ლევიანნი, თავი 5
კაცი, რომელმაც შესცოდა იმით, რომ გაიგონა წყევლის ხმა, გინა მოწმე იყო, გინა დაინახა, გინა იცოდა, მაგრამ არ გააცხადა, დამნაშავეა.
თუ კაცი, რომელიც თავისდაუნებურად შეეხება რაიმე უწმიდურ საგანს: გინა უწმიდური მხეცის მძორს, გინა უწმიდური საქონლის მძორს, გინა უწმიდური ქვემძრომის მძორს, გაუწმიდურებულია და დამნაშავეა.
ანთუ თვისდა უნებურად შეეხება ადამიანის უწმიდურობას, რა უწმიდურობანიც არ უნდა იყოს, რითაც უწმიდურდება კაცი, და გაიგებს, დამნაშავეა.
თუ ვისმე თავისდა უნებურად ბაგიდან წასცდება ფიცი ავზე ან კარგზე, ყველაფერზე, რაზეც კაცს წასცდება ხოლმე ფიცი, და მიხვდება, დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში.
და თუ დამნაშავეა ერთ-ერთ ამათგანში, უნდა აღიაროს, რომ ცოდვა აწევს,
და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.
თუ ცხვარზე ხელი არ მიუწვდება, მიუყვანოს უფალს ჩადენილი დანაშაულის გამოსასყიდად ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი; ერთი ცოდვის გამოსასყიდად, მეორე - აღსავლენად.
მიუყვანოს ისინი მღვდელს, ხოლო მღვდელმა ჯერ ცოდვის გამოსასყიდი შესწიროს: კისერი გადაუგრიხოს, მაგრამ თავი არ მოაცალოს.
მოასხუროს ცოდვის გამოსასყიდის სისხლი სამსხვერპლოს კედელს, დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში უნდა ჩაიწეროს. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
მეორე აღსავლენად უნდა გაამზადოს წესისამებრ და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას.
თუ ხელი არ მიუწვდება ორ გვრიტზე და მტრედის ორ ხუნდზე, მიიტანოს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ერთი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილი; ნუ დაღვრის მასზე ზეთს და ნურც საკმეველს დადებს ზედ, რადგან ეს ცოდვის გამოსასყიდია.
მიუტანოს იგი მღვდელს; აიღოს იქიდან მღვდელმა სავსე მუჭა სამახსოვროდ და დაწვას სამსხვერპლოზე უფლის საცეცხლო მსხვერპლად. ეს არის ცოდვის გამოსასყიდი.
გამოითხოვს მისთვის მღვდელი ჩადენილი ცოდვის შენდობას და მიეტევება მას. რაც დარჩება, მღვდელს ეკუთვნის, როგორც ძღვენი.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
რა სიწმიდესაც შესცოდა, უნდა ზღოს და მისი მეხუთედიც დაუმატოს, მისცეს მღვდელს და მღვდელი გამოითხოვს მისთვის შენდობას გამოსასყიდი ვერძით და მიეტევება მას.
თუ ვინმე უნებურად შესცოდავს, ჩაიდენს უფლის მცნების საწინააღმდეგოს რასმე, რისი გაკეთებაც არა ხამს, დადანაშაულდება და ცოდვა დაეკისრება,
მიუყვანოს მღვდელს ცოდვის გამოსასყიდად საღი ვერძი ფარიდან, რაც უნდა ღირდეს, და გამოითხოვს მისთვის მღვდელი ცოდვის შენდობას, რომელიც განუზრახველად და უნებურად ჰქონდა ჩადენილი, და მიეტევება.
ეს არის დანაშაულის გამოსასყიდი, რა დანაშაულიც უფლის წინაშე ჩაიდინა.
უკუეთუ ცოდოს კაცმან და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესე წამებდეს გინა თუ იხილა, გინა თუ თანად-იცის და უკუეთუ არა უთხრა, მოიღო მან ცოდვაჲ მისი.
კაცი, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, გინა მძორსა, გინა ნამჴეცავსა არაწმიდასა, გინა მკუდარსა, რომელსავე საძაგელსა არაწმიდათასა,
გინა თუ შეეხოს არაწმიდებასა რასმე კაცისასა, ყოველივე არაწმიდებასა მისსა, რომელსა შეეხოს, და შეგინებულ იქმნა და დაავიწყდა, და ამისა შემდგომად ცნა და ცოდა,
და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაჲმე-აჩინოს პირითა თჳსითა ბოროტისა ყოფად, გინა კეთილის ყოფად ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით და დაავიწყდა იგი, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე მათგანი,
და მიუთხრას მისთჳს ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდა,
და შეწიროს ღმრთისა, რომელთათჳს ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, გინა ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.
უკუეთუ ვერ ეძლოს ჴელსა მისსა ყოფად ცხოვარი, შეწიროს ღმრთისა ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ორნი გურიტნი, გინა თუ ორნი მართუენი ტრედისანი, ერთი - ცოდვისათჳს და ერთი - ყოვლად დასაწველად.
და მოართუნეს იგინი მღდელსა და შეწიროს იგი მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს პირველად, და წარჰკუეთოს მღდელმან თავი მისი საქციელითგან და არა განახევროს.
და აპკუროს სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს ცოდვისაჲ, კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
ხოლო მეორე იგი ყოს ყოვლად დასაწველ, ვითარცა-იგი ჯერ-არნ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისაგან, რომელ ცოდა და მიეტეოს მას.
უკუეთუ არა პოვოს ჴელმან მისმნ წყვილნი გურიტთანი, გინა მართუენი ტრედთანი, შეწიროს მსხუერპლად მისა ცოდვისა მისთჳს მეათე სათველი სამინდოჲ ცოდვისა მისისათჳს, და არა დაასხას მას ზედა ზეთი, და არა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
და მოართუას იგი მღდელსა მას და აღიღოს მისგანი მღდელმან მან სავსე მჭელი და მოსაჴსენებელად მისა დადვას იგი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა, ცოდვისაჲ არს.
და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა, ერთი რაჲმე ამათგანი, რომელ-რაჲ პოვა და შეწირა, მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა მის, ვითარცა მსხუერპლი ქებისაჲ.
ეტყდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
კაცსა უკეთუ და-რაჲმე-ავიწყდა დავიწყებაჲ და ცოდა არა ნეფსით სწმიდეთა შინა ღმრთისათა, და შეწიროს ცოდვისა მისისათჳს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა სასწორთაგან სასწორითა წმიდითა, რომლისათჳს-იგი ბრალი ქმნა.
და ცოდა, სიწმიდეთა შინა მისთა, ზღოს ესე და მეხუთე შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა მას. და მღდელმან ლხინება-ყოს მისთჳს ვერძითა მით ბრალისაჲთა და მიეტეოს მას.
და კაცმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ვერ ცნა, და ბრალი ქმნა და მოიღო ცოდვაჲ იგი,
მოჰგუაროს მღდელსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ბრალისა მისთჳს; და ლხინება-ყოს მღდელმან მან
უმეცრებისა მისისათჳს, რომელ ვერ ცნა და მან არა იცოდა ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა.