ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 25

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,

3

უთხარი ყამონიანელო, ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ვაგლახს ამბობს ჩემს საწმიდარზე, რადგან შელახულია, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაუკაცრიელებულია, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაში წავიდა,

4

ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ ბანაკებს თქვენს შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენს შორის; ისინი შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს.

5

გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.

6

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,

7

ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და საძარცვავად მიგცემ ხალხებს; ამოგძირკვავ ხალხებიდან და გადაგაშენებ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ უფალი ვარ.

8

ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი,

9

ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,

10

აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი ხალხებს შორის.

11

მსჯავრს დავდებ მოაბს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

12

ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს და მძიმედ დააშავა, შური რომ იძია,

13

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ: თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.

14

აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისაებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, ამბობს უფალი ღმერთი.

15

ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო.

16

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპოვ მათ ნატამალს ზღვის ნაპირზე.

17

აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2

ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი ძეთა ზედა ამმონისთა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.

3

და ჰრქუა ძეთა ამმონისთა: ისმინეთ სიტყუაჲ ადონაი უფლისაჲ, ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოსცხრებოდეთ წმიდათა ზედა ჩემთა, რამეთუ შეიგინა და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა, რამეთუ უჩინო იქმნა, და სახლსა ზედა იუდაჲსასა, რამეთუ წარვიდა ტყუეობად.

4

ამისთჳს, აჰა, მე მიგცემ თქუენ ძეთა კედემისთა სამკჳდრებელად, და დაიკარვონ ბანაკითა მათითა შენ შორის, და მისცენ შენ შორის კარვები მათი; იგინი ჭამდენ ნაყოფთა შენთა, და იგინი წოვდენ სიპოხესა შენსა.

5

და მივსცე ქალაქი ამმონისი სადგურებად აქლემთა, და ძენი ამმონისნი სადგურებად ცხოვართა და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, უფალი.

6

მით, რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ დაიტყუელე ჴელი შენი და ზედიბგერდი ფეჴითა შენითა, და მოსცხრებოდე სულითა შენითა ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა.

7

ამისთჳს, აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა შენ ზედა და მიგცე შენ დასატაცებლად წარმართთა შორის, და მოგსრა შენ ერთგან და წარგწყმედ შენ ერთაგან წარწყმედითა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

8

ამას იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რამეთუ თქუა მოაბმან და სეირმან: აჰა, ვითარსახედ ყოველნი ნათესავნი, სახლიცა ისრაჱლისაჲ და იუდაჲსი.

9

ამისთჳს, აჰა, მე დავარღუევ მჴარსა მოაბისასა ქალაქთაგან მისთა, ქალაქთაგან მწუერვალთა მისთაჲსა, ქუეყანასა რჩეულსა, სახლსა ბეთასსიმუთისსა, ზედაჲთ ქუეყანასა ქალაქისასა ზღჳსკიდესა, ვაელმიონსა და კარიათემსა,

10

ძეთა კედემისთა, ძეთა თანა ამმონისთა, მივეც იგი სამკჳდრებელად, და მივცე იგი აღსაჴოცელად, რაჲთა არა იქმნეს ჴსენება ძეთა ამმონისთაჲ წარმართთა შორის.

11

და მოაბსა ზედა ვყო შურისგებაჲ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ ქმნა იდუმეამან, რამეთუ შურისგებასა შინა მათგან შურისგებისასა სახლსა ზედა იუდაჲსასა და ძჳრისმოჴსენე იქმნეს და ისაჯეს სჯაჲ მათგან.

13

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და განვირთხამ ჴელსა ჩემსა იდუმეას ზედა და მოვსრავ მისგან კაცსა და საცხოვარსა; და დავდვა იგი ოჴრად, და თემანით და დედანით დევნულნი ძახჳლითა დაეცნენ.

14

და მივსცე შურისგებაჲ ჩემი იდუმეასა ზედა ჴელითა ერისა ჩემისა ისრაჱლისაჲთა და ქმნან იდუმეასა ზედა რისხვისაებრ ჩემისა და გულისწყრომისაებრ ჩემისა, და ცნან შურისგებაჲ ჩემი, - იტყჳს ადონაი უფალი.

15

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: მის წილ, რომელ ქმნეს უცხოტომთა შურისგებისა მიერ და აღადგინეს შურისგებაჲ ზედმოხარულ ყოვლითა სულითა აღჴოცად მტერობაჲ საუკუნოჲ.

16

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე განვირთხამ ჴელსა ჩემსა უცხოტომთა ზედა და მოვსრნე მსაჯულნი, და წარვსწყმედ დაშთომილთა, დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა.

17

და ვყუნე მათ შორის შურისძიებანი დიდნი მხილებითა გულისწყრომისაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი მიცემას შურისგებისა ჩემისასა მათ ზედა.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748