ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 26
მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემსკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ტვიროსო, შენს წინააღმდეგ ვარ: აღვმართავ შენზე უამრავ ხალხებს, როგორც ზღვა აღმართავს თავის ზვირთებს;
ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ.
სათხევლის მოსასროლად იქნება შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი, ხალხთა სათარეშოდ შეიქნება.
მისი ასულნი, ხმელეთზე რომ არიან, მახვილით ამოიხოცებიან. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით;
მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენს წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენს წინააღმდეგ.
ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა.
მოიალაფებენ შენს დოვლათს და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დააქცევენ შენს კედლებს და შენს სანუკვარ სახლებს დაანგრევენ; ქვებს, ხეებსა და მიწას წყალში გადაგიყრიან.
დავადუმებ შენს ხმამაღალ სიმღერებს და შენი ჩანგის ხმა აღარ გაისმება. -
ცარიელ კლდედ გადაგაქცევ, სათხევლის მოსასროლად შეიქნები და აღარასოდეს აშენდები, რადგან მე, უფალმა, ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
ასე ეუბნება უფალი ღმერთი ტვიროსს: ხომ შეირყევა ზღვისპირეთი შენი დაცემის სმისგან, დაჭრილთა კვნესით, როცა ხოცვა-ჟლეტა მოხდება შენს წიაღში!
ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან და მიწაზე დასხდებიან; ყოველწამს შიშში იქნებიან და ძრწოლა ექნებათ შენს გამო.
გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას.
ახლა შეშინდებიან კუნძულები შენი დაცემის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვისპირელნი შენი გამოსვლისას.
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები,
ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან ერთად წინანდელი ხალხის წინაშე, და დაგსვამ მიწის ქვეშეთში, მარადიულ უდაბნოში, საფლავად ჩასულებთან ერთად, რომ აღარ დაბრუნდე, ცოცხალთა ქვეყნად კი დიდებას დავამყარებ.
არარაობად გაქცევ და აღარ იარსებებ; დამიწყებ ძებნას და საუკუნოდ ვეღარ მომნახავ, ამბობს უფალი ღმერთი.
და იქმნა მეათერთმეტესა წელსა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:
ძეო კაცისაო, მის წილ, რომელ თქუა სორმან იერუსალჱმსა ზედა: ვაშა, ვაშა, შეიმუსრა, წარწყმდეს წარმართნი, მოიქცა ჩვმდამო, სავსე მოოჴრებულ არს.
ამითსჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სორ, და ცვალნე შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, ვითარცა აღვალს ზღუაჲ ღელვათა მიერ მისთა.
და დაამჴუნენ ზღუდენი სორისანი და დაარღჳნენ გოდოლნი, და განფიწლონ მტუერი მისი მისგან და მივსცე იგი წყლტუკლდეობად.
საშრობლად ბადეთა იყოს შორის ზღჳსა, რამეთუ მე ვთქუ, - იტყჳს ადონაი უფალი, და იყოს მოსარბეველ საუკუნეთა.
და ასულნი მისნი ველსა ზედა მახჳლითა მოიკლნენ და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი.
რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე მოვავლენ შენ ზედა, სორ, ნაბუქოდონოსორს მეფესა ბაბილოანისასა, ჩრდილოჲთ, მეფე მმეფობთაჲ არს ცხენებისა თანა და ეტლებისა და ცხენოსნებისა და შესაკრებელისა ნათესავთა მრავალთაჲსა ფრიად.
ესე ასულთა შენთა, ველისზედათა, მახჳლითა მოსრავს, და მისცეს შენ ზედა წინ საჴმილავი და გარემოგაშენოს შენ და გარემოგავლოს საფლავი და გარემოგაშენოს შენ ზედა გარემოჲს პატნეზი და გარემოდგომაჲ ჯაჭუჭურთაჲ.
და ლახურები მისი პირისპირ შენსა მისცეს, ზღუდენი შენნი და გოდოლნი შენნი დაამჴუნეს მახჳლთა მიერ მისთა.
სიმრავლისაგან ცხენთა მისთაჲსა დაგფაროს შენ მტუერმან მათმან და ჴმისაგან ცხენოსანთა მისთაჲსა და ეტლისთუალთა და ეტლთა მისთაჲსა შეირყინენ ზღუდენი შენნი, შე-რამეთუ-ვიდოდის იგი ბჭეთა შენთა, ვითარცა შემავალი ქალაქად ველით.
საჭურველებითა ცხენთა მისთაჲსა დათრგუნნენ ყოველნი უბანნი შენნი, ერი შენი მახჳლითა მოსრას და გუამი ძალისა შენისა ქუეყანად დააკუეთოს.
და წარტყუენოს ძალი შენი და ტყუე-ყუნეს მონაგებნი შენნი, და დასცნეს ზღუდენი შენნი და სახლნი შენნი გულისსათქუმელნი დაარღჳნეს, და ქვანი შენნი და ძელნი შენნი და მტუერი შენი შორის ზღჳსა შთააბნიოს
და დაჰჴსნას სიმრავლე სახიობელთა შენთაჲ და ჴმაჲ საფსალმუნეთა შენთა არღარა ისმეს მერმე.
და მიგცე შენ წყლტუკლდეობა, საშრობელ ბადეთა იყო და არა აღაშენო მერმე, რამეთუ მე ვსიტყუე, - იტყჳს ადონაი უფალი.
რამეთუ ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: არა ჴმისაგან დაცემისა შენისა აღმოჴდასა შინა მახჳლისასა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი.
და შთამოვიდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ მიტრანი თავთაგან მათთა და შესამოსელნი მათნი ჭრელნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ ქუეყანასა ზედა, დასხდენ და ეშიშოდიან წარწყმედასა მათსა და სულთითქმიდენ შენ ზედა.
და მოიღონ შენ ზედა გოდებაჲ და გრქუან შენ: ვითარ წარწყმდი და დაირღუ ზღვისაგან ქალაქი საქებელი, რომელი იყავ ძლიერ ზღუასა შინა, იგი და მკჳდრნი მისნი, მიმცემელი შიშისა მისისაჲ ყოველთადა მკჳდრთა მისთაჲ.
და შეშინდენ ჭალაკთა შინა დღითგან დაცემისა შენისაჲთ და შეშფოთნენ ჭალაკთა შინა ზღჳსა შორის გამოსლვისაგან შენისა.
რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ოდეს დაგდვა შენ, ქალაქი მოოჴრებული, ვითარცა ქალაქნი არდამკჳდრებულნი. აღმოყვანებასა შინა ჩემგან შენ ზედა უფსკრულისასა, და დაგფაროს შენ წყალმან მრავალმან.
და შთაგიყვანო შენ შთამავალთა თანა მღჳმისათა ერისა მიმართ საუკუნოჲსა, და დაგამკჳდრო შენ სიღრმეთა შინა ქუეყანისათა, ვითარცა ოჴერი საუკუნოჲ, შთამავალთა თანა მღჳმედ, რაჲთა არდამკჳდრებულ იქმნე, არცა აღსდგე ქუეყანასა ზედა ცხორებისასა წარსაწყმედელსა მიგცე შენ და არა იყო მერმე, და იძიო და არა იპოო საუკუნოდ, - იტყჳს ადონაი უფალი.