ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 3
მითხრა: ადამის ძევ! შეჭამე, რასაც ხედავ, შეჭამე ეს გრაგნილი და წადი და ელაპარაკე ისრაელის სახლს.
გავაღე პირი და შევჭამე ეს გრაგნილი.
მითხრა: ადამის ძევ! აჭამე შენს მუცელს და აივსე ნაწლავები ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ. მეც შევჭამე და თაფლივით მეტკბილა პირში.
მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;
რადგან ბნელმეტყველ და გაუგებარი ენის ხალხთან როდი იგზავნები, არამედ ისრაელის სახლთან;
არა ჭრელ ხალხთან, ბაგემძიმესთან და ენაბრგვილთან, რომელთა სიტყვებს შენ ვერ გაიგებდი: მათთან რომ მიმევლინებინე, ისინიც კი მოგისმენდნენ.
ისრაელის სახლი კი არ ისურვებს შენს მოსმენას, რადგან ჩემი მოსმენა არ სურთ მათ, რადგან შუბლმაგარი და ჯიუტი ხალხია ისრაელის მთელი სახლი.
აჰა, გავასასტიკე შენი სახე მათ სახესავით და გავამაგრე შენი შუბლი მათი შუბლივით:
კაჟზე მაგარი ალმასივით გავხადე შენი შუბლი; ნე გეშინია მათი და ნუ შეგაშინებს მათი სახე, რადგან მოჯანყე სახლია ისინი.
მითხრა: ადამის ძევ! ყველა სიტყვა, რასაც გეტყვი, გულში ჩაიდე და ყურით მოისმინე.
წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.
ამიტაცა სულმა და მომესმა ჩემს უკან დიდი ზანზარის ხმა, - კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!
ცხოველთა ფრთების ერთმანეთზე ცემის ხმა, ბორბლების ტრიალი მათ გვერდით და დიდი ზანზარის ხმა.
სულმა ამიტაცა და წამიღო; მივდიოდი გამწარებული, რისხვით ანთებული, და უფლის მაგარი ხელი იყო ჩემზე.
მივედი თელ-აბიბში გადასახლებულებთან, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ცხოვრობენ, და დავდექი იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ; და ვიჯექი იქ მათ შორის შვიდ დღეს, გაოგნებული.
შვიდი დღის ბოლოს უფლის სიტყვა იყო ჩემს მომართ:
ადამის ძევ! ისრაელის სახლის დარაჯად დამიდგენიხარ. გაიგონებ სიტყვას ჩემი პირიდან და ჩემი სახელით გააფრთხილებ მათ.
როცა ბოროტეულს ვეტყვი: სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არ გააფრთხილებ მას და არაფერს ეტყვი ბოროტეულს ბოროტი გზიდან ჩამოსაშორებლად, რომ გადარჩეს, მოკვდება ბოროტეული თავის უკეთურებაში და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
თუ შენ გააფრთხილებ ბოროტეულს, მაგრამ არ მოიქცევა თავისი ბოროტებიდან და ბოროტი გზიდან, ის თავის უკეთურებაში მოკვდება, შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
როცა მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს, საბრხეს დავუდებ წინ და მოკვდება; თე შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება, არავინ გაიხსენებს მის სიკეთეს, რომელიც გაკეთებული აქვს, და მის სისხლს შენ მოგკითხავ.
თუ შენ გააფრთხილებ მართალს, რომ არ სცოდოს მართალმა და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი.
იყო ჩემზე იქ უფლის ხელი და მითხრა: ადექი, გადი ველზე და იქ დაგელაპარაკები.
ავდექი და გავედი ველზე, და, აჰა, დგას იქ უფლის დიდება იმ დიდების მსგავსი, რომელიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე. და პირქვე დავემხე.
შემოვიდა ჩემში სული და ფეხზე დამაყენა, მელაპარაკა და მითხრა: შედი, ჩაიკეტე შენს სახლში.
ადამის ძევ, აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ, რომ ვეღარ იარო მათ შორის.
სასას მივაწებებ შენს ენას, რომ დამუნჯდე და ვეღარ ამხილებდე მათ, რადგან ურჩი მოდგმაა ისინი.
მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.
და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, პირმან შენმან ჭამოს და მუცელი შენი აღივსოს მატიანითა ამით, მიცემულითა შენდა და შევჭამე იგი: და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი.
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ვიდოდე, შევედ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, და თქუენ სიტყუანი ჩემნი მათდა მიმართ
მით, რამეთუ არა ერისა მიმართ ღრმაბაგისა და ენამძიმისა, მიგავლენ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა;
არცა ერთა მიმართ მრავალთა სხუაჴმათა ანუ სხუაენათა, არცა ენაძლიერად მყოფელთა, რომელთანი არა გესმოდიან სიტყუანი მათნი; და თქუა: ეგევითართა მიმართ ღათუმცა მიგავლინე შენ, მათცამცა ისმინნეს სიტყუანი შენნი.
ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ინებონ სმენად შენდა მით, რამეთუ არა ჰნებავსყე დამორჩილება ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისა მაცილობელ არიან და გულფიცხელ.
და, აჰა, მივეც პირი შენი ძლიერად წინაშე პირებისა მათისა, და ძლევაჲ შენი განვაძლიერო წინაშე ძლევასა მათსა,
და იყოს მარადის უმტკიცეს კლდისა; მიგეც ძლევაჲ შენი, ნუ შეშინდები მათგან, ნუცა იწიწვი პირისაგან მათისა, რამეთუ სახლი განმამწარებელისა არს.
და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ყოველნი სიტყუანი, რომელნი ვთქუენ შენ თანა, მიიხუენ გულსა შენსა და ყურებითა შენითა ისმინე.
და ვიდოდე, შევედ ტყუეობისადმი, ძეთა მიმართ ერისა შენისათა, და იტყოდი მათდამი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი! ისმინონ ღათუ სადამე და შეიკდიმონ ღათუ სამე.
და აღმიღო მე სულმან და მესმა უკანაგან ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ, რომელნი იტყოდეს: კურთხეულ არს დიდებაჲ უფლისაჲ ადგილისაგან მისისა.
და ვიხილე ჴმაჲ ფრთეებისა ცხოველთაჲსა მფრთეებელთასა სხჳსაგან სხჳსა მიმართ, და ჴმაჲ ურმისთუალთაჲ, მახლობელი მათი, და ჴმაჲ ძრვისა დიდი.
და სულმან უფლისამან აღმიღო მე და აღმამაღლა მე. და ვიდოდე, განმცხრომელი, მიმართებითა სულისა ჩემისაჲთა; და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი.
და შევედ ტყუეობისა მიმართ აღტაცებული და მიმოვვლენ დაშენებულნი მდინარესა ზედა ქობარსა, მყოფნი მუნ, და დავჯედ მუნ შჳდთა დღეთა და ვიქცეოდე მე შორის მათსა.
და იყო შემდგომად შჳდთა დღეთასა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ.
ვრქუა რაჲ მე უშჯულოსა სიკუდილით მოკუდომაჲ, და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.
ხოლო უკუეთუ შენ განამკაცრო უსჯულოჲ და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოჲ იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და შენ სული შენი განირინო.
და მი-რაჲ-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თჳსთა და ქმნას შეცოდება, და მივსცე ტანჯვაჲ წინაშე პირსა მისსა, იგი მოკუდეს, რამეთუ არა განამკაცრე იგი, ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით, რამეთუ არმოჴსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.
და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხორებით ცხონდეს, რამეთუ განამკაცრე იგი, და შენ სული შენი განირინო.
და იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: აღდეგ და განვედ ველად, და მუნ ითქუას შენდამი.
და აღვდეგ და განვედ ველად და, აჰა, მუნ დიდებაჲ უფლისაჲ დგა, ვითარ-იგი ხილვაჲ და ვითარცა დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.
და მოვიდა ჩემ ზედა სული და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა და იტყოდა ჩემდამო და მრქუა მე: შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.
და შენ, ძეო კაცისაო, აჰა, მიგეცემიან შენ ზედა საკრველნი და შეგკრან შენ მათ მიერ, და არ გამოხვიდე საშუალისაგან მათისა;
და ენაჲ შენი თანშევაკრა სასისა მიმართ შენისა და დაჰყდუნდე და არა იყო შენ მათდა კაცად მამხილებელად მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.
და თქუმასა შინა ჩემსა შენდამი აღვაღო პირი შენი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მსმენელსა ესმოდენ და ურწმუნოჲ ურწმუნოებდინ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.