ლოცვანი
აპლიკაცია

იერემია წინასწარმეტყველი, თავი 24

1

დამანახვა უფალმა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავრები, ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა.

2

ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია.

3

მითხრა უფალმა: რას ხედავ, იერემია? მივუგე: ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია, ცუდი ლეღვი - ძალიან ცუდი, არ იჭმევა, იმდენად ცუდია.

4

იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:

5

ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ.

6

თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.

7

ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ.

8

ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.

9

და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზგ, სადაც კი განვდევნი მათ.

10

მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.

1

და მიჩუენნა უფალმან ორნი კიშტენი ლეღჳსანი, მდებარენი წინაშე პირსა ტაძრისა უფლისასა შემდგომად გარდასახლებისა ნაბუქოდონოსორისაგან, მეფისა ბაბილონისა, იექონიასსა, ძისა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა და მთავართა იუდაჲსთა და ჴელოვანთა შემწირავთა და მდიდართა იერუსალიმით და შთაყვანებისა მათისა ბაბილონად.

2

კიშტე ერთი ლეღჳ, ტკბილი ფრიად, ვითარცა ლეღუნი მსთუანი და კიშტე სხუაჲ ლეღჳ, ჯერკუალი ფრიად, უჭამი ჯერკუალებისაგან მისისა.

3

და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ჰხედავ შენ, იერემია? და ვთქუ: ლეღუთა და ტკბილთა ლეღვთა, ტკბილთა ფრიად და ჯერკუალთა ლეღვთა, ჯერკვალთა ფრიად, რომელნი არა იჭამნენ ჯერკუალობისაგან მათისა.

4

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი.

5

ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: ვითარცა ლეღუნი ესე ტკბილნი, ეგრეთ დავემონო გარდასახლებულთა იუდაჲსთა, რომელნი განვავლინე ადგილისა ამისგან ქუეყანად ქალდეველთად კეთილთათჳს.

6

და კუალად-ვაგნე იგინი ქუეყანადვე ამად. და განვიმტკიცნე მათ ზედა თუალნი ჩემნი კეთილთათჳს, და ავაშენნე იგინი, და არ დავარღჳნე, და დავჰნერგნე იგინი და არ მოვფხურნე.

7

და მივსცე მათ გული მცნობელი მათგან ჩემი, ვითარმედ მე ვარ უფალი. და იყვნენ ჩემდა ერად და მე ვიყო მათდა ღმერთად, რამეთუ მოიქცენ ჩემდა ფლობითა გულისა მათისაჲთა,

8

და ვითარცა ლეღუნი ჯერკუალნი, რომელნი არ იჭმებიან ჯერკუალობისაგან მათისა, - იტყჳს უფალი, - ეგრეთ განვსცე სედეკია, მეფე იუდაჲსი, და დიდ-დიდნი მისნი, და ნეშტი იერუსალიმისაჲ, დაშთომილნი ქუეყანასა ამას შინა და დამკჳდრებულნი ეგჳპტეს შინა.

9

და განვსცნე იგინი განსაბნეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საიგავოდ, და საძულელად და საწყევარად ყოველსა შინა ადგილსა, რომელსა განვაგარევნე ეგენი მუნ.

10

და მივავლინო მათდა მახჳლი და სიყმილი და სიკუდილი, ვიდრე მოაკლდენ ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ და მამათა მათთა.

12345678910111213141516171819202122232425262728293031323334353637383940414243444546474849505152