ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 12

1

იყო ჩემს მომართ უფლის სიტყვა ნათქვამი:

2

ადამის ძევ, ურჩთა სახლის შუაგულში ცხოვრობ შენ. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ სასმენად და არ ესმით, რადგან ურჩთა სახლია ისინი.

3

ამიტომ, ადამის ძევ, ყარიბივით გამოეწყვე და გადი საყარიბოდ დღისით, მათ თვალწინ; იყარიბე შენი ადგილიდან სხვა ადგილას მათ თვალწინ, ვინძლო დაინახონ, რომ ურჩთა სახლი არიან.

4

გამოიტანე შენი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით მათ თვალწინ, და გადი საღამოთი მათ თვალწინ საყარიბოდ გამსვლელთა მსგავსად.

5

მათ თვალწინ გაანგრიე კედელი და ხვრელში გაიტანე.

6

მათ თვალწინ ზურგზე აიკიდე შენი ტვირთი და ბნელში გაიტანე; სახე დაფარული გქონდეს, რომ არ უყურებდე მიწას, რადგან ნიშნად დამიდგენიხარ ისრაელის სახლისთვის.

7

ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა: გამოვიტანე ჩემი ბარგი ყარიბის ბარგივით დღისით, საღამოთი კი ჩემი ხელით გავანგრიე კედელი, ბნელში გავიტანე ბარგი და ზურგზე მოვიკიდე მათ თვალწინ.

8

იყო უფლის სიტყვა დილით ჩემს მომართ ნათქვამი:

9

ადამის ძევ! ხომ არ უკითხავს შენთვის ისრაელის სახლს, ურჩთა სახლს, ამას რას აკეთებო?

10

უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ეს განაჩენი ეხება მთავარს იერუსალიმში და მთელს ისრაელის სახლს, ვინც იქ არის.

11

უთხარი, ნიშნად ვარ-თქო თქვენთვის; როგორც მე ვიქცევი, ისე დაემართებათ მათ: ყარიბობაში, ტყვეობაში წავლენ-თქო.

12

მთავარი, რომელიც მათ შორის არის, ტვირთს აიკიდებს ზურგზე ბნელში და გავა; კედელს გაანგრევენ, რომ გაიყვანონ; სახეს დაიფარავს, რომ ვეღარ იხილოს მისმა თვალმა ეს ქვეყანა.

13

მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.

14

ყველას, მის გარშემო მყოფს, მის შემწეს და მთელს ლაშქარს გავფანტავ ყველა ქარის მიმართულებით და მახვილს ვიშიშვლებ მათ კვალზე.

15

მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა გავაბნევ ხალხებში მათ და ქვეყნებში მიმოვფანტავ.

16

მაგრამ გადავარჩენ მათგან მცირე რიცხვს მახვილისგან, შიმშილისგან და ჭირისგან, რათა იამბონ თავიანთი სისაძაგლეები იმ ხალხში, ვისთანაც მივლენ. მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

17

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

18

ადამის ძევ! კანკალით ჭამე შენი პური და შიშით და ძრწოლით სვი შენი წყალი!

19

უთხარი ამ ქვეყნის ხალხს, ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი იერუსალიმის მკვიდრთა გამო ისრაელის მიწაზე: ძრწოლით შეჭამენ თავიანთ პურს და სასოწარკვეთაში შესვამენ წყალს, რადგან მისი მიწა დაცარიელდება თავისი სისავსისგან მის მცხოვრებთა ძალადობის გამო.

20

აოხრდება დასახლებული ქალაქები და გაუდაბურდება ქვეყანა; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.

21

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

22

ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?

23

ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;

24

რადგან არცერთი ხილვა ფუჭად არ ჩაივლის და არც მაცთუნებელი მისნობა ისრაელის სახლში;

25

რადგან მე, უფალი, ვილაპარაკებ; რასაც ვილაპარაკებ, მოხდება, არ გადაიდება; რადგან თქვენს დღეებში, ურჩთა სახლო, ვილაპარაკებ სიტყვას და ავახდენ, ამბობს უფალი ღმერთი.

26

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

27

ადამის ძევ! აჰა, ამბობს ისრაელის სახლი: ხილვა, რომელიც მან იხილა, მალე არ ახდებაო; შორეული დროისთვის წინასწარმეტყველებსო.

28

ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: არცერთი ჩემი სიტყვა მეტად აღარ გადაიდება; რა სიტყვაც არ უნდა ვთქვა, ახდება, ამბობს უფალი ღმერთი.

1

და იქმნა სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2

ძეო კაცისაო, საშუალ უსამართლობათა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ჰქონან თუალნი ხედვად, და ვერ ჰხედვენ, და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმისყე მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

3

და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭელნი ტყუეობისანი და ტყუე იქმენ წინაშე მათსა. და ტყუე იქმენ ადგილისაგან შენისა ადგილისა მიმართ სხჳსა, წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

4

და განიღო ჭურჭლები შენი, ვითარცა ჭურჭლები დღისა ტყუეობისაჲ,

5

წინაშე თუალთა მათთა და შენ გამოხჳდე მიმწუხრი წინაშე მათსა, ვითარცა განვალნ ტყუე, დასთხარო თავისა შენისად ზღუდისა შორის და განხჳდე მის მიერ.

6

წინაშე მათსა ვიდოდე მღუნვარედ და დაფარულად განხჳდე, პირი შენი დაიბურო ფიჩჳთა და არა იხილო ქუეყანაჲ მით, რამეთუ ნიშად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა.

7

და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან: და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ მღუნვარედ მათ წინაშე.

8

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად:

9

ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ?

10

თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მთავარსა და წინამძღუარსა იერუსალიმსშინასა და ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მათსა,

11

თქუ მათდა მიმართ, ვითარმედ: მე ნიშებსა ვჰყოფ, ვითარსახედ ვყავ, ესრეთ ყონ მათ, გარდასახლებად და ტყუეობად განვიდენ.

12

და მთავარნი მათნი შორის მათსა მღუნვარედ ვიდოდიან და დაფარულად ფიჩვითა განვიდენ ზღუდით; და განთხაროს, გამოსლვასა მისსა მიერ პირი მისი დაიბუროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.

13

და განვფინო ბადე ჩემი მის ზედა და შეპყრობილ იქმნეს გარემოცვითა ჩემითა. და მოვიყვანო იგი ბაბილონად, ქუეყანად ქალდეველთა, და იგი არა იხილოს და მუნ აღესრულოს.

14

და ყოველნი გარემოჲსნი მისნი შემწენი მისნი და ყოველნი მეშუელნი მისნი განვსთესნე ყოვლისა მიმართ ქარისა და მახჳლი განვჰფინო უკანა მათსა.

15

და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი, განვაბნინე რაჲმე იგინი წარმართთა შორის და განვსთესნე სოფლებსა შორის.

16

და მოვიხუნე მათგან კაცნი რიცხუეულნი მახჳლისაგან და სიყმილისაგან და სიკუდილისა, რაჲთა მიუთხრობდენ ყოველთა უსჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, სადა მივიდენ, მუნ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

17

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18

ძეო კაცისაო, პური შენი ნაკლულევანებითა შენითა შჭამო და წყალი შენი ტანჯვით და ჭირით ჰსუა.

19

და სთქუა ერისა მიმართ ქუეყანისაჲსა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი დამკჳდრებულთა იერუსალჱმს და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა: პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ და წყალსა მათსა უჩინოქმნულებით სუმიდენ, რაჲთა უჩინო იქმნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით უთნოობითა ყოველთა დამკჳდრებულთაჲთა მის ზედა.

20

და ქალაქნი მათნი მკჳდროანნი მოოჴრდენ. და ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად იყოს. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

21

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

22

ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენდა, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა მეტყუელთაჲ: შორს არიან დღენი, წარწყმდა ყოველი ხილვაჲ?

23

ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოვაქციო იგავი ესე. და არღა იტყოდიან იგავსა მაგას სახლი ისრაჱლისაჲ; რამეთუ თქუას მათდამი მეტყუელმან: მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ

24

მით, რამეთუ არა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუილ და მმისნობი მოსამაღლებელად შორის ძეთა ისრაჱლისათასა.

25

მით, რამეთუ მე, უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვქმნა და არა განვაგრძო მერე მით, რამეთუ დღეთა შინა თქუენთანა სახლი ისრაჱლისა განმამწარებელი არს, ვთქუა სიტყუაჲ და ვქმნა, - იტყჳს ადონაი. უფალი.

26

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

27

ძეო კაცისაო, აჰა, სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, მეტყუელნი იტყჳან: ხილვა ესე, რომელსა იხილავს დღეთა მიმართ მრავალთა და ჟამთა მიმართ გრძელთა, წინაწარმეტყუელებს ესე;

28

ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა განგრძნენ მერმე ყოველნი სიტყუაჲნი ჩემნი, რომელთაცა ვიტყოდი, რამეთუ ვთქუა სიტყუაჲ და ვყო იგი, - იტყჳს ადონაი უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748