ლოცვანი
აპლიკაცია

ეზეკიელ წინასწარმეტყველი, თავი 16

1

იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2

ადამის ძევ! გააგებინე იერუსალიმს მისი სისაძაგლეები

3

და უთხარი, ასე ეუბნება-თქო უფალი ღმერთი იერუსალიმს: შენი დასაბამი და შენი სამშობლო ქანაანის ქვეყანაშია, მამაშენი ამორეველია, დედაშენი - ხეთელი.

4

შენი დაბადებისას, იმ დღეს, როცა დაიბადე, ჭიპლარი არ მოუჭრიათ შენთვის და წყალში არ განბანილხარ, რომ განწმედილიყავი, მარილით არ გახეხილხართ და ჩვრებში არ გახვეულხარ.

5

არავინ მოგხედა რომ ამ საქმეთაგან ერთი მაინც გაეკეთებინოს შენთვის სამადლოდ; ტრამალზე ეგდე შენი დაბადების დღეს, რადგან საძულველი იყავი.

6

ჩაგიარე და დაგინახე შენსავე სისხლში ამოთხვრილი, გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი! გითხარი: შენს სისხლში იცოცხლე-მეთქი!

7

მინდვრის მცენარესავით მოგამრავლე; გაიზარდე და გამაღლდი, მშვენებათა მშვენებაში შეხვედი, მკერდი დაგაჩნდა და თმა მოგეზარდა, მაგრამ შიშველ-ტიტველი იყავი.

8

ჩაგიარე და დაგინახე, აჰა, სიყვარულის ასაკი დაგდგომოდა; გადმოგიშალე კალთა და სიშიშვლე დაგიფარე; შემოგფიცე და აღთქმა დაგიდევი, ამბობს უფალი ღმერთი, და ჩემი გახდი.

9

წყალში გაგბანე, სისხლი ჩამოგწმინდე და ზეთი გცხე.

10

მოქარგულით შეგმოსე და თახაშის ტყავის ხამლები ჩაგაცვი, ზეზის სარტყელი შემოგარტყი და აბრეშუმი მოგახურე.

11

სამკაულებით მოგრთე, ხელზე სამაჯურები და ყელზე შიბები შეგაბი.

12

ცხვირზე ბეჭედი და ყურებზე საყურეები გაგიკეთე, მშვენების გვირგვინი დაგადგი თავზე.

13

ოქროთი და ვერცხლით იყავი მორთული; ზეზი, აბრეშუმი და ნაქარგი სამოსელი გეცვა; გამტკიცული ფქვილი, თაფლი და ზეთი გქონდა საზრდოდ; გამშვენდი, დიდად გამშვენდი და სადედოფლო შეიქენი.

14

გავარდა შენი სილამაზის სახელი ხალხებში, რადგან სრულქმნილი ჩანდი ჩემი დიდების გამო, რომლითაც შეგმოსე, ამბობს უფალი ღმერთი.

15

დაენდე შენს სილამაზეს და გაგაბოზა შენმა სახელმა, გაუფინე შენი ბოზობა ყოველ გამვლელს, ყველასი გახდი.

16

აიღე შენს სამოსელთაგან და შეამკე საკერპო, და მათზე დაიწყე ბოზობა, როგორც არ მომხდარა და არც მოხდება.

17

აიღე შენი სამკაულები ჩემი ოქრო-ვერცხლისგან, რომლებიც მე მოგეცი, გაიკეთე მამაკაცის გამოსახულება და ბოზობდი მასთან.

18

აიღე შენი მოქარგული სამოსელი და მათ გადააფარე, და ჩემი ზეთი და საკმეველი წინ დაუწყვე.

19

ჩემი პური, მე რომ მოგეცი, წმიდა ფქვილი, ზეთი და თაფლი, რომლითაც გამოგზარდე, მათ მიართვი ამოსაყნოსელად, ამბობს უფალი ღმერთი.

20

წაიყვანე შენი ვაჟები და ასულები, რომლებიც შეგძინე მე, და მათ დაუკალი შესაჭმელად. ვითომ შენი ბოზობა არ კმაროდა!

21

შენ დახოცე ჩემი ვაჟები და მათ მიეცი ცეცხლში გასატარებლად.

22

ამ შენს გარყვნილებაში და ბოზობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როცა შიშველ-ტიტველი იყავი და საკუთარ სისხლში ითხვრებოდი.

23

ყველა ამ ბოროტების შემდეგ იყო - ვაი, ვაი შენდა! ამბობს უფალი, ღმერთი,

24

რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე.

25

ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა.

26

შენ ბოზობდი ეგვიპტელებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და უზომო ბოზობით მაჯავრებდი.

27

აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.

28

აშურელებთანაც ბოზობდი შენი გაუმაძღრობის გამო, ბოზობდი მათთანაც და ვერ ძღებოდი.

29

ამრავლე შენი ბოზობა ქანაანის ქვეყნიდან ქალდეამდე და ამითაც კი ვერ გაძეხი.

30

როგორ შეგიღონდებოდა გული, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ყოველივე ამას სჩადიოდი, თავგასული მეძავი ქალის საქმეს!

31

როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,

32

არამედ გარყვნილ დიაცს, ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ ეძლევა.

33

ყველა ბოზ ქალს საჩუქრებს აძლევენ, შენ კი თავად ასაჩუქრებ შენს საყვარლებს და იქრთამავ მათ შენთან-მოსასვლელად ყოველი მხრიდან საბოზაოდ.

34

შენ გამოირჩეოდი სხვა ქალებში შენი ბოზობით: შენ კი არ გდევდნენ საბოზაოდ, თავად შენ აძლევდი საჩუქრებს, შენ კი არ გაძლევდნენ. ასეთი გამორჩეული იყავი.

35

ამიტომ ისმინე, ბოზო დიაცო, უფლის სიტყვა,

36

ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ გადმოღვრილია შენი ქვაბი და გამოჩნდა შენი სიშიშვლე შენს საყვარლებთან და ყველა შენს საძაგელ კერპთან ბოზობაში, და შენი შვილების სისხლის გამო, რომელთაც მათ აძლევდი,

37

აჰა, შევკრებ ყველა შენს საყვარელს, რომლებთანაც ტკბებოდი, და ყველას, ვინც გიყვარდა და ყველას, ვინც გძულდა; შემოგიკრებ მათ ყოველი მხრიდან - ვუჩვენებ მათ შენს სიშიშვლეს და დაინახავენ ისინი მთელს შენს სიშიშვლეს.

38

დაგსჯი გარყვნილი და სისხლისმღვრელი დიაცების სასჯელით და მიგცემ სისხლს, რისხვასა და შურისგებას.

39

მიგცემ მათ ხელს და დაანგრევენ შენს სამეძაოებს და დააქცევენ შენს სათაყვანო გორაკებს, შემოგძარცვავენ შესამოსელს, აგართმევენ სამკაულებს და შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ.

40

მოგისევენ ბრბოს, რომ ქვებით ჩაგქოლონ და თავიანთი მახვილებით აგკუწონ.

41

ცეცხლში დაგიწვავენ სახლებს და გაგასამართლებენ ბევრი დიაცის თვალწინ; შეგაწყვეტინებ ბოზობას და აღარ მოჰყვები საჩუქრების დარიგებას.

42

როგორ დავიცხრო შენზე რისხვა და როგორ ჩამიქრეს შური შენდამი? როგორ დავმშვიდდე, რომ აღარაფერი მაწუხებდეს?

43

რაკი აღარ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და განმარისხე ყველა ამეებით, ძეც, აჰა, შენს თავზე მოვაქცევ შენს საქმეებს, ამბობს უფალი ღმერთი, და აღარ ჩაიდენ ამ გარყვნილებას ყველა შენს სისაძაგლესთან ერთად.

44

აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.

45

დედაშენის შვილი ხარ შენ, ქმარ-შვილის მოძულე დიაცის; და ხარ შენი დებისა, რომელთაც მოიძულეს თავიანთი ქმრები და შვილები; დედათქვენი - ხეთელია, მამათქვენი - ამორეველი.

46

შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენს მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.

47

მათი გზით არ გივლია და მათი სისაძაგლეები არ ჩაგიდენია, რადგან გეცოტავებოდა, და მათზე უარესად გაირყვენი ყველა შენს საქმეში.

48

ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სოდომს, შენს დას, და მის ასულებს არ ჩაუდენიათ ის, რაც შენ და შენმა ასულებმა ჩაიდინეთ!

49

აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.

50

გამედიდურდნენ და სისაძაგლის კეთება დაიწყეს ჩემს წინაშე და მეც მოვიცილე ისინი, როცა დავინახე.

51

სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინა შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.

52

შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების მკიცხველო, შენი ცოდვების გამო, რამაც მათზე უფრო საძაგელი გაგხადა; შენზე უფრო მართლები არიან ისინი, შენ კი გრცხვენოდეს და იტვირთე შენი სირცხვილი, რომ გაამართლო შენი დები.

53

მე დავაბრუნებ მათ ტყვეებს, სოდომისა და მისი ასულების ტყვეებს, სამარიისა და მისი ასულების ტყვეებს და შენს ტყვეებსაც მათ შორის,

54

რათა იტვირთო შენი სირცხვილი ყველაფრის გამო, რაც ჩაგიდენია, როცა მათი ნუგეში იყავი.

55

შენი დები - სოდომი და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; სამარია და მისი ასულები წინანდელს დაუბრუნდებიან; შენც და შენი ასულებიც წინანდელს დაუბრუნდებით.

56

განა შენს ყბაში არ იყო ჩავარდნილი შენი და - სოდომი შენი ამპარტავნობის დროს,

57

ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან.

58

შენვე იტვირთე შენი სიგლახე და შენი სისაძაგლეები, ამბობს უფალი.

59

რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როცა შეიძულე ფიცი და გატეხე აღთქმა.

60

მაინც გავიხსენებ ჩემს აღთქმას, შენი სიყმაწვილის დღეებში რომ დაგიდევი, აღგიდგენ საუკუნო აღთქმას.

61

გავიხსენებ შენს საქციელს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს და უმცროს დებს მიიღებ; ასულებად მოგცემ მათ, მაგრამ არა შენი აღთქმის საზღაურად.

62

აღგიდგენ ჩემს აღთქმას და მიხვდები, რომ უფალი ვარ.

63

რათა გახსოვდეს და გრცხვენოდეს, ვეღარ გააღო პირი სირცხვილისგან, როცა ყველაფერს გაპატიებ, რაც ჩაიდინე, ამბობს უფალი.

1

და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2

ძეო კაცისაო, უწამენ იერუსალჱმსა უსჯულოებანი მისნი.

3

და სთქუა: ამათ ეტყჳს ადონაი უფალი იერუსალჱმსა: ძირი შენი და შობა შენი ქვეყანისაგან ქანაანისსა, მამაჲ შენი ამორეველი და დედაჲ შენი ქეტტელა.

4

და შობა შენი, რომელსა დღესა იშევ, არა შეიკრნეს ძუძუნი შენნი, უპე შენი არა მეტკუეთილ-ყვეს. და წყლითა არა განიბანე საცხოვნებელად, არცა მარილითა შეიმარილე და სახუევლებითა არ შეიხჳე.

5

არცა ჰრიდა შენ ზედა თუალმან ჩემმან ყოფად შენდა ერთიცა ამათ ყოველთაგანი, ვნებად რაჲმე შენ ზედა; და განიგდე პირსა ზედა ველისასა გულარძნილებითა სულისა შენისაჲთა, რომელსა დღესა იშევ.

6

და განვვლე შენ ზედა და გიხილე შენ შებღალული სისხლისა მიერ შენისა და გარქუ შენ: სისხლისაგან შენისა ცხორებაჲ; და გარქუ შენ: სისხლისა თანა შენისა სცხონდე. განმრავლდი უბრალოდ,

7

ვითარცა აღმოსავალი აგარაკისაჲ, მიგეც შენ და განჰმრავლდი და განსდიდენ და შეხუედ ქალაქებთა ქალაქთასა; ძუძუნი შენნი აღემართნეს და თმაჲ შენი აღმოჰჴდა, ხოლო შენ იყავ შიშუელ და უშუერქმნილ.

8

და განვლე შენ მიერ და გიხილე შენ; და, აჰა, ჟამი შენი და ჟამი დამარღუეველთაჲ; და განვიფრთენ ფრთენი ჩემნი შენ ზედა და დავბურე უშუერებაჲ შენი, და გეფუცე შენ და შემოვედ აღთქმისა მიერ შენ თანა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და იქმენ ჩემდად.

9

და განგბანე შენ წყლითა და წარგრეცხე სისხლი შენი შენგან და გცხე შენ ზეთითა.

10

და შეგმოსე შენ ჭრელებნი და შეგასხ შენ ჳაკინთი და მოგარტყ შენ ბისონი და გარემოგასხ შენ ტრიხაპტონი.

11

და შეგამკვე შენ სამკაულითა და შეგასხენ სავლტენი გარე ჴელთა შენთა და მანიაკი გარემოჲს ქედისა შენისა.

12

და მივეც საყური გარემოჲს სასმენელ ყურისა შენისა და გრკალნი ყურთა ზედა შენთა და გჳრგჳნი სიქადულისა თავსა ზედა შენსა.

13

და შეიმკვე ოქროჲთა და ვერცხლითა, და იქმნეს გარემოსასხმელნი შენნი ბისონისანი და ტრიხაპტანი და ჭრელნი ჭიჭნაუხტითა შეგასხენ; და მიგეც საჭმლად შენდა სემიდალი და თაფლი და ზეთი, შეჭამე და იქმენ შუენიერ ფრიად ფრიად და წარემართე მეფობად.

14

და განჴდა სახელი შენი წარმართთა შორის სიკეთისათჳს შენისა მით, რამეთუ განსრულებულ იყავ შუენიერებასა შინა, ქმნულკეთილობასა შინა, რომელი დავაწესე შენ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი.

15

და მოსავ იქმენ სიკეთესა ზედა შენსა და ისიძვე სახელითა შენითა და განჰფინე სიძვაჲ შენი ყოველსა ზედა თანწარმავალსა; მისსა იქმნა, რომლისა არა იყო.

16

და მოიღე სამოსელთაგან შენთა და უქმენ იგი კერპთა კერულებად და განჰმეძვენ მათ ზედა და არა შეხჳდე, რომელნი არა იყვნენ, არცა არა იქმნეს.

17

და მოიხუენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი ოქროჲსაგან ჩემისა და ვერცხლისაგან ჩემისა, რომელნი მიგცენ შენ, და უქმნენ თავსა შენსა ხატნი წულებრნი და განჰმეძვენ მათდამი.

18

და მოიღე შესამოსელი შენი ჭრელი და გარეშეჰმოსე მათ და ზეთი ჩემი და საკმეველი ჩემი დასდევ წინაშე პირსა მათსა;

19

და პურნი ჩემნი, რომელნი მიგცენ შენ, სემიდალი და ზეთი და თაფლი გასაზრდელე შენ, და დასხენ იგინი წინაშე პირსა მათსა საყნოსად სულნელებისად.

20

და იქმნა შემდგომად ამათსა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიყვანენ ძენი შენნი და ასულნი შენნი, რომელნი მიშვენ მე, და უზორენ მათ განსალევნელად, ვითარცა მცირედ განჰმეძვენ.

21

და დასწყჳდენ შვილნი შენნი და მისცენ მათ გარეშესაჴდელად იგინი მათდად.

22

ესე უფროს ყოვლისა სიძვისა შენისა და საძაგელებათა შენთა; და არ მოიჴსენე დღისა სიჩჩოებისა შენისაჲ, ოდეს იყავ შიშუელ და უშუერ და შებბღალულ სისხლითა შენითა და სცხოვნდი.

23

და იყოს შემდგომად ყოველთა უკეთურებათა შენთა, ვაჲ ვაჲ შენდა, - იტყჳს ადონაი უფალი,

24

და უშენე თავსა შენსა საყუდელი სამეძვოჲ. და უქმენ თავსა შენსა გამონადები ყოველსა ზედა უბანსა.

25

და დასაბამსა ზედა ყოვლისა ბზისასა აღაშენენ სიძვანი შენნი, და განჰრყუენ სიკეთე შენი და განუმარტენ წჳვნი შენნი ყოველსა წარმვლელსა გზისასა და განამრავლენ სიძვანი შენნი.

26

და ისიძვე ძეთა მიმართ ეგჳპტისათა, მოზღვრეთა შენთა, ჴორცდიდთა, და მრავალგზის ისიძვე განსარისხებელად ჩემდა.

27

და უკუეთუ განვირთხა ჴელი ჩემი შენ ზედა და აღვიხუნე უსჯულოებანი შენნი და განგცნე შენ ჴელებსა მოძულეთა შენთასა, ასულთა უცხოთესლთასა, განმდრეკელთა შენთასა გზისაგან შენისა,

28

უთნო იქმენ და განჰმეძვენ ძეთა მიმართ ასსურისათა და არცა ეგრეთ განსძეღ, და განჰმეძვენ და არა აღივსე.

29

და განამრავლენ სიძვანი შენნი ქუეყანისა მიმართ ქანანისსა და ქალდეველთა მიმართ და არცა ამათგან აღივსე.

30

რაჲთა განვწმიდო გული შენი, - იტყჳს ღმერთი უფალი, - ქმნასა შინა შენგან ამათ ყოველთა საქმეთა დედაკაცისა მეძვისა განკადნიერებულისათა, და განჰმეძვენ სამ წილ ასულთა შორის შენთა?

31

აღაშენე რაჲ სასიძველი შენი დასაბამსა ყოვლისა გზისასა და განმონადები შენი ჰყავ ყოველსა ზედა უბანსა, და არა იქმენ, ვითარცა მეძავი შემკრებელი სასყიდელთა,

32

ანუ დედაკაცი მემრუშე ქმარსა ქუეშე თჳსსა უცხოთა მიმართ, მსგავსი შენი, ქმრისაგან თჳსისა მიმღებელი სასყიდელთაჲ,

33

და ყოველთა მეძავქმნილთაჲ მის თანა მიმცემელი სასყიდელთაჲ: ხოლო შენ მისცენ სასყიდელნი ყოველთა ტრფიალთა შენთა და აღსტჳრთევდ მათ მოსლვად შენდამი გარემოჲს სიძვითა შენითა.

34

და იქმნა შენ შორის განდრეკილება უფროს დედათასა სიძვასა ზედა შენსა და შენ თანა არა ისიძვეს, მი-რაჲ-სცემდ შენ სასყიდელთა, და შენ სასყიდელნი არა მოგეცნეს და იქმნა შენ შორის განდრეკაჲ.

35

ამისთჳს, მეძავო, ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ!

36

ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მის წილ, რომელ მიჰფენ რვალსა შენსა და გამოცხადნეს სირცხჳლი შენი ტრფიალთა მიმართ შენთა და ყოველთა მიმართ გულისზრახვათა უსჯულოებათა შენთასა და შორის სისხლებისა შვილთა შენთაჲსა, რომელნი მისცენ მათ,

37

ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა შევკრიბნე ყოველნი ტრფიალნი შენნი, რომელთა შორის აღერიე მათ შორის, და ყოველნი, რომელნი შეიყუარენ, ყოველთა თანა, რომელთა სძულობდ; და შევკრიბნე იგინი შენ ზედა გარემოჲს, და გამოვაცხადნე სიბოროტენი შენნი მათდამი, და იხილონ ყოველი სირცხჳლი შენი.

38

და შურ-ვიგო შენგან შურის-გებაჲ მემრუშისაჲ და გარდაცემულისაჲ სისხლითა და დაგდვა შენ სისხლითა გულისწყრომისა ჩემისა და შურისაჲთა.

39

და მიგცე შენ ჴელთა მათთა და დაარღჳონ სიძვაჲ შენი და დაამჴუან ხარისხი შენი; და განგძარცუნენ შენ სამოსელნი შენნი და დაუტევნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი და დაგიტეონ შენ შიშუელი და უშუერი.

40

და მოიყვანნენ შენ ზედა ერნი და დაგაქვაონ შენ ქვებითა და მოგასრულონ შენ მახჳლებითა მათითა.

41

და დაწუნენ სახლნი შენნი ცეცხლითა და ყონ შენ შორის შურისძიებაჲ წინაშე დედათა მრავალთასა; და მოგაქციო შენ სიძვისაგან და სასყიდელნი არ მისცნე არღა მერმე.

42

და მოვავლინო გულისწყრომაჲ ჩემი შენ ზედა და აღებულ იქმნეს შური ჩემი შენგან, და განვისუენო და არღა ვზრუნვიდე მერმე.

43

მათ წილ, რომელ არ მოიჴსენე დღე სიჩჩოჲსა შენისაჲ და მაწუხებდ მე ამათ ყოველთა მიერ. და, აჰა, მე გზანი შენნი თავსა ზედა შენსა მივსცენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - და ეგრეთცა არა ვიყავ ყოვლისაებრ უთნოობისა შენისა ყოველთა ზედა უსჯულოებათა შენთა.

44

ესე ყოველნი იყვნენ, რაოდენნი თქუნეს ძჳნად შენდა იგავისა მიერ მეტყუელთა, ვითარცა დედა მისი, ეგრეთცა ასული მისი.

45

ასული დედისა შენისაჲ შენ ხარ, განმშორებელი ქმრისა თჳსისაჲ და შვილთა თჳსთაჲ, და დაჲ დათა შენთაჲ, რომელთა განიშორნეს ქმარნი მათნი და შვილნი მათნი, დედაჲ თქუენი ქეტტელა და მამა თქვენი - ამორეველი.

46

დაჲ თქვენი უხუცესი - სამარიაჲ, იგი, ასულნი მისნი, დამკჳდრებულნი მარცხენით შენსა; და დაჲ შენი უმრწემესი შენი, დამკჳდრებული მარჯუენით შენსა - სოდომაჲ, და ასულნი მისნი.

47

და არცა ვითარ გზათა მათთა ზედა ხჳდოდე, არცა უსჯულოებათა მათთაებრ ჰყავ მცირედ, აღემატე მათ ყოველთა შინა გზათა შენთა.

48

ცხოველ ვარ მე, - ადონაი იტყჳს უფალი, - უკუეთუ ყო სოდომამან, დამან შენმან მან, და ასულთა მისთა, ვითარსახედ ჰყავ შენ და ასულთა შენთა.

49

გარნა ესე უსჯულოებაჲ სოდომისა, დისა შენისა, ამპარტავანებაჲ და სისავსითა პურისაჲთა და იეფობითა ნუკვეულობდა იგი და ასულნი მისნი. ესე იყო მის შორის და ასულთა მისთა და ჴელსა გლახაკისა და დავრდომილისასა არა უპყრობდეს,

50

და დიდმოქადულობდეს და ყვნეს უსჯულოებანი წინაშე ჩემსა და აღვიხუენ იგინი, ვითარცა იხილე.

51

და სამარიამან ნახევართაებრ ცოდვათა შენთასა არ ცოდა; და განამრავლენ უსჯულოებანი შენნი უფროს მათსა და განამრავლენ დანი შენნი ყოველთა მიერ ცოდვათა შენთა და ყოველთა მიერ უსჯულოებათა შენთა, რომელნი ჰქმნენ.

52

და შენ მოიღე ტანჯვაჲ შენი გარდარეული, რომლითა განხრწნენ დანი შენნი ცოდვათა შინა შენთა, რომელნი იუსჯულოენ უფროს მათსა და განამართლენ იგინი უფროჲს თავისა შენისა, შენ შეირცხჳნე და მიიღე უპატიოება შენი განმართლებითა შენგან დათა შენთაჲთა.

53

და გარემივაქცინე გარემიქცევანი მათნი, გარემიქცევაჲ სოდომისაჲ და ასულთა მისთაჲ, და გარემივაქციო გარემიქცევაჲ სამარიისაჲ და ასულთა მისთაჲ და გარემივაქციო გარემიქცევაჲ შენი შორის მათსა,

54

რათა მიიღო ტანჯვაჲ შენი და უპატიო იქმნე ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ შენ მიერ განრისხებითა ჩემითა.

55

და დაჲ შენი სოდომაჲ და ასულნი მისნი კუალადეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან. და სამარიაჲ და ასულნი მისნი კუალად მოეგნენ, ვითარცა იყვნეს დასაბამითგან; და შენ და ასულნი შენნი კუალად ეგნეთ, ვითარცა იყვენით დასაბამითგან.

56

და არა თუმცა იყო სოდომაჲ, დაჲ შენი, სასმენელად პირსა შინა შენსა დღეთა შინა ამპარტავანებისა შენისათა.

57

პირველ გამოჩინებისა უკეთურებისა შენისა, ვითარსახედ საყუედრელ ხარ აწ ასულთა ასურეთისათა და ყოველთა გარემოსთა მისთა და ასულებისა უცხოთა მათთაჲსა, რომელ არიან გარემოს შენსა?

58

და უთნოობანი შენნი და უსჯულოებანი შენნი, შენ მოიხუენ ესენი, - იტყჳს უფალი.

59

ამათ იტყჳს ადნაი უფალი: და ვყო შენ შორის, ვითარცა ჰყავ, ვითარცა უპატივო-ჰყავ წყევაჲ ესე გარდასლვად მცნებისა ჩემისა.

60

და მოვიჴსენო მე აღთქმისა ჩემისა შენდა მიმართისაჲ დღესა შინა სიჩჩოჲსა შენისასა და აღგიდგინო შენ აღთქმა ჩემი აღთქმად საუკუნოდ.

61

და მოიჴსენნე გზანი შენნი და უპატივო იქმნე მოხუმასა შენგან დათა შენთა, უხუცესთა შენთასა, უმრწემესთა თანა შენთა, და მიგცნე იგინი შენ გამოსაცდელად და არა აღთქმად შენდა.

62

და აღვადგინო მე აღთქმაჲ ჩემი შენ თანა და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი,

63

რაჲთა მოიჴსენო და გრცხუენოდის, და არა იყოს შენდა მერმე აღებად პირისა პირისაგან უპატიოვებისა შენისა ლხინებასა შენსა ჩემგან ყოველთაგან, რომელნი ჰყვენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536373839404142434445464748