რიცხვნი, თავი 3
ეს იყო აარონისა და მოსეს შთამომავლობა იმხანად, როცა უფალი ელაპარაკებოდა მოსეს სინაის მთაზე;
ესენია აარონიანთა სახელები: პირმშო, ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.
ესენია აარონიანთა სახელები, ცხებული მღვდლებისა, რომლებიც სამღვდლოდ აკურთხა მან.
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ უფლის წინაშე, რადგან უცხო ცეცხლი მიიტანეს უფლის წინაშე სინაის უდაბნოში; შვილები არ ჰყოლიათ მათ. მღვდლობდნენ ელიაზარი და ითამარი თავიანთი მამის, აარონის გვერდით.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
მოიყვანე ლევის შტო და დააყენე აარონ მღვდლის წინაშე, რათა ემსახურონ მას.
შეასრულონ მოვალეობა მისადმი და მთელი საზოგადოებისადმი სადღესასწაულო კარვის წინ, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
დაიცვან სადღესასაწულო კარვის მთელი ჭურჭელი და მოვალეობა ისრაელიანთადმი, რათა სრულდებოდეს სავანის სამსახური.
ჩააბარე ლევიანები აარონს და მის შვილებს; მას უნდა ჰყავდეთ ისინი ჩაბარებულნი ისრაელიანთაგან.
დაავალე აარონს და მის შვილებს, გასწიონ მღვდლობა; გარეშე, ვინც მიეკარება, მოკვდება.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან ლევიანები,
რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი.
ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა:
აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლების და საგვარეულოების მიხედვით; ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე.
აღრიცხა ისინი მოსემ უფლის სიტყვისამებრ, როგორც ებრძანა.
ესენი იყვნენ ლევიანები სახელდებით: გერშონი, კეჰათი და მერარი;
ესენია გერშონიანთა სახელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ლიბნი და შიმყი.
კაჰათიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: აბრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
მერარიანთა - მათი საგვარეულოების მიხედვით: მახლი და მუში. ესენია ლევიანთა საგვარეულოებები მამისსახლთა მიხედვით.
გერშონიდან მოდის ლიბნის საგვარეულო და მიმეის საგვარეულო; ესენია გერშონიანთა საგვარეულოები.
ყველა აღრიცხული მამროვანი, ერთი თვიდან მოყოლებული სულ იყო შვიდი ათას ხუთასი.
გერშონიანთა საგვარეულოებმა სავანის უკან დასავლეთით უნდა დაიბანაკონ.
გერშონიანთა მამისსახლის თავკაცი - ელიასაფ ლაელის ძე.
გერშონიანებს სადღესასწაულო კარავში ებარათ: სავანე მისი გადასახურავითურთ და ფარდა, სადღესასწაუღო კარავში შესასვლელი.
ეზოს კრეტსაბმელები, სავანისა და სამსხვერპლოს გარშემო მდებარე ეზოს შესასვლელის ფარდა, მისი ბაგირები და მთელი მისი აღჭურვილობა.
კეჰათიდან მოდის აბრამის საგვარეულო, იცჰარის სგვარეულო, ხებრონის საგვარეულო და ყუზიელის საგვარეულო. ესენია კეჰათის საგვარეულოები.
რიცხვი ყველა მამროვანისა ერთი თვიდან მოყოლებული იყო რვა ათას ექვსასი, საწმიდარის სამსახურის აღმსრულებელნი.
კეჰათიანთა საგვარეულოებები სავანის გვერდით უნდა დაბანაკდნენ, სამხრეთის მხარეს.
კეჰათიანთა მამისსახლის თავკაცი იყო ელიცაფან ყუზიელის ძე.
მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები, მსახურების დროს გამოსაყენებელი, ფარდა და მთელი ჩემი მოწყობილობა.
ლევიანთა თავკაცების თავკაცი იყო ელიაზარი, აარონ მღვდლის შვილი; მინდობილი ჰქონდა ზედამხედველობა მათზე, ვინც საწმიდარს ემსახურებოდა.
მერარიდან მოდის მახლის საგვარეულო და მუშის საგვარეულო. ესენია მერარის საგვარეულობები.
რიცხვი ყველა მამროვანისა, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო ექვსი ათას ორასი.
მერარის საგვარეულოს მამისსახლის თავკაცი იყო ცურიელ აბახაილის ძე. სავანის გვერდით უნდა დაიბანაკონ მათ, ჩრდილოეთის მხარეს.
მერარიანებს ებარათ სავანის ძელები, მისი ლარტყები, სვეტები ფეხებითურთ, მთელი მისი აღჭურვილობა და მთელი მისი მოწყობილობა.
ეზოს სვეტები ირგვლივ მათი ფეხებითურთ, პალოები და ბაგირები.
სავანის წინ, აღმოსავლეთით, სადღესასწაულო კარვის წინ აღმოსავლეთით დაიბანაკებენ მოსე და აარონი თავისი შვილებითურთ, რომელთაც ევალებათ საწმიდარის დაცვა ისრაელიანთა შორის. გარეშე, ვინც კი მიუახლოვდება, მოკვდება.
ყველა აღრიცხული ლევიანი, რომლებიც აღრიცხეს მოსემ და აარონმა უფლის სიტყვისამებრ მათი საგვარეულობების მიხედვით, ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული, სულ იყო ოცდაორი ათასი.
უთხრა უფალმა მოსეს: აღრიცხე ყველა პირმშო მამროვანი ისრაელიანთა შორის, ერთი თვიდან მოყოლებული, და აღნუსხე მათი სახელები.
განმიკუთვნე ლევიანები (მე ვარ უფალი) ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანებში და ლევიანთა პირუტყვი ყველა პირველმოგებულის ნაცვლად ისრაელიანების პირუტყვში.
აღრიცხა მოსემ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლისაგან, ყოველი პირმშო ისრაელიანებში.
ყველა პირმშო მამროვანი სახელთა რიცხვის მიხედვით, ერთი თვიდან მოყოლებული, იყო სულ ოცდაორი ათას ორასსამოცდაცამეტი.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.
აიყვანე ლევიანები ყველა პირმშოს ნაცვლად ისრაელიანთაგან და ლევიანთა პირუტყვი მათი პირუტყვის ნაცვლად. ჩემი არიან ლევიანები. მე ვარ უფალი.
იმ ორას სამოცდაცამეტი კაცის გამოსასყიდად, რომ მეტობენ ლევიანებს ისრაელიანთა პირმშოები,
აიღე ხუთ-ხუთი შეკელი კაცზე, საწმიდარის შეკელით აიღე (ოცი გერაა შეკელში),
და ჩააბარე ვერცხლი აარონს და მის შვილებს ზედმეტის გამოსასყიდად.
აიღო მოსემ გამოსასყიდი ვერცხლი ზედმეტთაგან ლევიანთა გამოსასყიდად.
ისრაელიანთა პირმშოთაგან აიღო ათას სამას სამოცდახუთი შეკელი ვერცხლი, საწმიდარის შეკელის მიხედვით.
ჩააბარა მოსემ გამოსყიდულთა ვერცხლი აარონს და მის შვილებს უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
ესე შობაჲ აჰრონისი და მოსესი დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა.
და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი:
პირმშოჲ ნადაბ და აბიუთ და ელიაზარ და ითამარ და ესე სახელნი ძეთა აჰრონისთანი მღდელნი ცხებულნი, რომელთანი სრულ იყუნეს ჴელნი მაიან მღდელად.
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ წინაშე უფლისა, რამეთუ შესწირვიდეს ცეცხლსა უცხოსა წინაშე უფლისა უდაბნოსა სინას. და შვილი არა ესუა მათ და მდღელობდეს ელიაზარ და ითამარ აჰრონის თანა მამისა მათისა.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰქუა:
მოიყვანენ ნათესავნი ლევისნი და დაადგინენ იგინი წინაშე აჰრონ მღდელისა და ჰმსახურებდენ მას.
და დაიცვენ საჴუმილი მისი და საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ წინაშე კარავსა წამებისსა საქმედ საქმესა კარავისასა.
და დაიცვენ ყოველი ჭურჭელი კარვისა წამებისაჲ და დაიცვენ საჴუმილი ძეთა ისრაჱლისათაჲ და ყოველი საქმე კარვისაჲ.
და მისჱნე ლევიტელნი ჱმასა შენსა.
აჰრონს და ძეთა მისთა - მღდელთა. მოცემით მოცემულ არიან ესენი ჩემდა ძეთაგან ისრაჱლისათა. და აჰრონ და ძენი მისნი დაადგინნე კარავსა წამებისსა.
და დაიცვენ მღდელობაჲ მათი და ყოველი საკურთხეველისაჲ და შინაგან კრეტსაბმელსა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: და, აჰა, ესერა, მე მოვიყვანნე ლევიტელნი შორის ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა წილ პირმშოთა, რომელმან განაღოს საშოჲ ძეთაგან ისრაჱლისათა, საჴსრად მათა იყუნენ ჩემდად ლევიტელნი.
რამეთუ ჩემი არს ყოველი პირმშოჲ დღესა მას, რომელსა მოვსარ ყოველი პირმშოჲ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, განვწმიდენ ჩემდად ყოველნი პირმშონი ისრაჱლისანი კაცითგან მიპირუტყვადმდე: ჩემდა იყუნედ, მე ვარ უფალი.
ეტყოდა უფალი მოსეს უდაბნოსა სინას და ჰრქუა:
აღიხილენ ძენი ლევისნი სახლად-სახლად მამათა მათთა და ტომად-ტომადი მათი და ნათესავად-ნათსავადი მათი, ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - აღრაცხენ იგინი.
და აღრაცხნა იგინი მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისათა, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან.
და იყუნეს ესე ძენი ლევსინი და სახელები მათი: გეთნოს, კაათ, მერარი.
და ესე სახელები ძეთა გეთსონისთაჲ და ტომთა მათთაჲ: ლუბენი და სჳმიი.
და ძენი კაათისნი და ტომნი მათნი: ამბრამ და ისაარ, ქებრონ და ოზიელ.
ძენი მერარისნი და ტომნი მათნი - მოული და ომოსი.
ესე არიან ტომნი ლევიტელთანი და სახლნი მამისა მათისანი, გეთსონისი ტოჰმი ლობენისი და ტომნი სემეისნი.
ესე ტომნი - გეთსონისნი, აღხილვაჲ იგი მათი შჳდ ათას და ხუთათაა.
და ძეთა გეთსონსთა დაიბანაკონ შემდგომად კარვისა ზღჳთ კერძო:
და მთავარი ტომისა მის გეთსონისი - ელისაბან, ძე დანიელისი.
და ჴუმილვაჲ იგი ძეთა მათ გეთსონისთაჲ.
კარვისა მის წამებისა კარავი და საბურველი მისი დასახურველი კართაჲ კარვისა მის წამებათაჲსაჲ. და სუეტნი ეზოჲსანი და კრეტსაბმელი ბჭეთა მათ ეზოჲსათაჲ, რომელი არს კარვისაჲ და ნეშტნი ყოველნი სამსახურებელნი მისნი.
კაათისი - ტომსა ამბრამისი ერთ, ტომი ისაჰარისი ერთ, ტომი ქებრონისი ერთ, ტომი ოზიელისი ერთ, ესე არიან ტომნი კათისნი.
და რიცხჳ ყოველთა წულთაჲ, თთჳთგან და უაღრესი, რვა ათას და ათას ჴუმილვიდეს ჴუმილვასა წმიდათასა.
ტომთა ძეთა კათისთა დაიბანაკონ გუერდით კარვისა ჩრდილოჲთ.
და მთავარი სახლისა მის კაათისი - ელისაფან, ძე ოზიელისი.
და ჴუმილვაჲ იგი მათი კიდობნისა და ტაბლისა და სანთელთა და საკურთხეველთა და ჭურჭერთა წმიდათა, რაოდენითაცა ჰმსახურებდენ მით, დასახურველი ყოველი და სამსახურებელი მათი.
და მთავარი მთავართა მათ ზედა ლევიტელთა - ელიაზარ, ძე აჰრონისი მღდელისაჲ, დადგინებული ჴუმილვად ჴუმილვასა მას წმიდასა.
მერარისი - ტოჰმი მოოლისი და ტომი ომუოსისი. ესე არიან ტომნი მერარისნი აღხილვაჲ იგი მათი
და რიცხჳ მათი - ყოველი წული თთჳთგანი და უზეშთაესი - ექუს ათას და ხუთას.
და მთავარი სახლისა მის მამათაჲსა ტომისა მის მერარისთაჲ - სურიელ, ძე აბიქეაჲსი, გუერდით კარავსა მას დაიბანაკონ ჩრდილოჲთ.
მსახურებაჲ იგი ძეთა მერარისთაჲ სუეტისთავთა კარვისათა და მოქლონთა მისთა.
და სუეტთა მისთა და ხარისხთა მისთა და ჭურჭელთა მათთა და საქმართა მათთა და სუეტთა ეზოჲსა გარემო და ხარისხთა მისთა, მანათა მათთა და საბელთა მათთაჲ.
და რომელთა დაიბანაკონ წინაშე პირსა კარვისა წამებისასა აღმოსავლით, მოსე და აჰრონ და ძენი მისნი ჴუმილვიდენ ჴუმილვასა წმიდასა საჴუმილავსა მას ძეთა ისრაჱლისათასა და სხუაჲ ნათესავი, რომელი შეეხოს, მოკუდეს.
ყოველი აღხილვაჲ ლევის ძეთაჲ, ვითარ აღიხილნეს მოსე და აჰრონ სიტყჳთა უფლისაჲთა ტომითურთ მათით, ყოველი წული თთჳთგან და უფროჲსით - ოცდაორ ათას.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: აღიხილე ყოველი პირმშოჲ წული ძეთა ისრაჱლისათაჲ თთჳთგან და უფროჲსი, და მოიღე რიცხჳ მათი სახელით.
და მოიყვანნე ლევიტელნი ჩემდა, მე ვარ უფალი, ყოველთა მათ წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და პირუტყუნი ლევიტელთანი ყოველთა მათ პირმშოთა წილ პირუტყუთა მათ ძეთა ისრაჱლისათა.
და აღიხილნა მოსე, ვითარცა უბრძანა მას უფალმან ყოველი პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ.
და იყო ყოველივე პირმშოჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ წული რიცხჳსაებრ მათისა და სახელებისაებრ მათისა თთჳთგანი და უზეშთაესი რიცხჳსაებრ მათისა ოც ათას და ორასსამეოცდაცხრამეტ.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანენ
ლევიტელნი იგი ყოველთა წილ პირმშოთა ძეთა ისრაჱლისათა და საცხოვარი იგი ლევიტელთაჲ საცხოვართა წილ მათთა. და იყუნედ ჩემდა ლევიტელნი იგი, მე ვარ უფალი.
და საჴსარი იგი ორასსამეოცდაცამეტისა, რომელნი-იგი ემატნენ ძეთა ლევისთა პირმშოთაგან ძეთა ისრაჱლისათა.
და მოიღო ხუთი სასწორი თავად-თავად მსგავსად სასწორისა მის წმიდისა და მოიღო ოცი დანგი სასწორისა მის,
და მივსცე ვეცხლი იგი აჰრონს და ძეთა მისთა საჴსარი უმეტესთაჲ მათ შორის.
და მოიღო მოსე ვეცხლი იგი საჴსარი უმეტესთა მათ საჴსრად ლევიტელთა.
პირმშოთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, მოიღო ვეცხლი იგი ათას სამასსამეოცდახუთი სასწორი სასწორისაებრ წმიდისა.
და მისცა მოსე საჴსარი იგი უმეტესთაჲ მათ აჰრონს და ძეთა მისთა სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.