ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 27

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა

3

და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო.

4

ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება;

5

კვიპაროსის ხისგან დაგიმზადეს ფიცრები, ლიბანიდან კედარი მოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;

6

ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისგან და ქითელთა კუნძულების ბზისგან გაგიკეთეს;

7

ეგვიპტური მოქარგული ზეზის იყო შენი აფრები, რომ დროშად გქონოდა; შენი გადასახურავი ელიშას კუნძულთა ლურჯი და მეწამული ქსოვილისგან იყო;

8

ნიჩბოსნებად ციდონის და არვადის მკვიდრნი გყავდა; ბრძენი ხალხი იყო შენში, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;

9

გებალის უხუცესები და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის.

10

სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.

11

არვადელები და შენი ლაშქარი იცავდნენ შენს კედლებს ირგვლივ, მორკინალნი შენს ციხე-კოშკებში ისხდნენ, თავიანთ დელამფარებს შენ გალავანზე ჰკიდებდნენ ირგვლივ; ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.

12

თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ.

13

იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.

14

თოგორმას სახლიდან ცხენებს, საბრძოლო რაშებს და ჯორებს გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.

15

დადანელები შენი გამსაღებლები იყვნენ, ბევრი კუნძული გიცვლიდა საქონელს, სპილოს ეშვებს და ებანოზის ხეს გიბრუნებდნენ საფასურად.

16

არამი ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი გქონდა; იაგუნდს, ძოწეულს, ნაქარგებს, ბისონს, მარგალიტს და ბადახშს გაძლევდნენ სანაცვლოდ.

17

იუდა და ისრაელის ქვეყანა შენი გამსაღებლები იყვნენ: მინითის ხორბალს, ნამცხვარს, თაფლსა და ზეთს, და ბალზამს გაძლევდნენ შენს საქონელში.

18

დამასკო ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი და ბევრი დოვლათი გქონდა; ხელბონური ღვინო და ქათქათა მატყლი.

19

დანი და იავანი უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელში.

20

დედანი ვაჭრობდა შენთან ცხენის ასალით და მორთულობით.

21

არაბები და კედარის ყველა მთავარი შენთან ვაჭრობდნენ; სანაცვლოდ ბატკნებს, ცხვრებსა და თხებს გიგზავნიდნენ.

22

შებას და რაყმას მოვაჭრენი შენთან ვაჭრობდნენ; რჩეულ ნელსაცხებელს, ყოველნაირ ძვირფას ქვას და ოქროულობას გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.

23

ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი, შენთან ვაჭრობდნენ;

24

ძვირფას შესამოსელს, ლურჯ ნაქარგ მოსასხამებს, ყუთებში ჩაწყობილ ქემახს, თოკებით შეკრულს და შეფუთულს, შენი საქონელის სანაცვლოდ გიგზავნიდნენ.

25

თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდა შენი საქონელი; აივსე და დიდად გაითქვი ზღვათა შორის.

26

ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში.

27

შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს.

28

შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი.

29

გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან.

30

შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენს გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ.

31

თავს გადაიპარსავენ შენს გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.

32

გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში?

33

როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.

34

როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად.

35

ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენს გამო; მათი მეფეები შიშმა მოიცვა და სახე მოექცათ.

36

ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2

და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე სორსა ზედა გოდებაჲ.

3

და ჰქუა სორსა, დამკჳდრებულსა შესავალსა თანა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთა ჭალაკთაგან მრავალთასა, ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: შენ სთქუ, მე შევმოსე თავსა ჩემსა სიკეთე.

4

გულსა შინა ზღჳსასა, ბეელიმსა, ძეთა შენთა შეგმოსეს შენ სიკეთე.

5

ნაძჳ სანირით გეშენა შენ, პებულნი ფიცართა კჳპაროსისათანი ლიბანით მოღებულ იქმნეს ქმნად შენდა ანძათა სანავეთა.

6

ბასანით გამო ყვნეს სარეველნი შენნი, ტაძარნი შენნი პილოჲსძვალისაგან, სახლნი სერტყოანნი ჭალაკთაგან ქეტტიემისათა.

7

ბისონი ჭრელებსა თანა ეგჳპტით იქმნეს შენდა სარეცელად, შემოსად შენდა დიდებაჲ და მობლარდნად შენდა ჳაკინთე და პორფირი, ჭალაკთაგან ელისეაჲესთა იქმნნეს სამოსელნი შენნი.

8

და მთავარნი შენნი, დამკჳდრებულნი სიდონს, და არაბნი იქმნეს ნიჩბის-მცემელ შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი მმართებელებ შენდა.

9

მოხუცებულნი წიგნთანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, იგინი განაძლიერებდეს განზრახვასა შენსა. და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და ნიჩბის-მცემელნი მათნი იყვნეს შენ შორის მიმგებელ შერევნასა შენსა, და გექმნნეს შენ დასავალთა ზედა დასავალთასა.

10

სპარსნი და ლჳდნი და ლიბჳელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცნი მბრძოლნი შენნი, რომელთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შენ შორის, ამათ მოსცეს დიდებაჲ შენი.

11

ძენი არაბიელთანი და ძალი შენი ზღუდეთა შენთა ზედა მრგულივ იყუნეს, არამედ და მიდნიცა გოდლებსა შენსა შინა იყვნეს მცველებ; კაპარჭნი მათნი დამოჰკიდნეს სამართთა შენთა ზედა გარემო, ამათ განასრულეს სიკეთე შენი.

12

კარქიდონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ვეცხლი და ოქროჲ და რვალი და რკინაჲ და კალაჲ და ბრპენი მოსცეს სავაჭროსა შენსა.

13

ელლადაჲ ყოველი და განმავრცობელნი მისნი ვაჭრობდეს შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისანი მისცნეს სავაჭროდ შენდა.

14

სახლისაგან თორგამოჲსისა ცხენნი და ცხენოსანნი და კერძოვირნი მისცნეს სავაჭროდ შენდა.

15

ძენი როდელთანი, ვაჭარნი შენნი ჭალაკთაგან, განამრავლებდეს სავაჭროსა შენსა, რქათა და კბილთა პილოჲსათა მომავალთა ნაცვლად მისცემდეს სასყიდელსა შენსა კაცთა.

16

ვაჭართა შენთა, სიმრავლისაგან შემყოფისა შენისა შტახსი და პორფირი და ბისონი დაჭრელებულნი თარშით და რამოთით და ხორხორით მოსცნეს საფარდულსა შენსა.

17

იუდა და ძენი ისრაჱლისანი, ესენი ვაჭარ შენდა იფქლისა ფრდასა შინა; და მიჰრონნი და კასიანი და პირველი თაფლი და ზეთი და რეტინი მისცეს შემყოფისა მიმართ შენისა.

18

დამასკოჲ - სავაჭრო შენდა სიმრავლითა საქმეთა შენთაჲთა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მელიტონით.

19

ღვინოჲ, დედან, იოვან და მეოზელ სავაჭროდ შენდა მოსცეს; ასილით რკინაჲ ქმნული და ეტლისთუალი შემყოფისა შენისა შორის არს.

20

დედან საფარდულ შენდა საცხოვართა თანა რჩეულთა საეტლედ.

21

არაბიაჲ და ყოველნი მთავარნი კიდარისანი - ესენი ვაჭარ შენდა ჴელთა მიერ შენთა აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა და აგარაკებსა, რომელთა მიერ გვაჭრობდეს შენ.

22

ვაჭარნი საბაჲსანი და რათმაჲსანი - იგინი ვაჭარ შენდა პირველთა თანა სულნელთა და ქვათა კეთილთა, რომელთა ოქროჲცა მოსცეს სავაჭროსა შენსა. ხარრანი და ქალანი და დადანი,

23

ესე ვაჭარნი შენნი, საბლ და ასური და ხარვანი - მოფარდულებ შენდა,

24

მომღებელ სავაჭროსა ჳაკინთსა და ჭრელთა და საუნჯეთა რჩეულთა, შეკრულთა საბლებითა.

25

და ნავთა შინა კჳპაროზისათა, მათ შორის ვაჭარნი შენნი. კარქიდონელნი ვაჭარნი შენდა; სიმრავლისა თანშემყოფისა შორის შენისა და აღივსე და დაჰმძიმდი ფრიად გულსა შინა ზღჳსასა.

26

წყლისა შორის მრავლისა მოგიყვანეს შენ ნიჩბისმცემელთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმუსრა შენ შორის გულსა ზღჳსასა.

27

ძალნი შენნი და მმართებელნი შენნი და განმზრახნი შენნი და შემყოფნი შენნი და ნიჩბის-მცემელნი შენნი და თანშემყოფნი თანშეყოფისა შენისანი და ყოველნი კაცნი, მბრძოლნი შენნი, შენ შორის. და ყოველი კრებული შენ შორისი დაეცნენ საშუალ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაკუეთებისა შენისასა.

28

ჴმითა ღაღადებისა შენისაჲთა მმართებელნი შენნი შიშით შეშინდენ.

29

და შთამოვიდენ ნავთაგან მათთა ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი და ეპივატნი შენნი და მპირველობნი ზღჳსანი ქუეყანასა ზედა დადგენ.

30

და ვალალაებდენ შენ ზედა ჴმითა მათითა და ღაღადებდენ მწარედ და ზედდაიდვან მიწაჲ თავსა ზედა მათსა,

31

და ნაცარნი დაირეცონ, და იმტიერნენ შენ ზედა მტიერობანი; და გარემოირტყან ძაძაჲ და ტიროდიან შენ ზედა სიმწარითა სულისათა.

32

და ტყება მწარე მოიღონ შენ ზედა. და აღიღონ შენ ზედა ძეთა მათთა გოდებაჲ და გოდებდენ გოდებათა სორისათა: ვინ, ვითარ ტჳროსი, დადუმებული საშუალ ზღჳსა?

33

რაოდენი რაჲმე ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან? აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, შემყოფისგან შენისა და ზედშემყოფისა შენისა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

34

აწ შეიმუსრე ზღუასა შინა სიღრმესა შორის წყლისასა. შემყოფი შენი და ყოველი კრებული შენი საშუალ შენსა, დაეცნეს ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი.

35

ყოველნი მკჳდრნი ჭალაკთანი დაჭმუნდეს შენ ზედა და მეფენი მათნი. განკრთომით განჰკრთეს, და ცრემლოოდა პირი მათი შენ ზედა.

36

ვაჭართა წარმართთასა დაგისტჳნეს შენ, წარსაწყმედელად იქმენ, და არა მერმე იყო უკუნისამდე.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748