რიცხვნი, თავი 31
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს.
ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს, რომ უფლის შური მიაგონ მიდიანს.
ათას-ათასი კაცი თითო შტოდან, ისრაელის ყოველი შტოდან გაგზავნეთ სალაშქროდ.
გაწვეული იქნა ისრაელის ათასეულებისგან ათასათასი კაცი თითო შტოდან, სულ თორმეტი ათასი სალაშქროდ დარაზმული კაცი.
გაგზავნა ისინი მოსემ, ათასი კაცი თითო შტოდან, სალაშქროდ, აგრეთვე ფინხასი, ელეაზარ მღვდლის შვილი, სალაშქროდ წმიდა ჭურჭლითა და საყიჟინო საყვირებით ხელში.
გაილაშქრეს მიდიანზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, და დახოცეს ყველა მამრი.
დახოცილებში იყვნენ მიდიანის მეფეები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რება - ხუთი მიდიანელი მეფე. აგრეთვე მოკლეს მახვილით ბალაამი, ბეყორის ძე.
ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი.
ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა.
აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე.
მივიდნენ მოსესთან, ელეაზარ მღვდელთან და ისრაელიანთა საზოგადოებასთან ტყვეებით, ნაალაფარითა და ნადავლითურთ, ბანაკში, მოაბის ველზე, იორდანის ნაპირას, იერიქონის პირდაპირ.
გავიდნენ ბანაკიდან მათ შესახვედრად მოსე, ელეაზარ მღვდელი და საზოგადოების მთელი თავკაცობა.
განურისხდა მოსე ჯარის. უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ.
უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?
განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა, და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?
ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.
ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.
შვიდ დღეს ბანაკის გარეთ დარჩით. ყველანი, ვინც კაცი მოკლა, ან ვინც მოკლულს მიეკარა, მესამე დღეს და მეშვიდე დღეს გაწმიდავდით თქვენ და თქვენი ტყვეები.
მთელი ტანისამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, ყველაფერი, რაც თხისურისგან არის ნაკეთები და ხის ყოველი ჭურჭელი, უნდა გააწმიდაოთ.
უთხრა ელეაზარ მღვდელმა მოლაშქრეებს, რომლებიც ომში იყვნენ ნამყოფი: ეს არის რჯულის კანონი, რომელიც ნაანდერძევი აქვს უფალს მოსესთვის.
ოღონდ ოქრო-ვერცხლი, სპილენძი, რკინა, თუთა და ტყვია,
ყოველი ნივთი, რომელიც უძლებს ცეცხლს, გაატარეთ ცეცხლში და გაწმინდავდება. გამაწმიდავებელი წყლითაც გააწმიდავეთ. ყველაფერი, რაც ცეცხლს ვერ უძლებს, წყალში გაავლეთ.
გაირეცხეთ ტანისამოსი მეშვიდე დღეს და გაწმიდავდით. ამის მერე შედით ბანაკში.
ასე უთხრა უფალმა მოსეს:
აღრიცხეთ ნადავლი კაციდან პირუტყვამდე შენ, ელეაზარ მღვდელმა და საზოგადოების მამამთავრებმა.
შუაზე გაუყავი ნადავლი ლაშქრობაში ნამყოფ მეომრებს და მთელს საზოგადოებას.
გამოართვი უფლისთვის ხარკი ლაშქრობაში ნამყოფ მებრძოლებს თითო სული ხუთასზე - ადამიანიდან და პირუტყვიდან, სახედრებიდან და ცხვრებიდან.
აიღე ეს მათი ნახევრიდან და მიეცი ელეაზარ მღვდელს საუფლო ძღვენი.
ისრაელიანთა ნახევრიდან კი აიღე თითო წილი ორმოცდაათზე, ადამიანიდან, პირუტყვიდან, სახედრებიდან, ცხვრებიდან, საქონელიდან და მიეცით ეს ლევიანებს, რომლებიც უფლის კარვის სამსახურს ასრულებენ.
გააკეთეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
მოლაშქრეთაგან დატაცებული ნადავლის გარდა იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი ათასი ცხვარი და თხა,
სამოცდათორმეტი ათასი ხარ-ძროხა,
სამოცდაერთი ათასი სახედარი.
ხოლო ქალები, რომელთაც არ ჰყავდათ შეცნობილი მამაკაცი მამრის საწოლზე, სულ იყვნენ ოცდათორმეტი ათასი სული.
ლაშქარში ნამყოფთა ნახევარი წილი იყო რიცხვით სამასოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი ცხვარი და თხა.
საუფლო ხარკი ფარიდან იყო ექვსას სამოცდათხუთმეტი;
ხარ-ძროხა ოცდათექვსმეტი ათასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდათორმეტი.
სახედარი ოცდაათი ათას ხუთასი, ხოლო აქედან საუფლო ხარკი სამოცდაერთი.
ადამიანი თექვსმეტი ათასი სული, ხოლო აქედან საუფლო ხარკი ოცდათორმეტი სული.
ჩააბარა მოსემ ხარკი, საუფლო ძღვენი ელეაზარ მღვდელს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
აგრეთვე ისრაელიანთა კუთვნილი ნახევრიდან, რომელიც ჩამოართვა მოსემ ლაშქარში ნამყოფთ.
საზოგადოებისათვის განკუთვნილი ნახევარი იყო: სამას ოცდაშვიდი ათას ხუთასი ცხვარი და თხა,
ოცდათექვსმეტი ათასი ხარ-ძროხა,
ოცდაათი ათას ხუთასი სახედარი,
და თექვსმეტი ათასი სული ადამიანი.
აიღო მოსემ ისრაელიანთათვის განკუთვნილი ნახევრიდან ორმოცდამეათედი წილი - ადამიანი და პირუტყვი - და მისცა ისინი ლევიანებს, უფლის კარვის სამსახურის შემსრულებლებს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის.
მივიდნენ მოსესთან ლაშქრის ათასეულთა მეთაურები, ათასისთავები და ასისთავები,
და უთხრეს მოსეს: დაითვალეს შენმა მსახურებმა მეომრები, რომლებიც ჩვენს ხელქვეით არიან, და არცერთი მათგანი არ აკლია.
შემოგვიწირავს საუფლო შესაწირავი, თითოეულმა რაც იპოვა ოქროს ნივთებიდან - სალტეები და სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები და ყელსაბამები, ჩვენი სულის განსაწმედად უფლის წინაშე.
ჩაიბარეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა მათგან ოქროულობა, ყველა ის სამკაული.
მთელი ოქრო, რომელიც ძღვნად მიუტანეს უფალს ათასისთავებმა და ასისთავებმა, იყო სულ თექვსმეტი ათას შვიდას ორმოცდაათი შეკელი.
მოლაშქრეებს თითოეულს თავისი წილი ჰქონდა დატაცებული.
მიიღეს მოსემ და ელეაზარ მღვდელმა ოქროულობა ათასისთავებისგან და ასისთავებისგან და შეიტანეს სადღესასწაულო კარავში ისრაელიანთა სამახსოვროდ უფლის წინაშე.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
შურს-იგებდ შურისგებასა ძეთა ისრაჱლისათასა მადიანელთაგან და უკანაჲსკნელთა შეეძინო ერსა შენსა.
და ეტყოდა მოსე ერსა მას და ჰრქუა: შეიჭურენით თქუენგანნი კაცნი წყობად წინაშე უფლისა მადიამსა ზედა მიგებად უფლისა მიერ მადიამსა.
ათასი ნათესავთაგანი ისრაჱლისათა მიავლინნით წყობად მათა.
და აღრაცხუნეს ათასეულთაგანნი ისრაჱლისანი ათასი ნათესავისაგან ათორმეტი ათასი ჭურვილი წყობად.
და წარავლინნა იგინი მოსე ათასი ნათესავისაგან და ათასი ნათესავისაგან ძალითურთ მათით და ფინეეზ, ძე ელიაზარისი, ძისა არრონ მღდელისა და ჭურჭლები წმიდაჲ და ნესტუები უწყებისაჲ ჴელთა შინა მათთა.
და ეწყვნეს მადიამსა, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს და მოსრეს ყოველი მამაკაცი.
და მეფე მადიამისაჲ მოკლეს წყლულებასა თანა მათსა და ეფი და სურ, და ჰროკუმ, და ურ და, ჰრუბო - ხუთნი მეფენი მადიამისანი და ბალაამ, ძე ბეორისი, მოკლეს მახჳლითა წყლულებასა შორის მათსა.
და წარმოტყუენეს დედები მადიამისაჲ, და ჭურჭლები მათი, და საცხოვარი მათი და ყოველი მონაგები მათი. და ყოველი ძალი მათი წარმოტყუენეს.
და ყოველი ქალაქები მათი საყოფლისა მათისაჲ და ბოსლები მათი მოწუეს ცეცხლითა.
და წარმოიღეს ყოველი ნატყუენავი მათი კაცითგან მიპირუტყუადმდე.
და მოიღეს მოსესა და ელიაზარ მღდელისა და ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა ტყუჱ და ყოველი წარმონაღები და ნატყუენავი ბანაკად არაბოთდ მოაბდ, რომელ არს იორდანესა ზედა იერირქოჲთ კერძო.
და გამოვიდა მოსე და ელიაზარ მღდელი და ყოველნი მთავარნი კრებულისანი წინამიგებებად მათა გარეშე ბანაკსა.
და განრისხნა მოსე განმგებელთა მათ ზედა ძალისათა ათასისთავთა და ასისთავთა, რომელ მოვიდეს წყობით ბრძოლისაჲთ.
და ჰრქუა მათ მოსე: რად აცხოვნეთ ყოველი ნეზჳ?
რამეთუ იგინი იყუნეს ძეთათჳს ისრაჱლისათა სიტყჳთა ბალაამისითა განდგომად და შეურაცხებად სიტყჳსა უფლისა ფოგორისათჳს. და იყო გუემაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.
და აწ მოკალთ ყოველი მამაკაცი ყოველსა სოფელსა, ყოველი დედაკაცი, რომელმან უწყის საწოლი მამაკაცისაჲ, მოწყჳდეთ.
და ყოველი კრებული დედებისაჲ, რომელთა არა იციან საწოლი მამაკაცისაჲ, აცხოვნენით იგინი.
და თქუენ დაიბანაკეთ ბანაკსა გარეშე შჳდ დღე და ყოველი, რომელი მოჰკლვიდა და შეეხებოდა წყლულსა, განწმიდნეს დღესა მესამესა და დღესა მეშჳდესა თქუენ და ნატყუენავი თქუენი.
და ყოველი სამოსელი და ყოველი ჭურჭელი ტყავისაჲ და ყოველი საქმარი თმისაჲ და ყოველი ჭურჭელი ძელისაჲ განსწმიდოთ.
და ჰრქუა ელიაზარ მღდელმან კაცთა მათ ძალისათა, რომელ მოვიდოდეს წყობით ბრძოლისაჲთ: ესე არს სამართალი შჯულისაჲ, რომელ უბრძანა უფალმან მოსეს.
გარნა ოქროჲსა და ვეცხლისა და რვალისა და რკინისა და ტყჳვისა და ბრპენისა.
ყოველი, რომელ შევალს ცეცხლსა და განწმიდნეს იგი, წყლითა მით განსაწმედელთა განწმიდნეს და ყოველი, რომელი არა შევალს ცეცხლსა, შევიდეს იგი წყალსა.
და განირცხეთ სამოსელი თქუენი დღესა მეშჳდესა და განსწმიდნეთ, და შემდგომად ამისა შეხჳდეთ ბანაკად.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
მოიღე თავსნიერი წარმონაღებისა მის ნატყუენავისაჲ კაცითგან მიპირუტყუადმდე შენ და ელიეზერ მღდელმან და მთავართა ტომთა კრებულისათა.
და განყავთ ნატყუენავი იგი შორის მბრძოლთა მათ, რომელ განვიდეს წყობად და შორის ყოვლისა კრებულისა.
და გამოჰყოთ ზუერი უფლისა კაცთა მათგან მბრძოლთა, რომელ გამოვიდეს წყობად სული ერთი ხუთასისაგან - კაცთაგანი და ყოველთაგან საცხოვართა - ზროხათაგანი და ცხოვართაგანი და თხათაგანი.
და ზოგი მათგანი მოიღოთ და მისცეთ ელიაზარს მღდელსა თავსნიერი უფლისა.
და ზოგისაგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოიღო ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და ზროხისაგანი და ცხოვარისაგანი და ვირთაგანი და ყოვლისაგან საცხოვრისა და მისცე იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვენ ჴუმილვასა კარავსა შინა უფლისასა.
და ყო მოსე და ელიაზარ მღდელმან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
და იყო წარმონაღები იგი ნატყუენავისაჲ, რომელ წარმოიღეს კაცთა მათ ბრძოლთა - ცხოვარი ექუსასი ათასი და სამეოცდაათხუთმეტ ათასი.
და ზროხაჲ სამეოცდაათოთხმეტ ათასი.
და ვირები სამეოცდაერთ ათასი.
და სულები კაცთაჲ დედებისაგანი, რომელთა არა იცოდეს საწოლი მამაკაცისაჲ, ყოველი სულები - ოცდაათორმეტი ათასი.
და იყო ზოგი იგი ნაწილი, რომელ განვიდეს ბრძოლად რიცხჳსა მისგან ცხოვართაჲსა სამასდაოცდაათი ათას და შჳდ ათას და ხუთას.
და იყო ზუერი უფლისა ცხოვართაგანი - ექუსას სამეოცდაათხუთმეტ.
და ზროხაჲ - ოცდაათექუსმეტ ათას და ზუერი უფლისა - სამეოცდაათორმეტ.
და ვირები - ოცდაათ ათას და ხუთას და ზუერი უფლისა - სამეოცდაერთ.
და სულები კაცთაჲ ათექუსმეტ ათას და ზუერი მათგანი უფლისა - ოცდაათორმეტ სულ.
და მისცა მოსე ზუერი იგი უფლისაჲ განაყოფი ღმრთისად ელიაზარს მღდელსა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა, რომელთა განჰყო მოსე კაცთა მათგან მბრძოლთა.
და იყო ზოგი იგი კრებულისაჲ ცხოვარისაგანი - სამას ათას დ შჳდ ათას და ხუთას.
ზროხაჲ - ოცათექუსმეტ ათას.
ვირები - ოთხ ათას და ხუთას.
სულები კაცთაჲ - ათექუსმეტ ათას.
და მოიღო მოსე ზოგისა მისგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა ერთი ერგასისაგან კაცთაგანი და საცხოვართაგანი და მისცა იგი ლევიტელთა, რომელნი ჴუმილვიდეს ჴუმილვასა კარვისა უფლისასა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
და მოვიდეს მოსესა ყოველნი ზედამდგომელნი ათასისთავთა მათ ძალისათა, ათასისთავნი და ასისთავნი.
და ჰრქუეს მოსეს: მონათა შენთა მოვიყვანნეთ რჩეული იგი კაცნი მბრძოლნი ჩუენთანანი. და არა განერა მათგან არცა ერთი.
და აწ მოგჳღებიეს ძღუნად უფლისა, კაცმან რომელმან პოვა ჭურჭელი ოქროჲსაჲ, მანიაკი და სალტე და ბეჭედი და სამკლავე მელევანდი სალხინებელად ჩუენთჳს წინაშე უფლისა.
და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი მათგან, ყოველი ჭურჭელი ქმნილი.
და იყო ყოველი ოქროჲ იგი გამონაყოფი, რომელ გამოყვეს უფლისა ათექუსმეტ ათას და შჳდასდაერგასის სიკილა ათასისთავთაგან და ასისთავთაგან.
და კაცთა მათ მბრძოლთა წარმოიღეს კაცად-კაცადმან თავისა თჳსისა.
და მოიღო მოსე და ელიაზარ მღდელმან ოქროჲ იგი ათასთავთა მათგან და ასისთავთაგან და შეიღეს იგი კარავად საწამებელისად საჴსენებელად ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა.