ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 13

1

ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა:

2

თუ ვინმეს ტანზე სიმსივნე ან სირსველი ან ლაქა გამოაჩნდება და სხეულის კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, იგი აარონ მღვდელს ან ერთ-ერთ მის შვილს, მღვდელთაგანს უნდა მიუყვანონ.

3

გასინჯავს მღვდელი მისი სხეულის კანზე წყლულს და თუ თმა წელულზე გათეთრებული აქვს, წყლულიც ღრმადა აქვს ჩამჯდარი კანში - ეს კეთრის წყლულია. გასინჯავს მას მღვდელი და უწმიდურად სცნობს.

4

თუ წყლული მისი სხეულის კანზე თეთრია, მაგრამ წყლული ღრმად არ არის კანში ჩასული და თმაც არა აქვს გათეთრებული, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს დაწყლულებული.

5

გასინჯავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული თვალში საცემია, მაგრამ არ გავრცელებულა კანზე, კიდევ შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს იგი მღვდელმა.

6

მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ გასინჯავს მას და თუ წყლული გამკრთალებულია და არ გავრცელებულა კანზე, განწმედილად სცნობს მას მღვდელი. ეს სირსველია; ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება.

7

თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს გასაწმიდავებლად ეჩვენა, სირსველმა კანზე გავრცელება იწყო, მეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს.

8

გასინჯავს მას მღვდელი და თუ სირსველი გავრცელებულია კანზე, მღვდელმა უწმიდურად უნდა სცნოს იგი. ეს კეთრია.

9

თუ ვინმეს კეთრის წყლული გამოაჩნდება, მღვდელს უნდა მიუყვანონ იგი.

10

გასინჯავს მღვდელი და თუ კანზე სიმსივნე თეთრია, თმაც ამის გამოა გათეთრებული და დაწყლულებული ხორცი ცოცხალია,

11

მისი სხეულის კანზე კეთრი შებერებული ყოფილა. მღვდელი მას უწმიდურად სცნობს და ჩაკეტავს, რადგან უწმიდურია იგი.

12

თუ კეთრი გაეფურჩქნება კანზე და კეთრი დაუფარვს მთელ დაწყლულებულ კანს თავიდან ფეხებამდე, სადამდისაც მღვდლის თვალი გასწვდება.

13

დაინახავს მღვდელი რომ კეთრმა დაუფარა მთელი სხეული, და წყლულს გაწმედილად სცნობს. თუ მთლიანად გათეთრებულია, გაწმედილია იგი.

14

როცა მასზე ცოცხალი ხორცი აღმოჩნდება, უწმიდურია იგი.

15

დაინახავს მღვდელი ცოცხალ ხორცს და უწმიდურად სცნობს მას. ცოცხალი ხორცი უწმიდურია, ეს კეთრია.

16

თუ ცოცხალი ხორცი შეეცვლება და გაუთეთრდება, მღვდელთან უნდა მივიდეს.

17

გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლული გათეთრებული აქვს, მღვდელი წყლულს განწმედილად სცნობს. განწმედილი იქნება იგი.

18

თუ სხეულზე, კანზე გამოაჩნდება გამონაყარი და მოუშუშდება,

19

გამონაყარის ადგილზე იქნება თეთრი სიმსივნე ან მოთეთრო-მოწითალო ლაქა, მღვდელს უნდა ეჩვენოს.

20

გასინჯავს მას მღვდელი და თუ ეს აღმოჩნდა კანქვეშ და თმაც გათეთრებული აქვს, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია, გამონაყარზეა გაფურჩქნული.

21

თუ მღვდელი დაინახავს, რომ თმა გათეთრებული არა აქვს, წყლული კანქვეშ არ არის და მკრთალია, მღვდელმა უნდა ჩაკეტოს იგი შვიდ დღეს.

22

თუ კანზე გავრცელდება, მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს წყლულია.

23

თუ ლაქა თავის ადგილზე დარჩება, არ გავრცელდება, ეს გამონაყარის ანთებაა, მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი.

24

თუ სხეულზე, მის კანზე დამწვრობა ექნება და მოშუშების შემდეგ მოთეთრო-მოწითალო ან თეთრი ლაქა დააჩნდება,

25

გასინჯავს მას მღვდელი და თუ ლაქაზე თმა გათერებული აქვს და ლაქა კანშია ჩამჯდარი. ეს კეთრია დამწვარზეა გაფურჩქნული. მღვდელმა იგი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს კეთრის წყლულია.

26

თუ მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, ლაქაზე თეთრი თმა არა აქვს, ლაქა კანქვეშ არ არის და მკრთალიამ მღვდელმა იგი შვიდ დღეს უნდა ჩაკეტოს.

27

მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს მას და თუ კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმიდურად სცნობს. ეს კეთრის წყლულია.

28

თუ ლაქა ადგილზე დარჩა, არ გავრცელდა კანზე და მკრთალია, ეს სიდამწვრის სიმსივნეა. მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს იგი, რადგან ეს სიდამწვრის ანთებაა.

29

თუ კაცს ან ქალს თავზე ან ლოყაზე წყლული გამოაჩნდება,

30

გასინჯავს მღვდელი წყლულს და თუ კანქვეშ ღრმად ჩანს, მასზე თმა გაყვითლებულია და შეთხელბული, მღვდელმა ისინი უწმიდურად უნდა სცნოს. ეს მუნია. ეს თავის ან ლოყის კეთრია.

31

თუ მღვდელი გასინჯავს მუნის წყლულს და ის კანქვეშ ღრმად არ ჩანს და შავი თმაც არ არის მასზე, მღვდელმა შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.

32

მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯავს წყლულს და თუ მუნი არ არის გავრცელებული, თმაც არ არის მასზე გაყვითლებული და კანქვეშაც ღრმად არ ჩანს,

33

იგი უნდა გაიპარსოს, ოღონდ მუნიანი ადგილი არ უნდა მოპარსონ, მღვდელმა კიდევ შვიდი დღით უნდა ჩაკეტოს მუნიანი.

34

მეშვიდე დღეს მღვდელი გასინჯაავს მუნს; თუ მუნი არ გავრცელებულა, და კანქვეშ ღრმად არ ჩანს, მღვდელმა იგი გაწმიდავებულად უნდა სცნოს. ტანისამოსი გაირეცხოს და გაწმიდავებული იქნება.

35

თუ მუნი გავრცელდება კანზე მისი გაწმიდავების შემდეგ,

36

მღვდელი გასინჯავს მას და, აჰა, მუნი გავრცელებულია კანზე, მღვდელი ნუ დაუწყებს ძებნას გაყვითლებულ თმას: უწმიდურია იგი.

37

თუ მუნი თვალით შესამჩნევია და შავი თმაა მასზე ამოსული, მუნი მორჩენილა, იგი გაწმიდავებულია და მღვდელმა გაწმიდავებულად უნდა სცნოს.

38

როდესაც კაცს ან ქალს სხეულის კანზე ლაქები, თეთრი ლაქები გამოაჩნდება,

39

მღვდელი გასინჯავს და თუ მათი სხეულის კანზე თეთრი ლაქები მკრთალია, ეს სირსველია, კანზე გაფურჩქნული. წმიდაა იგი.

40

როდესაც კაცს თავზე თმა დასცვივდება, იგი ქაჩალია, წმიდაა იგი.

41

თუ წინა მხრიდან გაუშიშვლდება თავი, იგი მელოტია, წმიდაა.

42

თუ ქაჩალ ან მელოტ ადგილზე მოთეთრო-მოწითალო წყლული იქნება, ეს კეთრია, ქაჩალ ან მელოტ ადგილზე გაფურჩქნული.

43

გასინჯავს მას მღვდელი და თუ წყლულის სიმსივნე მოთეთრო-მოწითალო ფერისაა ქაჩალ ან მელოტ ადგილზე, როგორიც სხეულის კანის კეთრია ხოლმე,

44

ეს კაცი კეთროვანია, უწმიდურია. მღვდელმა უწმიდურად უნდა გამოაცხადოს იგი. თავზე აქვს წყლული.

45

დაწყლულებულის ტანისამოსი უნდა დაირღვეს; თავი შიშველი უნდა ჰქონდეს, პირამდე შებურვილი უნდა იყოს და ყვიროდეს: უწმიდური, უწმინდური:

46

რამდენ ხანსაც წყლულია მასზე, იმდენ ხანს იქნება უწმიდური. უწმიდურია იგი. განცალკევებით უნდა ცხოვრობდეს თავისი საცხოვრებელი ბანაკის გარეთ.

47

თუ ტანისამოსზე იქნა კეთრის წყლული, მატყლის ტანისამოსზე, ან სელის ტანისამოსზე,

48

ან მატყლის ან სელის ქსელზე, ან ტყავზე ან ტყავის რომელიმე საგანზე,

49

მომწვანო ან მოწითალო ფერის წყლული ტანისამოსზე ან ტყავზე ან ქსელზე ან ტყავის რაიმე საგანზე იქნება, ეს კეთრის წყლულია და მღვდელს უნდა ეჩვენოს.

50

გასინჯავს მღვდელი წყლულს და შვიდი დღით ჩაკეტავს მას.

51

მეშვიდე დღეს გასინჯავს წყლულს; თუ წყლული გადავიდა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავზე, რაიმე ნივთზე, რაც ტყავისგან არის დამზადებული, ეს გამიზეზებული კეთრია. უწმიდური წყლულია.

52

უნდა დაწვას ტანისამოსი ან მატყლის ან სელის ქსელი. ან ტყავის ნივთი, რომელზეც წყლული იყო; რადგან გამიზეზებული კეთრია იგი; ცეცხლში უნდა დაიწვას.

53

თუ მღვდელი გასინჯავს და, აჰა, წყლული არ გადასულა ტანისამოსზე ან ქსელზე ან ტყავის საგანზე,

54

მღვდელმა უნდა მოაბანინოს ის ადგილი, რაზეც წყლული იყო, და კიდევ შვიდი დღით ჩაკეტოს იგი.

55

გასინჯავს მღვდელი მობანვის შემდეგ წყლულს და თუ წყლულს სახე არ უცვლია და წყლული არ გავრცელებულა, ქსოვილი გაუწმიდურებულია, ცეცხლშა დაწვი; ამოჭმულია მისი წაღმა პირი ან უკუღმა პირი.

56

თუ დაინახავს მღვდელი, რომ წყლული მობანვის შემდეგ გაფერმკრთალდა, ტანისამოსს ან ტყავს ან ქსელს ან მისაქსელს უნდა მოაცილოს იგი.

57

თუ კვლავ გამოჩნდა ტანისამოსზე ან ქსელზე, ან მისაქსელზე, ან ტყავის რაიმე საგანზე, გაფურჩქნული წყლულია; ცეცხლში უნდა დაწვა ყველაფერი, რაზედაც გადავიდა წყლული.

58

ტანისამოსი ან ქსოვილი ან ტყავის რაიმე საგანი, რომელსაც გარეცხავ და წყლული მოეცლება, ხელახლა უნდა გაირეცხოს და გაწმიდავდება.

59

ეს არის რჯული კეთრის წყლულისა მატყლის ან სელის ტანისამოსზე, ან ქსოვილზე ან ტყავის რაიმე ნივთზე უწმიდურობის ან სიწმიდის გამოსაცნობად.

1

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2

კაცისა უკეთუ იყოს ვისსამე სხეულსა ფერისა მისისასა ბრძჳრი, ნიში, ანუ თუ თეთრი, და იყოს ჴორცსა ფერისა მისისასა სახე კეთროვანებისაჲ და მოიყვანოს იგი აჰრონის მღდელისა, გინა ერთისა ძისა მისისა მღდელისა.

3

და იხილოს მღდელმან მან ნიში იგი ტყავსა ფერისა მისისასა და თმაჲ სახესა მას გარდაიქცეოდის სპეტაკად და პირი იგი ნიშისაჲ მის იყოს მწუხარე ტყავისა მისგან, შედებაჲ კეთროვანებისაჲ. არს და იხილოს მღდელმან მან და შეგინებულად შეჰრაცხოს იგი.

4

უკუეთუ ბრწყინვალებაჲ იგი იყოს სპეტაკ ტყავსა მას ფერისა მისისასა და მწუხარე არა იყოს ფერი იგი პირისა მისისა, ტყავი მისგან და თმაჲ მისი არა ფერქცეულ იყოს და თმაჲ სპეტაკ, არამედ მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან, რომელსა-იგი შეედების კეთროვანებაჲ, შჳდ დღე.

5

და იხილოს მდღელმან მან ნიში იგი, ჰგიესღა მის თანა და არა მოიქცა ნიში იგი ფერსავე თჳსსა, და კუალად განავლინოს იგი მღდელმან მან მეორედ შჳდ დღე.

6

და იხილოს იგი მღდელმან მან დღესა მეშჳდესა მეორედ და აჰა, ესერა, მოშავე არს ნიში იგი, არა იცვალა სხეულისაგან თჳსისა. განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ სასწაულად არს და განირცხეს სამოსელი თჳსი და არაწმიდა იყოს.

7

უკუეთუ გარდაქცევით გარდაიქცა სასწაული იგი სხეულისაგან მისისა შემდგომად ხილვისა მის მღდელისა ღა განწმედისა მისისა და ეჩუენოს მეორედ მღდელსა მას და იხილოს მღდელმან მან და აჰა, ესერა, სასწაულად არს და იცვალა ტყავისაგან მისისა.

8

და კუალაღ შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ კეთროვანებაჲ არს.

9

უკუეთუ შედებაჲ კეთროვანებისაჲ იყოს ვისთანამე კაცისა, მოვიდეს მღდელისა მის.

10

და იხილოს მღდელმან და აჰა, ესერა, ბრძჳრი სპეტაკი არს ჴორცთა მისთა და იგი გარდაიქცა თმად თეთრად ცოცხლისა მისგან ჴორცისა, ცხოველისა ბრძჳრსა მას,

11

კეთროვანებაჲ დაძუელებული არს ჴორცსა ფერისა მისისასა. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან და განჴადოს იგი გარე, რამეთუ არაწმიდა არს.

12

უკუეთუ ყუავილით ყუაოდის სისპეტაკე იგი სხეულთა მისთა და დაფაროს სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ხილვისა მისისაჲ თავითგან ვიდრე ფერჴადმდე

13

ყოვლადვე ხილვად მღდელისა მის, და აჰა, ესერა, დაფარა სისპეტაკემან მან ყოველივე სხეული ფერისა მისისაჲ, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი, რამეთუ ყოვლადვე გარდაიქცა სპეტაკად, წმიდა არს იგი.

14

და რომელსა დღესა გამოაჩნდეს მას ფერი ცოცხალი, შეიგინა იგი.

15

და იხილოს მღდელმან მან ფერი იგი ცოცხალი, და შეაგინოს ფერმან მან ცოცხალმან და არაწმიდა არს იგი.

16

უკუეთუ კუალად ეგოს, ფერი იგი ცოცხალი და გარდაიქცეს სპეტაკად,

17

მოვიდეს იგი მღდელისა მის. და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა შეხებაჲ იგი სპეტაკად, და განწმიდოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი და წმიდა იყოს.

18

და უკუეთუ იყოს ჴორცსა ტყავისა მისისასა წყლულებაჲ იგი რაჲმე და განცოცხლდეს

19

და იყოს ადგილსა მას წყლულებისასა ბრძჳლი სპეტაკი გინა ბრწყინვალე მოთეთრედ, გინა მოწითლედ, ეჩუენოს იგი მღდელსა მას.

20

და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი მისი უმდაბლე ტყავისა მის და თმაჲ მისი გარდაიქცა თეთრად, და შეგინებულ-ყოს მღდელმან, რამეთუ კეთროვნებაჲ არს, რამეთუ წყლულსა მას გამოაჩნდა.

21

უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მას ზედა თმაჲ სპეტაკი და უმწუხარეს არა იყოს ფერისაგან მისისა, და იგი იყოს მოშავე, და განავლინოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე.

22

უკუეთუ განეფინოს ტყავსა მას შინა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შედებაჲ არს კეთროვანებისაჲ და წყლულსა მას გამოაჩნდა.

23

უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს, ბრძჳლი წყლულებისაჲ არს იგი, განწმიდოს იგი მღდელმან მან.

24

უკუეთუ იყოს ჴორცი გუამსა მისსა დამწუარი ცეცხლითა და იყოს ტყავსა მას მისსა განგებულსა ნაწუევისასა მონათლედ ბრწყინვალე, სპეტაკად მოწითლედ, გინა მოთეთრედ.

25

იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, გარდაიქცა თმაჲ იგი სპეტაკად ბრწყინვალედ და პირი მისი უმდაბლეს ტყავისაგან, კეთროვანება არს, დამწუარსა მას გამოაჩნდა და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს.

26

და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა იყოს მოთეთრესა მას თმაჲ სპეტაკი და მდაბალ არა იყოს ტყავისაგან და იყოს მოშავე.

27

განჴადოს იგი გარე მღდელმან მან შჳდ დღე და იხილოს მღდელმან დღესა მეშჳდესა, უკუეთუ განფენით განფენილ იყოს ტყავსა მას ზედა, შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, რამეთუ შეხებაჲ კეთროვანებისაჲ არს, წყლულსა მას გამოაჩნდა.

28

უკუეთუ ადგილობანს ეგოს ბრწყინვალებაჲ იგი და არა განეზაოს ტყავსა მას ზედა, და იგი იყოს მოშავე, ბრძჳლი დამწუარისაჲ არს. და განწმიდოს იგი მღდელმან მან, რამეთუ ხატი ნამწუარევისაჲ არს.

29

და უკუეთუ მამაკაცსა, გინა დედაკაცსა იყოს მათ თანა შედებაჲ კეთროვანებისაჲ, თავსა გინა წუერსა, და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი მისი

30

და, აჰა, ესერა, პირი მისი უდაკლებულე არს ტყავისა და მას ზედა არს თმაჲ მოწითურე, გინა მოწითლე მწულილი. და შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან: დასჳრინგებულ არს კეთროვანებაჲ თავისაჲ გინა კეთროვანებაჲ წუერისაჲ.

31

და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი დასჳრინგებისაჲ იგი, და არა იყოს პირი მისი უდაკლებულე ტყავისა და თმაჲ მოწითლე არა იყოს მას შინა, განავლინოს გარე მღდელმან მან შედებული იგი დასჳრინგებისაჲ მის შჳდ დღე.

32

და იხილოს მღდელმან მან შეხებაჲ იგი დღესა მეშჳდესა, და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ მოწითლე არა არს მას შინა და პირი სჳრინგებისაჲ მის არა დაკლებულ არს ტყავისაგან,

33

და დაიყჳნოს ყოველივე გუამი მისი, ხოლო სჳრინგებული იგი არა დაიყჳნოს და განავლინოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი შჳდ დღე მეორედ. და იხილოს მღდელმან მან დასჳრინგებული იგი დღესა მას მეშჳდესა

34

და არა განეზავა დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა შემდგომად დაყუენვისა მისისა და პირი დასჳრინგებისაჲ მის არა უდარე არს ტყავისაგან, და განწმიდოს იგი მღდელმან მან, განირცხეს სამოსელი მისი წყლითა და წმიდა იყოს.

35

უკუეთუ განფენით განეფინოს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას ზედა შემდგომად განწმედისა მისისა

36

და იხილოს მღდელმან მან და, ესერა, განფენილ არს დასჳრინგებაჲ იგი ტყავსა მას მისსა ზედა, არა მიხედოს მღდელმან მან თმისა მისთჳს მწითურისა, რამეთუ არაწმიდა არს.

37

და უკუეთუ წინაშე ეგოს ადგილობანს დასჳრინგებაჲ იგი და თმაჲ შავი აღმოსცენდეს მას ზედა, განიკურნა დასჳრინგებაჲ იგი და წმადა არს და განწმიდოს იგი მღდელმან მან.

38

უკუეთუ მამაკაცსა გინა დედაკაცსა იყოს ტყავსა ჴორცისა მისისასა ბრწყინვალებაჲ მობრწყინვალედ მოთეთრედ

39

და იხილოს მღდელმან მან და, აჰა, ესერა, ტყავსა მას ჴორცისა მისისასა მბრწყინვალე მობრწყინვალედ მოთეთრედ არს, მძოვარი არს ყუავილად ტყავისა ჴორცისა მისისა, წმიდა არს იგი.

40

უკუეთუ ვისმე თმაჲ დასრულ იყოს თავსა მისსა, სიმტიერე არს, წმიდა არს იგი.

41

უკუეთუ იყოს სიმტიერესა მას მისსა გინა სიშულუვესა მას მისსა შედებაჲ სითეთრისაჲ გინა მოწითლედ,

42

კეთროვანებაჲ არს სიმტიერესა მას მისსა, ანუ თუ სიშლუესა მისსა გამოაჩნდა.

43

და იხილოს იგი მღდელმან მან და, აჰა, ესერა, პირი შედებისაჲ მის თეთრ არს გინა მოწითლე სიმტიერესა მას მისსა გინათუ სიშლუესა მას მისსა,

44

ხატი კეთროვანებისაჲ არს ტყავსა ჴორცისა მისისასა.

45

კაცი არს იგი კეთროვანი. შეგინებით შეგინებულ-ყოს იგი მღდელმან მან, თავსა მისსა ზედა არს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ და კეთროვანსა მას, რომელსა იყოს შედებაჲ იგი, კუართი მისი იყავნ წარჴსნილ და თავი მისი დაუბურველ და პირი მისი დაიხურენ, არაწმიდა ეწოდოს მას.

46

ყოველთა დღეთა, რაოდენ ჟამ იყოს იგი მის თანა, შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ, არაწმიდა არს და არაწმიდა იყოს, განშორებულად ჯდეს იგი, გარეშე ბანაკსა იყოს მყოფებაჲ მისი.

47

უკუეთუ სამოსელსა მისსა იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა,

48

ანუ თუ სამოსელსა სელისასა, ანუ თუ საგუასლსა, გინათუ ფესუსა, გინათუ მატყლისასა, გინათუ სელისასა,

49

გინათუ ტყავისასა, გინათუ ყოველსავე საქმარსა ტყავისასა, იყოს შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ მომწუანედ გინა მოწითლედ ტყავსა მას ზედა, გინა სამოსელსა, გინა საგუასლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსა საქმარსა ტყავისასა, და იყოს შეხებაჲ იგი მიმწუანე, ანუ მოწითლე, შედებაჲ კეთროვნებისაჲ არს და უჩუენოს მდღელსა მას.

50

და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი და განაშოროს.

51

და იხილოს მღდელმან მან შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ დღესა მეშჳდესა, უკეთუ განფენილ იყოს შედებაჲ იგი სამოსელსა მას, გინა სავაღლსა, გინა ფესუსა, ანუ თუ ტყავსა ყოვლისაებრვე, რაოდენ იქმნეს ტყავის საქმარსა შინა, კეთროვანებაჲ დადგრომილ არს. შედებაჲ იგი არაწმიდა არს.

52

დაწუას სამოსელი იგი, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა მატყლისასა, ანუ თუ სელისასა, გინათუ ყოველსავე ქმნილსა ტყავისასა, რომელსაცა შინა იყოს იგი, რამეთუ კეთროვანებაჲ დადგრომილ არს, ცეცხლითა დაიწუნ.

53

უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და არა განეფინა შედებაჲ იგი კეთროვანებისაჲ სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ყოველსავე ჭურჭერსა ტყავისასა,

54

და უბრძანოს მღდელმან მან და განრცხეს, რომელსა ზედა იყოს შედებაჲ იგი. და განაშოვროს იგი მღდელმან შჳდ დღე მეორედ.

55

და იხილოს მღდელმან მან შემდგომად განრცხისა მის შედებაჲ იგი და შედებამან მან არა იცვალა ფერი პირისა მისისაჲ და შედებაჲ იგი არა განეფინა, არაწმიდა არს, ცეცხლითა დაიწუნ. მტკეცელი არს სამოსელსა მას, ანუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, ანუ თუ ტყავსა.

56

და უკუეთუ იხილოს მღდელმან მან და იყოს შედებაჲ იგი მოშავე შემდგომად განრცხისა მისისა, გამოჰხიოს იგი სამოსლისა მისგან,

57

ანუ თუ ტყავსა, ანუ თუ სავაღლსა, გინათუ ფესუსა. უკუეთუ გამო-ღა-აჩნდეს სამოსელსა ანუ თუ სავაღლსა ანუ თუ ფესუსა

58

ანუ ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, კეთროვანებაჲ აღმოცენებულ არს, ცეცხლითა დაიწუეს, რომელსა თანა არს შეხებაჲ იგი. და სამოსელი, ანუ ფესჳანი ჭურჭერი ტყავისაჲ, რომელი განირცხეს, და გარდაადგინოს იგი მღდელმან მან და განირცხეს მეორედ და წმიდა იყოს.

59

ესე არს შჯული შეხებისა კეთროვანებისაჲ სამოსელსა მატყლისასა, გინათუ სელისასა, ანუ თუ სავაღლსა, ანუ თუ ფესუსა, გინა ყოველსა ჭურჭერსა ტყავისასა, გინა თუ განწმედად მისა, გინა შეგინებად მისა.

123456789101112131415161718192021222324252627