იერემია წინასწარმეტყველი, თავი 25
სიტყა, რომელიც იყო იერემიას მიმართ მთელს იუდას ერზე იუდას მეფის იეჰოაკიმ იოშიას ძის მეოთხე წელს (ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქთდთნოსორის, პირველი წელი),
და რომელიც უქადაგა იერემია წინასწარმეტყველმა მთელს იუდას ერს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს.
იუდას მეფის, იოშია ამონის ძის მეცამეტე წლიდან ამ დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც მეცხადებოდა უფლის სიტყვა. თავდადებით, განუწყვეტლივ გიქადაგებდით, მაგრამ არ გესმოდათ.
გიგზავნიდათ უფალი თავის მორჩილებს, წანასწარმეტყველებს, განუწყვეტლივ გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ გაგონება არ გინდოდათ, ყურს არ ათხოვებდით მოსასმენად.
რომ გეუბნებოდნენ: მიატოვეთ თითოეულმა თქვენი ბოროტი გზა და თქვენი ბოროტი საქმეები, იცხოვრეთ იმ მიწაზე, უფალს რომ მოუცია თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის უკუნითი უკუნისამდეო;
ნუ მისდევთ უცხო ღმერთებს სამსახურებლად და თაყვანისსაცემად, ნუ გამაჯავრებთ თქვენი ხელის ნამოქმედარით და მეც არაფერს დაგიშავებთო,
არ გესმოდათ ჩემი, ამბობს უფალი, რომ გაგეჯავრებინათ თქვენი ხელის ნამოქმედარით თქვენსავე საბოროტოდ.
ამიტომ ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები,
აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე, მის მცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე. გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავს და სამარცხვინო სანახავს გავხდი, სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ.
აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს.
გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.
შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.
ავახდენ ამ ქვეყანაზე ყველა სიტყვას, რაც მათზე მითქვამს, ყველაფერს, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი, რაც კი იერემიას უწინასწარმეტყველნია ყველა ამ ხალხზე.
რადგან მათაც დაიმონებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები. მაგრამ მე მივაგებ მათ მათი საქმეებისამებრ და მათი ხელის ნამოქმედარისამებრ.
რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი.
შესვან, შებარბაცდნენ და შეიშალონ მახვილის წინაშე, რომელსაც ჩავაგდებ მათ შორის.
გამოვართვი თასი უფალს და შევასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გამაგზავნა უფალმა -
იერუსალიმს, იუდას ქალაქებს და მის მეფეებს და მთავრებს, რომ გაეოხრებინა, გაეხადა შემზარავი და სამარცხვიხო სანახავი და შეეჩვენებინა, როგორც დღეს არიან,
ფარაონს - ეგვიპტის მეფეს, მის მორჩილთ და მთვრებს, მთელს მის ხალხს,
მთელს დასავლეთს, ყუცის ქვეყნის ყველა მეფეს, ფილისტიმელთა ქვეყნის ყველა მეფეს, აშკელონს, ღაზას, ყეკრონს და აშდოდის ნატამალს,
ედომს და მოაბს, და ყამონელებს,
ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,
დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს,
არაბთა ყველა მეფეს, დასავლეთის ყველა მეფეს, უდაბნოში რომ ცხოვრობენ,
ზიმრის ყველა მეფეს, ელამის ყველა მეფეს და მიდიელთა ყველა მეფეს,
ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ერთმანეთის ახლობელს და შორებელს, ყველა ქვეყნის სამეფოს, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. მეფე შეშაქი მათ შემდეგ შესვამს.
უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: სვით დათრობამდე და წამოარწყიეთ, დაწექით და ნუ ადგებით მახვილის დანახვისას, რომელსაც ჩამოვაგდებ თქვენს შორის.
თუ უარს იტყვიან და არ გამოართმევენ თასს შესასმელად, უთხარი მათ: ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: უნდა შესვათ!
რადგან, აჰა, სწორედ ამ ქალაქში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, დავიწყებ განადგურებას. ხომ არ გგონიათ, დაუსჯელნი დარჩეთ? არ დარჩებით დაუსჯელნი, რადგან მახვილს მოვუხმობ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
უქადაგე მათ ეს სიტყვები და უთხარი: ზეგარდამო იგრგვინებს უფალი და თავისი წმიდა სადგომიდან მოიღებს ხმას; მეხივით იგრგვინებს თავის ფარეხზე, ყურძნის მწნეხავივით იყიჟინებს ქვეყნის ყველა მკვიდრზე.
ქვეყნის კიდემდე მიაწევს განგაში, რადგან დავა ექნება უფალს ხალხებთან; ყველა ხორციელის განსჯას აპირებს. ბოროტმოქმედნი მახვილს უნდა მისცეს, ამბობს უფალი.
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: აჰა, უბედურება მოივლის ხალხებს და დიდი ქარიშხალი ამოვარდება ქვეყნის კიდიდან.
ქვეყნის კიდიდან კიდემდე ეყრებიან იმ დღეს უფლის დახოცილნი. არავინ დაიტირებს, არავინ აკრეფს, არავინ დამარხავს. ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე.
ვალალებდეთ, მწყემსებო! ჰკიოდეთ, მტვერი დაიყარეთ, ჯოგის პატრონებო, რადგან დადგა თქვენი დაკვლის ჟამი! გაგფანტავთ და ძვირფასი ჭურჭელივით დაიმსხვრევით.
გასაქცევი აღარ გექნებათ მწყემსებს და თავშესაფარი - ჯოგის პატრონებს.
აჰა, ისმის მწყემსების კივილი და ჯოგის პატრონთა ვაების ხმა, რადგან აჩანაგებს უფალი მათ საძოვრებს.
დაიქცა მშვიდობიანი სადგომები უფლის ცეც ხლოვანი რისხვისგან.
გამოვიდა, როგორც ლომი, თავისი სადგომიდან, რადგან გაუდაბურდა მათი ქვეყანა დამღუპველი მახვილისგან და მისი ცეცხლოვანი რისხვისგან.
სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ ყოველსა ზედა ერსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსა, ესე წელიწადი პირველი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა.
სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდეაჲსსა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმისათა მეტყუელმან.
მეათცამეტით წლითგან იოსია ძისა ამონისსა, მეფისა იუდაჲსსა, და ვიდრე დღისამდე ამის ოცსადასამსა წელსა იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო. და ვიტყოდე თქუენდამი აღმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ.
და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი. ცისკარს მივავლენდ და არა ისმინეთ, და არა მოჰყვენთ ყურნი თქუენნი სმენად.
და ვთქუ: მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა თქუენთა, და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.
და ნუ ხუალთ უკანა ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათდა და თაყვანის-ცემად, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა განბოროტებად თქუნდა.
და არა ისმინეთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განმარისხეთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთა განსაბოროტებელად თქუენდა.
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ვინაჲთგან არა ირწმუნეთ სიტყუათა ჩემთა,
აჰა, მე მივავლენ და მოუწოდ ყოველთა ტომთა ბღუარისათა, - იტყჳს უფალი, - და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვაწინე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და დამკჳდრებულთა ზედა მისთა და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემოჲსთა მისთა და მოვაოჴრნე იგინი და მივსცნე იგინი უჩინოსაქმნელად, და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.
და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ საფქველისაჲ, და ნათელი ბაზმაკისაჲ.
და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.
და -რა-ესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვანელთასა და ნათესავისა მის, - იტყჳს უფალი, - და დავსხნე იგინი განსაქარვებელად საუკუნოდ.
და მოვაწინე ქუეყანასა მას ზედა ყოველნი სიტყვანი ჩემნი, რომელთა ვიტყოდე ძჳნად მისსა, და ყოველნი დაწერილნი წიგნსა ამას, და რაოდენნი წინაწარმეტუელნა ძჳნად ყოველთა ნათესავთა,
რამეთუ ჰმონეს მათ შორის, რამეთუ დაიმონენ იგინიცა ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა, და მივაგო მათ საქმეთა მათთაებრ და სიმარჯუეთა.
ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან ჩემდამო: მიიღე სასუმელი ღჳნისა ურწყოსაჲ ამის ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი.
და სუან, დასთხიონ და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელსა მე მივავლენ შორის მათსა.
და მოვიღე სასუმელი ჴელისაგან უფლისა, და ვასუ ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათ ზედა.
იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა, და მთავართა მისთა დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უვალად, და სასტჳნველ და საწყევარად დღისა ამისებრ:
და ფარაოს, მეფისა ეგჳპტისასა, და ყრმათა მისთა და დიდ-დიდთა მისთა და ყოველსა ერსა მისსა,
და ყოველთა თანმრევთა მისთა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოტომთაჲსათა, და ასკალონსა, და ღაზასა, და აკკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა,
და იდუმეასა, და მოაბიტელსა, და ძეთა ამმონისთა,
და ყოველთა მეფეთა ტჳროსისა და სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა წიაღკერძოთა ზღჳსათა,
და დედანსა, და თემანსა, და როსსა და ყოველსა გლისპსა პირისპირ მისსა,
და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა და ყოველთა თანმრევთა, რომელნი მევანეობენ უდაბნოს შინა,
და ყოველთა მეფეთა ზამერისთა, და ყოველთა მეფეთა ელამისათა, და ყოველთა მეფეთა მიდთა, და სპარსთასა.
და ყოველთა მეფეთა აპლთიოტაჲსათა, მახლობელთა და შორიელთა, კაცადსა ძმისა მიმართ მისისა და ყოველთა მეფობათა პირისზედათა ქუეყანისათა. და მეფემან სისახ სუას შემდგომად მათსა.
და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ, ყოვლისა მპყრობელი: სუთ და დაითრვენით, დასთხიეთ და დაეცენით, და არა აღსდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მივავლინო საშუალ თქუენსა.
და იყოს, ოდეს არ ენებოსყე მიღება სასუმელისაჲ ჴელისაგან შენისა, რაჲთა სუან. და ჰრქვა მათ: ესრეთ თქუა უფალმან: მსმენელთა სუთ,
რამეთუ, აჰა, ქალაქისაგან, რომელსა ზედა იწოდა სახელი ჩემი მის ზედა, მისგან ვიწყო მე ბოროტებად. და თქვან: განწმედითა განწმდით, არავე განსწმდეთ, რამეთუ მახჳლსა მოუწეს მე ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან.
და შენ წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა სიტყვათა ამათ ჩემთა. და სთქუა მათდა მიმართ. უფალი მაღლით გამოცხადებულ-ჰყოფს, და წმიდისაგან სამკჳდრებელისა მისისა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, სიტყვასა გამოცხადება-ჰყოფს ადგილისაგან თჳსისა და იგინიცა, ვითარცა საწნეხელისმწნეხელნი მიუგებენ ყოველთა მიმართ მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა.
მუნ მოსრვაჲ კერძოსა ზედა ქუეყანისასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ წარმართთა შორის. საჯოს მან ყოვლისა მიმართ ჴორცისა, ხოლო უთნონი მიეცნენ მახჳლსა, - იტყჳს უფალი.
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: აჰა, ძჳრნი მოვლენ ნათესავისაგან ნათესავისა მიმართ და გრიგალი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისათ.
და იყვნენ წყლულებანი უფლისა მიმართ დღესა შინა უფლისასა, კერძოჲსაგან ქუეყანისა მიკერძოდმდე ქუეყანისა. არა დაბურენ, არცა შეკრბენ და არა დაეფლნენ, ვითარცა სკორენი ქუეყანისანი, იყვნენ.
ღაღად-ყავთ მწყემსთა და ჴმა-ყავთ და იტყებდით ვერძნი ცხვართანი, რამეთუ სრულ იქმნნეს დღენი თქუენნი დაკლვადმი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ, ვითარცა ვერძნი რჩეულნი.
და წარწყმდეს სილტოლა მწყემსთაგან და მაცხოვარება ვერძთაგან ცხოვართაჲსა.
ჴმაჲ ღაღადებისა მწყემსთასა და ღაღადება ვერძებისა ცხოვართასა, რამეთუ მოსპნა უფალმან საძოარნი მათნი.
და დააცხრვნა კეთილნი მშჳდობისანი პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უფლისა.
დაუტევა კაცადმან, ვითარცა ლომმან, საყუდელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანა მათი უვალ პირისაგან რისხვისა მახჳლისა დიდისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა მისისა.