ლევიანნი, თავი 21
უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
თუ სისხლით ნათესავია - დედა ან მამა, ვაჟი ან ძმა,
ან ქალწული და, ან ახლობელი ქალი, რომელიც გათხოვილი არ ყოფილა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიბინძუროს თავი.
ქმარმა არ უნდა გაიბინძუროს თავი თავის სალხში, რომ არ წაიბილწოს.
თავს ნუ გადაიკრეჭენ, ღაწვებზე თმას ნუ მოიპარსავენ, ტანზე ნაკაწრებს ნუ გაიკეთებენ.
წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ.
ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ ცოლად; არც ქმარს გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის.
წმიდად გყავდეს იგი, რადგან ის სწირავს შენი ღვთის პურს. წმიდა იყოს იგი შენთვის, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი წმიდამყოფელი.
მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას.
მღვდელმთავარი თავისი საძმოდან, რომელსაც თავზე მირონის ზეთი აქვს ცხებული და ხელი აქვს ავსებული შესამოსელის სატარებლად, თავს არ უნდა იშიშვლებდეს და შესამოსელს არ უნდა იხევდეს.
არცერთ მკვდარს არ უნდა მიეკაროს, არც მამას და არც დედას, რომ არ გაბინძურდეს.
საწმიდარიდან არ უნდა გადიოდეს, არ უნდა შეურაცხყოს თავისი ღვთის საწმიდარი, რადგან მისი ღვთის მირონით არის იგი ცხებული. მე ვარ უფალი.
ცოლად ქალწული უნდა ითხოვოს.
ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან.
არ უნდა წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში. რადგან მე ვარ უფალი, მისი წმიდამყოფელი.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური.
რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭყლეტილს, არც ცხვირწაშვერილს,
არც ფეხმოტეხილს, არც ხელმოტეხილს,
არც კუზიანს, არც დამჭლევებულს. არც თვალლიბრიანს, არც მუნიანს, არც ქეციანს, არც კვერცხებჩაჭყლეტილს,
არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა; ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა.
თავისი ღვთის პური წმიდათა წმიდიდან და წმიდიდან შეუძლია ჭამოს.
ოღონდ კრეტსაბმელთან ვერ მივა და სამსხვერპლოს ვერ მიეკარება, რადგან ნაკლი აქვს. არ უნდა წაბილწოს ჩემი საწმიდარი, რადგან მე ვარ უფალი, მათი წმიდამყოფელი.
ელაპარაკა მოსე აარონს, მის შვილებს და მთელს ისრაელობას.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა აჰრონისთა და არქუ მათ: რათა სულთაგან არა შეიგინებოდიან შორის ნათესავთა მათთა,
არამედ თჳსთა და მახლობელთა მათთა თანა, არამედ მამისა და დედისა შევიდედ.
და ძეთა და ასულთა და ძმისა და დისა ქალწულისა, რომელი მახლობელ იყოს მისა და რომელი არა მიცემულ იყოს ქმარსა, ამათა შევიდედ.
და არა შეიგინნენ მეყსეულად ერსა შორის თჳსსა შეგინებად მათა და შიშულად
ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით.
არამედ წმიდა იყუნედ ღმრთისა მათისსა და არა შეიგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ, რამეთუ შესაწირავსა ღმრთისა მათისსა იგინი შესწირვენ და იყუნედ იგინი წმიდა.
და დედაკაცსა მეძავსა და შეგინებულსა ნუ შეირთვედ და დედაკაცსა განტევებულსა ქმრისაგან თჳსისა ნუ მოიყვანებედ, რამეთუ წმიდა არიედ უფლისა ღმრთისა მათისა.
და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მსხუერპლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა იგი შესწირავს და წმიდა იყავნ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.
და ასული თუ მღდელისაჲ შეიგინოს სიძვითა, სახელი მამისა თჳსისა შეაგინა, ცეცხლითა დაიწუნ.
და მღდელმან დიდმან ძმათაგან მისთა რომელსა ზედა დაესხა თავსა მისსა ზეთი ცხებისაჲ და სრულ ქმნულ არს შემოსად სამოსელისა მის თავსა ვარშამაგი, აღძარცუენ, ხოლო სამოსელსა ნუ დაიპებნ.
და ყოველსა ზედა სულსა აღსრულებულსა ნუ შევალნ ნუცა მამისა, ნუცა დედისა მისისა ზედა შეიგინებინ.
და სიწმიდეთაგან ნუ გამოვალნ, რათა არა შეაგინოს სიწმიდე იგი ღმრთისა მისისაჲ, რამეთუ წმიდაჲ, იგი ზეთი ცხებულებისაჲ ღმრთისამიერი არს მის ზედა. მე ვარ უფალი ღმერთი.
ხოლო ამან ქალწული ერისაგან თჳსისა მოიყვანოს,
ქურივი და განტევებული და მეძავი ვერ მოიყვანოს, არამედ ქალწული ნათესავისაგან თჳსისა მოიყვანედ ცოლად.
რათა არა შეიგინოს თესლი მისი ერსა შორის მისსა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განვწმიდე იგი.
და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მისისა.
ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი ბრმაჲ და მკელობელი, გინა ცხჳრმოკლე, გინა ყურკუეთილი,
გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ჴელი,
ანუ ფერჴი, ანუ ზურგტეხილი, ანუ თუ ნახევარჴმელი, ანუ თუალითა ლბილი, ანუ კაცსა, რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა მეფხანი, ანუ ერთკაკაჲ.
და ყოვლისა თანა, რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა აჰრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მასხუერპლსა ღმრთისა შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღმრთისა მისისასა ვერ მოუჴდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა.
ხოლო წმიდათაგანი შეწირულთა ჭამენ.
გარნა კრეთსაბმელას ნუ მოვალნ, ნუცა საკურთხეველსა შევალნ, რამეთუ ბიწი არს მის თანა, და ვერ მივიდეს იგი შეგინებად მისა სიწმიდესა ღმრთისა მისისასა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ.
და ეტყოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ სიტყუათა.