ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 36

1

შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!

2

ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მტერმა თქვა თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები,

3

იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ყოველის მხრიდან ნატრობენ თქვენს აოხრებას და შთანთქმას, რომ სამკვიდროდ დარჩეთ სხვა ხალხებს, რაკი სალაპარაკოდ და ხალხის საჭორაოდ ხართ გამხდარი,

4

ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და გორაკებს, ხევებს და ხეობებს, უკაცრიელ ნაოხარებს და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც ნადავლად და შთასანთქმელად დარჩათ დანარჩენ ხალხებს, გარშემო რომ არიან.

5

ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ნახავთ, თუ ჩემი შურის ცეცხლით არ ვილაპარაკე დარჩენილ ხალხთა წინააღმდეგ და მთელი ედომის წინააღმდეგ, რომელთაც მიისაკუთრეს ჩემი ქვეყანა სამკვიდროდ და მთელი გულით უხარიათ ზიზღით აღსავსეთ, რომ დაიტაცეს მისი დოვლათი.

6

ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებს, გორაკებს, ხევებს და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურით და ჩემი რისხვით ვილაპარაკე იმის გამო, რომ შეურაცხყოფას ითმენთ ხალხებისგან.

7

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელი აღვმართე და ნახეთ, თუ შეურაცხყოფა არ ატარონ ხალხებმა, თქვენს გარშემო რომ არიან!

8

თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშალეთ ტოტები და ატარეთ თქვენი ნაყოფი ჩემი ერისთვის, ისრაელისთვის, რადგან მალე მოვლენ.

9

რადგან, აჰა, თქვენკენა ვარ, თქვენკენ შემოვბრუნდი, მოიხვნებით და დაითესებით!

10

გაგიმრავლებთ ხალხს, მთელს ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.

11

გაგიმრავლებ კაცსა და პირუტყვს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ; დაგასახლებთ წინანდებურად და კეთილად მოგექცევით, როგორც თავდაპირველად გექცეოდით, და დაინახავთ, რომ უფალი ვარ.

12

მოვიყვან თქვენთან ხალხს - ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდროს და გახდე მისი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო შვილმკვდარი.

13

ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გეუბნებიან: კაცისმჭამელი და შენი ხალხის შვილმკვდარმყოფელი ხარო,

14

ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ხალხს შვილმკვდარს აღარ გახდი, ამბობს უფალი ღმერთი.

15

აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, ამბობს უფალი ღმერთი.

16

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

17

ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემს წინაშე.

18

გადმოვანთხიე მათზე ჩემი რისხვა სისხლის გამო, მიწაზე რომ დასთხია, და კერპების გამო, რომლითაც გააუწმიდურა იგი.

19

და გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვაბნიე ქვეყნებში; მათი გზისაებრ და მათ საქმეთაებრ განვსაჯე ისინი.

20

მივიდნენ ხალხთან, სადაც მივიდნენ, და შელახეს ჩემი წმიდა სახელი; თქვეს მათზე: უფლის ხალხია ესენი და თავისი ქვეყნიდან გამოვიდნენო.

21

მაგრამ მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა იმ ხალხში, სადაც მივიდნენ.

22

ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით.

23

წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ.

24

გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.

25

გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.

26

მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.

27

ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.

28

იცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი; იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები.

29

გიხსნით ყველა უწმიდურობისგან, გამოვიხმობ პურს, გავაუხვებ მას და აღარ მოვავლენ თქვენზე შიმშილს.

30

გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რომ აღარ ითმენდეთ სირცხვილს ხალხთა შორის შიმშილის გამო.

31

მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.

32

თქვენი გულისთვის არ აღვიძრები, ამბობს უფაღი ღმერთი; ეს შეიგნეთ! გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო!

33

ასე ამბობს უფალი ღმერთი როცა ჩამოგრეცხავთ ყოველგვარ დანაშაულს, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები,

34

მოიხვნება უკაცრიელი მიწა, უდაბურად რომ უჩნდა ყოველ ჩამვლელს;

35

იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება.

36

მიხვდებიან ხალხები, რომლებიც შემორჩებიან თქვენს გარშემო, რომ მე, უფალმა, ავაშენე დანგრეული და გავაშენე გაუდაბურებული, რადგან მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.

37

ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი.

38

ხომ ბევრია შესაწირავი ცხვარი, იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებზე, ასევე სავსე იქნება ნაოხარი ქალაქები ადამიანთა ფარით და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.

1

და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა ზედა ისრაჱლისათა და არქუ მთათა ისრაჱლისათა: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ,

2

ამათ იტყჳს ადონაი უფალი მის წილ, რომელ თქვა მტერმან თქუენ ზედა: ვაშა, ვაშა, ოჴერ საუკუნე მაღალნი დასაპყრობელად იქმნნეს ჩუენდა.

3

ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ნაცვალად ქმნისა თქუენისა განსაქარვებელად ყოველთა მიერ წარმართთა და ნაცვალად შეურაცხქმნისა თქუენისა ყოველთა მიერ გარემოჲსთა თქუენთა, ქმნად თქუენდა დასაპყრობელად ყოველთაგან ნეშტთა წარმართთა, და აღხუედით სასიტყუელ ენისა ბაგეთა ზედა და საყუედრელად წარმართთა,

4

ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა, და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთა გარემოჲსთა თქუენთა,

5

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისათა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გულით შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ.

6

წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.

7

ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა ზედა, გარემოჲსთა თქუენთა, ამათ შეურაცხებაჲ მათი მიიღონ.

8

ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი გამოსცეთ და ნაყოფი თქუენი ჭამოს ერმან ჩემმან ისრაჱლმან, რამეთუ ესვენ მოსლვად.

9

აჰა, მე თქუენ ზედა და ზედმოვიხილო თქუენ ზედა, და მოიქმნნეთ და დაითესნეთ.

10

და განვამრავლნე თქვენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისა სრულიად და დამკჳდრებულ იქმნენ ქალაქნი და ოჴერქმნილნი აღეშენნენ.

11

და განვამრავლო თქუენზედა კაცნი და საცხოვარნი, და აღორძნდენ და განმრავლდენ და დაგამკჳდრნე თქუენ, ვითარცა დასაბამსა თქუენსა, და კეთილი გიყო თქუენ, ვითარ-იგი წელიწადთა წინაჲსწართა თქუენთა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12

და ვშუნე თქუენ შორის კაცნი ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და დაგიმკჳდრნენ თქუენ და იყუნეთ მათდა დასაპყრობელად, და არღა შესძინოთ მერმე უშვილოებად მათგან.

13

ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მის წილ, რომელ გრქუეს: ქუეყანა შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ და უშვილოქმნილ წარმართთა მიერ იქმენ,

14

ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ და ნათესავი შენი არა უშვილოჰყო მერმე, - იტყჳს ადონაი უფალი,

15

და არა ისმეს არა მერმე თქუენ ზედა შეურაცხებაჲ წარმართთაჲ და ყუედრებანი ერთანი არა თავს-ისხნეთ მერმე, და ნათესავი შენი არა უშვილო იქმნეს მერმე, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

16

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17

ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა ზედა მათსა, და შეაგინეს იგი გზათა მიერ მათთა, და კერპთა მიერ მათთა, და არაწმიდებათა მიერ მათთა არაწმიდებისაებრ დაშტანეულისა, და იქმნა გზაჲ მათი წინაშე პირსა ჩემსა.

18

და განვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა მის წილ, რომელ განჰფინეს სისხლი ქუეყანასა ზედა, და კერპთა მათთა მიერ შეაგინეს იგი.

19

და განვაბნიენ იგინი წარმართთა შორის, და განვფიწლენ იგინი სოფლებთა შორის და გზისაებრ მათისა. და სიმარჯუეთაებრ მათთა ვსაჯენ იგინი.

20

და შევიდეს იგინი წარმართთა მიმართ, რომელთა მიმართ შევიდეს მუნ და მუნ შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ თქმასა შინა მათთჳს, - ერი უფლისაჲ ესენი, და ქუეყანისაგან მისისა გამოვიდეს.

21

და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს, მუნ:

22

ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.

23

წმიდა-ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, - იტყჳს ადონაი უფალი, - განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

24

და მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

25

და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განსწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ.

26

და მიგცე თქუენ გული ახალი და სული ახალი მივსცე თქუენ შორის; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქვენისა და მიგცე თქვენ გული ჴორციელი.

27

და სული ჩემი მივსცე თქვენ შორის და ვყო, რაჲთა სამართალთა შინა ჩემთა ხჳდოდით, და მსჯავრნი ჩემნი დაიცუნეთ და ჰყოფდეთ მათ.

28

და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყუნეთ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

29

და განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა, და მოუწოდო იფქლსა, და განვამრავლო იგი და არა მივსცე თქუენ ზედა სიყმილი.

30

და განვამრავლო ნაყოფი ხისაჲ და ნაშრომნი ველისანი, რაჲთა არა მიიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

31

და აღიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი და სიმარჯუენი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინნეთ წინაშე პირებსა თავთა თქუენთასა უსჯულოებათა თქუენთათჳს და საძაგელებათა თქუენთათჳს.

32

არა თქვენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, - ცნობილ იყავნ თქუენდა, გკდემებოდენ და სირცხჳლეულ იქმნენით გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

33

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა, და დავამკჳდრნე ქალაქნი და აღეშენნენ ოჴერნი.

34

და ქუეყანა უჩინოქმნილი მოიქმნას მის წილ, რამეთუ უჩინოქმნილ იქმნა წინაშე თუალთა ყოვლისა თანწარმავალისათა.

35

და თქუან: ქუეყანაჲ იგი, რომელი იყო უჩინოქმნული, იქმნა ვითარცა სამოთხე შუებისაჲ, და ქალაქნი ოჴერნი უჩინოქმნულნი და დათხრილნი ზღუდეთა შინა განმაგრებულთა, დასხდეს.

36

და ცნან წარმართთა, რაოდენნიცა დაშთენ გარემოსნი. თქუენსა, ვითარმედ მე უფალმან აღვაშენენ დარღუეულნი და დავჰნერგენ უჩინოქმნილნი, მე უფალმან, ვთქუ და ვქმნე.

37

ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაელისაო, ყოფად მათდა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, კაცნი.

38

ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იერუსალიმისანი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748