იერემია წინასწარმეტყველი, თავი 43
როცა ბოლომდე გამოუცხადა იერემიამ ხალხს უფლის, მათი ღვთის სიტყვები, რაც დააბარა მას უფალმა, მათმა ღმერთმა მათთვის სათქმელად,
მაშინ უთხრეს ყაზარია ჰოშაყიას ძემ, იოხანან კარეახის ძემ და სხვა ამპარტავანმა ხალხმა იერემიას: ტყუილს ლაპარაკობ. არ დაუბარებია შენთვის უფალს, ჩვენს ღმერთს, ნუ წახვალთო ეგვიპტეში დასარჩენად.
არამედ ბარუქ ნერიას ძემ წაგაქეზა ჩვენს წინაღმდეგ, რათა ქალდეველთა ხელში ჩაგვაგდოს, რომ ამოგვწყვიტონ ან ბაბილთნში გადაგვასახლონ.
არ ისმინეს იოხანან კარეახის ძემ და მხედართმთავრებმა უფლის ხმა, რომ ქვეყანაში დარჩენილიყვნენ.
წაიყვანეს იოხანან ვარეახის ძემ და მხედართმთავრებმა იუდას ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული იყო -
კაცები და ქალები, ბავშვები, მეფის ასულები და ყველა, ვინც ნებუზარადანმა, ქონდაქართუხუცესმა, გედალია ახიკამის ძესთან, შაფანის ძესთან, დატოვა (მათ შორის იყვნენ იერემია და ბარუქ ნერიას ძე) -
და გაემართნენ ეგვიპტის ქვეყნისკენ; არ გაიგონეს უფლის ხმა და თახფანხესში მივიდნენ.
იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი თახფანხესში;
აიღე ხელში დიდი ქვები და იუდაელთა თვალწინ ჩამარხე მოზელილ თიხაში, აგურის გამთსაწვავ ქურაში, ფარაონის სასახლის შესასვლელთან რომ არის, თახფანხესში.
უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ვაგზავნი, რომ მოვაყვანინო ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, ჩემი მორჩილი, რომ დავუდგა ტახტი ამ ქვებზე, რომლებიც მე ჩავმარხე. მის ზემოთ გადაშლის იგი თავის ჩარდახს.
მოვა და დაამარცხებს ეგვიპტის ქვეყანას. ვინც სასიკვდილოა, მოკვდება; ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წაიყვანენ; ვინც მახვილის წერაა, მახვილს მიეცემა.
ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთების სახლებს; ის დაწვავს მათ და ტყვედ წაასხამს. გადაიცვამს ეგვიპტის ქვეყანას, როგორც მწყემსი თავის ტყაპუჭს და წავა იქიდან დამშვიდებით.
დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს.
და იქმნა, ვითარცა დასცხრა იერემია მეტყუელი ერისა მიმართ ყოველთა ამათ სიტყუათა უფლისა ღმრთისა მათისათა, რომელ მოავლინნა უფალმან ღმერთმან მათა ყოველნი სიტყუანი ესე.
და თქუა აზარია, ძემან მაასესმან, და იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მამაკაცთა ამპარტავანთა მეტყუელთა იერემიაჲსთა მთქმელთა: ტყუილ არს, არ მოგავლინა შენ უფალმან ჩუენდა მომართ მეტყუელმან: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ დამკჳდრებად მუნ,
არამედ ბარუქ, ძე ნირისი, აღგძრავს შენ ჩუენდა მომართ, რაჲთა მიმცნეს ჩუენ ჴელთა ქალდეველთასა მოკუდენად ჩუენდა და განსახლვად ჩუენდა ბაბილონად.
და არა ესმინა იოანან, ძე კარიესი, და ყოველნი მთავარნი ძალისანი და ყოველი ერი ჴმასა უფლისასა დაშენებად იუდას შორის.
და მიიყვანნა იოანან, ძემან კარიესმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა ყოველნი დაშთომილნი იუდაჲსანი, უკმოქცეულნი ყოველთაგან ნათესავთა, სადა განთესულ იყვნეს, მუნ დამკჳდრებად ქუეყანასა იუდაჲსასა,
მამები და დედები და ჩჩჳლები და ერი და ასულნი მეფისანი და სულნი, რომელნი დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან გოდოლიას თანა, ძესა აქიკამისსა, ძისა საფანისსა, და იერემია წინაწარმეტყუელი და ბარუქ, ძე ნირისი.
და შთავიდეს ეგჳპტედ არსმენისა მიერ მათგან ჴმისა უფლისასა, და მივიდეს ვიდრე ტაფნადმდე.
და იქმნა სიტყუაჲ უფლისა იერემიაჲს მიმართ ტაფნას შინა მეტყუელი:
მოიხუენ თავისა შენისად ქვანი დიდნი და დამალენ იგინი მალულსა შინა და ალიზსა შორის წინა კართა თანა სახლისა ფარაოჲსთა, ტაფნათს შინა, წინაშე თვალთა ძეთა იუდაჲსათა.
და ჰრქუა: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: აჰა, მე მივავლინო და მოვიყვანო ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და დადგას საყდარი მისი ზედა კერძო ქვათა ამათ, რომელნი დავმალენ, და დასხნეს საჭურველნიცა მისნი ზედა კერძო მათსა, და აღიხუნეს საჭურველნი მისნი მათგან,
და შევიდეს და მოსრას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, რომელნი სიკუდიდ სიკუდილსა, და რომელნი განსახლვად განსახლვასა, და რომელნი მახჳლად მახჳლსა.
და აღატყინოს ცეცხლი სახლებსა შინა ღმერთთა მათთასა, და დაცეცხლნეს იგინი, და განტისნოს ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, ვითარცა განსტისნავს მწყემსი სამოსელსა თჳსსა, და განვიდეს მშჳდობით.
და შემუსრნეს სუეტნი მზისქალაქისანი ენონსშინანი, და სახლნი ღმერთთა მათთანი დაწუნეს ცეცხლითა.