რიცხვნი, თავი 35
ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:
ვუბრძანე ისრაელიანებს, რომ მისცენ ლევიანებს თავიანთი საკუთარი სამკვიდროდან ქალაქები საცხოვრებლად. ქალაქგარეთ სანახებიც, ირგვლივ, მიეცით ლევიანებს.
ჰქონდეთ ქალაქები საცხოვრებლად და სანახები ჰქონდეთ პირუტყვისათვის, ქონებისთვის და ყოველგვარი სარჩოსათვის.
ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ.
გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად.
იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათ ზევით ორმოცდაორი ქალაქი მიეცით.
სულ ორმოცდარვა ქალაქი უნდა მისცეთ ლევიანებს თავისი სანახებითურთ.
ქალაქები, რომლებიც ისრაელიანთა საკუთრებიდან უნდა მისცეთ, მრავალრიცხოვანთ მეტი გამოართვით, მცირერიცხოვანთ - ნაკლები, თითოეულმა თავისი წილხვედრის კვალობაზე უნდა მისცეს თავისი ქალაქებიდან ლევიანებს.
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანეს გაღმა ქანაანის ქვეყანაში,
დაიგულეთ ზოგიერთი ქალაქი, თავშესაფარ ქალაქებად გქონდეთ ისინი, სადაც შეეძლება თავის შეფარება მკვლელს, რომელსაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
გქონდეთ ეს ქალაქები თავშესაფარად შურისმაძიებლისაგან, რათა არ მოიკლას მკვლელი, ვიდრე საზოგდოების წინაშე წარდგებოდეს სამსჯავროდ.
ექვსი უნდა იყოს ქალაქი, რომელსაც თავშესაფრად განაწესებთ.
სამი ქალაქი იორდანეს გაღმა უნდა მისცეთ და სამი ქალაქი ქაანანის ქვეყანაში უნდა მისცეთ. თავშესაფარი ქალაქები იქნება ისინი.
ისრაელიანებს, მდგმურს და თქვენს შორის დამკვიდრებულს გქონდეთ ეს ექვსი ქალაქი თავშესაფრად, რათა იქ თავი შეაფაროს ყველამ, ვისაც უნებურად შემოაკვდება კაცი.
თუ ვინმე კაცს რკინას დაჰკრავს და მოკლავს, მკვლელია იგი. მკელელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
თუ ვინმე სასიკვდილოდ დაარტყამს ქვას ვინმეს და მოკვდება კაცი მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ან ხის იარაღს, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, დაარტყამს ვინმეს და მოკვდება კაცი, მკვლელია. მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლას.
თუ ვინმე ქიშპობით კაცს ხელს ჰკრავს ან განზრახვით რაიმეს ესვრის და მოკვდება კაცი,
ან მტრობით ხელს დაარტყამს და მოკვდება, დამრტყმელი უნდა მოკვდეს, რადგან მკვლელია. მესისხლეს შეუძლია მოკლას მკვლელი, როცა შეხვდება.
თუკი უნებლიეთ, მტრობის გარეშე, ჰკრავს ხელს ან განუზრახველად ესვრის რაიმე საგანს,
ან ქვა, რომლითაც შეიძლება მოკვდეს კაცი, გადმოუვარდება და ვინმეს დაეცემა თავში და მოკვდება, ის კი არც მტრობდა მას და არც ავს ფიქრობდა მისთვის,
საზოგადოებამ უნდა განსაჯოს მკვლელისა და მესისხლის საქმე ამ წესების მიხედვით.
უნდა იხსნას საზოგადოებამ მკვლელი მესისხლისაგან და გააბრუნოს იგი საზოგადოებამ მის თავშესაფარ ქალაქში, სადაც გაქცეული იყო. დარჩეს იქ წმიდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე.
თუკი მკვლელი გასცდება თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს, სადაც გაიქცა,
ნახავს მას მესისხლე თავშესაფარი ქალაქის საზღვრებს გარეთ და მოკლავს მესისხლე მკვლელს, არ მოეკითხება მას სისხლი,
რადგან თავშესაფარ ქალაქში უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრის სიკვდილამდე. მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი მკვლელს შეუძლია თავის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება.
გქონდეთ ეს სამართლის წესად თქვენს თაობებში. ყველგან, სადაც კი იცხოვრებთ.
ყოველი მკვლელი მოწმეთა ჩვენებით უნდა მოიკლას, ერთი მოწმის მხილებით კაცს სიკვდილით ვერ დასჯიან.
ნუ აიღებთ გამოსასყიდს მკვლელის გამოსახსნელად, რომელიც სასიკვდილოა, რადგან სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისთვის, რომ მღვდლის სიკვდილამდე დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.
ნუ წაბილწავთ მიწას, სადაც იმყოფებით, რადგან სისხლია, რომ ბილწავს მიწას. ვერ განიწმიდება მიწა მასზე დაღვრილი სისხლისაგან, თუ არა თავად მისი დამღვრელის სისხლით.
ნუ გააუწმიდურებთ მიწას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, სადაც მე ვარ დავანებული თქვენს შორის, რადგან მე, უფალი, დავანებული ვარ ისრაელიანთა შორის.
და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით კერძო მოაბსა იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო და ჰრქუა:
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისა გარემოს მათსა ლევიტელთა.
და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათდა, გარემოს მათსა იყოს საცხოვრისა მათისა და ოთხფერჴისა მათისათჳს.
და საბრძანებელი ქალაქთა, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღუდითგან ქალაქისათა გამართ ორ ათასი წყრთა.
დაზომო გარეშე ქალაქისა და აღმოსავლით კერძო ადგილი ორ ათას წყრთა და ბღუარით კერძო - ორ ათასი წყრთა და ზღჳთ კერძო - ორ ათასი წყრთა, ჩრდილოდ კერძო - ორ ათასი წყრთა. ესე იყავნ თქუენდა და საზღვარნი ქალაქთანი.
და ქალაქნი, რომელ მივსცნეთ ლევიტელთა, ექუსნი იგი ქალაქნი შესაოტებელნი, რომელ მისცნეთ შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა და ამათ თანა ორმეოცდაორ ქალაქ.
ყოველი ქალიქები, რომელი მისცეთ ლევიტელთა ორმეოცდარვა ქალაქ იგი და დაბნები მისი.
და ქალაქები, რომელ სცეთ სამკჳდრებელისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა უდიდესთაგან დიდად და მცირეთაგან მცირედ თითოეულად მსგავსად სამკჳდრებელისა თჳსისა, რომელ დაიმკჳდრონ, სცეს ქალაქთაგან ლევიტელთა.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა, ქუეყანად ქანაანისა.
და განაკუთნეთ თქუენდად ქალაქნი, შესავედრებელად იყუნენ იგინი თქუენდა შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა, ყოველმან, რომელმან მოკლას კაცი არანეფსით.
და იყუნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელად მეძიებელისაგან სისხლისაჲსა და არა მოკუდეს კაცისმკლველი იგი ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა საშჯელად.
და ქალაქნი იგი, რომელ მისცნეთ, ექუსნი ქალაქნი შესავედრებელად იყუნენ თქუენდა.
სამნი იგი ქალაქნი მისცნეთ წიაღ იორდანესა და სამნი იგი მისცნეთ ქუეყანასა ქანაანისასა. შესავედრებელად იყუნენ ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთა და მსხემთა, რომელ იყუნენ თქუენ შორის, იყუნენ ექუსნი ესე ქალაქნი შესავედრებელად მუნ ყოვლისა კაცისმკლველისა არანეფსით.
უკუეთუ ჭურჭლითა რკინისაჲთა სცეს და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.
უკუეთუ ქვაჲ ვინმე აღიღოს ჴელითა, რომელსა შინა მოკუდეს, და მით სცეს მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.
უკუეთუ ჭურჭლითა ძელისაჲთა ჴელითა სცეს ვინმე მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს იგი, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.
მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას, რაჟამს შეემთხჳოს მას. ამან მოკლას იგი.
უკუეთუ მტერობით უგუმიროს მას და დაუტეოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი ზაკჳთ და მოკუდეს,
ანუ მანკიერებით სცეს მას ჴელითა თჳსითა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ მცემელი იგი, კაცისმკლველ არს, მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას მკლველი იგი, რაჟამს შეემთხჳოს მას იგი.
უკუეთუ მყის არა მტერობით უგუმიროს მას, ანუ მიაგდოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი, არა უმზირდა მას,
არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა.
და საჯოს კრებულმან შორის მცემელისა მის და შორის მეძიებელისა სისხლისაჲსა მსგავსად ამას საშჯელისა.
და განარინოს კრებულმან მან მკლველი იგი მეძიებელისა მისგან სისხლისაჲსა და შეიყვანოს კრებულმან მან ქალაქსა მას შესავედრებელსა. და დაეშენოს მუნ ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელსა სცხეს საცხებელითა წმიდითა.
უკუეთუ გამოვიდეს მკლველი იგი საღზვართა მისთა ქალაქისათა, რომელსა შეევედრა მუნ.
და პოვოს იგი მეძიებელმან მან სისხლისამან გარეშე საზღვართა ქალაქისა მის შესავედრებელისა მისისათა და მოკლას მეძიებელმან მან სისხლისამან მკლველი იგი, არა თანამდებ იყოს,
არამედ ქალაქსა მას შესავედრებელსა შენ იყოს, ვიდრემდის მოკუდეს მღდელი იგი დიდი და შემდგომად სიკუდილისა მღდელისა მის დიდისა მიიქცეს მკლველი იგი ქუეყანად სამკჳდრებელად თჳსა.
და იყოს ესე თქუენდა სამართალ საშჯელისა ნათესავთა თქუენთა ყოველთა სამკჳდრებელთა თქუენთა.
ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა მოწამით, მოკლას მკლველი იგი და მოწამემან ერთმან არა წამოს კაცისათჳს მოსიკუდიდ.
და არა მოიღო საჴსარი სულისათჳს მკლველისაგან, რომელი სიკუდილისა თანამდებ იყოს, არამედ სიკუდილით მოკუდეს.
არა მოიღოს საჴსარი ოხებად მისა ქალაქთა შესავედრებელთა, რათამცა შენ იყო იგი კუალად ქუეყანასა ზედა ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა.
და არა მოსრათ ქუეყანაჲ, რომელსა ზედა თქუენ შენ ხართ, რამეთუ სისხლმან მან მოსრა ქუეყანაჲ და ვერ განერეს ქუეყანაჲ სისხლისა მისგან, რომელ დაითხია მას ზედა, არამედ მას სისხლსა ზედა, რომელ დასთხია იგი.
და არა შეაგინოთ ქუეყანა, რომელსა ზედა მკჳდრ ხართ თქუენ, და რომელსა ზედა დამკჳდრებულ ვარ მე თქუენ შორის, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი დამკჳდრებულ ვარ შორის ძეთა ისრაჱლისათა.