ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 34

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის მწყემსებზე, იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ მწყემსებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი. ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყესავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები?

3

ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ!

4

დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე.

5

გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ!

6

დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი.

7

ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

8

ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცებას კერძი გამხდარა უმწყემსოდ დარჩენილი ჩემი ცხვარი, რაკი არ მოუკითხავთ ჩემს მწყემსებს ჩემი ცხვარი, რაკი საკუთარ თავს მწყემსავენ მწყემსები, ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავენ,

9

ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

10

ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვარს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობისგან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს.

11

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი!

12

როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.

13

გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში.

14

საუკეთესო საძოვრებზე დავმწყესავ მათ და ისრაელის მაღალ მთებზე ექნებათ სადგომი; აქ დაბინავდებიან საუკეთესო სადგომებში და ნოყიერ საძოვრებზე მოძოვენ ისრაელის მთებში.

15

მე თავად დავმწყესავ ჩემს ცხვარს და მე თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.

16

დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ.

17

თქვენზე კი, ჩემო ცხვარო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის, ვერძებსა და ვაცებს შორის!

18

ნუთუ გეცოტავებათ საუკეთესო საძოვარი, სადაც დაბალახობთ, რომ თქვენი საძოვრის დანარჩენსაც ფეხით თელავთ? ანკარა წყალს რომ სვამთ და დანარჩენსაც ფეხით ამღვრევთ?

19

თქვენი ფეხით განათელი უნდა ძოვოს ჩემმა ცხვარმა და თქვენი ფეხით ამღვრეული უნდა სვას?

20

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე ვიქნები მსაჯული მსუქან ცხვარსა და მჭლე ცხვარს შორის!

21

რაკი ფერდებით და მხრებით ეჯახებით, რქებით რქენთ დაუძლურებულთ, რომ გარეთ გაფანტოთ ისინი,

22

მე თავად გადავარჩენ ჩემს ცხვარს და აღარ იქნება დატაცებული. მე ვიქნები მსაჯული ცხვარსა და ცხვარს შორის.

23

ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი.

24

მე, უფალი, ვიქნები მათი ღმერთი; ჩემი მორჩილი დავითი კი წინამძღოლი იქნება მათ შორის. მე, უფალმა, ვთქვი.

25

დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და გადავაშენებ ქვეყნიდან სასტიკ მხეცებს, რომ მშვიდად იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ მაღნარებში.

26

კურთხევად ვაქცევ მათ და ჩემი მაღლობის მიდამოებს, დროულად ვადინებ წვიმას და ჩემი წვიმა კურთხევა იქნება.

27

მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მოსცემს თავის მოსავალს, და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა დავწყვეტ მათი უღლის საკვრელებს და მათი დამმონებლების ხელიდან დავიხსნი.

28

აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისთვის და მიწის მხეცები აღარ შეჭამენ მათ; მშვიდად იცხოვრებენ და აღარ ეყოლებათ დამაფრთხობელი.

29

აღვუდგენ სახელად ნერგს და აღარ გაწყდებიან შიმშილით ამქვეყნად; აღარ ექნებათ დასათმენი შეურაცხყოფა ხალხებისგან.

30

მაშინ მიხვდებიან, რომ მე, უფალი მათი ღმერთი, მათთანა ვარ და ჩემი ერია ისინი - ისრაელის სახლი,ამბობს უფალი ღმერთი.

31

თქვენ, ჩემო ცხვრებო, ჩემი საძოვრის ცხვრებო, ადამის მოდგმა ხართ, მე კი ღმერთი ვათ თქვენი! ამბობს უფალი ღმერთი.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2

ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი?

3

აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ.

4

მოუძლურებული არ განაძლიერეთ, და სნეული არ განამრთელეთ, და შემუსრვილი არ შეჰკართ, და ბოროტად მყოფსა არა უსხეულსაქმეთ, და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, და ძლიერი იქმნეთ შრომით და სიმტკიცით სწუართენით იგინი და ლაღობით.

5

და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათჳს მწყემსთაჲსა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, და განითესნეს

6

და შესცთეს ცხოვარნი ჩემნი ყოველსა ზედა მთასა და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განითესნეს ცხოვარნი ჩემნი, და არა იყოს გამომეძიებელი და არცა მომაქცეველი.

7

ამისთჳს, მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ:

8

ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, არა თუ ქმნისა წილ ცხოვართა ჩემთაჲსა წარსატყუენველ და ქმნისა სამწყსოთა ჩემთა შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა არყოფისაგან მწყემსთაჲსა, და არ გამოიძინეს მწყემსთა ცხოვარნი ჩემნი, არამედ აძოებდეს მწყემსნი თავთა თჳსთა, ხოლო ცხოვართა ჩემთა არა აძოებდეს.

9

ამისთჳს მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ,

10

ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა და გამოვიძინე უცხოვარნი ჩემნი ჴელთაგან მათთა და დავაცადნე იგინი არმწყსად ცხოვართა ჩემთა: და არა ჰმწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიჴსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არა მერმე იყუნენ მათდა შესაჭმელ.

11

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩვმნი და მოვიხილნე იგინი,

12

ვითარ-იგი მოიხილავს მათ მწყემსი დღესა შინა, ოდეს იყოს ალმური და ღრუბელი, შორის ცხოვართა მისთა განშორებულთა, ეგრეთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი და ვიჴსნნე მე იგინი ყოვლისა ადგილისგან, სადა განითესნეს, მუნ, დღესა შინა ალმურისა და ღრუბლისასა.

13

და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათდა, დავმწყსნნე იგინი მთათა ზედა ისრაჱლისათა.

14

და ჴევნებთა შინა და ყოველსა შინა მკჳდრობასა ქუეყანისასა კეთილსა ზედა საძოვარსა ვაძოვნე იგინი, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა იყოს შუენიერებაჲ მათი, და იყვნენ ბაკნი მათნი მუნ, და დაიძინონ, და განისუენონ შუებასა შინა კეთილსა და საძოვარსა შინა პოხიერსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა.

15

და მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი და მე განუსუენო მათ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი.

16

წარწყმედული გამოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და შემუსრვილი შევხჳო, და მოუძლურებული განვაძლიერო, და პოხიერი და ძლიერი დავიცვა და ვაძოვნე იგინი მსჯავრისა მიერ.

17

და თქუენ ცხოვარნო ჩემნო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ვსაჯო საშუალ ცხოვართა ჩემთა და ცხოვრისა და ვერძთა და ვაცთასა.

18

და არა კმა არს თქვენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, არამედ დანაშთომსა საძოვრისა თქუენისასა დასთრგუნევდით ფერჴითა თქუენითა და დაწმედილსა წყალსა სუემდით და ნეშტსა ფერჴითა თქუენითა აღამრღვევდით.

19

და ცხოვარნი ჩემნი და ნათრგუნევთა ფერჴთა თქუენთასა ძოვდეს და აღმრღუეულსა წყალსა ფერჴთა მიერ თქუენთასა სუმიდეს.

20

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თქუენდამი და განვსაჯო შორის ცხოვრისა ძლიერისა და შორის ცხოვრისა უძლურისა,

21

ვინაჲთგან გუერდებითა თქუენითა და მჴრებითა თქუენითა აჭენებდით და რქებითა თქუენითა ურქენდით, ხოლო ყოველსა მოკლებულსა აჭირვებთ, ვიდრე არა განაგარეენით იგინი გარე; და განითესნეს ცხოვარნი ჩემნი ყოვლისა თანწარმავალისად.

22

და ვაცხოვნნე ცხოვარნი ჩემნი, და არა იყვნენ წარსატყუენველ მერმე და ვსაჯო საშუალ ვერძისა ვერძისა მიმართ.

23

და აღვადგინო მათ ზედა მწყემსი ერთი, რომელი ჰმწყსიდეს მათ, მონაჲ ჩემი დავითი, მან მწყსნეს იგინი, და მან განუსუენოს მათ და იყოს იგი მწყემს.

24

და მე, უფალი, ვიყო მათდა ღმერთად და მონაჲ ჩემი დავითი მთავარ შორის მათსა. მე, უფალი, ვიტყოდე.

25

და აღუთქუა დავითსა აღთქმაჲ მშჳდობისაჲ და უჩინო-ვყუნე მჴეცნი ბოროტნი ქუეყანისაგან და დაემკჳდრნენ უდაბნოსა შინა სასოებით და დაიძინონ მაღნართა შორის.

26

და მივსცნე იგინი გარემოჲს მთისა ჩემისა კურთხეულებად. და გარდამოვიყვანო წჳმაჲ თქვენი ჟამსა შინა, წჳმანი კურთხევისანი იყვნენ მისსა.

27

და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი და ქუეყანამან მოსცეს ძალი მისი; და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა სასოებითა მშჳდობისათა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, შე-რა-ვმუსრნე საჴივნი უღლისა მათისანი, და გამოვიჴსნნე იგინი ჴელისაგან დამმონებელთა მათთაჲსა.

28

და არა იყვნენ მერმე წარსატყუენველ წარმართთა და მჴეცთა ქუეყანისათა, არღა მერმე დაჭამნენ იგინი და დაემკჳდრნენ სასოებით და არა იყოს, რომელი აშინებდეს მათ.

29

და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისა სახლად, და არა მერმე იყვნენ მცირეებ რიცხჳთა ქუეყანასა ზედა, და არა მერმე იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არა მოიღონ მერმე ყუედრებაჲ წარმართთაჲ.

30

და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, მათ თანა, და იგინი ერი ჩემი, სახლი ისრაჱლისა, - იტყჳს უფალი, უფალი,

31

და თქუენ - ცხოვარნი ჩემნი და ცხოვარნი საძოვრისა ჩემისანი, კაცნი ხართ და მვ უფალი ღმერთი თქუენი, - იტყჳს უფალი, უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748