ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 35
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ადამის ძევ! სეყირის მთისკენ მიაქციე პირი და იწინასწარმეტყველე მასზე,
უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, სეყირის მთაო! ხელს მოგიღერებ და უდაბნოდ და უდაბურად გაქცევ.
შენს ქალაქებს ოხრად დავაგდებ და შენც უდაბური გახდები. მაშინ მიხვდები, რომ უფალი ვარ.
რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს.
ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება.
უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ სეყირის მთას, ამოვძირკვავ იქ გამვლელს და მცხოვრებს.
დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებში და მდინარეებში.
საუკუნო უდაბნოდ გაქცევ და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, ჩვენ დავიმკვიდრებთო, თუმცა უფალი იყო იქ.
ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი: თუ არ მოგექცე შენი რისხვისა და შენი შურისამებრ, რომელიც შენი სიძულვილით გამოიჩინე მათ წინააღმდეგ; მაშინ გავცხადდები მათში, როცა მსჯავრს დაგდებ.
მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო.
მედიდგულებოდით ბაგეებით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ; მე მესმოდა ეს.
ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაგაუდაბურებ.
როგორც ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურება გიხაროდა, ასევე მოგექცევი შენც: გაუდაბურდებით, სეყირის მთაო და მთელო ედომო, ერთიანად! მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:
ძეო კაცისაო, მიიქციე პირი შენი მთისა მიმართ სიირისა და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა და არქუ მას:
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა მთასა სიირსა და განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და მიგცე შენ ოჴრად, და მოოჴრდე.
და ქალაქთა შორის შენთა ოჴრება-ვყო და შენ საოჴროდ იყო და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.
ნაცვლად ქმნისა შენისა მტერად საუკუნოდ და დაშჯდე სახლსა ზედა ისრაჱლისასა ზაკუვით, ჴელსა შინა მტერთასა მახჳლად ჟამსა შინა ჭირისა მათისასა და ჟამსა შინა სიცრუჲსასა უკანასკნელსა შორის,
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ არა, სისხლისა მიერ სცოდე და სისხლმან გდევნოს შენ, რამეთუ სისხლი შენი მოიძულე, და სისხლმან შენმან გდევნოს შენ.
და მივსცე მთაჲ სიირისი საოჴროდ და მოოჴრებულად, და წარვწყმიდნე მისგან კაცნი და საცხოვარნი.
და თანწარმავალი და შემოქცეული, და აღვავსნე მთანი შენნი წყლულებითა შენითა, ბორცუნი შენნი და ჴევნებნი შენნი, და ყოველთა შორის ველთა შენთა, რამეთუ მოწყლულნი მახჳლითა დაეცნენ შენ შორის.
და ოჴრად საუკუნოდ დაგდვა შენ და ქალაქნი შენნი არ დაიმკჳდრნენ მერმე და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.
თქუმისათჳს შენგან ორნივე ნათესავნი და ორნივე სოფელნი ჩემნი იყვნენ, დავიმკჳდრნე იგინი და უფალი მუნ არს.
ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - და გიყო შენ მტერობისაებრ შენისა და შურისაებრ შენისა, რომელი ჰყავ მოძულეობისაგან შენისა მათ შორის, და გეცნობო შენ, ოდეს-იგი გსჯიდე შენ.
და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი; მესმა ჴმისა გმობათა შენთასა, რომელსა იტყოდე მთათათვის ისრაჱლისათა, მეტყუელი: მთანი ისრაჱლისანი, მაღალნი, საუკუნოდ ოჴერნი, ჩუენდა მოცემულან დასაპყრობლად.
და იდიდსიტყუე ჩემ ზედა პირითა შენითა და ჴმაჲ ჰყვენ ჩემ ზედა სიტყუანი შენნი, რომელნი მესმნეს მე.
ამათ იტყჳს ადონაი უფალი: სიხარულსა შინა ყოვლისა ქვეყანისასა ოჴერ-გყო შენ საუკუნო,
ვითარ-იგი იხარე მკჳდრობასა სახლისა ისრაჱლისასა, ვითარ უჩინო იქმნა, ეგრეთ გიყო შენ.