ლევიანნი, თავი 18
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ; ნუ მიჰყვებით მათ წესებს.
ჩემი სამართალი აღასრულეთ და ჩემი წესები დაცავით, მათ მიჰყევით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.
არავინ დაუახლოვდეს თავის ხორცით ნათესავს მისი სიშიშვლის ასახდელად. მე ვარ უფალი.
არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენს და დედაშენს; დედაა შენი, არ აჰხადო მას სიშიშვლე.
არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლს, ეს მამაშენის სიშიშვლეა.
არ აჰხადო სიშიშვლე შენს დას, მამაშენის ასულს ან დედაშენის ასულს, შინ დაბადებულს ან გარეთ დაბადებულს.
არ აჰხადო სიშიშვლე შენი ვაჟის ასულს ან შენი ქალიშვილის ასულს, რადგან ეს შენი სიშიშვლეა.
არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ცოლის ასულს, მამაშენის ნაშობს; შენი და არის იგი.
არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის დას, მამაშენის სისხლი და ხორცია იგი.
არ აჰხადო სიშიშვლე დედაშენის დას, რადგან დედაშენის სისხლი და ხორცია იგი.
არ აჰხადო სიშიშვლე მამაშენის ძმას; ნუ მიეკარები მის ცოლს; შენი ბიცოლაა იგი.
არ აჰხადო სიშიშვლე შენს რძალს; შენი ვაჟის ცოლია იგი; არ აჰხადო მას სიშიშვლე.
არ აჰხადო სიშიშვლე შენი ძმის ცოლს; შენი ძმის სიშიშვლეა ეს.
არ აჰხადო სიშიშვლე ცოლსა და მის ასულს; არ ითხოვო მისი ვაჟის ასული და მისი ქალიშვილის ასული სიშიშვლის ასახდელად; სისხლი და ხორცნი არიან ისინი. ეს გარყვნილებაა.
არ ითხოვო შენი ცოლისდა ერთმანეთის სამტროდ, რომ ხდიდე მას სიშიშვლეს მის გვერდით მთელი მისი სიცოცხლე.
წიდოვნების დროს არ მიეკარო ცოლს სიშიშვლის ასხდელად.
არ შეეყო თესლით შენი ახლობელის ცოლს, გაგაუწმიდურებს.
შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.
არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა.
არანაირ ცხოველთან არ იქონიო კავშირი, რათა არ გაუწმიდურდე მისგან. არც ქალი არ უნდა დადგეს ცხოველის წინ სამაკინტლოდ; ეს სიბილწეა.
არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი, რადგან ყოველივე ამით არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან.
გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.
დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.
რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.
რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.
რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.
შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
მსგავსად საზღვართა მათ ქუეყანისა ეგჳპტელთაჲსა, რომელთა შორის დამკჳდრებულ იყვენით თქუენ, ეგრე არა ჰყოთ და მსგავსად სლვისა მის ქუეყანისა ქანანელთაჲსა, ვიდრე-იგი შეგიყვანნე თქუენ მუნ, არა ჰყოთ და შჯულსა მას მათსა არა ხჳდოდით.
სამართალთა ჩემთა ჰყოფდით და ბრძანებათა ჩემთა იმარხევდით და ვიდოდეთ მათ შინა: მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
და დაიმარხენით ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და მშჯავრნი ჩემნი და ჰყოფდით მათ. რომელმან ყუნეს იგი კაცმან, ცხონდეს მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
კაცი-კაცი ყოველივე თჳსსა ჴორცსა არა მოუჴდეს გამოცხადებად სარცხჳნელისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
სარცხჳნელი მამისა შენისაჲ და სარცხჳნელი დედისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ დედაჲ შენი არს, და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მათი.
სარცხჳნელი მამისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი მამისა შენისაჲ არს.
სარცხჳნელი დისა შენისაჲ არა გამოაცხადო მამით, ანუ დედით, შინაგან ნათესავისაჲ, რომელი განსრულ იყოს გარე, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.
სარცხჳნელი ასულისა ძისა შენისაჲ, გინა თუ ასულისა წულისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი შენი არს.
სარცხჳნელი ასულისა მამისცოლისა შენისაჲ, ზოგადისა მამისაჲ არს, არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი.
სარცხჳნელი მამისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი მამისა შენისაჲ არს.
სარცხჳნელი დედისდისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ თჳსი დედისა შენისაჲ არს.
სარცხჳნელი მამისძმისა შენისაჲ არა გამოაცხადო და ცოლსა მისსა არა მოუჴდე, რამეთუ ნათესავი შენი არს.
სარცხჳნელი სძლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ ძისცოლი შენი არს და არა გამოაცხადო სარცხჳნელი მისი, ასული ძისა მისისაჲ და ასული წული მისი არა მოიყვანნე გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.
სარცხჳნელი ძმისცოლისა შენისაჲ არა გამოაცხადო, რამეთუ სარცხჳნელი ძმისა შენისაჲ არს.
სარცხჳნელი ცოლისა და ასულისა მისისაჲ არა გამოაცხადო, ასული ძისა მისისაჲ და ასული ასულისა მისისაჲ არა მოიყვანო გამოცხადებად სარცხჳნელისა მათისა, რამეთუ თჳსნი შენნი არიან და უღმრთოება არს.
და ცოლად დაჲ მისი არა მოიყვანო მოშურნედ, გამოცხადებად სარცხჳნელი მისი მის თანა ცხორებასა მისსა.
და დედაკაცსა განშორვებასა არაწმიდებისა მისისასა არა მოუჴდე გამოცხადებად სარცხჳნელისა მისისა.
და ცოლისა მოყუსისა შენისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მისა.
და ნათესავისა შენისაგან არა მისცე მსახურებად იგი მთავარსა და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
და წულისა თანა არა დასწვე საწოლითა დედებრითა, რამეთუ საძაგელ არს.
და ყოველისა თანა ოთხფერჴისა არა შეხჳდე დაწოლად და შეგინებად მის თანა და დედაკაცი არა დადგეს მოსლვად მის ზედა ყოველივე ოთხფერჴი და მამლობად, რამეთუ საძაგელ არს.
და ნუ შიეგინებით ამას ყოველსა შინა, რამეთუ ამას ყოველსა შინა შეიგინნეს წარმართნი, რომელნი მე განვასხნი პირისაგან თქუენისა, რომელთაგან შეიგინა ქუეყანაჲ.
და მივაგე მას სიცრუჱ მისი ამისთჳს, და მოიწყინა ქუეყანამან დამკჳდრებულნი მისნი მას ზედა.
დაიმარხეთ ყოველივე შჯული ჩემი და ყოველნივე ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და არა ჰყოთ ამათ ყოველთაგანი საძაგელთაჲ მსოფლელმან, და რომელი მოსრულ იყოს მწირი, თქუენ შორის.
რამეთუ ყოველივე ამას იქმოდეს საძაგელსა კაცნი ქუეყანისანი, რომელნი უპირადეს იყუნეს თქუენსა, და შეიგინა ქუეყანაჲ.
და რომელმან არა მოგიძაგოს თქუენ ქუეყანამან შეგინებითა მით მისითა თქუენ მიერ, ვითარცა-იგი მოიძაგნა უწინარესნი თქუენსა.
რამეთუ ყოველმან, რომელმან ყოს ესრეთ, მოისპენ სული იგი, რომელთა ყონ, ერისაგან თჳსისასა.
და დაიცუნეთ მცნებანი ჩემნი, რათა არა ჰყოფდეთ უშჯულოებათა მათგან საძაგელთა, რომელნი იქმნეს უწინარეს თქუენსა და არა შეიგინნეთ მათ შინა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.