რიცხვნი, თავი 24
დაინახა ბალაამმა, რომ ისრაელის დალოცვა უფალს უნდოდა, და არ შეუდგა წინანდებურად გრძნეულებას, არამედ უდაბნოსკენ იბრუნა პირი.
გაიხედა ბალაამმა და დაინახა ისრაელი შტოებად დაწყობილი და ღვთის სული გადმოვიდა მასზე.
წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა,
ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგონისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან; ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
რა მშვენიერია შენი კარვები, იაკობ! შენი სადგომები, ისრაელ!
როგორც გაშლილი ჭალები, როგორც ბაღები მდინარის პირას, როგორც უფლის დარგული ალვები, როგორც წყლისპირა კედრები.
იდინებს წყალი მისი სარწყულებიდან და მისი თესლი დიდ წყლებში იქნება; აგაგზე უფრო ამაღლდება მისი მეფე და აღზევდება მისი სამეფო.
ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს.
ჩაიმუხლა, გაწვა ხვადი ლომივით და ძუ ლომივით, ვინ წამოაგდებს? დალოცვილია შენი დამლოცველი და დაწყევლილია შენი მაწყევარი.
რისხვით აინთო ბალაკი ბალაამის მიმართ, ხელი ხელს შემოჰკრა და უთხრა ბალაკმა ბალაამს: ჩემი მტრების შესაჩვენებლად დაგიძახე, შენ კი უკვე მესამეჯერ ლოცავ მათ.
ახლა გაიქეცი შენს ადგილას. ვიფიქრე, პატივს გცემ-მეთქი და, აჰა, დაგიკავა პატივი უფალმა.
უთხრა ბალაამმა ბალაკს: ხომ ვუთხარი შენს გამოგზავნილ მოციქულებს:
თუნდაც ოქრო-ვერცხლით ავსებული მთელი თავისი სახლი მომცეს ბალაკმა, მაინც ვერ გადავალ უფლის, ჩემი ღმერთის, ბრძანებას, ვერც კარგს გავაკეთებ, ვერც ცუდს-მეთქი ჩემი ნებით; რასაც უფალი იტყვის, მეც იმას ვიტყვი-მეთქი?
ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.
და წარმოთქვა თავისი იგავი: ნათქვამი ბალაამისა, ბეყორის ძისა, ნათქვამი თვალღია კაცისა;
ნათქვამი ღვთის სიტყვათა გამგებისა, უზენაესის ზრახვათა შემცნობისა, რომელიც ხედავს ხილვებს ყოვლადძლიერისგან, ეცემა, მაგრამ თვალები ღია აქვს.
ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.
საკუთრება გახდება ედომი, თავისი მტრების საკუთრება გახდება სეყირი, ხოლო ისრაელი გამოაჩენს ძალას.
დაეპატრონება იაკობისაგანი და გაანადგურებს ქალაქში დარჩენილთ.
დაინახა ყამალეკი და წარმოთქვა თავისი იგავი: პირველი ხალხია ყამალეკი, მაგრამ საბოლოოდ დაიღუპება.
დაინახა კენიელები და წარმოთქვა თავისი იგავი: მაგარია შენი სამყოფელი და კლდეზე მოგიწყვია ბუდე.
თუ გაპარტახდა კაენი, როდემდის ეყოლები ტყვედ აშურს?
წარმოთქვა თავისი იგავი: ვაი, ვინ იქნება ცოცხალი, როცა ამას მოახდენს ღმერთი?
მოვლენ ხომალდები ხეთელებისგან და მოთრგუნავენ აშურს, მოთრგუნავენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან.
ადგა ბალაამი და წავიდა, დაბრუნდა თავის მხარეში. წავიდა თავისი გზით ბალაკიც.
და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.
და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა.
და აღიღო იგავი იგი მისი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან,
თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა:
ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი, ისრაჱლ,
ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა.
გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძნდეს მეუფებაჲ მისი.
ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა.
ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.
და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ.
აწ ივლტოდე ადგილდ შენდა ვთქუ: გადიდო შენ. აწ ჴუებულ გქმნა შენ უფალმან დიდებისა მისგან.
და ჰრქუა ბალაამ ბალაკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ მათ-მეთქი:
მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი თჳსი სავსე ვეცხლითა და ოქროჲთა, ვერვე შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად, ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რავდენი მრქუას მე ღმერთმან, ესე ვთქუა.
და აწ, ესერა, წარვალ მე ადგიდ ჩემდა, მოვედ და გიზრახო შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა მაგას შენსა.
აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალამ, ძემან ბეორისმან, თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა,
ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი, და მეცნიერ ყო მეცნიერებასა მაღლისასა. და ხილვაჲ ღმრთისა იხილა, რომელსა შინა ზეხილულ იყუნეს თუალნი მისნი.
უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობელად გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი.
და იყოს ედომი სამკჳდრებელად და იყოს სამკჳდრებელად ესავი, მტერი მისი, და ისრაჱლმან ყოს ძლიერებით.
და აღდგეს იაკობისგან და წარწყმიდოს განრინებული ქუეყანით.
და იხილა ამალეკი და იხილა იგავი იგი თჳსი და თქუა: დასაბამი წარმართთაჲ ამალეკი და ნათესავი მათი წარწყმდეს.
და იხილა კინეელი და აღიღო იგავი ესე და თქუა: მტკიცე არს სამკჳდრებელი შენი და და-თუ-სდვა კლდესა შინა ბუდე შენი.
დაღათუ იყოს ბეორისი ბუდე ძმაცულებით, ასურასტანელთა წარგტყუენონ შენ.
და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: ჵ, ვინ ცხონდეს, ოდეს დადვას ესე ღმერთმან?
და გამოჴდეს ჴელთაგან კიტელთაჲსა და აჭირონ ასურს და აჭირებდენ ებრაელთა. და იგინი ერთბამად წარწყმდენ და აღდგა ბალაამ და წარვიდა, მიიქცა ადგილად თჳსა. და ბალაკ წარვიდა თჳსა.