ლევიანნი, თავი 11
ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა მათ:
ელაპარაკეთ ისრაელიანებს: აი, ეს ცხოველებია, რომლებიც გეჭმევათ ყველა პირუტყვს შორის დედამიწაზე.
ყველა პირუტყვი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს და იცოხნის, გეჭმევათ.
ოღონდ ისეთნი არ გეჭმევათ, რომელნიც იცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაპობილი: აქლემი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
ბოცვერი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმიდურია თქვენთვის;
ღორი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არ იცოხნის, უწმიდურია თქვენთვის;
მათი ხორცი არ შეჭამოთ, მათ ლეშს არ მიეკაროთ, უწმიდურებია ისინი თქვენთვის.
აი, რა გეჭმევათ წყლის არსებათაგან: ყველაფერი, რასაც კი ფარფლები და ქერეჭი აქვს წყალში - ზღვებში თუ მდინარეებში, გეჭმევათ.
ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს ზღვებში თუ მდინარეებში, წყლის რა სულდგმულიც არ უნდა იყოს, უსურმაგია თქვენთვის.
უსურმაგი უნდა იყოს ისინი თქვენთვის, მათი ხორცი არ უნდა ჭამოთ, მათი ლეში უნდა გძაგდეთ.
ყველაფერი, რასაც ფარფლები და ქერეჭი არა აქვს წყალში, უსურმაგია თქვენთვის.
ესენი გძაგდეთ ფრინველთაგან, არ ჭამოთ, უსურმაგნი არიან: არწივი, სვავი, ფსოვი,
ძერა, ქორი და მათი გვარისანი,
ყოველნაირი ყორანი და მისი გვარისანი,
სირაქლემა, ბუ, თოლია, მიმინო და მათი გვარისანი,
ჭოტი, ჩვამა, წერო,
ბუკიოტი, ვარხვი, კოდალა,
ყარყატი, ჩანჩა და მისთანანი; ოფოფი, ღამურა;
ყოველნაირი მწერი - მფრინავი თუ ოთხზე მოსიარულე - უსურმაგი უნდა იყოს თქვენთვის.
გეჭმევათ ყოველი მფრინავი თუ ოთხზე მოსიარუღე მწერი, რომელსაც მუხლიანი წვივები აქვს მიწაზე სახტომად.
ამათგან ესენი გეჭმევათ: კალია და მისი გვარისანი, სალყამი და მისი გვარისანი, ხარგოლი და მისი გვარისანი, ხაგაბი და მისი გვარისანი.
ყველა სხვა მწერი - ფრთიანი და ოთხფეხი - უსურმაგია თქვენთვის.
მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა; ყველა, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი უნდა გარეცხოს, და გაუწმიდურებული დარჩება საღამომდე.
ყოველი ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაპობილი აქვს, მაგრამ არა აქვს ღრმა ჭრილი და არც იცოხნება, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურდება.
ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უსურმაგია თქვენთვის; ყველა, ვინც კი მას მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
ვისაც რამე მოედება მათი ლეშისგან, სამოსელი გაირეცხოს, და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. უსურმაგები არიან ისინი თქვენთვის.
ესენი არიან თქვენთვის უსურმაგები მიწაზე მძრომებში: კვერნა, თაგვი, ხვლიკი და მათი გვარისანი,
ზღარბი, ბაყაყი, კუ, ლოკოკინა და თხუნელა.
ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება.
თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება.
ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს.
მხოლოდ წყარო და ჭა, წყალსატევი დარჩება სუფთა. მათი ლეშის შემხებელი კი გაუწმიდურდება.
თუ მათი ლეშიდან რამე მოხვდა სათესლე მარცვალს, სუფთა დარჩება.
თუ თესლს წყალი დაესხა და მათი ლეშიდან რამე დაეცა ზედ, გაუწმიდურებული იქნება იგი თქვენთვის.
თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე.
მისი ლეშის მჭამელმა ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება; მისი ლეშის წამღებმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება.
ყველაფერი, რაც კი მიწაზე დაძვრება, უსურმაგია, არ გეჭმევათ.
არანაირი მუცელზე მხოხავი, არანაირი მრავალფეხა, არანაირი მიწაზე მძრომი არ გეჭმევათ, რადგან უსურმაგები არიან.
არ წაიბილწონ სული ქვემძრომით და არ გაუწმიდურდეთ მისგან.
რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა. არ გაიუწმიდუროთ თავი არანაირი ქვემძრომით, რომელიც მიწაზე დაღოღავს,
რადგან მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი. იყავით წმიდები, როგორც მე ვარ წმიდა.
ეს არის პირუტყვის, ფრინველის და ყოველი სულდგმულის, წყალში მცურავისა და მიწაზე მღოღავის წესი,
რომ ერთმანეთისგან გაირჩეს უწმიდური და წმიდა, ცხოველი, რომელიც იჭმევა და ცხოველი, რომელიც არ იჭმევა.
და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
ეტყოდეთ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: ესე არიან საცხოვარნი, რომელსა ჰჭამდეთ ყოველთაგან საცხოვართა ქუეყანისათა:
ყოველსა საცხოვარსა, რომელსა განყოფილ იყოს ჭლაკი და ფრჩხილითა ფრცხენდეს და აღმოიცოხნიდეს საცოხნელსა საცხოვართა შორის ესე ჭამეთ.
ხოლო მათგანი არა ჰჭამოთ, რომელნი არა აღმოიცოხნიან, და რომელთაჲ არა განყოფილ არს ჭლაკი და რომელნი ფრცხენენ ფრცხილითა: აქლემი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი მისი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;
და ყურგდელი, რამეთუ აღმოიცოხნის და ჭლაკი არა განპებულ არს, არაწმიდაჲ არს ესე თქუენდა;
და მაჩჳ, რამეთუ აღმოიცოხნის ესე და ჭლაკი არა განპებულ არს. არა არს წმიდაჲ ესე თქუენდა;
და ღორი, რამეთუ განპებულ არს ჭლაკი მისი და ფრცხენს ფრცხილითა ჭლაკისაჲთა და ესე არა აღმოიცოხნის, არაწმიდაჲ არს თქუენდა;
ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორსა მათსა არა შეეხნეთ, რამეთუ არაწმიდა არიან ესენი თქუენ შორის.
და ამათ ჭამდით ყოველთაგან, რომელნი არიან წყალთა შინა:
ყოველსა, რომელსა არს მათ თანა ფრთე და ქეცი წყალთა შიდა, და ზღუათა შინა და მდინარეთა, მას ჭამდით.
და ყოველსა, რომელსა არა ესხას ფრთე და არცა ქეცი წყალთა შინა, გინა თუ ზღუასა შინა, გინა მდინარეთა, რომელთა გამოსცემენ წყალნი, ყოვლისაგან სულისა ცხოველისა, რომელნი არიან წყალთა შინა, საძაგელ არს და საძაგელ იყვნენ თქუენდა
ჴორცი მათი არა ჰჭამოთ და მძორი მათი გძაგდინ.
და ყოველსა, რომელსა არა არს ფრთეებ და ქეც წყალთა შინა, საძაგელ არს ესე თქუენდა.
და ესე გძაგდინ მფრინველთაგან და არა ჰჭამოთ, რამეთუ საძაგელ არს:
ორბი და ყანჩი, და ძერი, და ზარნასოვი, და ძერქორი და მსგავსი მათი, და ყორანი და მსგავსი მისი, და სირი და ჭაჰრი და მსგავსი მისი, და ქორი და მსგავსი მისი;
ბუვი, და ღამის მჴმობარი და მინინოჲ
და ძენძერუკი და დედამთრვალი
და ვარჴჳ, და მღრინავი, და ტივყუავი, და ბუკიოტი და მსგავსი მისი;
და ოფოფი და მღამიობი.
და ყოველი ქუეწარმავალი ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, საძაგელ არს თქუენდა.
ხოლო სჭამდეთ ფრინველთა, რომელი ვალს ოთხითა, რომელთა ასხენ წვივნი უზეშთაეს ფერჴთა მისთა ხლდომად ქუეყანასა ზედა.
ესე არს, რომელსა სჭამდეთ მათგან: ბოცომკალი და ყოველი მსგავსი მისი, მჭრინავი და ყოველი მსგავსი მისი, [გველისმბრძოლი] და ყოველი მსგავსი მისი, მკალი და ყოველი მსგავსი მისი.
მფრინველთაგან, რომელთა ასხენ ოთხ ფერჴ, საძაგელ არს თქუენდა და მით არა შეიგინნეთ.
ყოველი რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდაჲ იყოს იგი მწუხრადმდე.
და ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, განირცხენ სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
ყოველთა შორის პირუტუთა, რომელთა ჭლაკი განყოფილ არს და ფრცხილითა ფრცხენს და აღმოცოხნით არა აღმოიცოხნის, არაწმიდა იყოს თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათგანსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
და ყოველი რომელი ვალს ჴელითა, ყოველთა შორის მჴეცთა, რომელი ვალს ოთხითა, არაწმიდა არს იგი თქუენდა. ყოველი რომელი შეეხოს მძორსა მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
და რომელმან აღიღოს ჴელითა მკუდარი მათგანი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანენ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
რამეთუ არაწმიდა არს ესე ყოველი თქუენდა. და ესეცა თქუენდა არაწმიდა არს ქუეწარმავალთაგანი, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა:
ქურცინი, და თაგჳ, და ხჳთქი, და თაგჳ ქურცინი, და მსუენ-ლომი, და მხულივი და მსუენი და მთხუნველი. ესე ყოველი არაწმიდა არს თქუენდა ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა. ყოველი რომელი შეეხოს მათგანსა მძორსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
და ყოველსა, რომელსა შთავარდეს მკუდარი ამათგანი, არაწმიდა იყოს.
ყოველსავე ჭურჭელსა ძელისასა, გინა სამოსელსა, გინა ტყავსა, გინა ძაძასა.
ყოველივე ჭურჭელი, რომლითა იქმნების საქმე, წყლითა განირცხეს და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე და არაწმიდა იყოს. და ყოველი ჭურჭერი კეცისაჲ, რომელსა შთავარდეს მათგანი შიდა, რაოდენ-რაჲ იყოს მას შინა, არაწმიდა არს და იგი შეიმუსრენ.
და ყოველი საჭმელი, რომელი იჭამების, რომელსა მივიდეს წყალი, არაწმიდა იყოს, და ყოველი სასუმელი, რომელი ისუმების ყოვლითა ჭურჭრითა, არაწმიდა არს იგი.
და ყოველსავე ზედა, რომელსა დავარდეს მკუდარი მათგანი, არაწმიდა იყოს: თორნენი და ყუერბნი დაირღუედ, რამეთუ არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს თქუენდა,
თჳნიერ წყაროთა წყალთასა და ჯურღმულისა და დასაკრებელისა წყალთასა, ესე ხოლო წმიდა არს.
ხოლო რომელი შეეხოს მკუდარსა მათგანსა, არაწმიდა იყოს. უკუეთუ დავარდეს მძორი იგი მათგანი ყიველსავე თესლსა სათესავსა, რომელი ითესვის, არაწმიდა იყოს.
უკუეთუ დაესხას წყალი ყოველსა მას ზედა თესლსა და დავარდეს მათგანი მძორი მას ზედა, არაწმიდა იყოს იგი თქუენდა.
უკუეთუ მოკუდეს პირუტყუთაგანი, რომლისა არს ესე მისა საჭმელი, რომელი შეეხოს მძორსა მას მათსა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
და რომელმან ჭამოს მკუდარი ამათგან, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე. და რომელმან აღიღოს მძორი ამათგანისაჲ, განირცხეს სამოსელი მისი და არაწმიდა იყოს იგი მწუხრადმდე.
და ყოველივე ქუეწარმავალი, რომელი ძურების პირსა ზედა ქუეყანისასა, საძაგელ არს ესე თქუენდა, არა იჭამოს. ყოველი, რომელი ვალს მუცლითა
და ყოველი, რომელი ვალს ოთხითა მარადის, რომელი მრავალფერჴ არს ყოველთა შორის ქუეწარმავალთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, არა ჰჭამოთ იგი, რამეთუ საძაგელ არს.
და არა საძაგელ-იყვნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი ძურებიან ქუეყანასა ზედა, არა შეიგინნეთ ამით და არა არაწმიდა იყუნეთ ამით.
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, და განწმიდენით და იყვენით წმიდაჲ,
რამეთუ წმიდა ვარ მე, უფალი თქუენი და არა შეაგინნეთ სულნი თქუენნი ყოველთა ამათგან ქუეწარმავალთა, რომელნი იძრვიან ქუეყანისა ზედა, რამეთუ მე ვარ ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთ და იყვენით წმიდაჲ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი.
ესე შჯული არს საცხოვართათჳს და მფრინველთათჳს და ყოვლისა სულისა ქუეწარმავლისა ქუეყანასა ზედა
განშორებად შორის არაწმიდათა და შორის წმიდათა და სწავლად ძეთა ისრაჱლისათა შორის მაცხოვნებელთა საჭმელთა და შორის არამაცხოვნებელთა საჭმელთა.