ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 15

1

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

2

ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო.

3

ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა.

4

ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია.

5

ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

6

ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.

7

ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

8

თუ გამონადენიანი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, ამან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.

9

ყოველი ურემი, რომელზედაც გამონადენიანი იჯდა, უწმიდურია.

10

ყველა, ვინც კი მიეკარება რაიმესა რაც მის ქვეშ არის, გაუწმიდურებულია საღამომდე; ხოლო მისმა მტვირთველმა ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

11

ყველამ, ვისაც კი გამონადენიანი მიეკარება, და ხელი არ ექნება დაბანილი, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

12

ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს.

13

როდესაც გამონადენიანი თავისი უწმიდურობისგან წმიდავდება, შვიდი დღე უნდა იანგარიშოს გასაწმიდავებლად. ტანისამოსს გაირეცხავს, ტანს დაიბანს წყაროს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

14

მეშვიდე დღეს აიყვანს ორ გვრიტს ან ორ მტრედის ხუნდს, მივა უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მღვდელს მისცემს მათ.

15

ერთ მათგანს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდად შესწირავს, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მის გამონადენს.

16

თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

17

ყოველი სამოსელი, სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

18

თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე.

19

თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

20

ყველა, ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება; და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება.

21

ყველამ, ვინც კი მის საწოლს მიეკარება, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

22

ყველამ, ვინც კი მიეკარება რაიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

23

თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

24

თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება; საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია.

25

თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია.

26

ყოველი საწოლი, სადაც იგი დაწვება გამონადენობის დროს, უწმიდურია, როგორც წიდოვნობის დროს არის. ყოველი საგანი, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურებული იქნება, როგორც წიდოვნობის დროს არის გაუწმიდურებული.

27

ყველა, ვინც კი მათ მიეკარება, გაუწმიდურებულია. ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

28

როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება

29

მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი და მიუყვანოს ისინი მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

30

შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურობას.

31

მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის.

32

ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს, და უწმიდურდება.

33

წიდოვანისა და გამონადენიანისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება.

1

და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2

ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცსა უკუეთუ შეხუდეს დინებაჲ თესლისაჲ ჴორცთაგან მისთა, დინებაჲ იგი მისი არაწმიდა არს.

3

და ესე შჯული არს არაწმიდებისა მისისაჲ, რომელსა სდიოდის შობადი ჴორცთაგან მისთა დინებისა მისგან, რომლითა შეიქმნა ჴორცი მისი გამოდინებითა მით, ესე არს არაწმიდებაჲ მისი მის თანა. ყოველნი დღენი დინებისა ჴორცთა მისთანი, რომლითა შეიქმნა გუამი მისი დინებისა მისგან, არაწმიდებისა მისისა.

4

ყოველი საწოლი, რომელსა დაწვეს მას ზედა თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.

5

და კაცი რომელი შევხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე

6

და რომელი დაჯდეს ჭურჭელსა ზედა, რომელსა ზედა ჯდა თესლგამომდინარე იგი, განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

7

და რომელი შეეხოს სხეულსა მის თესლმდინარისსა, განირცხეს სამოსელი თჳსი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

8

უკუეთუ ჰნერწყოს თესლმდინარემან მან წმიდასა ვისმე, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოდ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

9

და ყოველსავე უნაგირსა კარაულისასა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.

10

და ყოველსა, რომელსა შეეხოს ყოვლისაგანსა, რომელი იყოს ქუეშე მისსა, არაწმიდა იყოს. და რამელმან აღიღოს იგი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

11

და რაოდენსა შეეხოს თესლმდინარე იგი და ჴელნი არა დაიბანნენ წყლითა, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

12

და ჭურჭელსა კეცისასა, რომელსა შეეხოს თესლმდინარე იგი, შეიმუსრენ და ჭურჭელი ძელისაჲ გაირცხეს წყლითა და წმიდა იყოს.

13

უკუეთუ განწმიდეს თესლმდინარე იგი გინებისაგან მისისა და აღირაცხნეს შჳდნი დღენი განწმედისა მისისანი, და განირცხეს სამოსელი მისი, და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ცხოველითა და წმიდა იყოს.

14

და დღესა მერვესა მოიხუნეს თავისა თჳსისა ორნი გურიტნი, ანუ თუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი წინაშე ღმრთისა კართა ზედა კარვისა საწამებელისათა.

15

და მისცეს იგი მღდელსა მას და შეწიროს იგი მღდელმან მან ერთი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს თესლისა მისისა.

16

და კაცისაგან რომლისაჲ გამოჴდეს მისგან საწოი თესლისაჲ და არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

17

და ყოველივე სამოსელი და ყოველივე ტყავი, რომელსა ზედა იყოს საწოლი იგი თესლისაჲ, განირცხეს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

18

და ცოლისა თანა უკუეთუ დაწვეს ქმარი მისი საწოლითა თესლისაჲთა, განიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

19

და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა.

20

ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.

21

და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს.

22

და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს.

23

და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

24

უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს.

25

გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ.

26

და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა.

27

ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.

28

უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს.

29

და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა.

30

და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა.

31

და მოშიშ ქმნენით ძენი ისრაჱლისანი არაწმიდებათაგან მათთა და არა მოწყდენ არაწმიდებათა მათგან შეგინებითა მით მათითა კარავი იგი ჩემი, რომელ არს მათ შორის.

32

ესე არს შჯული თესლმდინარისაჲ მის და უკუეთუ ვისიმე გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ და შეიგინოს მით.

33

და დედაკაცსა, რომლისა თანა იყოს წიდოვანებაჲ, და თესლმდინარესა დინებითა მისითა მამაკაცსა.

123456789101112131415161718192021222324252627