ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 23

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;

3

გაბოზდნენ ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე ბოზობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი და იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულური ძუძუები.

4

მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.

5

გაბოზდა აჰოლა ჩემს ხელში და გადაეკიდა თავის საყვარლებს, აშურელ მეზობლებს,

6

ძოწეულით შემოსილთ, სარდლებს და მეფისნაცვლებს; ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენოსნები, ცხენებზე ამხედრებულნი.

7

გადაყვა მათთან ბოზობას - ყველანი რჩეული აშურელები იყვნენ - და ყველაფრით, ყველა მათი კერპით, რომელთაც გადაეკიდა, გაიუწმიდურა თავი.

8

არ მიუტოვებია ბოზობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან წვებოდნენ თავის სიყმაწვილეში; მათ დაუჭყლიტეს ქალწულური ძუძუები და გადმოღვარეს მასზე თავიანთი გარყვნილება.

9

ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურელთა ხელში, რომელთაც აეკიდა.

10

მათ გამოუჩინეს სიშიშვლე, წაასხეს მისი ვაჟები და ასულები, თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუვარდა ქალთა შორის, როცა სასჯელი დააკისრეს მას.

11

ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.

12

აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.

13

დავინახე, რომ გაუწმიდურდა, რომ ორთავეს ერთი გზა ჰქონდათ;

14

უმატა თავის ბოზობას: დაინახა კედელზე დახატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, ფერებით დახატული,

15

წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი;

16

ვნებით აინთო მათ მიმართ ერთი თვალის მოკვრით და მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.

17

მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცლისთვის და გააუწმიდურეს ის თავიანთი გარყვნილებით; გაირყვნა მათგან და გული აიყარა მათზე.

18

როცა ახდილად დაიწყო ბოზობა და აიხადა თავისი სიშიშვლე, მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა გული აყრილი.

19

გაახშირა თავისი ბოზობა თავისი სიყმაწვილის გახსენებისას, როცა ეგვიპტის ქვეყანაში ბოზობდა.

20

მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი.

21

ასე გაიხსენე შენი სიყმაწვილის დროინდელი უზნეობა, როცა ეგვიპგელნი ძუძუებს გიჭყლეტდნენ, რადგან ნორჩი მკერდი გქონდა.

22

ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან;

23

ბაბილონელებს, ყველა ქალდეველს, ფეკოდს და შოაყს და კოაყს, ყველა აშურელს მათთან ერთად, ნანატრ ჭაბუკებს, ყველა სარდალს და მეფისნაცავლს, მხედართმთავრებს და წოდებულ ხალხს, ყველა ცხენოსანს.

24

შეგესევიან შუბოსნები, მხედრები, ეტლები უამრავი ხალხით; გარს შემოგადგებიან თოროსანნი ფარ-მუზარადით; სამსჯავროდ მიგცემ მათ წინაშე და თავიანთი სამართლით განგსჯიან.

25

მოვაქცევ თქვენზე ჩემ გულისწყრომას და სასტიკად მოგექცევიან ისინი: ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენები კი მახვილით დაეცემიან; წაასხამენ შენს ვაჟებს და ასულებს, დანარჩენებს კი ცეცხლი შთანთქავთ.

26

შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ.

27

ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ.

28

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.

29

სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა.

30

ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით.

31

შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში.

32

ასე ამბობს უფალი ღმერთი: შესვამ შენი დის თასს, ღრმასა და ფართეს და სასაცილო და სამასხრო გახდები; ბევრს იტევს იგი.

33

სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი.

34

შესვამ მას და ბოლომდე გამოწრუპავ, კიდეებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.

35

ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი დამივიწყე და ზურგს უკან მომისროლე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილების და ბოზობის სასჯელი.

36

მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი,

37

რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.

38

კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.

39

დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში.

40

შორიდან მომსვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; როცა მოციქული იგზავნებოდა მათთან; აჰა, მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკულებით იმკობოდი;

41

დიდებულ საწოლზე ჯდებოდი, რომლის წინ გარიგებული ტაბლა იყო და ზედ ჩემს საკმეველს და ზეთს აწყობდი.

42

უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ახურავდნენ.

43

ვთქვი ბოზობაში დაბერებულზე: ახლაც ბოზობენ-მეთქი მასთან? ახლაც?

44

და მივიდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან მიდიან; ასე მივიდნენ აჰოლასთან და აჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.

45

მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე.

46

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.

47

ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.

48

ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში.

49

თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2

ძეო კაცისაო, ორნი დედანი იყვნეს, ასულნი დედისა ერთისანი;

3

და განმეძვნეს ეგჳპტეს შინა, სიჭაბუკესა მათსა შინა განმეძვნეს, მუნ დაითხინეს ძუძუნი მათნი და მუნ გარდაიქალწულეს.

4

ხოლო სახელნი მათნი ოოლა-უხუცესი, და ოოლიბა - დაჲ მისი უმრწემესი, და იქმნნეს ჩემდად და შუნეს ძენი და ასულნი და სახელნი მათნი: სამარიაჲ - იოოლა, და იერუსალჱმი იოოლიბა.

5

და განმეძვნა იოოლა ჩემგან და მიიქცა ტრფიალთა მიმართ თჳსთა, ასსურასტნელთა მიმართ, მახლობელთა მისთა,

6

შემოსილთა იაკინთოვნებითა წინამძღუართა და ლაშქრისმძღუანთა, ჭაბუკნი გამორჩეულნი, ყოველნი ცხენებითა აღცხენოსნებულნი ცხენთა ზედა.

7

და მისცა სიძვაჲ თჳსი მათდამი გამორჩეულთა მიმართ ძეთა ასურასტანელთასა, ყოველთა და ყოველთა, რომელთა მიმართ თვალ-აგნა, ყოვლითა, გულისზრახვითა მისითა შეიგინებოდა.

8

და სიძვაჲ მისი ვგჳპტითგანი არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა შინა მისსა, და მათ გარდააქალწულეს იგი და გარდაჰფინეს სიძვაჲ მათი მის ზედა.

9

ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელებსა ძეთა ასსურასტანელთასა, რომელთა მიმართ თუალ-აგნა.

10

მათ გამოაცხადეს სირცხჳლი მისი, ძენი და ასულნი მისნი მიიხუნეს, და იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა სასიტყუელ დედათა შორის და შურისგებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ.

11

და იხილა დამან მისმან, ოოლიბა, და განხრწნა მან ზედდართვაჲ თჳსი უფროს მისსა, და სიძვაჲ მისი უფროს სიძვისა დისა მისისასა.

12

განამრავლა ძეთა მიმართ ასურასტანელთასა, ზედდაერთო წინამძღუართა და ლაშქრიმძღუართა მოახლეთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, ცხენებით აღცხენოსნებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკთა გამორჩეულთა ყოველთა.

13

და ვიხილე მე, ვითარმედ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი არს ორთაჲვე.

14

და შესძინა სიძვასა მისსა ზედა, და იხილნა კაცნი, გამოხატულნი ზღუდესა ზედა, ხატნი ქალდეველთანი. გამოხატულნი დაწერით,

15

მორტყმულნი ჭრელებითა წელთა ზედა მათთა და ტიარები ღებულები თავთა ზედა მათთა, შესახედავად სამთხზული ყოველთაჲ მსგავსად ძეთა ბაბილოვნელთაჲსა, ქალდეველთა ქუეყანისა, მამულისა მათისა.

16

და ზედდაჰრთო მათ ზედა მიხედვაჲ თუალთა მისთაჲ და მიავლინნა ქადაგნი მათდა მიმართ ქალდეად.

17

და მოვიდეს მისდამი ძენი ბაბილოვნელთანი საწოლად მედგურთა და, შეაგინებდეს მას სიძვისა მიერ მისისა. და შეიბილწა მათ თანა, და განდგა სული მისი მათგან,

18

და გამოაცხადა სიძვაჲ მისი, და გამოაცხადა უშუერებაჲ მისი და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარსახედ განეშორა დისაგან მისისა.

19

და განმრავლდა სიძვაჲ შენი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა შინა სიძევდ ეგჳპტეს შინა.

20

და ზედდაერთე ქალდეველთა მიმართ, რომელთა ჴორცნი იყვნეს, ვითარცა ვირთა ჴორცნი, და ქუქუნი ცხენთანი - ქუქუნი მათნი.

21

და მიჰხედე უსჯულოებათა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა იქმოდე ეგჳპტეს შინა, სადგურსა შორის შენსა, სადა ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაცჳვეს.

22

ამისთჳს, ოოლიბა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე აღვადგინნე ტრფიალნი შენნი შენ ზედა, რომელთაგან განდგა სული შენი მათგან და მოვხადნე შენ ზედა გარემოს.

23

ძენი ბაბილოვნისანი და ყოველნი ქალდეველნი ფაკუთ, და სუდ, და კუდ, და ყოველნი ძენი ასსურასტანელთანი მათ თანა, ჭაბუკნი რჩეულნი, წინამძღუარნი და ლაშქრისმძღუარნი, ყოველნი მსამობნი სამწილნი და სახელოვანნი ცხენოსანნი, ცხენთა ზედა.

24

და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ჩრდილოჲთ ჯაჭუ-ჭურთა თანა და საჭურველთა და ეტლისთუალთა და სიმრავლეთა ერთასა, და ფარები, და ჩელთები და ჩაფხუტები გარემოიდვან შენ ზედა; და მოგადგან შენ ზედა მცველი გარემო და მივსცე წინაშე პირსა მათსა მშჯავრი და შური იძიონ შენგან მშჯავრთა მიერ მათთა.

25

და მივსცე შური ჩემი შენ ზედა და ჰყოფდენ შენ თანა რისხვითა გულისწყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მიგიხუნენ, დაშთომილნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, თჳთ იგი ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ და ნეშტნი შენნი ცეცხლმან შეჭამნეს.

26

და განგძარცონ შესამოსელი შენი და წარიხუნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი;

27

და მივაქცინე უთნოობანი შენნი შენგან და სიძვაჲ შენი ქუეყანისა ეგჳპტისაგან, და არა აღიხუნე თუალნი შენნი მათდამი, და ეგჳპტისაჲ არღა მოიჴსენო მერმე

28

მით, რამვთუ, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე განგცემ შენ ჴელებსა, რომელნი გძულან რომელთაგან განდგა სული შენი მათგან.

29

და ყონ შენ თანა სიძულილით და მიიხუნენ ყოველნი ნაშრომნი შენნი და ნარუდუნებნი შენნი, და იყო შიშუელი და უშუერი, და გამოცხადნეს სირცხჳლი სიძვისა შენისა და უთნოობისა შენისაჲ; სიძვამან შენმან

30

გიყვნა შენ ესენი განმეძვებითა უკუანაგან წარმართთასა, და შეიგინებოდე გულისზრახვათა შინა მათთა.

31

გზასა ზედა დისა შენისა ჰვლე; და მიგცე სასუმელი მისი ჴელთა შენთა.

32

ამათ იტყჳს უფალი უფალი: სასუმელი დისა შენისაჲ სუ, ღრმაჲ და ვრცელად იყოს სიცილად და საბასრობელად, გარდარეულად აღსრულებად სიმთრვალისა.

33

და დაჴსნილობითა აღივსო სასუმელი უჩინოობისა და უჩინოქმნისაჲ, სასუმელი დისა შენისა სამარიაჲსაჲ.

34

და შეჰსუა იგი და გამოსწრიდო, და კეცისჭურნი მისნი დაჰმუსრნე და ძუძუნი შენნი მოშჭრნე და დღესასწაულნი და ახალთთუენი შენნი გარემივაქცინე, მით, რამეთუ მე ვიტყოდე, - იტყჳს ადონაი უფალი.

35

ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მათ წილ, რომელ დამივიწყე მე და განმაგდე მე უკანა სხეულისა შენისა, შენცა მიიღე უთნოობა შენი და სიძვა შენი.

36

და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ შჯი ოოლას და ოოლიბას და მიუთხრობ მათ უსჯულოებათა მათთა,

37

რამეთუ იმრუშებდეს და სისხლი ჴელთა შინა მათთა და იმრუშებდეს და შვილნი მათნი, რომელნი მიშვნეს მე, განავლნეს მათ იგინი ცეცხლისა შორის.

38

ვიდრემდის ესენიცა მიყვნეს მე, შეაგინებდეს წმიდათა ჩემთა მას დღესა შინა და შაბათთა ჩემთა შეამწიკულებდეს

39

და დაკლვისა მიერცა მათგან შვილთა მათთაჲსა კერპთა მათთათჳს და შესლვითა მათითა წმიდათა მიმართ ჩემთა მას დღესა შინა შეაგინებდეს მათ, და, აჰა, ესრეთ ჰყოფდეს შორის სახლისა ჩემისა!

40

და მიუმცნებდეს კაცთა, მომავალთა შორით, რომელთა მოციქულთა მიავლინებდეს მათდამი, და მყის მოსლვასა მათსა მეყსეულად იბანებოდე, და იგრემლებდ თუალთა შენთა, და იმკვებოდე სამკაულითა.

41

და დაშჯედ ცხედარსა ზედა გარდაგებულსა, და ტაბლაჲ შემკული წინაშე შენსა და საკუმეველი ჩემი და ზეთი ჩემი დასდევ წინაშე მათსა და იშუებდეს მათ მიერ.

42

და ჴმითა შენაწევრებისაჲთა უცემდეს კაცთა მიერ სიმრავლისაგან კაცთა, მოსრულთა შვერთებულთაჲსა უდაბნოჲთ, და მისცემდეს სავლტესა ჴელთა მიმართ მათთა და გჳრგჳნსა სიქადულისასა თავთა ზედა მათთა.

43

და ვთქუ: არა ამათ შინა იმრუშებენ, და საქმეებ მეძვის ესენი, და იგი განმეძვნა?

44

და იგინი შევიდოდეს მისსა, ვითარსახედ შევლენ დედაკაცისა მიმართ მეძვისა, ეგრეთ შევიდოდეს ოოლაჲს მიმართ და ოოლიბაჲსა, დედათა მათ უსჯულოთა, ქმნად უსჯულოებისა.

45

და კაცთა ამათ მართალთა შური მიჰჴადონ მათ შურის-გებითა მემრუშეთაჲთა და მსჯავრითა დამთხეველთა სისხლისათაჲთა, რამეთუ მემრუშე არიან, და სისხლი ჴელთა შინა მათთა:

46

რამეთუ ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: არამედ მოიყვანე მათ ზედა ერი და მიეც მათ ზედა შფოთი და დატაცებაჲ.

47

და ქვაჲ დაჰკრიბონ ქვებითა საჭურველთაჲთა და დაწერტნენ იგინი მახჳლთა მიერ მათთა. ძენი მათნი და ასულნი მათნი მოსრნენ, და სახლნი მათნი დაწუნენ ცეცხლითა.

48

და მოვაქციო უთნოობაჲ ქუეყანისაგან, და განისწავლნენ ყოველნი დედანი და არა ჰყოფდენ უთნოობათაებრ მათთა.

49

და მოგცეს უთნოობაჲ თქუენი თქუენ ზედა, და ცოდვანი გულისზრახვათა თქუენთანი მიიხუნეთ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ ადონაჲ უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748