ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 44
დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.
მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.
მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელს მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან.
უთხარი ისრაელის ურჩ სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გადააჭარბეთ ყველა თქვენს სისაძაგლეს, ისრაელის სახლო,
როცა შემოიყვანეთ უცხოთესლნი - გულდაუცვეთელნი და ხორცდაუცვეთელნი - ჩემს საწმიდარში სამყოფოდ, რომ შეელახათ ჩემი ტაძარი, როცა სთავაზობდით ჩემს პურს, ქონსა და სისხლს; დაარღვიეს ჩემი აღთქმა და ეს ზედ დაერთო ყველა თქვენს სისაძაგლეს.
არ ასრულებდით ჩემი საწმიდარის სამსახურს და თქვენს სანაცვლოდ ისინი გყავდათ დაყენებული სამსახურის აღსასრულებლად ჩემს საწმიდარში.
ასე ამბობს უფალი ღმერთი: არც ერთი უცხოთესლი - გულდაუცვეთელი და ხორცდაუცვეთელი - არ უნდა შემოვიდეს ჩემს საწმიდარში. არც-ერთი უცხო თესლი, ისრაელიანთა შორისაც რომ ცხოვრობდეს.
მაგრამ ლევიანებიც, რომლებიც გამერიდნენ, როცა განმიდგა ისრაელი და გაედევნა თავის კერპებს, იტმირთავენ თავიანთ დანაშაულს.
რადგან ისინი მსახურობდნენ ჩემს საწმიდარში ტაძრის კარიბჭეთა მცველებად და ემსახურებოდნენ ტაძარს; ისინი ხოცავდნენ აღსავლენს და მსხვერპლს ერისათვის; ისინი იდგნენ მათ წინაშე მათ სამსახურად.
რაკი ემსახურებოდნენ მათ მათი კერპების წინაშე და ცოდვაში ჩააგდეს ისრაელის სახლი, ამიტომაც აღვმართე მათზე ხელი, ამბობს უფალი ღმერთი, და იტვირთავენ თავიანთი ცოდვის სასჯელს.
ვერ მომეკარებიან, რომ მღვდლობა გასწიონ ჩემს წინაშე და მიეახლონ რაიმე წმიდას ჩემსას და წმიდათა წმიდას; არამედ იტვირთავენ თავიანთ სირცხვილს და სისაძაგლეებს, რომელთაც სჩადიოდნენ.
მე დავადგენ მათ ჩემი ტაძრის სამსახურის შესასრულებლად ყველა საქმეში და ყველაფერში, რაც აქ კეთდება.
ხოლო ლევიანი მღვდლები, ცადოკის შთამომავალნი, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურს ჩემს საწმიდარში, როცა ისრაელიანები განმდგარნი იყვნენ ჩემგან, მომეახლებიან, რომ მემსახურონ; დადგებიან ჩემს წინაშე, რომ მომართვან ქონი და სისხლი, ამბობს უფალი ღმერთი.
ისინი შემოვლენ ჩემს საწმიდარში და ისინი მიეახლებიან ჩემს ტაბლას, რომ მემსახურონ და აღასრულონ ჩემი სამსახური.
შიდა ეზოს კარიბჭეებში შემოსვლისას სელის სამოსელით უნდა იყვნენ შემოსილნი, მატყლის არაფერი ემოსოთ შიდა ეზოს კარიბჭეებში და ტაძარში სამსახურის დროს.
სელის თავსაკვრელი უნდა ჰქონდეთ თავზე და სელის არდაგი თეძოებზე; გაოფლილნი არ უნდა ირტყამდნენ სარტყელს.
გარეთა ეზოში, გარეთა ეზოში ხალხთან გასვლისას უნდა გაიხადონ შესამოსელი, რომელსაც მსახურების დროს იცვამენ, და დააწყონ საწმიდარ ოთახებში; სხვა სამოსელი უნდა ჩაიცვან, რომ სიწმიდე არ გადასდონ ხალხს თავიანთი სამოსელით.
თავი არ უნდა გადაიპარსონ, მაგრამ თმაც არ უნდა მოიზარდონ; შეკრეჭით უნდა შეიკრიჭონ თავი.
მღვდელთაგან არავინ ღვინო არ უნდა დალიოს შიდა ეზოში შესვლისას.
ქვრივი და გაშვებული ცოლად არ უნდა მოიყვანონ; მხოლოდ ქალწული ისრაელის სახლის მოდგმიდან და ქვრივი, მღვდლის ნაცოლარი, მოიყვანონ.
უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინოს ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი.
დავის დროს უნდა დადგნენ ჩემი სამართლით განსასჯელად და განსაჯონ; დაიცვან ჩემი რჯული და ჩემი წესები ყველა დღესასწაულში და წმიდად შეინახონ ჩემი შაბათები.
მკვდარ კაცს არ უნდა მიეკარონ, რათა არ გაუწმიდურდნენ; მამისა, დედისა, ძისა, ასულისა, ძმისა და გაუთხოვარი დის გამო შეუძლიათ გაუწმიდურდნენ.
განწმედის შემდეგ კიდევ შვიდი დღე უნდა გადათვალონ.
იმ დღეს, როდესაც შიდა ეზოში შედიან საწმიდარში სამსახურად, მიიტანონ ცოდვის გამოსასყიდი, ამბობს უფალი ღმერთი.
ნუ ექნებათ მათ სამკვიდრო: მე ვარ მათი სამკვიდრო; ნუ მისცემთ მათ საკუთრებას ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება.
ძღვენი, ცოდვის გამოსასყიდი და დანაშაულის გამოსასყიდი მათ უნდა შეჭამონ და ყოველი დარისხებული ისრაელში მათ ეკუთვნით.
ყოველი ნათავარი, ყოველი პირველმოწეული და ყოველი აღსამართავი შესაწირი თქვენს აღსამართავთაგან მღვდლებს ეკუთვნით. თქვენი ცომის ნათავარი მღვდელს მიეცით, რომ კურთხევამ დაივანოს თქვენს სახლზე.
არ უნდა ჭამონ მღვდლებმა არც მკვდარი და არც ნამხეცავი ფრინველი თუ პირუტყვი.
და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ.
და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ.
წინამძღურისა მით, რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს.
და შემიყვანა მე გზისა მიერ გზისა მიმართ, ჩრდილოდმიმართისა, წინაშე სახლისა; და ვიხილე და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი უფლისაჲ და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.
და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა და იხილე თუალითა შენითა და ყურითა შენითა ისმინენ ყოველნი, რაოდენთა მე ვიტყჳ შენ თანა ყოველთაებრ სამართალთა სახლისა უფლისათა და ყოველთა შჯულვილთა მისთა. და დააწესო გული შენი გზასა ზედა სახლისასა ყოველთაებრ გამოსავალთა მისთა, შორის ყოველთა წმიდათა.
და სთქუა სახლისა მიმართ განმამწარებელისა, სახლისა მიმართ ისრაილისა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი, - კმა არს თქუენდა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაილისაო,
შეყვანებად თქუენდა ძეთა უცხონათესავთასა და წინადაუცვეთელთა გულითა და წინდაუცვეთელთა ჴორცითა ქუეყანად, წმიდათა შორის ჩემთა, რაჲთა შეაგინებდენ სახლთა ჩემთა ესენი, ვითარ მორთუმასა შინა თქუენგან პურთა ჩემთასა, ჴორცთა, ცმელსა და სისხლსა. და გარდაჰჴდებით აღთქუმასა ჩემსა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა.
და არ დაიცევით დაცვაჲ წმიდათა ჩემთაჲ და განაწესენით თქუენ ცვად მცველნი წმიდათა შორის ჩემთა.
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ყოველი ძე უცხო ნათესავი, წინდაუცვეთელი გულითა და წინდაუცუეთელი ჴორცითა, არა შევიდეს წმიდათა მიმართ ჩემთა, ყოველთა შორის ძეთა უცხო ნათესავთასა, საშუალ სახლისა ისრაილისასა.
არამედ ლევიტელთა, განშორებულთა ჩემგან ცთომასა შინა ძეთა ისრაილისათა, ცთომილთასა ჩემგან უკანა გულისზრახვათა მათთაჲსა, მიიღონ შეურაცხება მათი.
და იყვნეს სიწმიდესა შინა ჩემსა მსახურნი, მეკარენი ბჭეთა ზედა სახლისათა, და მსახურნი სახლისათანი, ესენი დაჰკლვიდეს ყოვლადდასაწუელსა და მსხუერპლსა ერისასა, და ესენი დგეს წინაშე მისსა მსახურებად მისსა,
მის წილ, რომელ ჰმსახურებდეს იგინი წინაშე კერპებისა მათისა; და იქმნეს სახლისა ისრაილისა ტანჯვა სიცრუჲს, ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიღონ უსჯულოება მათი;
და არ მომეახლებიან ჩემდამო მღდელობად ჩემდა, არცა შეეხნენ ყოველთა წმიდათა ძეთა ისრაილისათასა, არცა ყოველთა წმიდათა წმიდათა ჩემთასა, და მიიღონ შეურაცხება თავთა მათთაჲ და საძაგელებანი თავთა მათთანი ცთომასა შინა, რომელსა სცთეს.
დააწესნენ იგინი ცვად საცავთა სახლისა ჩემისათა, ყოველსა კუთნვასა მისსა და ყოველთა მიმართ ქმნადთა მას შინა.
ხოლო მღდელნი ლევიტელნი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვნეს საცავნი წმიდათა ჩემთანი, ოდეს შესცთეს ძენი ისრაილისანი ჩემგან, იგინი მომეახლნენ ჩემდამო მსახურებად ჩემდა და დადგენ წინაშე პირსა ჩემსა შეწირვად ჩემდა მსხუერპლისა, ცმელსა და სისხლსა, იტყჳს ადონაი უფალი.
იგინი შემოვიდოდიან სიწმიდედ ჩემდა, და იგინი მოუჴდებოდიან ტრაპეზისა მიმართ ჩემისა მსახურებად ჩემდა, დაცვად საცავთა ჩემთა.
და იყოს შემოსლვასა მათსა ბჭეთა ეზოჲსა შინაგანისასა სამოსელთა სელისათა შეიმოსდენ და არ შეიმოსდენ მატყლიერთა მსახურებასა შინა მათსა ბჭითგან უშინაგანესისა ეზოჲსაჲთა.
კიდარნი სელისანი აქუნდენყე თავთა ზედა მათთა და წჳვისგარემონი სელისანი აქუნდენ წელთა ზედა მათთა და არ მოირტყმიდენ მჭირსიედ.
და გა-რაჲ-ვიდოდიან იგინი გარეშედ ეზოდ ერისა მიმართ, განიძარცუვიდენ შესამოსელთა მათთა, რომელთა მიერ ჰმსახურებენ მათ, და დასხმიდენ მათ საყდრებისა შორის წმიდათაჲსა და შეიმოსდენ სამოსელთა სხუათა. და არა წმიდა-ვყო ერი შესამოსელთა მათთა მიერ.
და თავთა მათთა არა იპარსვიდენ და ვარჯთა მათთა არ აღიმცირებდენ, დამბურველნი დაიბურვიდენ თავთა მათთა.
და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა შინა მათსა უშინაგანესად ეზოდ.
და ქურივი და განტევებული არ მიიყვანონ თავისა მათისა ცოლად, არამედ ქალწული თესლისაგან სახლისა ისრაილისა, და ქურივი უკეთუ იყოს მღდელისაგან, მიიყვანებდენ.
და ერსა ჩემსა ასწავებდენ შორის წმიდისა და ხენეშისა და შორის უბიწოჲსა და ბიწიანისა. აუწყებდენ მათ
და სასჯელსა შინა სისხლისასა ესენი დადგენ განსჯად; სამართალთა ჩემთა განამართლებდენ და საშჯელთა ჩემთა შჯიდენ და შჯულთა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ყოველთა შინა დღესასწაულთა ჩემთა დაიცვიდენ და შაბათთა ჩემთა წმიდა-ჰყოფდენ.
და მძორსა ზედა კაცისასა არა შევიდენ შემწიკულებად, არამედ მამასა ზედა, და დედასა, და ძესა ზედა, და ასულსა, და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არა ქმნილ იყოს ქმრისად, შეიმწიკულეს.
და შემდგომად განწმედისა მისისა შჳდნი დღენი აღურიცხუნეს თავსა თჳსსა.
და დღესა რომელსაცა შევიდოდეს წმიდად მიმართ უშინაგანესად ეზოდ მსახურებად წმიდასა შინა, მოიღონ სალხინებელი, - იტყჳს ადონაი უფალი.
და იყოს მათდა სამკჳდრებელად, მე - სამკჳდრებელ მათდა, და დასაპყრობელი მათი არა მიეცეს ძეთა შორის ისრაელისათა, რამეთუ მე ვარ დასაპყრობელ მათდა.
და მსხუერპლთა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა იგინი ჭამდენ, და ყოველი განაჩინები ისრაჱლისა შორის მათდა იყოს.
დასაბამნი ყოველნი და პირმშონი ყოველნი და მოღებულნი ყოველნი ყოველთაგან დასაბამთა თქუენთა მღდელთად იყვნენ; და პირველი ნაშრომი თქუენი მიეცით მღდელსა დადებად კურთხევანი სახლთა ზედა თქვენთა.
და ყოველი მძორი და ნამჴეცავი მფრინველთაგან და საცხოვართაგან არა ჭამონ მღდელთა.