ლევიანნი, თავი 17
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ელაპარაკე აარონს, მის შვილებს, მთელს ისრაელობას და უთხარი ეს სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა:
თუ ვინმე ისრაელიანთაგანი ან ხარს, ან ცხვარს, ან თხას ბანაკში დაკლავს ან ბანაკის გარეთ დაკლავს,
სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიყვანს, რომ უფლის სავანესთან შესწიროს უფალს, ამ კაცს სისხლი მიეკითხება. მან სისხლი დაღვარა და უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
იმისთვის, რომ მიიყვანონ ისრაელიანებმა საკლავი, რომელსაც ველზე კლავენ, რომ მიუყვანონ მღვდელს სადღესასწაულო კარავთან უფლისათვის და დაუკლან სამადლობელ მსხვერპლად უფალს.
დაასხუროს მღვდელმა სისხლი უფლის სამსხვერპლოს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და აკმიოს ქონი უფლისათვის კეთილსურნელებად.
აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში.
უთხარი მათ: თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შესწირავს აღსავლენს ან საკლავს.
და სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან არ მიიტანს უფლისათვის გასამზადებლად, ეს კაცი უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
თუ ვინმე ისრაელიანი ან ვინმე მდგმური, რომელიც მდგმურობს თქვენთან, შეჭამს სისხლს, მივმართავ ჩემს პირს სისხლისმჭამელისკენ და მოვკვეთავ მას თავისი ხალხის წიაღიდან.
რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.
ამიტომაც ვუთხარი ისრაელიანებს: არავინ თქვენგანმა არ ჭამოს სისხლი; არც მდგმურმა, რომელიც თქვენთან არის მდგმურად, არ ჭამოს სისხლი.
თუ ვინმე ისრაელიანი და ვინმე მდგმური, რომელიც თქვენს შორის არის მდგმურად, მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს.
რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს.
ყველა, ვინც ლეშს ან ნამხეცავს შეჭამს, მკვიდრი თუ მდგმური, ტანისამოსი წყლით უნდა გაირეცხოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე, მერე გაწმიდავდება.
თუ არ გარეცხავს და ტანს არ დაიბანს, დანაშაული დაეკისრება.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე აჰრონს და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა.
და არქუ მათ: ესე სიტყუაჲ არს, რომელ ამცნო ღმერთმან.
და ჰრქუა: კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან დაკლას ზუარაკი, გინა ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ ბანაკსა შინა და რომელმან დაკლას გარეშე ბანაკსა.
და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს ყოფად მისა მსხუერპლად ცხორებისა, უფლისა სათნოდ სულად სულნელად და დაკლას გარეშე ბანაკსა და კარად კარვისა საწამებელისა, არა მოიღოს იგი შესაწირავად ძღუნად ღმრთისა წინაშე კარავსა ღმრთისსა, სისხლად შეერაცხოს მას კაცსა, იგი სისხლი დასთხია მან, მოისპოს სული იგი ერისაგან მისისა.
არამედ რათა მოიღოდიან ძეთა ისრაჱლისათა მსხუერპლები მათი, რაოდენი-რაჲ დაკლან ველსა ზედა, მოიღედ იგი ღმრთისა კარად კარვისა საწამებელისა მღდელისა მის და შეწიროს იგი მსხუერპლად ცხორებისა წინაშე ღმრთისა.
და მოასხუროს სისხლი იგი გარემო საკურთხეველსა მას წინაშე უფლისა, კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
და შეწიროს ცმელი მისი სულად სულნელად ღმრთისა და არღარა შესწირვიდენ მსხუერპლთა მათთა ამაოთა მიმართ, რათა არა ისიძვიდენ შემდგომად კვალსა მათსა, შჯულად საუკუნოდ იყოს, ესე თქუენდა და ნათესავსა შორის თქუენსა.
და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაილისათამან, ანუ თუ მწირთაგანმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ყოს მსხუერპლი, გინა შესაწირავი,
და კარად კარვისა საწამებელისა არა მოიღოს შეწირვად იგი ღმრთისა, მოისპოს კაცი იგი ერისაგან თჳსისა.
და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, გინათუ მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, რომელმან ჭამოს ყოველივე სისხლი, დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, რომელმან ჭამოს სისხლი და წარვწყმიდო იგი ერისაგან თჳსისა.
რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს და იგი მიგცე თქვენ საკურთხეველსა ზედა სალხინებელად სულთა თქუენთათჳს, რამეთუ სისხლი მისი არს სალხინებელად სულთა თქუენთა წილ.
ამისთჳს ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: ყოველმან კაცმან თქუენგანმან არა ჭამოს სისხლი და მწირმან მან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის, არა ჭამოს სისხლი.
და კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან და მწირმან მან, რომელი-იგი იყოს თქუენ შორის, რომელმან ინადიროს ნადირი მჴეცი, გინა თუ მფრინველი, რომელი იჭამების, დასთხიოს სისხლი მისი, დაფარენ იგი მიწითა, რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს. და ვარქუ ძეთა ისრაჱლისათა: სისხლისა ყოვლისა ჴორციელისაჲ არა ჰჭამოთ.
რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ არს სისხლი თჳსი.
ყოველმან, რომელმან ჭამოს იგი, მოისპოს და ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს მკუდრისაჲ, ანუ ნამჴეცავი, მკჳდრთაგანმან, გინა მწირთაგანმან, მოისპოს სული იგი ერისაგან თჳსისა და რომელი შეეხოს მათგანსა, განირცხეს სამოსელი თჳსი და განიბანოს წყლითა; და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე და მიერ განწმიდნეს.
უკეთუ არა განირცხეს სამოსელი თჳსი და არა დაიბანოს გუამი თჳსი წყლითა, მოიღოს მან უშჯულოებაჲ თჳსი.