რიცხვნი, თავი 5
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული.
გაიყვანეთ მამროვანიც და მდედროვანიც; ბანაკის გარეთ გაიყვანეთ, რომ არ გააუწმიდურონ თავიანთი ბანაკები, რომელთა შორისაც დავანებული ვარ.
ასეც მოიქცნენ ისრაელიანები: გაიყვანეს ისინი ბანაკის გარეთ. როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელიანები.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
უთხარი ისრაელიანებს: თუ კაცი ან ქალი ჩაიდენს რაიმე ცოდვას ადამისას, რითაც უღალატებს უფალს და დადანაშაულდება,
აღიარონ თავიანთი ცოდვა, რაც ჩაიდინეს, მთლიანად ზღონ, რაც დააშავეს, მეათედიც დაუმატონ და მისცენ მას, ვის წინაშეც დანაშაული აქვთ.
თუ კაცს არა ჰყავს ნათესავი, რომელსაც შეუძლია მისი დანაშაულის ანაზღაურება, დანაშაულის საზღაური უფალზეა, მღვდელზეა, შენდობის ვერძის გარდა, რომლითაც შეუნდობს მას.
მთელი ძღვენი ისრაელიანთა შეწირულებიდან, რომელიც მღვდელთან მოაქვთ, მას ეკუთვნის.
ვინმეს მიერ შემოწირული მას ეკუთვნის; რასაც მღვდელს მისცემენ, მღვდელს ეკუთვნის.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ელაპარაკე ისრაელიანებს, უთხარი მათ: თუ ვინმეს ცოლი შეცდება, უღალატებს თავის ქმარს,
ვინმე დაწვება მასთან თესლის მიღვრით და ეს დაფარული იქნება მისი ქმრის თვალთაგან, ქალი კი მალულად წაბილწულია, მაგრამ მოწმე მის წინააღმდეგ არ ყოფილა და არ წაუსწრიათ,
ქმარს ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც წაბილწულია, ან ეჭვი შეიპყრობს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, რომელიც არ არის წაბილწული,
მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს მისი გულისთვის შესაწირავად მეათედი ეფა ქერის ფქვილი; ზეთი არ დაღვაროს ზედ და არც გუნდრუკი დაადოს, რადგან ეს ეჭვიანობის შესაწირავია, დახსომების შესაწირავი, უკეთურობის დასახსომებელია.
მიიყვანს ქალს მღვდელი და უფლის წინაშე დააყენებს.
აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭლით და მიწას სავანის ნიადაგიდან, აიღებს ამას მღვდელი და წყალში ჩაყრის.
დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე და თავს გაუშიშვლებს ქალს, მუჭში ჩაუდებს დახსომების შესაწირავს; ეს ეჭვიანობის შესაწირავია. ხოლო მღვდელს ხელში ექნება მწარე წყალი, დამაწყევარი.
დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის მას: თუ არავინ დაწოლილა შენთან და არ შეცთენილხარ და არ წაბილწულხარ შენი ქმრისთვის, არას გავნებს ეს მწარე წყალი, დამაწყევარი.
ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა,
დააფიცებს მღვდელი ქალს წყევის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისივოს,
შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!
დაწერს მღვდელი ამ წყევლას გრაგნილზე და მწარე წყლით გადარეცხავს.
დაალევინებს ქალს მწარე წყალს, დამაწყევარს, და შევა მასში დამაწყევარი წყალი გამამწარებლად.
გამოართმევს მღვდელი ქალს ეჭვიანობის შესაწირავს, შეარხევს ამ შესაწირავს უფლის წინაშე და მიიტანს სამსხვერპლოზე.
აიღებს მღვდელი პეშვით ამ შესაწირავიდან გამახსენებელ ნაწილს და დაწვავს სამსხვერპლოზე; მერე წყალს დაალევინებს ქალს.
დაალევინებს წყალს და თუ წაბილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისათვის, შევა მასში დამაწყევარი წყალი გასამწარებლად და გაუსივდება მუცელი და დაუდნება საშო. შეიქნება ეს ქალი დასაწყევლი თავის ხალხში.
თუ ქალი არ არის წაბილწული და სუფთა იყო, ვნება არ მოუვა და განაყოფიერების უნარი შერჩება.
ეს არის ეჭვიანობის რჯული, როცა ქალი უღალატებს თავის ქმარს და წაიბილწება,
ან როცა ქმარს შეიპყრობს ეჭვიანობის სული და იეჭვიანებს თავის ცოლზე: დააყენოს თავისი ცოლი უფლის წინაშე და მღვდელი მოექცევა მას ამ რჯულის თანახმად.
ქმარი გათავისულდება დანაშაულისგან და ამ ქალს დაეკისრება დანაშაული.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: უბრძანე ძეთა ისრაჱლისათა:
და განასხნედ გარეშე ბანაკსა ყოველი კეთროვანი და ყოველი თესლმდინარე და ყოველი არაწმიდაჲ სულითა.
მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე, განავლინენ გარეშე ბანაკსა და არა შეაგინონ ბანაკი მათი, რომელთა შორის მე გარდამოვალ მათა.
და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და განავლინნეს იგინი გარეშე ბანაკსა, ვითარცა ეტყოდა უფალი მოსეს, ეგრეთ ყვეს ძეთა ისრაჱლისათა.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მამაკაცმან, გინა დედაკაცმან, რომელმან ყოს ყოველთაგან ცოდვათა კაცობრივთა და უგულებელით უგულებელ-ყოს და ცოდოს სულმან მან
და აღიაროს ცოდვაჲ იგი, რომელი ქმნა და მისცეს ცოდვისა მისთჳს იგი თავადი და მეხუთე მისი დასძინოს მას ზედა და მისცეს, ვის-იგი შესცოდა.
უკუეთუ არა იყოს კაცისაჲ მის ნათესავი, რათამცა მისცა მას შეცოდებისა მისთჳს მისაცემელი იგი უფალსა, მღდლისა იყოს იგი თჳნიერ ვერძისა მის ლხინებისაჲსა, რომლითა-იგი ლხინება-ყო მისთჳს მას შინა.
და ყოველივე პირველნაყოფი და ყოველი განწმედილი ძეთა შორის ისრაჱლისათა და რაოდენ-რაჲ მოართვან უფალსა, მღდელისა იყოს იგი.
და კაცად-კაცადისა შეწირული მისა იყოს და კაცმან, რომელმან მისცეს მღდელსა, მისა იყოს.
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ [მათ]: კაცისაჲ, რომლისაჲ გარდაჴდეს ცოლი მისი და უგულებელ-ყოს ქმარი იგი თჳსი უგულებლებით
და და-ვინმე-წვეს მის თანა საწოლითა თესლისაჲთა და დაეფაროს თუალთაგან ქმრისა თჳსისაჲთა და დაუმალოს, და იგი დედაკაცი იყოს შეგინებულ და მოწამე არა ვინ იყოს მისა და მიდგომილ არღა იყოს.
და მოუჴდეს ქმარსა მისსა სული შურობისაჲ და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა, და იგი იყოს შეგინებულ, ანუ მოუჴდეს მას სული მოშურნეობისაჲ, და ეშურობდეს ცოლსა თჳსსა და იგი არა იყოს შეგინებულ.
და მოიყვანოს კაცმან მან ცოლი თჳსი მღდელისა და შეწიროს მსხუერპლი მისთჳს მეათე წილი სათველისაჲ. ფქვილი ქრთილისაჲ და არა დაასხას მას ზედა ზეთი და არცა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ არს იგი შესაწირავი შურისსახისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელისაჲ, შესაწირავი მოსაჴსენებელი ცოდვისაჲ.
და მოიყვანოს მღდელმან მან და დაადგინოს დედაკაცი იგი წინაშე უფლისა.
და მოიღოს მღდელმან მან წყალი წმიდაჲ ცხოველი ჭურჭრითა კეცისაჲთა და მიწისა მისგან ეატაკისა კარვისა საწამებელისა, და მოიღოს მღდელმან მან და შთაასხას იგი წყალსა მას.
და დაადგინოს იგი დედაკაცი წინაშე უფლისა და აღსძარცოს თავსა დედაკაცსა მას და მისცეს ჴელთა მისთა შესაწირავი იგი მოჴსენებისაჲ, რომელ-იგი არს შურისსახისა, და ჴელსა მღდელისასა იყოს წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.
და აფუცოს იგი მღდელმან მან და ჰრქუას დედაკაცსა მას:
უკეთუ და-ვინმე-წოლილ არს შენ თანა? უკუეთუ გარდაჴედ შეგინებად თჳნიერ ქმრისა შენისა, უბრალო იყო შენ წყლისა ამისგან მხილებისა დაწყლეულისა, უკუეთუ გარდაჰჴედ შენ, რამეთუ ქმრისცოლი იყავ, გინათუ შეგინებულ ხარ შენ და მო-ვინმე-გცა შენ თესლი თჳსი თჳნიერ ქმრისა შენისა?
და აფუცოს მღდელმან მან დედაკაცი იგი ფიცსა ამას წყევისასა და ჰრქუას მღდელმან მან დედაკაცსა მას: მიგეცინ შენ უფალმან წყევასა და ფიცსა ერსა შორის შენსა მოცემად შენდა უფლისა მიერ ბარკალი შენი გარდავრდომად და მუცელი შენი განსივებად. და შევიდეს წყალი ესე დაწყეული მუცელსა შენსა, რათა გარდაგივარდეს ბარკალი შენი და განასიოს მუცელი შენი. და თქუას დედაკაცმან მან: იყავნ, იყავნ.
და დაწეროს მღდელმან მან წყევაჲ ესე წიგნსა და აღჴოცოს იგი წყალსა მას შიდა მხილებისა მის დაწყეულისა.
და ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი მხილებისა მის დაწყეულისაჲ. და შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული.
და მოიღოს მდღელმან მან ჴელთაგან მის დედაკაცისათა შესაწირავი იგი შურისსახისაჲ და დადვას შესაწირავი იგი წინაშე უფლისა, დადგას იგი საკურთხეველსა თანა.
და მოიღოს მჭელითა მღდელმან მან შესაწირავისა მისგან საჴსნებელისა მისისა და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა. და ამისა შემდგომად ასუას დედაკაცსა მას წყალი იგი.
და იყოს, უკეთუ შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი, დავიწყებით დაავიწყდა ქმარსა მისსა, შევიდეს მისა წყალი იგი მხილებისაჲ დაწყეული, და განსივნეს მუცელი მისი და გარდაჰვარდეს ბარკალი მისი. და იყოს დედაკაცი იგი წყეული ერსა შორის.
უკუეთუ არა შეგინებულ იყოს დედაკაცი იგი და წმიდა იყოს, უბრალო არს და თესლი გამოიღოს.
ესე არს შჯული შურისსახისაჲ, რიმლისა გარდაუჴდეს ცოლი ქმრისცოლ-ყოფილი და შეიგინოს.
გინათუ მამაკაცსა, რომელსა მოუჴდეს სული მოშურნეობისაჲ და ჰშუროდეს ცოლისა თჳსისაჲ და დაადგინოს ცოლი იგი თჳსი წინაშე უფლისა და უყოს მას მღდელმან მან ყოველივე შჯული ესე.
და უბრალო იყოს კაცი იგი ცოდვისაგან და დედაკაცმან მან მოიღოს ცოდვაჲ თჳსი.