რიცხვნი, თავი 6
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ კაცმა ან ქალმა აღთქმა დადო, რომ უფლის მოწმიდარი გახდება,
ღვინისგან და სასმელისგან უნდა იწმიდოს, არც ღვინის ძმარი და არც თაფლუჭის ძმარი არ დალიოს, არც ყურძნის წვენი არ დალიოს, არც ახლადმოკრეფილი ყურძენი და არც ჩამიჩი არ ჭამოს.
თვისი მოწმიდარობის მთელს დროს ყურძნისაგან დამზადებული არაფერი ჭამოს, წიპწიდან კანამდე.
მოწმიდარობის აღთქმის მთელს დროს სამართებელი არ უნდა შეეხოს მის თავს; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა, წმიდაა იგი. თმა უნდა მოიზარდოს თავზე.
უფლის მოწმიდარობის მთელს დროს მკვდარს არ უნდა მიეკაროს.
არ უნდა გაუწმიდურდეს მამის, დედის, ძმის და დის გამო, მათ გამოც კი მათი სიკვდილის დროს, რადგან მისი ღმერთის მოწმიდარობაა მის თავზე.
თავისი მოწმიდარობის მთელ დროს უფლის წმიდაა ის.
თუ მოულოდნელად, უცაბედად შეესწრო ვინმეს სიკვდილს და იგი წაიბილწავს სამოწმიდარო თავს, უნდა მოიპარსოს თავი. თავისი განწმედის დღეს, მეშვიდე დღეს მოიპარსოს იგი.
მერვე დღეს კი ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი მიუტანოს მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
გაამზადებს მღვდელი ერთს ცოდვისათვის, მეორეს აღსავლენად და განწმედს მას მკვდრის შეხების ცოდვისაგან, და განათლავს მის თავს ამ დღეს.
უნდა განუახლოს უფალს თავისი მოწმიდარობის დღეები და მიუტანოს წელგამოვლილი ცხვარი დანაშაულისთვის. წინა დღეები დაკარგულია, რადგან წაბილწა თავისი მოწმიდარობა.
ეს არის მოწმიდარის რჯული: როცა გაუვა მოწმიდარობის ვადა, მიიყვანენ მას სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან;
შესწირავს უფალს წელგამოვლილ, საღ ცხვარს აღსადგენად, ერთ წელგამოვლილ დედალ ცხვარს ცოდვისათვის და ერთ საღ ჭედილას სამადლობელ მსხვერპლად,
ერთ კალათა გამტკიცული ფქვილის ხმიადს, ზეთში მოზელილ ნამცხვრებს, ზეთწაცხებულ უსაფუვრო ლავაშებს მათი ძღვენითა და საღვრელით.
მიიტანს მღვდელი უფლის წინაშე და გაამზადებს ცოდვისათვის და აღსავლენად.
ხოლო ჭედილას გაამზადებს სამადლობელ, მსხვერპლად უფლისათვის ერთი კალათა ხმიადითურთ და გაამზადებს მღვდელი მათ ძღვენს და საღვრელს.
გადაიპარსავს მოწმიდარი სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან თავის სამოწმიდარო თავს, აიღებს თავისი სამოწმიდარო თავის თმას და ჩააგდებს ცეცხლში, სამადლობელი მსხვერპლის ქვეშ რომ არის.
აიღებს მღვდელი ჭედილას მოხარშულ ბეჭს, ერთ უსაფუარო ნამცხვარს კალათიდან, ერთ უსაფუვრო კვერს და ხელზე დაუდებს მოწმიდარს მას შემდეგ, რაც ის მოიპარსავს თავის მოწმიდარობას.
შეარხევს მათ მღვდელი შერხევით უფლის წინაშე - ეს არის სიწმიდე მღვდლისთვის, გარდა შესარხევი მკერდისა და აღსამართი ბეჭისა: ამის შემდეგ შეეძლება მოწმიდარს ღვინის სმა.
ეს არის რჯული მოწმიდარისა, რომელმაც აღთქმა დადო, და მისი შესაწირავისა უფლისადმი თავისი მოწმიდარობისთვის, იმის გარდა, რაზეც ხელი მიუწვდება. რა აღთქმაც აქვს დადებული, უნდა შეასრულოს მოწმიდარობის რჯულს ზევით.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
უთხარი აარონს და მის შვილებს: ასე აკურთხეთ ისრაელიანები, უთხარით მათ:
უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.
უფალმა მოგანათოს თვისი სახე და შეგიწყალოს,
უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს.
დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: მამაკაცმან, ანუ დედაკაცმან, რომელმან ილოცოს ლოცვაჲ დიდად,
განიწმიდენინ სიწმიდითა უფლისაჲთა, ღჳნისაგან და თაფლუჭისა განწმიდნეს და ძმარი ღჳნისაგან და ძმარი თაფრუჭისგან არა სუან და ყოველი, რომელი იქმნების ღჳნისაგან, არა სუას და ყურძენი ახალი და შკიჭი არა ჭამოს.
ყოველია დღეთა ლოცვისა მისისათა ყოვლისაგან, რომელი იქმნების ვენაჴისაგან, ღჳნოჲ საგუდლითგან ვიდრე ნატკუეცლადმდე არა ჭამოს.
ყოველთა დღეთა მათ განწმედისათა მახჳლი არა აღვიდეს თავსა მისსა, ვიდრემდის აღივსნენ დღენი იგი, რომელ აღუთქუა უფალსა, წმიდა იყოს, მიუტეოს სიგრძედ თმაჲ თავისაჲ.
ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა უფლისა მიმართ სულსა ზედა ასრულებულსა არა შევიდეს
მამასა ზედა და დედასა და ძმასა და დასა, არა შეიგინოს მათ შორის სიკუდილსა მათსა, რამეთუ ლოცვაჲ უფლისა მისისაჲ მის ზედა თავსა მისსა.
ყოველთა დღეთა ლოცვისა მისისათა წმიდა იყოს უფლისა.
უკუეთუ ვინმე მოკუდეს მის თანა, მეყსეულად შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ და დაიყჳნოს თავი მისი, რომელსა დღესა განწმიდნა.
და დღესა მეშჳდესა დაიყჳნოს და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი მღდელისა მის კარად კარვისა საწამებელისა.
და ყოს მღდელმან მან ერთი ცოდვისათჳს და ერთი ყოვლად დასაწველად და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელთათჳს ცოდა სულისა მისთჳს და განწმიდოს თავი მისი.
მას დღესა შინა მას დღესა განწმიდნეს უფლისა დღენი იგი ლოცვისანი და მოჰგუაროს ტარიგი წელიწადეული ცოდვისა მისთჳს და პირველნი იგი დღენი შეურაცხ იყუნენ, რამეთუ შეიგინა თავი ლოცვისა მისისაჲ.
ესე არს შჯული მლოცველისაჲ მის, რომელსა დღესა აღასრულნეს დღენი ლოცვისა მისისანი, შეწიროს მან კართა თანა კარვისა წამებისათა.
და მოართუას ძღუენი მისი უფალსა ტარიგი წელიწადეული უბიწოჲ ერთი ყოვლად მწუარად და ტარიგი ნეზჳ წელიწადეული უბიწოჲ ერთი ცოდვისათჳს და ვერძი ერთი უბიწოჲ ცხორებისათჳს.
და ლანკლითა უცომოჲ სამინდოჲსა პურნი შექმნილნი ზეთითა და ლელანგონი უცომონი ზეთითა ცხებულნი,
და მსხუერპლი მათი და შესაწირავი მათი. და მოიღოს იგი მღდელმან მან წინაშე უფლისა და ყოს იგი ცოდვისათჳს და მსხუერპლი იგი ყოვლად მწუარი მისი.
და ვერძი იგი ყოს შესაწირავად ცხორებისა მისისათჳს უფლისა ლანკლანსა მას თანა უცომოსა, და ყოს მღდელმან შესაწირავი იგი მისი და მსხუერპლი მისი.
და დაიყჳნოს მლოცველმან მან კართა თანა კარვისა საწამებელისათა თავი ლოცვისა მისისაჲ და დადვას თმაჲ იგი ცეცხლსა მას, რომელ-იგი არს შესაწირავი მის ცხოვრებისაჲ.
და მოიღოს მღდელმან მან მჴარი იგი მგბარი ვერძისა მისგან და პური ერთი უცომოჲ ლანკნისა მისგან და ლელანგოჲ უცომოჲ ერთი. და დაუდგას მღდელმან მან ჴელთა ზედა მის მლოცველისათა შემდგომად დაყჳნვისა თავისა მის ლოცვისა მისისა.
და შეწიროს იგი მღდელმან მან დასადებელად წინაშე უფლისა წმიდაჲ იყოს იგი მღდელისა, მკერდისაჲ მის დასადებელისაჲ და მჴრისაჲ მის შესაწირავისაჲ, და ამისა შემდგომად სუას მლოცველმან მან ღჳნოჲ.
ესე არს შჯული მლოცველისა მის, რაოდენიცა აღუთქუა უფალსა ძღუენი ლოცვისა მისისათჳს თჳნიერ მისა, რომელი-რაჲ პოვოს ჴელმან მისმან ძალისაებრ აღთქმისა მისისა, რაოდენიცა აღუთქუას შჯულისა მისებრ უმეცრებისა მისისა უფლისა მიმართ.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე აჰრონს და ძეთა მისთა და არქუ მათ, და დადვან სახელი ჩემი ძეთა ზედა ისრაჱლისათა და მე, უფალმან, ვაკურთხნე იგინი.
გაკურთხენ შენ უფალმან და დაგიცევინ შენ.
გამოაჩინენ პირი მისი შენ ზედა და გაკურთხენ შენ.
მოაქციენ უფალმან პირი მისი შენ ზედა და მოგეცინ შენ მშჳდობაჲ.