ლოცვანი
აპლიკაცია

რიცხვნი, თავი 17

1

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

2

უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან.

3

ხოლო იმათი საცეცხლურებისგან, რომელიც თავის ცოდვას შეეწირა, ფურცლები გაგლინეთ სამსხვერპლოს მოსაჭედავად. რადგან უფლის წინაშე ჰქონდათ მოტანილი და განიწმიდნენ. ნიშნად ჰქონდეთ ეს ისრაელიანებს.

4

აიღო ელეაზარ მღვდელმა სპილენძის საცეცხლურები, რომლებიც დამწვრებს ჰქონდათ მიტანილი, და გაგლინეს მათგან ფურცლები სამსხვერპლოს მოსაჭედავად.

5

რათა ახსოვდეთ ისრაელიანებს, რომ უცხო კაცმა, ვინც აარონის შთამომავალი არ არის, არ დაიწყოს უფლის წინაშე საკმევლის კმევა და არ ეწიოს კორახისა და მისი დასის ბედი, როგორც ეუბნებოდა მას უფალი მოსეს პირით.

6

აუჯანყდა მეორე დღეს ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსეს და აარონს, და თქვეს: თქვენ გაწყვიტეთ უფლის ერი.

7

როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება.

8

მივიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარვის წინ.

9

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

10

გაერიდეთ ამ საზოგადოებას და მე ერთ წამში გადავბუგავ მათ. პირქვე დაემხვნენ ისინი.

11

უთხრა მოსემ აარონს: აიღე საცეცხლური და ჩადე მასში ცეცხლი სამსხვერპლოდან, ჩაყარე საკმეველი, საჩქაროდ წაიღე საზოგადოებასთან და განწმიდე ისინი, რადგან რისხვა გამოვიდა უფლისაგან და იწყება მუსრვა.

12

აიღო აარონმა საცეცხლური, როგორც თქვა მოსემ, მიაშურა კრებულს და, აჰა, დაიწყო მუსრვა ხალხში. ჩაყარა საკმეველი და განწმიდა ხალხი.

13

დადგა იგი დახოცილთა და ცოცხალთა შორის და შეწყდა მუსვრა.

14

გაწყდა მუსვრის დროს თოთხმეტი ათას შვიდასი კაცი, კორახის მიზეზით დახოცილთა გარდა.

15

დაბრუნდა აარონი მოსესთან სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, როცა შეწყდა მუსვრა.

16

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

17

დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.

18

აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს.

19

დააწყვე ისინი სადღესასწაულო კარავში აღთქმის კიდობნის წინ, სადაც გეცხადებით თქვენ.

20

ვისაც მე გამოვარჩევ, მისი კვერთხი აყვავდება და ჩავახრჩობ ისრაელიანთა ჯანყს, რომ აჯანყებულან თქვენს წინააღმდეგ.

21

დაელაპარაკა მოსე ისრაელიანებს და მისცა მას ყველა თავკაცმა კვერთხი, თითო კვერთხი თითოეულმა თავკაცმა, მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, აარონის კვერთხიც ერია მათ კვერთხებში.

22

დააწყო მოსემ კვერთხები უფლის წინაშე აღთქმის კარავში.

23

მეორე დღეს, როცა მოსე შევიდა აღთქმის კარავში, აჰა, აყვავდა აარონის კვერთხი, ლევის სახლიდან, აყვავდა, გაიფურჩქნა ყვავილი და დამწიფდა ნუში.

24

გამოუტანა მოსემ ყველა კვერთხი უფლისაგან ისრაელიანებს, დაინახეს და აიღო თითოეულმა თავისი კვერთხი.

25

უთხრა უფალმა მოსეს: დააბრუნე აარონის კვერთხი აღთქმის კიდობნის წინაშე შესანახად, რათა იყოს იგი სასწაულად ურჩთათვის, რომ შეწყდეს მათი ჯანყი ჩემს წინააღმდეგ და არ დაიხოცონ.

26

ასეც მოიქცა მოსე; როგორც უფალმა უბრძანა, ისე გააკეთა მოსემ.

27

ასე უთხრეს ისრაელიანებმა მოსეს: აჰა, ვიხოცებით, ვიღუპებით, ყველანი ვიღუპებით.

28

ვინც კი უფლის კარავთან მიდის ახლოს, კვდება. ნუთუ ყველანი დასაღუპად ვართ განწირული?

1

და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა:

2

აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს

3

საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა.

4

და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა

5

საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.

6

და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.

7

და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა.

8

და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.

9

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

10

გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.

11

და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.

12

და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

13

და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

14

და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა.

15

და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

16

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

17

ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და მოიღე მათთჳს კუერთხები სახლად-სახლად მამათა მათთა ყოველთაგან მთავართა მათთა - ათორმეტი კუერთხი და კაცად-კაცადისაჲ გამოწერე სახელი კუერთხსა მისსა.

18

და სახელი აჰრონისი გამოწერე კუერთხსა მისსა, რამეთუ არს კუერთხი ერთი, ტომად-ტომად მამათა მათთა მოსცედ.

19

და დასხი იგი კარავსა საწამებელისასა, ვინაჲ-იგი გამოგეცხადო შენ მუნ.

20

და იყოს კაცი, რომელი გამოვირჩიო მე, კუერთხი იგი მისი განედლდეს და მოვსპო დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათაჲ ჩემგან, რომელსა დრტჳნვენ თქუენთჳს.

21

და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. და მოსცეს მას ყოველთა მათ მთავართა მათთა კუერთხები: კუერთხი მთავრისაჲ - ერთი კუერთხი მთავრად-მთავრად და სახლად-სახლად მამათა მათთა, მოჰსცეს ათორმეტი კუერთხები და კუერთხი აჰრონისი შორის კუერთხებსა მათსა.

22

და დასხა მოსე კუერთხები იგი წინაშე უფლისა კარავსა მას შინა საწამებელისასა.

23

და იყო ხვალისაგან, და შევიდეს მოსე და აჰრონ კარვად საწამებელისა. და, აჰა, ესერა, კუერთხი იგი აჰრონისი განედლებული იყო სახლსა ზედა ლევისსა, და მოეღო ფურცელი, და გამოეღო ყუავილი და გამოსცა ნიგოზი.

24

და გამოიღო მოსე ყოველი იგი კუერთხები პირისაგან უფლისა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იხილეს და მოიღო კაცად-კაცადმან კუერთხი თჳსი.

25

და ჰრქუა უფალმან მოსეს: დადევ კუერთხი ეგე აჰრონისი წინაშე საწამებელთა დასამარხველად სასწაულთა ძეთა მაგათთჳს ურჩთაჲსა, და დასცხერინ დრტჳნვაჲ მათი ჩემგან და არა მოწყდენ.

26

და ეგრე ყვეს მოსე და აჰრონ, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს.

27

და ეტყოდეს ძენი ისრაჱლისანი მოსეს და ჰრქუეს: აჰა, ესერა, აღვიჴოცენით და წარვწყმდით, აღვესრულენით.

28

ყოველი, რომელი შეეხების კარავსა ამას საწამებელისა უფლისასა, მოკუდების, ნუუკუე სრულად მოვწყდეთ.

123456789101112131415161718192021222324252627282930313233343536