რიცხვნი, თავი 34
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
დაარიგე ისრაელიანები და უთხარი მათ: როცა შეხვალთ ქანაანის ქვეყანაში, აი, საზღვრები ამ ქვეყნისა, ქანაანის ქვეყნისა, რომელიც წილად შეგხვდებათ თქვენ:
სამხრეთ მხარედ გექნებათ ცინის უდაბნოდან, ედომის მახლობლად; გექნებათ სამხრეთი საზღვარი მარილოვანი ზღვის კიდიდან აღმოსავლეთის მიმართულებით.
გაუხვევს თქვენი საზღვარი სამხრეთიდან ყაკრაბიმის ზეგანისკენ, გაივლის ცინზე, მიებჯინება სამხრეთით კადეშ-ბარნეას, გავა ხაცერ-ადართან და გაივლის ყაცმონზე.
გაუხვევს საზღვარი აცმონიდან ეგვიპტის ხევისკენ და მიებჯინება ზღვას.
დასავლეთის საზღვარი: დიდი ზღვა გექნებათ საზღვრად. ეს გქონდეთ სამხრეთის საზღვრად.
ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად: დიდი ზღვიდან გაატარეთ საზღვარი ჰორის მთაზე.
ჰორის მთიდან გაატარეთ ხამათის მიმართულებით; მიებჯინება საზღვარი ცედადას.
გავა საზღვარი ციფრონისკენ და მიებჯინება ხაცარ-ყენანს. ეს გქონდეთ ჩრდილოეთის საზღვრად.
აღმოსავლეთით გაავლეთ საზღვარი ხაცარ-ყენანიდან შეფამასკენ.
შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.
ეშვება საზღვარი იორდანეზე და ებჯინება მარილოვან ზღვას. ეს იყოს თქვენთვის ქვეყნად თავისი გარეშემო საზღვრებითურთ.
ასე გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს: აჰა, ქვეყანა, რომელიც უნდა დაინაწილოთ წილისყრით, რომელზეც ბრძანა უფალმა, რომ მისცემოდა ცხრა შტოს და ნახევარ შტოს.
რადგან მიიღეს რეუბენიანთა შტომ მამისსახლების მიხედვით და გადიანელთა შტომ მათი გვარეულობების მიხედვით და მენაშეს ნახევარმა შტომ. მათ მიიღეს თავიანთი წილი.
ორმა შტომ და ნახევარმა შტომ მიიღეს თავიანთი წილი იორდანეს გაღმა, იერიხონის მახლობლად, აღმოსავლეთით.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ეს არის იმ კაცთა სახელები, რომლებიც დაიმკვიდრებენ თქვენთვის ქვეყანას: ელეაზარ მღვდელი და იესო ნავეს ძე.
ყოველი შტოდან თითო თავკაცი გამოარჩიეთ ქვეყნის დასანაწილებლად.
აი, მათი სახელები: იუდას ტომიდან: ქალებ იეფუნეს ძე;
სიმონიანთა შტოდან: სამუელ ამიჰუდის ძე;
ბენიამინის შტოდან: ელიდად ქისლონის ძე;
დანიანთა შტოდან: თავკაცი ბუკი იოგლის ძე;
იოსებიანთა შტოდან: მანასიანთა შტოდან - თავკაცი ხანიელ ეფოდის ძე;
ეფრემიანთა შტოდან: თავკაცი კემუელ შიტფონის ძე;
ზებულონიანთა შტოდან: თავკაცი ელიცაფან ფარნაქის ძე;
ისაქარიანთა შტოდან: თავკაცი ფალტიელ ყაზანის ძე;
აშერიანთა შტოდან: თავკაცი ახიჰუდ შელომის ძე;
ნაფთალიანთა შტოდან: თავკაცი ფედაელ ყამიჰუდის ძე.
ესენი იყვნენ, ვისაც უბრძანა უფალმა ქანაანის ქვეყნის განაწილება ისრაელიანთათვის.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და ეტყოდე მათ და არქუ: თქუენ შეხვალთ ქუეყანად ქანანისა. იგი იყოს სამკჳდრებელად თქუენდა ქუვყანაჲ ქანანისაჲ - საზღურითურთ მათით.
და იყოს ერთკერძოჲ იგი, რომელ არს ბღუარით კერძო უდაბნოჲთგან სინაჲთ მიმახლობელადმდე ედომისა. და იყუნენ საზღუარნი თქუენნი ბღუარითნი ზღჳთ კერძო მარილოვნით და აღმოსავალით კერძო.
და გამოგესხნენ თქუენ საზღვარნი ბღუარით აღმოსავალსა აკრაბინისასა და გარეწამოვლოს სენაკი. და იყოს გამოსავალი მისი ბღუარით კერძო კადეს ბარნესა და მიიწიოს ბანაკსა არადისსა და გარეწარვლოს ასემონაჲ.
და გარეშევლოს საზღვარმან ასემონაჲთ ნაღუარევი ეგჳპტისაჲ და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ.
და საზღვარნი ზღჳსანი იყუნენ თქუენდა, ზღუაჲ დიდი ეზღუანდეს, ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ზღჳსანი.
და ესე იყუნენ თქუენდა საზღვარნი ჩრდილოჲსანი ზღჳთ დიდითგან და მოიზომოთ თქუენ მთისპირი.
და მთითგან მთადმდე და მოიზომოთ თქუენდამი შესავალადმდე ემათისა. და იყოს გამოსავალი მისი საზღვართა სარადისათა.
და განვლნეს საზღვარნი ზეფრონაჲსნი. და იყოს გამოსავალი მისი ასერანას. ესე იყოს თქუენდა საზღვრად ჩრდილოჲ.
და დაიზომნეთ საზღვარნი თქუენდა აღმოსავალით კერძო ასარინაჲთ სეფამად.
და შთავლოს საზღვარმან სენაფამაჲ არბელად აღმოსავალით წყაროდ კერძო. და შთავიდეს საზღვარი და მივიდეს ბელად ბღუარით კერძო ზღუასა ქენერეთისასა აღმოსავალით.
და შთავიდეს საზღვარი იორდანედ კერძო. და იყოს გამოსავალი მისი ზღუაჲ მარილოვანი ესე იყოს თქუენდა ქუეყანაჲ და საზღვარნი მისნი გარემოჲს.
და ამცნო მოსე ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: ესე არს ქუეყანაჲ იგი, რომელ დაიმკჳდროთ წილითა, ვითარცა ბრძანა უფალმან მიცემად იგი ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა,
რამეთუ მიიღო ნათესავმან ძეთა რუბენისთამან და ნათესავმან ძეთა გადისთამან, სახლად-სახლად ტომთა მათთა მიიღეს ნაწილი მათი.
ორთა ნათესავთა, ზოგმან ნათესავმან მანასესმან მიიღეს ნაწილი მათი წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო ბღუარით აღმოსავალსა.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელთა დაგიმკჳდრონ თქუენ ქუეყანაჲ იგი - ელიაზარ მღდელმან და ისუ ნავესმან.
და მთავარი ერთი ნათესავისაგან მოიყვანოთ დამკჳდრებად თქუენდა ქუეყანისა მის.
და ესე არს სახელები კაცთაჲ მათ:
ნათესავისა იუდაჲსა - ქალებ, ძე იეფონესი.
ნათესავი ძეთა სჳმეონისთაჲ - სალამიელ, ძე სემიუდისი, ელიად, ძე ქესლონისი,
ნათესავთა ძეთა დანისთაჲ - მთავარი ბოკკი, ძე იოგლისი.
ძეთა იოსებისთაჲ - ნათესავისა ძეთა მანასესთაჲ - მთავარი ანელ, ძე ეფოდისი.
ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ - მთავარი კამუელ, ძე საფტანისი.
ნათესავისა ძეთა ზაბულონისთაჲ - მთავარი ელისაფან, ძე ფარნაქისა.
ნათესავისა იზაქარისთაჲ - მთავარი ფალტიელ, ძე უზაჲსი.
ნათესავისა ძეთა ასერისთაჲ - მთავარი აქიურ, ძე სელიმისი.
ნათესავისა ძეთა ნეფთალემისთაჲ - მთავარი ფადაელ, ძე ამიუდისი.
ესე არიან, რომელთა ამცნო უფალმან განყოფად ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა ქანანისასა.