ლოცვანი
აპლიკაცია

ლევიანნი, თავი 25

1

ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის მთაზე და უთხრა:

2

ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, იუქმოს მიწამ შაბათი უფლისათვის.

3

ექვს წელიწადს თესავდე შენს ყანას, ექვს წელიწადს სხლავდე შენს ვენახს და იღებდე მოსავალს.

4

მეშვიდე დღეს კი საუქმო შაბათია მიწისათვის, უფლის შაბათი. ყანა არ დათესო და ვენახი არ გასხლა.

5

ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ყურძენი არ მოკრიფო. უქმი წელიწადი იყოს მიწისათვის.

6

მიწის უქმობის დროს გქონდეთ საჭმელად შენ და შენს ყმას, შენს ყმაქალს, ქირისკაცს და მდგმურს, რომელიც შენთან დგას,

7

შენს პირუტყვს და ცხოველებს, რომლებიც შენს მიწაზე არიან, მთელი მოსავალი გქონდეთ საჭმელად.

8

გადაითვალე შვიდი უქმობის წელიწადი, შვიდჯერ შვიდი წელიწადი, რომ გამოგივიდეს შვიდი უქმობის წელიწადში სულ ორმოცდაცხრა წელი.

9

დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში, თვის მეათე დღეს; შენდობის დღეს დაჰკარით ბუკს მთელს თქვენს ქვეყანაში.

10

წმიდაჰყავით ორმოცდამეათე წელი და გაათავისუფლეთ ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრები. ზეიმი იყოს ეს თქვენთვის. ყველანი თქვენ-თქვენს სამკვიდრებელს დაუბრუნდით, თქვენ-თქვენს სანათესაოს დაუბრუნდით ყველანი.

11

ზეიმი იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი. არ თესოთ და არ მკათ ჩაფანტული მარცვლიდან ამოსული, არ მოკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.

12

რადგან ზეიმია ეს, წმიდა უნდა იყოს თქვენთვის. ყანიდან ჭამეთ მისი მოსავალი,

13

ამ ზეიმის წელს დაუბრუნდეს კაცი თავის სამკვიდრებელს.

14

როცა რაიმეს მიჰყიდი შენს თვისტომს ან რამეს იყიდი შენი თვისტომისგან, ნუ მოატყუებთ ერთმანეთს.

15

ზეიმის შემდგომი წლების ანგარიშით იყიდე შენი თვისტომისგან, მოსავლის აღების წლების ანგარიშით მოგყიდოს.

16

თუ ბევრია წლები, გაზარდე ფასი; თუ მცირეა წლები, დაუკელი ფასს, რადგან მოსავლის ანგარიშით მოგყიდის.

17

ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

18

შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.

19

მოგცემთ მიწა თავის ნაყოფს, მაძღრისად შეჭამთ და მშვიდად იცხოვრებთ იქ.

20

თუ იკითხავთ, რა ვჭამოთო მეშვიდე წელს, თუ არ დავთესეთ და თუ არ ავიღეთო მოსავალი,

21

ვბრძანებ ჩემს კურთხევას თქვენზე მეექვსე წელს და მოიყვანს მოსავალს სამი წლისთვის.

22

დათესავთ მერვე წელს, მაგრამ მეცხრე წლამდე ძველ მოსავალს შეჭამთ, ძველი უნდა ჭამოთ, ვიდრე მისი მოსავალი შემოვიდოდეს.

23

მიწა სამუდამოდ არ უნდა გაიყიდოს, რადგან ჩემია მიწა, რადგან თქვენ მდგმურები და ხიზნები ხართ ჩემთან.

24

მთელ თქვენს სამკვიდრებელ მიწაზე მიეცით მიწის გამოსყიდვის ნება.

25

თუ შენი მოძმე გაღარიბდება და თავის სამკვიდრებელს გაჰყიდის, მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს თავისი მოძმის გაყიდული.

26

თუ კაცს გამომსყიდველი არა ჰყავს და თავად ხელი მიუწვდება და იშოვის გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა,

27

იანგარიშოს გაყიდვიდან გასული წლები, მონარჩენი მყიდველს დაუბრუნოს და თავისი სამკვიდრებელი ჩაიბაროს.

28

თუ გამოსასყიდს, რამდენიც საჭიროა, ვერ იშოვნის, გაყიდული მის მყიდველს დარჩება ზეიმის წლამდე. ზეიმის წელს ჩამოერთმევა და პატრონი თავის სამკვიდრებელს დაუბრუნდება.

29

თუ კაცი გალავნიან ქალაქში საცხოვრებელ სახლს გაყიდის, გაყიდვიდან ერთი წლის გასვლამდე შეეძლება გაყიდულის გამოსყიდვა. ერთი წლის განმავლობაში გამოსყიდვის ნება აქვს.

30

თუ მთელი წლის გასვლამდე არ იქნა გამოსყიდული, სახლი, რომელიც გალავნიან ქალაქშია, სამუდამოდ დარჩება მის მყიდველს თაობიდან თაობაში. ზეიმის წელს არ ჩამოერთმევა.

31

ხოლო სახლები სოფლებისა, რომელთაც ირგვლივ გალავანი არა აქვთ, მიწის ნაკვეთად ითვლება. მათი გამოსყიდვა შეიძლება და ზეიმის წელს ჩამოერთმევა.

32

ლევიანთა ქალაქები, მათი სამკვიდრებელი ქალაქების სახლები, ყოველთვის შეუძლიათ გამოისყიდონ ლევიანებმა.

33

თუ ლევიანთაგან ვინმე გამოსყიდვას მოინდომებს, გაყიდული სახლი და მისი სამკვიდრებელი ქალაქი ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს, რადგან ლევიანთა ქალაქების სახლები მათი სამკვიდრებელია ისრაელიანთა შორის.

34

მათი ქალაქების გარშემო ყანების გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს მათი სამარადისო სამკვიდრებელია.

35

თუ შენი მოძმე გაღარიბდება და შენს თვალწინ გაჭირვებაში ჩავარდება, შეეშველე მას, მდგმური იქნება თუ ხიზანი, და იცხოვროს შენთან.

36

ნუ აიღებ მისგან სარგებელს და ვახშს - შენი ღვთისა გეშინოდეს! - და იცხოვროს შენმა მოძმემ შენთან.

37

ვერცხლს სავახშოდ ნუ გასცემ და სარგებლისთვის ნუ გასცემ შენს საჭმელს.

38

მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მომეცა თქვენთვის ქანაანის ქვეყანა, რომ თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი.

39

როცა შენი მოძმე გაღარიბდება შენს თვალწინ, და შენ მოგეყიდება, მონურად ნუ ამუშავებ.

40

ქირისკაცივით, ხიზანივით უნდა იყოს შენთან ზეიმის წლამდე იმუშაოს შენთან.

41

მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.

42

რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი.

43

ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.

44

ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი.

45

იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი.

46

დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.

47

თუ შეძლებული გახდა შენთან მყოფი მდგმური ან ხიზანი, შენი მოძმე კი გაღარიბდა და შენთან მყოფ მდგმურს ან ხიზანს ან მდგმურის საგვარეულოს ნაშიერს მიეყიდა,

48

მიყიდვის შემდეგ შეიძლება მისი გამოხსნა. ერთ-ერთი მისი მოძმეთაგანი გამოიხსნის მას;

49

ან ბიძა, ან ბიძაშვილი გამოიხსნის მას; ან მისი სისხლით ნათესავი მისი საგვარეულოდან გამოიხსნის ან თუ სახსარი აქვს, თავად გამოიხსნას თავი.

50

გაუსწოროს ანგარიში თავის მყიდველს იმ წლიდან, რაც მიეყიდა მას, ზეიმის წლამდე. მისთვის გადახდილი ვერცხლი წლების კვალობაზე უნდა დაუბრუნოს და დღიური ქირით იმუშავებს მასთან.

51

თუ კიდევ ბევრი წელია დარჩენილი, ამის კვალობაზე დაუბრუნებს გამოსახსნელს მიყიდვის დროს აღებული ვერცხლიდან.

52

თუ ზეიმის წლამდე ცოტა წელია დარჩენილი, იანგარიშოს და წლების კვალობაზე დაუბრუნოს გამოსახსნელი.

53

ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების მანძილზე. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.

54

თუ ამ გზით ვერ გამოიხსნის თავს, ზეიმის წელს ჩამოერთმევა მყიდველს თავის ბავშვებიანად.

55

რადგან ჩემი ყმები არიან ისრაელიანები, ჩემი ყმები არიანი ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

1

და ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა და ჰრქუა მას:

2

ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ, დაიპყრათ ქუეყანაჲ იგი, რომელ მე მიგცემ თქუენ და ჰყოფდით თქუენ შაბათად უფლისა.

3

ექუს წელ სთესო ყანაჲ შენი და ექუს წელ მოსთულო ვენაჴი შენი და შეიკრიბო ნაყოფი შენი,

4

ხოლო წელსა მეშჳდესა შაბათი განსუენებაჲ იყოს ქვეყანისაჲ - შაბათი უფლისა: ყანაჲ შენი არა სთესო და ვენაჴი შენი არა განსხლა.

5

და თჳთ აღმოსრული სამკალისა შენისაჲ არა მომკო და ყურძენი სიწმიდისა შენისაჲ არა მოსთულო, წელიწად განსუენებისა არს ქუეყანისა.

6

და იყოს შაბათი ქუეყანისაჲ თქუენდა და საჭმლად შენდა და მონისა შენისა და სასყიდლითდადგინებულისა შენისა და შემყოფისა მის, რომელი მოსრულ იყოს შენდა.

7

და საცხოვართა შენთა და მჴეცთა ქუეყანისა შენისათა იყოს ყოველივე ნაყოფი მისი საჭმელად.

8

და აღირაცხო თავისა შენისა შჳდი განსუენებაჲ წელთა მათ, შჳდი წელი შჳდგზის, და იყუნენ შენდა შჳდნი იგი შჳდეულნი წელიწადთანი ორმეოცდაცხრა წელ.

9

და მიმოდასდვათ ნესტჳსა ჴმითა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დღესა მას ლხინებისსა, მიმოაუწყეთ ნესტჳთა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა.

10

და წმიდა-ყავთ წელი იგი მეერგასისე წელიწადი, მიმოითქუას მიტევებაჲ იგი ქუეყანასა ყოველსა დამკჳდრებულსა მას ზედა, წელიწადი მიტევებისაჲ შესაწირავებისა მისისაჲ იყოს თქუენდა. და წარვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა და კაცად-კაცადი - მამულსა თჳსსა.

11

წარხჳდეთ, მიტევებაჲ უწყებისაჲ ესე იყოს თქუენდა. და წელი მეერგასისე წელიწადი იყოს თქუენდა, არა სთესოთ, არცაღა ლეწოთ ნეფსით აღმოსრული მისი და არცა მოსთულოთ განწმედილი იგი მისი.

12

რამეთუ მიტევებაჲ უწყებისაჲ არს, წმიდა იყოს თქუენდა, ველთაგან ჰჭამდეთ შობილსა მისსა.

13

წელსა მას მიტევებისასა კუალად მოვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა.

14

უკუეთუ მისცე სასყიდელად მოყუასსა შენსა აგარაკი და მოიგო მოყუსისაგან შენისა, ნუმც ვინ აჭირებს კაცი მოყუასსა თჳსსა.

15

და მსგავსად რიცხუთა მათ წელიწადისათა შემდგომად სასწაულისა მის დღისა მოიგე მოყუსისაგან, რიცხჳსაებრ წელიწადისა ნაყოფთაჲსა მოგცეს შენ.

16

რაოდენცა უმრავლეს წელთა მათ განამრავლოს მოგებაჲ მისი, გინათუ რაოდენ მოკლებისა წელთა მათ დააკლოს მოგებაჲ იგი მისი, რამეთუ, ვითარცა რიცხჳ ნაყოფთაჲ, ეგრევე მოგცეს შენ.

17

ნუ ვინ აჭირვებნ კაცი მოყუასსა თჳსსა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

18

და ყავთ ყოველივე მსჯავრი ჩემი და დაიმარხეთ და ყავთ იგი და დაემკჳდრნეთ ქვეყანასა ზედა სასოებით.

19

და გამოსცეს ქუეყანამან ნაყოფი მისი და ჰჭამდეთ მაძღრივ და დაემკჳდრნეთ სასოებით მას ზედა.

20

უკუეთუ სთქუათ, რაჲ ვჭამოთ წელსა მას მეშჳდესა, უკუეთუ არა ვსთესოთ და არა შევიკრიბოთ ნაყოფი ჩუენი.

21

და მოვავლინო კურთხევაჲ ჩემი თქუენ ზედა წელსა მას მეექუსესა და ყოს ნაყოფი მისი სამისა წლისაჲ.

22

და სთესოს წელსა მას მერვესა და ჰჭამდეთ ნაყოფთა მათგან ძუელთა ვიდრე მეცხრედ წლადმდე, ვიდრემდე მოჴდეს ნაყოფი მისი, ჰჭამდეთ ძუელისძუელსა.

23

და ქუეყანაჲ არა განჰყიდოთ სრულიად, რამეთუ ჩემი არს ქუეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა.

24

და ყოველსავე ქუეყანასა, რომელი გიპყრიეს თქუენ, საჴსარი მოსცით ქუეყანისაჲ.

25

უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი, რომელ არს შენ თანა და განყიდოს ქუეყანისა მისისაგანი და მოვიდეს ნათესავი, რომელი მახლობელ იყოს მისა და იჴსნეს განსყიდული იგი ძმისა თჳსისაჲ.

26

უკუეთუ ვისმე არა ესუას ნათესავი და პოვნიერ იყოს ჴელითა და ეპოვოს მას ნოყიერად საჴსრად მისა.

27

და შეჰრაცხოს წელი იგი განსყიდისა მისისაჲ და მისცეს, რომელი-იგი აქუს კაცსა მას, რომელსა მიჰყიდა იგი და წარვიდეს ქუეყანასა მას მკჳდრობისა თჳსისასა.

28

უკუეთუ ვერ პოვნიერ იყოს ჴელი მისი კმა-ყოფად, რათამცა მისცა მას და იყოს სასყიდელი მომგებელისა მისისაჲ ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და გამოვიდეს მიტევებასა მას და წარვიდეს ქუეყანასა თჳსსა.

29

და უკუეთუ ვინმე მიჰყიდოს სახლი მონასა ქალაქსა შინა მოზღუდვილსა და იყოს საჴსარი მისი, ვიდრემდე აღესრულოს წელიწადი იგი, ზოგი სასყიდლისაჲ იყოს საჴსრად მისა.

30

უკუეთუ არა იჴსნეს ვიდრე აღსრულებადმდე ყოვლად მის წელიწადისა, დამტკიცნეს სახლი იგი ქალაქსა შინა მოზღუდვილსა მტკიცედ მომგებელისა მიმართ მისისა ნათესავსა შორის მისსა და არა განვიდეს მიტევებასა მას.

31

ხოლო სახლნი, რომელნი იყუნენ აგარაკსა, რომელთა არა აქუს ზღუდე გარემო, მსგავსად აგარაკისა მის ქუეყანისა შეირაცხენ, და საჴსარ მარადის იყუნენ და მიტევებასა მას გამოვიდენ.

32

და ქალაქნი ლევიტელთანი და სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი იჴსენებოდიან მარადის ლევიტელთა შორის.

33

და რომელმან იჴსნეს ლევიტელთა შორის, გამოჴდეს სასყიდელი მათი, სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი მიტევებასა მას, რამეთუ სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი შორის ძეთა ისრაჱლისათა არიან.

34

და ქუეყანა იგი განჩემებული ქალაქთა მათთაჲ არა განიყიდოს, რამეთუ სამკჳდრებელი საუკუნე ესე არს მათი.

35

უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი და ვერ შემძლებელ იყოს ჴელითა შენ შორის, ჴელი აღუპყარ მას, ვითარცა-იგი მწირსა და მსხემსა, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ თანა.

36

არა მოიღო მისგან ვახში და აღნადგინები და გეშინოდენ ღმრთისა შენისა, მე ვარ უფალი ღმერთი, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ შორის.

37

ვეცხლი შენი არა მისცე მას ვახშად და განსამრავლებლად, არა ავასხო მას საზრდელი შენი,

38

რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა მიგცე თქუენ ქუეყანაჲ ქანანისაჲ და ვიყო მე თქუენდა ღმერთ.

39

უკუეთუ დავარდეს ძმაჲ შენი შენ შორის და მოგყიდოს თავი მისი შენ, არა გმონებდეს შენ მონებასა კირთებრ,

40

არამედ ვითარცა სასყიდლითდადგინებული და მწირი იყოს შენ თანა, ვიდრე წლადმდე მიტევებისა გიქმოდის შენ.

41

და განვიდეს თავისუფლად მიტევებასა მას და შვილნი მისნი მის თანა და მივიდეს ნათესავსა თჳსსა, სამკჳდრებელსა მამულსა მისსა შევიდეს.

42

რამეთუ მონანი ჩემნი არიან ესენი, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, არა განიყიდნენ სასყიდლით, ვითარცა მონანი.

43

არა დაამძიმო მას შრომითა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა.

44

და მონანი და მჴევალნი, რაოდენნი გესხნენ შენ, ყოველთაგან ნათესავთა, რომელნი არიან გარემო შენსა, მათგანნი მოიგნეთ.

45

და ნათესავთაგან მათთა, რაოდენნი იყუნენ ქუეყანასა თქუენსა, იყუნედ იგინი თქუენდა სამკჳდრო.

46

და განუყუნეთ იგინი ძეთა თქუენდა შემდგომად თქუენსა, და იყუნედ იგინი მონა თქუენდა საუკუნედ, რამეთუ ძმანი თქუენნი ძენი ისრაჱლისანი, კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი დაიდგინენ ვითარცა მოქმედი.

47

უკუეთუ პოვოს ჴელმან მის მწირისამან, რომელი მსხემობდეს შენ შორის, და შეჰჭირდეს ძმასა შენსა და მიჰყიდოს თავი თჳსი მწირსა, გინათუ შემყოფსა მისსა, ნაშობსა მწირისასა.

48

შემდგომად განსყიდისა მისისა ჴსნაჲ იყავნ მისი, ერთმან ძმათაგანმან მან იჴსნეს იგი.

49

მამისძმამან, ანუ თუ მამისძმისწულმან იჴსნეს იგი, ანუ სახლეულმან, ჴორცთა მისთაგანმან, ტომმან მისმან იჴსნეს იგი, უკუეთუ პოვნიერ იქმნეს, ჴელითა თჳსითა იჴსნეს თავი თჳსი.

50

და აღირაცხენ მომგებელისა მისისასა თანა მიერ წლითგან, ვინათგან მიჰყიდა მას თავი თჳსი ვიდრე წლადმდე მიტევებისა, იყოს ვეცხლი იგი სასყიდლისა მისისაჲ ვითარცა მორეწისა, წლითი წლად იყოს მის თანა.

51

უკუეთუ უმრავლესთა წელთა იყოს; ამისებრვე მისცეს სასყიდელი მისი ვეცხლისა მისგან მონაგებისა მისისა:

52

უკუეთუ მცირედ დაშთეს წელთა მათგანნი, წელიწადადმდე მიტევებისა შეერაცხოს მას წელიწადი იგი და მისცეს მას საჴსარი მისი.

53

ვითარცა სასყიდლითდადგინებულმან წელიწადით წელიწადადმდე იყოს მის თანა, არა დაამძიმო მას რუდუნებაჲ წინაშე შენსა.

54

უკუეთუ ვერ იჴსნეს თავი თჳსი, ეგრევე განვიდეს წელსა მას მიტევებისა მისისასა და ყრმანი მისნი მის თანა, რამეთუ ჩემნი არიან ძენი ისრაჱლისანი მსახლობნი

55

და მონანი ჩემნი ესენი არიან, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

123456789101112131415161718192021222324252627