფლის სახლისათვის.

6

გამოეგება მათ ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან, მოდიოდა და ტიროდა და, როცა მათ შეხვდა, უთხრა: შედით გედალია ახიკამის ძესთან!

7

როცა შუაგულ ქალაქში შევიდნენ, ისინიც დახოცეს ისმაელ ნეთანიას ძემ და მასთან მყოფმა ხალხმა და ჭაში ჩაყარეს.

8

აღმოჩნდა მათ შორის ათი კაცი, რომელთაც უთხრეს ისმაელს: ნუ დაგვხოცავთ, რადგან გადამალული გვაქვს ყანაში ხორბალი, ქერი, ზეთი და თაფლი. ისიც გაჩერდა და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად.

9

ჭა, სადაც ისმაელმა გედალიას გამო დახოცილი ხალხის გვამები ჩაყარა, ის ჭა იყო, რომელიც მეფე ასამ ამოიღო ისრაელის მეფის, ბაყაშას შიშით. ის აავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით.

10

დაატყვევა ისმაელმა მთელი დანარჩომი ხალხი, მიცფაში ვინც იყო: მეფის ასულები, მიცფაში დარჩენილი მთელი ხალხი, რომელიც გედალია ახკამის ძეს ჩააბარა ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა. ისინი დაატყვევა ისმაელ ნეთანიას ძემ და წავიდა, რათა ყამონიანებთნ გადასულიყო.

11

როცა გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა ისმაელ ნეთანის ძის ჩადენილი ბოროტმოქმედების ამბავი,

12

თან იახლეს თავიანთი კაცები და გაემართნენ ისმაელ ნეთანთას ძის წინააღმდეგ საბრძოლველად და მონახეს იგი დიდ წყალსატევთან გაბაონში.

13

როცა დაინახა ისმაელის თანმხლებმა ხალხმა იოხანან კარეახის ძე და მასთან მყოფი მხედართმთავრები, გაიხარა.

14

და პირი იბრუნა ყველამ, ვინც მიცფადან ტყვედ ჰყავდა წამოყვანილი ისმაელს, გაბრუნდნენ და იოხანან კარეახის ძესთან მივიდნენ.

15

ხოლო ისმაელ ნეთანიას ძე გაექცა რვა კაცითურთ იოხანანს და ყამონიანებთან გადავიდა.

16

წაიყვანეს იოხანან კარეახის ძემ და მასთან მყოფმა მხედართმთავრებმა მთელი დანარჩომი ხალხი, რომელიც ტყვედ წამოასხა მიცფადან ისმაელ ნეთანიას ძემ გედალია ახიკამის ძის მოკვლის შემდეგ, მათ შორის: მამაკაცები, მეომრები, ქალები და ბავშვები, საჭურისები, რომლებიც გაბაონიდან დააბრუნა.

17

წავიდნენ და დადგნენ გერუთ-ქიმჰამთან, ბეთლემის მახლობლად, რომ ეგვიპტეში გადასულიყვნენ და

18

გარიდებოდნენ ქალდეველებს; ეშინოდათ მათი, რადგან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალია ახიკამის ძე, რომლისთვისაც ჩაბარებული ჰქონდა ქვეყანა ბაბილონის მეფეს.

1

და იყო თთუესა მეშჳდესა, მოვიდა ისმაილ, ძე ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეფობისა და ყრმაკნი მეფისანი და ათნი მამაკაცნი მათ თანა გოდოლიაჲს მიმართ მასიფად, და ჭამეს მუნ პური ზოგად.

2

და აღდგა ისმაილ, ძე ნათანისი, და ათნი მამაკაცნი მის თანა და მოკლეს გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა,

3

და ყოველნი იუდეანნი მყოფნი მის თანა მასსიფას და ყოველნი ქალდეველნი პოენილნი მუნ და მამაკაცნი ბრძოლისანი მოსრნა ისმაილმან.

4

და იყო დღესა მეორესა მოკლვისა გოდოლიაჲსსა მის მიერ, და კაცმან არა ცნა.

5

და მოვიდეს კაცნი სჳქემით და სალიმით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი კაცნი დამყჳნელნი წუერთანი და დამბძარველნი სამოსელთა მათთანი და მეტყებარნი, და მანანაჲ და გუნდრუკი და ძღუენნი ჴელთა შინა მათთა შეღებად სახლად უფლისა.

6

და გამოვიდა მიგებებად მათდა ისმაილ მასიფაით, და იგინი ვიდოდეს და ტიროდეს. და ვითარცა მიეახლა მათ, ჰრქუა მათ: შევედით გოდოლიაჲსსა, ძისა აქიკამისა.

7

და იყო, შე-რა-ვიდეს საშუალ ქალაქისა, მოსრნა იგინი ისმაილმან, და შთაყარნა ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

8

და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ და ჰრქუეს ისმაილსა: ნუ მომწყუედ ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენდა საუნჯენი ვვლსა შინა, იფქლნი და ქრთილნი და თაფლი და ზეთი. და წარჰჴდა და არა მოსწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

9

ხოლო ჯუღრმული, რომელსა შთაყარნა ისმაილ ყოველნი, რომელნი მოსრა გოდოლიაჲს თანა, ჯურღმული დიდი, ესე არს, რომელი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, ესე აღავსო ისმაილმან წყლულებითა.

10

და მიაქცია ისმაილმან ყოველი ერი დაშთომილი მასსიფას და ასულნი მეფისანი, რომელნი შეჰვედრნა მთავარქონდაქარმან გოდოლიას, ძესა აქიკამისსა. და აღიმსთო ისმაილ და წარვიდა წიაღ ძეთა ამმონისთა,

11

და ესმნეს იოანანს, ძესა კარიესსა და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ძჳრნი, რომელნი ქმნნა ისმაილმან, ძემან ნათანისმან.

12

და შეკრიბეს ყოველი ლაშქარი მათი და მივიდეს ბრძოლად მისსა. და პოეს იგი წყალსა ზედა მრავალსა გაბაონს შინა.

13

და იყო, ვითარცა იხილა ყოველმან ერმან ისმაილისთანამან იონან და მთავარნი ძლიერებისანი მისთანანი, განიხარეს.

14

და მოაქცია ყოველმან ერმან, რომელი წარტყუენა ისმაელმან მასსეფაჲთ, და მოქცეულნი მოვიდეს იონანის მომართ, ძისა კარიესისა.

15

ხოლო ისმაილ, ძე ნათანისი, განერა რვათა კაცთა თანა პირისაგან იოანნანისსა, და მივიდა ძეთა მიმართ ამმონისთა.

16

და მიიხუნა იოანან, ძემან კარისმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ნეშტნი ერისანი, რომელნი უკმოაქცინა ისმაილისაგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსისა, ძისა აქიკამისისა, ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, და დედანი და ნეშტნი და საჭურისნი, რომელნი მოაქცინა გაბაონით.

17

და წარვიდეს და დასხდეს ქუეყანასა შინა ბიროათამისა, ბეთლემით კერძოსა, წარსლვად ეგჳპტედ.

18

პირისაგან ქალდეველთასა, რამეთუ შიშნეულ იქმნნეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაილმან გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152