იესო ნავეს ძე, თავი 8
უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა.
ისე მოექეცი ჰაღაის და მის მეფეს, როგორც იერიხონს და მის მეფეს მოექეცი. ოღონდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. ქალაქის უკან საფარი მოიწყვეთ.
ადგა იესო და მთელი მეომარი ხალხი ჰაღაიზე გასალაშქრებლად; ამოარჩია იესომ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და გაგზავნა ღამით.
ასე უბრძანა მათ: იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის უკან, შორს არ გასცდეთ ქალაქს და მზად იყავით.
მე და დანარჩენი ხალხი, ვინც კი მახლავს, ქალაქს მივადგებით. როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს დასახვედრად, გავექცევით მათ.
უკან გამოგვყვებიან და ასე გამოვიტყუებთ ქალაქიდან; რადგან იფიქრებენ, მაშინდელივით გაგვირბიანო. და ჩვენც გავექცევით.
მაშინ წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
როცა ქალაქს დაიკავებთ, ცეცხლი წაუკიდეთ ქალაქს. უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით. იცოდეთ, მე გიბრძანებთ.
გაგზავნა ისინი იესომ და წავიდნენ საფარში. ჩასხდნენ ბეთელსა და ჰაღაის შორის, დასავლეთით. იესომ კი თავის ხალხთან გაათია ის ღამე.
ადგა დილაადრიანად იესო, დაათვალიერა ხალხი და ისრაელის უხუცესებთან ერთად ჰაღაისკენ წაუძღვა ხალხს.
მეომრები, ვინც მას ახლდნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო მათსა და ჰაღაის შორის.
გამოარჩია ხუთიათასამდე კაცი და ჩაასაფრა ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით.
მოაწყო ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო, და მისი ქუსლი ქალაქის დასავლეთით მოაქცია. გავიდა იმ ღამით იესო შუაგულ ველზე.
როგორც კი ეს დაინახა ჰაღაის მეფემ, სასწრაფოდ აიმართნენ ქალაქის მამაკაცები და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ ადგილას, დავაკებაზე. არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან.
თითქოს დამარცხდნენო, უდაბნოსკენ უკუიქცა მათგან იესო და მთელი ისრაელი.
ყიჟინა დასცა ქალაქში მყოფმა ხალხმა და უკან დაედევნა მათ, დაედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს.
კაციშვილი არ დარჩენილა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გაჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და დაედევნენ ისრაელს.
უთხრა უფალმა იესოს: ჰაღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას. მოუღერა შუბი, ხელში რომ ეჭირა, იესომ ქალაქს.
საჩქაროდ წამოიშალნენ ადგილიდან ჩასაფრებულნი და გაეშურნენ მისი ხელის მოღერებაზე. შევიდნენ ქალაქში, აიღეს და დაუყოვნებლივ ცეცხლს მისცეს იგი.
უკან მოიხედეს ჰაღაელებმა და დაინახეს, რომ კვამლი ასდიოდა ქალაქს. გასაქცევი ადგილი არ დარჩათ, არც აქეთ, არც იქეთ. უდაბნოში გაქცეული ხალხი უკან გამოენთო მდევრებს.
დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ აღებული აქვს ქალაქი ჩასაფრებულ ჯარს და კვამლი ასდის ქალაქს, და მობრუნდნენ და დასცხეს ჰაღაელებს.
ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი.
ხოლო ჰაღაელთა მეფე ცოცხლად შეიპყრეს და იესოს მიჰგვარეს.
როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა ველზე, უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი, და ყველანი უკლებლივ დაეცნენ მახვილისგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი.
ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ თორმეტი ათასი სული - კაცი და ქალი.
იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი.
მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა, თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის.
გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე.
ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
როგორც ჰქონდა ნაბრძანები ღვთის მორჩილს, მოსეს, ისრაელიანთათვის, როგორც ეწერა მოსეს რჯულის წიგნში, სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ. აღუვლინეს მასზე უფალს აღსავლენი და შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი.
იქ გადაწერა იესომ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელიანთა წინაშე.
მთელი ისრაელი, მისი უხუცესობა, გამრიგენი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს ლევიანი მღვდლების, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთა საპირისპიროდ, როგორც მდგმურნი, ისე მკვიდრნი, ერთი ნახევარი - გარიზიმის მთის მიმართულებით, მეორე ნახევარი - ღებალის მთის მიმართულებით, როგორც ადრევე ჰქონდა ნაბრძანები მოსეს, უფლის მორჩილს, რათა კურთხეული ყოფილიყო ისრაელის ერი.
ამის მერე წაიკითხა რჯულის სიტყვები, კურთხევა და შეჩვენება, როგორც ეწერა რჯულის წიგნში.
არაფერი დარჩენილა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხოს იესოს ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მდგმურებისთვის, მათთან რომ იყვნენ მოსულნი საცხოვრებლად.
და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები! წარიყვანენ შენ თანა ყოველნი კაცნი მბრძოლნი. აღდეგ და აღვედ გაიდ. აჰა, ესერა, მე მიმიცემიეს ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ქუეყანაჲ მისი.
და ჰყო გაი და მეფე მისი, ვითარცა ჰყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი მისი და ცხოვარი მისი მოიტყუენო შენდად, ხოლო დაადგინენ შენ მზირნი უკუანა ქალაქისა.
და აღდგა ისო და ყოველი ერი მბრძოლი აღსლვად გაიდ და წარარჩია ისო ოცდაათი ათასი კაცი ძლიერი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.
ამცნო მათ და ჰრქუა: თქუენ უმზირდით უკუანა ქალაქსა და ნუ განეშორებით ქალაქსა და მზა იყვენით ყოველნი. და მე
და ყოველი ერი ჩემ თანაჲ მიუჴდეთ ქალაქსა. და იყოს ვითარ გამოვიდენ მკჳდრნი გაისანი შემთხუევად ჩუენდა, ვითარცა-იგი პირველად იყო, და ვივლტოდით ჩუენ პირისაგან მათისა.
და რაჟამს გამოვიდენ უკუანა ჩუენსა, განვაშორნეთ ქალაქსა და მათ თქუან: ივლტიან ესენი პირისაგან ჩუენისა, ვითარცა-იგი პირველად.
და თქუან: აღსდგეთ სადარანოჲსა მისგან და შეხჳდეთ ქალაქად და მოსრათ ქალაქი იგი. და მოგცეს იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან, ჴელთა თქუენთა.
და რაჟამს დაიპყრათ ქალაქი იგი, აღუდვათ მას ცეცხლი და მსგავსად მის სიტყჳსა ყავთ. აჰა, ესერა, გამცნებ თქუენ.
და წარავლინნა იგინი ისო ღა მივიდეს სადარანოდ დაიმალნეს საშუვალ ბეთელსა და საშუვალ გაისა ზღჳთგან გაისით. და ისო იყო მას ღამესა საშუვალ ერსა მას.
და აღიმსთო ისო განთიად და აღიხილა ერი. და აღვიდა იგი და მოხუცებულნი ისრაჱლინი პირისპირ ერისა მის გაის ზედა.
და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა აღვიდა, მივიდეს და მიიწინეს წინაშე ქალაქსა მას აღმოსავალით კერძო. და დადარნებულნი იგი ქალაქსა ზღჳთ კერძო იყვნეს. და დაიბანაკეს ჩრდილოთ კერძო გაისსა.
და იყო ჴევი საშუვალ მათსა გაისსა. და წარიყვანა ხუთი ათასი კაცი, დამალნა იგინი საშუვალ ბეთნავსა და საშუვალ ზღუასა გაისსა.
და დაიბანაკა ერმან ყოველი ბანაკი ჩრდილოთ კერძო ქალაქისა მის. წიაღჴდა ისო მას ღამესა ჴევსა მას.
და იყო, ვითარ იხილა მეფემან მან გაისამან, ისწრაფა, აღიმსთო და გამოჴდა შემთხუევად მათა პირისპირ ბრძოლად, იგი და ერი მისი. და მან არა უწყოდა, რამეთუ დადარანებულ იყვნეს მისთჳს უკუანა ქალაქსა მას.
და იხილა და ივლტოდა ისო და ყოველი ისრაჱლი პირისაგან მათისა და ევლტოდეს გზასა უდაბნოჲსასა.
და ისწრაფა ყოველმან ერმან შედგომად კუალსა მათსა და სდევდეს ძეთა ისრაჱლისათა და განაშორნეს იგინი ქალაქსა.
არა დაშთა არავინ გაისს შინა, რომელმან არა დევნა-უყო უკუანა ისრაჱლსა და დაუტევეს ქალაქი იგი განღებული და სდევდეს უკუანა ისრაჱლსა.
და ჰრქუა უფალმან ისოს: მიყავ ჴელი შენი გეონითა, ლახურითა, ჰორლითა, რომელ არს ჴელსა შინა შენსა ქალაქსა ზედა. რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი (დადარანებულნი იგი აღდგენ ადრე ადგილით მათით). და მიყო ისო გეონი და ჴელი მისი ქალაქსა ზედა.
და დადარანებულნი იგი აღდგეს ადგილით მათით. და გამოჴდეს, ვითარცა განყარა ჴელი, და შევიდეს ქალაქად და დაიპყრეს იგი, და ისწრაფეს და მოწუეს ქალაქი იგი ცეცხლითა.
და უკუნიხილეს მკჳდრთა გაისთა უკუანა მათსა და ხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისასა ზეცად. და არღარა უღირდა, ვიდრემცა ივლტოდეს აქა, ანუ იქი და ერი იგი, რომელ ივლტოდა უდაბნოდ, აღდგეს მდევართა მათ ზედა.
და ისო და ყოველმან ისრაჱლმან იხილეს, რამეთუ დაიპყრეს დადარანებულთა ქალაქი და რამეთუ აღჴდა კუამლი ქალაქისა ზეცად, მოაქციეს და მოსრნეს კაცნი იგი გაისისანი.
და იგინი გამოჴდეს ქალაქისაგან და მიეგებვოდეს და იქმნეს იგინი საშუვალ ბანაკსა, ესენი ერთკერძო და ესენი ერთკერძო. და მოსრნეს იგინი, ვიდრემდის რაჲთურთით არა დაშთა მათი განრინებული და მეოტი.
და მეფე გაისაჲ შეიპყრეს ცოცხალი და მოჰგუარეს ისოს
და ვითარ დააცადეს ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ ყოველთა მყოფთა გაისა და რომელ იყვნეს ველთა და მთისა დამოსავალთა, ვიდრემდის სდევდეს მათ. და შევიდეს ყოველნი პირსა მახჳლისასა სრულიად. და მოიქცა ისო გაისად და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა.
და იყვნეს ყოველნი დაცემულნი მას დღესა შინა მამაკაცითგან მიდედაკაცადმდე ათორმეტ ათას ყოველნი მკჳდრნი გაისნი, გარნა საცხოვრისა.
და ისო არა გარემოაქცია ჴელი თჳსი, რომელ მიყო გეონითა ვიდრე შეჩუენებადმდე ყოველთა მკჳდრთა გაისათა.
და ნატყუენავი, რომელ იყო ქალაქსა შინა, აღიჭდეს ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს.
და მოწუა ისო ქალაქი იგი ცეცხლითა და ქმნა იგი ბორცუ მიწის უშენებელ უკუნისამდე მოდღენდელად დღედმდე.
და მეფე გაისაჲ დამოჰკიდეს ძელსა ბორჯღლედსა და იყო ძელსა მას ზედა დამოკიდებულ მიმწუხრადმდე. და დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიღეს გუამი მისი ძელისა მისგან და შთააგდეს იგი გუბსა ბჭეთა თანა ქალაქისათა და აღადგინეს მის ზედა ღუერფი დიდი ქჳშისაჲ მოდღენდელად დღედმდე.
მაშინ აღაშენა ისო საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისა მთასა შინა გებალსა.
რამეთუ ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათა ცოცხალთაჲ, რომელთა ზედა არა დაცემულ არს რკინაჲ. და შეწირა მუნ მრგულიად დასაწველი უფლისა და მსხუერპლი ცხორებისაჲ.
და დაწერა ისო ქვათა მათ ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელ დაწერა წერითა ისრაჱლისათა.
და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მათნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს იმიერ და ამიერ წინაშე კიდობნისა. და მღდელთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და მოქცეულნი და მკჳდრნი, და იყვნეს ზოგნი მახლობელად მთასა ბარიზინსა და ზოგნი მათნი მახლობელად მთასა გებალსა, ვითარცა ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, კურთხევად უფლისა ისრაჱლისა პირველად.
და ამისა შემდგომად წარიკითხნა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, კურთხევანი და წყევანი რაჲთურთით, დაწერილნი შჯულსა შინა მოსესსა.
არა იყო სიტყუაჲ ყოველთაგან, რომელ ამცნო მოსე ისოს, რომელ არა აღმოიკითხა ისო ყურთა ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისათა, მამათასა და დედათასა და ყრმათასა და მოქცეულთა, რომელნი მოადგებოდეს ისრაჱლსა.