ლევიანნი, თავი 2
ვისაც სურს შესაწირავი შესწიროს ძღვნად უფალს, გამტკიცული ფქვილი იყოს მისი შესაწირავი; ზეთი დაასხას ზედ და საკმეველი დადოს.
მიუტანოს აარონიან მღვდლებს; ერთ-ერთმა მღვდელმა სავსე მუჭით აიღოს ზეთიანი ფქვილი საკმეველთან ერთად და დაწვას სამსხვერპლოზე სამახსოვროდ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
რაც ამ შესაწირავს მორჩება, აარონსა და მის შვილებს ეკუთვნის; ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
თუ ღუმელში გამომცხვარს შესწირავ ძღვნად, გამტკიცული ფქვილისგან იყოს ნამცხვრები, უსაფუარო, ზეთში აზელილი და კვერები უსაფუარო და ზეთნაცხები.
თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.
თუ შენი შესაწირავი ტაფაზეა გამომცხვარი, ზეთში აზელილი გამტკიცული ფქვილიდან, უსაფუარო უნდა იყოს.
თუ მაყალიდან არის შენი საძღვნო შესაწირავი, ზეთიანი გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს მომზადებული.
და მიართვა ამგვარად მომზადებული საძღვნო უფალს. მიუტანე მღვდელს და ის შესწირავს მას სამსხვერპლოზე.
აღმართოს მღვდელმა საძღვნო სამახსოვროდ და სამსხვერპლოზე დაწვას. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
რაც საძღვნოს გადარჩება, აარონს და მის შვილებს ეკუთვნის. ეს წმიდათა წმიდაა უფლის საცეცხლო მსხვერპლიდან.
არცერთი საძღვნო, რომელიც უფალს გინდა შესწირო, საფუარით არ უნდა იყოს მომზადებული, რადგან არც საფუარი, არც თაფლი არ უნდა დაიწვას საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის.
როგორც პირველნაყოფთა შესაწირავი, ისე შესწირე უფალს და სამსხვერპლოზე არ აიტანო კეთილსურნელებად.
ყოველი საძღვნო მარილით დაამარილე და არ დასტოვო საძღვნო შენი ღვთის მარილის გარეშე; ყოველ შესაწირავზე მიიტანე მარილი.
თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
დაღვარე ზეთი და ზედ საკმეველი დადევი; ეს არის საძღვნო შესაწირავი.
დაწვას მღვდელმა სამახსოვროდ - დაღერღილი და ზეთიანი მარცვლები მთელი საკმეველითურთ. ეს არის საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
უკუეთუ სულსა შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად ღმრთისა, სამინდოჲ იყოს შესაწირავი მისი, და დაასხას მას ზედა ზეთი და დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.
და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგან სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი დასდვას მღდელმან მან საჴსენებელი მისი საკურთხეველსა მას სულად სულნელებად ღმრთისა.
და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათა.
უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი თორნითა სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი და ლელანგოჲ უცომოჲ ცხებული ზეთით.
და უკუეთუ შესაწირავი იგი ტაპაკისაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ შესუარული ზეთითა უცომოჲ იყოს.
და დაალტვო იგი დამუსრვილი და დასხა მას ზეთი: შესაწირავი არს ღმრთისა.
უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს.
და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი, ღმრთისა, და მოართვას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა მას.
და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი, და დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელებისა ღმრთისა.
ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ ნაყოფთა მათგან ღმრთისათა.
ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა.
და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა და საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს სულად სულნელად ღმრთისა.
და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი შჯულისა ღმრთისა შესაწირავთაგან თქუენთა და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით.
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველთა ნაყოფთა.
და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე.
და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელი მისი ეტერთა მათგან ზეთითურთ, და ყოველივე გუნდრუკი მისი. შესაწირავი არს ესე ღმრთისა.