ლევიანნი, თავი 23
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: აჰა, საუფლო დღესასწაულები, როდესაც უნდა გამოაცხადო ისინი - წმიდა შეკრებულობანი. აჰა, ჩემი დღესასწაულები.
ექვსი დღე აკეთეთ საქმე; მეშვიდე დღეს კი განსვენების შაბათია, წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს იყოს უფლის შაბათი მთელს თქვენს სცხოვრებლებში.
აჰა, საუფლო დღესასწაულები, წმიდა შეკრებულობანი, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თავ-თავის დროზე:
პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს უფლის პასექია.
ამავე თვის მეთხუთმეტე დღეს საუფლო ხმიადობის დღესასწაულია. შვიდ დღეს უფუარი კვერები ჭამეთ.
პირველ დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
შესწირეთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს შვიდი დღის განმავლობაში. მეშვიდე დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როდესაც შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევთ, და სამკალს მკას დაუწყებთ, პირველმომკილი ძნა მღვდელს მიუტანეთ.
შეარხევს მას მღვდელი უფლის წინაშე თქვენს დასამწყალობნებლად.
მოამზადეთ ძნის შერხევის დღეს წელგამოვლილი საღი ცხვარი უფლისთვის აღსავლენად.
სამაგისო საძღვნო - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი საცეცხლო მსხვერპლად უფლისათვის, კეთილსურნელებად, და სამაგისო ზედაშე მეოთხედი ჰინი ღვინო.
არც პური, არც ქუმელი, არც ბურღული არ ჭამოთ ამ დღემდე, ვიდრე უფალს შესაწირავს არ მიართმევთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.
გადაითვალეთ შაბათის მეორე დღიდან, იმ დღიდან, როცა შესარხევი ძნა მიიტანეთ, შვიდი სრული შაბათი.
მეშვიდე შაბათის მეორე დღემდე, გადაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ ახალი საძღვნო უფალს.
თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ შესარხეველი პური. ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს; საფუარიანი უნდა გამოცხვეს - პირველმოწეულ ნაყოფად უფლისათვის.
მიაყოლეთ პურს შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, ერთი ხბო და ორი ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე - საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
გაამზადეთ ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად და ორი წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად.
შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველმოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის.
გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ერთიანად ნუ მომკი შენს ყანას მკის დროს, სამკალში დაცვენილს ნუ აკრეფ, ღარიბ-ღატაკს და მდგმურს დაუტოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
უთხარი ისრაელიანებს: მეშვიდე თვეს, თვის პირველ დღეს უქმე გქონდეს - გახსენება ბუკისცემისა, წმიდა შეკრებულობა.
არაფერი საქმე არ აკეთოთ და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ამავე მეშვიდე თვის მეათე დღეს შენდობის დღეა, წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. დაიმდაბლეთ თავი და საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს.
არაფერი საქმე არ აკეთოთ ამ დღეს, რადგან შენდობის დღეა იგი, რათა მიგეტევოთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე.
ვინც ამ დღეს თავს არ დაიმდაბლებს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
ვინც ამ დღეს რაიმე საქმეს გააკეთებს, გადავაშენებ მას თავისი ხალხიდან.
არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
უქმის შაბათია ეს თქვენთვის და დაიმდაბლეთ თავი. თვის მეცხრე დღეს საღამოდან საღამომდე იუქმეთ, თქვენი შაბათი.
ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ამ მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღიდან კარვობის დღესასწაულია შვიდი საუფლო დღე.
პირველ დღეს წმიდა შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
შვიდი დღის მანძილზე შესწირავდეთ საცეცხლო მსხვერპლს უფალს; მერვე დღეს წმიდა შეკრებულობა გქონდეთ. საცეცხლო მსხვერპლი შესწირეთ უფალს. ეს სადღესასწაულო შეკრებულობაა. არაფერი საქმე არ აკეთოთ.
აჰა, საუფლო დღესასწაულები, რომლებიც უნდა გამოაცხადოთ თქვენ - წმიდა შეკრებულობანი, რომ შესწიროთ საცეცხლო მსხვერპლი უფალს - აღსავლენი, საძღვნო საკლავი და ზედაშე დაწესებულ დღეებში,
გარდა საუფლო შაბათებისა, გარდა თქვენი ძღვენისა, გარდა შეთქმული შესაწირავისა და გარდა სამოწყალო მისატანისა, რომელიც უფალთან მიგაქვთ ხოლმე.
მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, მიწის მოსავლის აღებისას, შვიდ დღეს - იდღესასწაულეთ საუფლო დღესასწაული. პირველ დღეს - უქმე და მეშვიდე დღეს - უქმე.
აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს.
იდღესასწაულეთ იგი - საუფლო დღესასწაული შვიდ დღეს წელიწადში. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი.
კარვებში იცხოვრეთ შვიდ დღეს. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარვებში იცხოვროს;
იმისათვის, რომ იცოდნენ თქვენმა შთამომავლებმა, რომ კარვებში დავასახელე ისრაელიანები, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: დღესასწაულთა, რომელთა ჰხადოთ მათ - წოდებულ წმიდაჲ, ესე იგი არიან დღესასწაულნი ჩემნი.
ექუს დღე იქმოდე საქმესა, დღესა მეშჳდესა შაბათი - განსუენებაჲ წოდებულ წმიდა უფლისა არს, ყოველი საქმე არა ჰქმნეთ, შაბათი არს ღმრთისა ყოველსა სამკჳდრებელსა თქუენსა. ესე დღესასწაულნი - ნაწილად ხუედრებულნი უფლისა.
ესე წმიდანი არიან, რომელთა უწოდეთ მათ ჟამსა მათსა.
პირველსა მათ თთუესა, მეათოთხმეტესა დღისა თჳსისა, პასექი ღმრთისა მწუხრთა ზატიკი ღმრთისა,
და მეათოთხმეტესა დღესა ამის თთჳსსა - დღესასწული უცომოთაჲ უფლისა, შჳდ დღე შჭამდეთ უცომოსა.
და დღე იგი პირველი წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა და ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ. და შესწირვიდით
მრგულიად დასაწველთა ღმრთისა შჳდ დღე და დღე იგი მეშჳდე წმიდაჲ წოდებულ იყოს თქუენდა, ყოველი საქმე სამსახურებელი არა ჰქმნეთ.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელ მე მიგცე თქუენ და მომკოთ სამკალი მის ქუეყანისაჲ,
და მოართუათ მჭელეულები პირველისა ყანისა თქუენისაჲ მღდელსა მას და შეწიროს მჭელეული იგი წინაშე ღმრთისა სათნოდ თქუენდა, ხვალისაგან პირველისა მის დღისა შეწიროს მღდელმან მან:
და ჰყოთ დღესა მას, რომელსა შესწირვიდეთ მჭელეულსა მას ცხოვარი წელიწდეული უბიწოჲ მრგულიად მწურად ღმრთისა.
და მსხუერპლი მისი ორი ათისაგანი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა მსხუერპლად ღმრთისა სულად სულნელად ღმრთისა - და შესაწირავი მის თანა ნაოთხალი მერისაჲ ღვნოჲ.
და პური და ტუსვილი ეტერი ახალი არა ჰჭამოთ იგი მასვე დღესა ვიდრე შეწირვად თქუენდა მსხუერპლისა ღმრთისა ქუენისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.
და აღირაცხოთ თქუენ ხვალისაგან შაბათთაჲსა, ვინაჲთ დღითგან შესწიროთ მჭელეული იგი, წინაშე დაგებისა შჳდნი შაბათნი სავსედ აღირაცხნე ვიდრე ხვალისაგან.
უკანასკნელ შაბათისა აღრაცხნე ერგასისნი დღენი და შესწიროთ შესაწირავი ახალი ღმრთისა. სამკჳდრებელისაგან თქუენისა შესწიროთ
პური წინაშე დაგებისა ორი პური, ორთაგან ათეულთა იყოს პური იგი, ერთი ცომოვანი შეიცხოს პირველ ნაყოფად ღმრთისა.
და ჰყუნეთ პურთა მათ თანა შჳდნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი და ჴბოჲ ერთი მროწლისაგან და ორნი ვერძნი უბიწონი ჰყუნე მრგულიად მწურად ღმრთისა და შესაწირავნი მათნი და ღჳნოჲ მათი მსხუერპლად სულნელად უფლისა.
და ჰყოთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვათათჳს და ორნი ტარიგნი წელიწდეულნი უბიწონი შესაწირავად ცხორებისა.
პურთა თანა პირველთა ნაყოფთასა, რომელნი დაეგნენ წინაშე ღმრთისა, ორთა მათ თანა ტარიგთა. განწმიდნედ ღმრთისა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი.
და ჰხადოთ დღესა მას, წოდებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა, შჯულად საუკუნოდ იყოს ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.
რაჟამს მოჰმკიდეთ სამკალსა თქუენსა ქუეყანასა თქუენისასა, არა ყოვლად მოასრულოთ ნეშტი იგი სამკალისაჲ ყანისა მის თქუენისაჲ მკასა მას თქუენსა და დანაცჳვნები იგი სამკალისა თქუენისაჲ არა აღკრიბოთ, გლახაკსა და მწირსა დაუტეოთ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: თთუესა მეშჳდესა ერთსა მის თთჳსასა იყავნ თქუენი განსუენებაჲ, საჴსენებელი საყჳრთა დაბერვისაჲ, წოდებულ - წმიდაჲ უფლისა.
ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ და შესწიროთ მსხუერპლები ღმრთისა.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
და მეათესა დღესა თთჳსა ამის მეშჳდისასა დღე ლხინებისაჲ ჩინებული წმიდაჲ იყავნ თქუენდა. და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი მეცხრით დღითგან მის თთჳსაჲთ და შეწირეთ თქუენ მსხუერპლები ღმრთისა.
ყოველი საქმე ჰქმნე მას დღესა შინა, რამეთუ არს დღე იგი ლხინებისა თქუენისაჲ, ლხინებად თქუენთჳს წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.
ყოველმან სულმან, რომელმან არა დაიმდაბლოს თავი მას დღესა შინა, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა;
და ყოველმან კაცმან რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, დღესა მას წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა.
ყოველი საქმე არა ჰქმნეთ შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა.
შაბათი შაბათთაჲ იყავნ ესე თქუენდა და დაიტანჯნეთ სულნი თქვენნი. მეცხრითგან თთჳსაჲთ მწუხრითგან ვიდრე მწუხრადმდე, ჰშაბათობდეთ შაბათსა მას თქუენსა.
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
ათხუთმეტსა თთჳსასა ამის მეშჳდისასა დღესასწაული კარავთაჲ ჰყო შჳდ დღე უფლისა.
და დღე იგი პირველი წმიდა წოდებულ იყოს, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.
შჳდ დღე შესწირვიდე მსხუერპლსა ღმრთისა და დღე იგი მერვე წმიდა წოდებულ იყავნ თქუენდა, და შეწირეთ მსხუერპლები თქუენი ღმრთისა, განსლვაჲ დღესასწაულთაჲ არს, ყოველი საქმე მსახურებისა არა ჰქმნე.
ესე არიან დღესასწაულნი ღმრთისანი, რომელსა ჰხადოთ მათ ჩინებულ წმიდა, რათა შესწირვიდეთ ნაყოფთა თქუენთა ღმრთისა მრგულიად მწუართა და მსხუერპლთა მათთა და შესაწირავთა დღითი დღედ მუნ დღედმდე.
თჳნიერ შაბათთა მათ ღმრთისათა, თჳნიერ დასადებელთა თქუენთა და თჳნიერ ყოველთა მათ აღნათქვემთა თქუენთა და ნეფსით შესაწირავთა თქუენთა, რაოდენი-რაჲ მისცეთ ღმერთსა.
და მეთხუთმეტესა დღესა თთჳსა მის მეშჳდისასა, რაჟამს მოასრულოთ ნაყოფი ქუეყანისა თქუენისაჲ და დღესასწაულსა ჰყოფდით უფლისასა შჳდ დღე, და დღე იგი პირველი განსუენება არს.
და მოიღოთ დღესა მას პირველსა ნაყოფი ხისაჲ შუენიერი და ფურცელი დანაკისკუდთაჲ და რტოები ხეთა ბორობანთაჲ, ძეწნი და ტირიფისაგან რტოები ჴევთაგან, რათა იხარებდეთ თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა.
შჳდ დღე მის წელიწადისა შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა დღესასწაულობდით მას, კარავსა შინა სხდეთ შჳდ დღე. ყოველივე ქუეყანის უფალი ისრაჱლსა შორის,
დაემკჳდროს კარავსა შინა,
რათა იხილონ ნათესავთა თქუენთა, რამეთუ კარავთა შინა დავამკჳდრენ ძენი ისრაჱლისანი, რაჟამს გამომყვანდეს მე იგინი ქუეყანით ეგჳპტით. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
და ეტყოდა მოსე დღესასწაულთა ამათ ღმრთისათა ძეთა ისრაჱლისათა.