იესო ნავეს ძე, თავი 4
როცა მთელმა ერმა გადალახა იორდანე, ასე უთხრა უფალმა იესოს:
ამოირჩიე ხალხიდან თორმეტი კაცი, თითო კაცი თითო შტოდან.
ასე უბრძანე ხალხს: აკრიბეთ აქედან იორდანეს შუაგულიდან, სადაც მტკიცედ ედგათ ფეხი მღვდლებს, თორმეტი ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევში, სადაც ღამის გათევას დააპირებთ.
დაიბარა იესომ თორმეტი კაცი, ისრაელიანთაგან რომ განაწესა, თითო კაცი თითო შტოდან.
უთხრა მათ იესომ: იარეთ უფლის, თქვენი ღმერთის კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და თითო ქვა აიკიდეთ ზურგზე, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით,
რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა შეგეკითხებიან ოდესმე თქვენი შვილები: ეს რა ქვები გაქვთო?
მიუგეთ: იორდანეს წყლები რომ გაიპო-თქო უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე; როცა იორდანეს გაღმა გადადიოდა ერი, გაიპო-თქო იორდანეს წყლები. სამახსოვროდ ჰქონდეთ ეს ქვები ისრაელიანებს უკუნისამდე.
ასე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მაი იესომ: აკრიბეს თორმეტი ქვა იორდანეს შუაგულიდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის, ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით, და გავიდნენ ამ ქვებიანად, გაღმა, სათევში, და იქ დააწყვეს.
ასევე თორმეტი ქვა დააწყობინა იესომ იორდანეს შუაგულში იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველ მღვდლებს. დღემდე იქ აწყვია ის ქვები.
უფლის კიდობნის მტვირთველი მღვდლები იორდანეს შუაგულში იდგნენ, ვიდრე ყველაფერი არ შესრულდა, რაც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს. ხალხი აჩქარებით გადიოდა გაღმა.
როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
გადავიდნენ რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს შტოს ნახევარი ისრაელიანთა თვალწინ საომარი წყობით, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
ორმოციათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხონის ველზე საბრძოლველად.
იმ დღეს განადიდა უფალმა იესო მთელი ისრაელის თვალში და სიკვდილამდე ეშინოდათ მისი, როგორც მოსესი ეშინოდათ.
ასე უთხრა უფალმა იესოს:
უბრძანე მღვდლებს, რომელთაც მოწმობის კიდობანი მოაქვთ, იორდანედან ამოვიდნენ.
უბრძანა იესომ მღვდლებს: ამოდით იორდანედან!
როგორც კი იორდანედან ამოვიდნენ მღვდლები, რომელთაც უფლის აღთქმის კიდობანი მოჰქონდათ და ხმელეთზე დაიდგა მღვდლების ტერფები, ისევ თავის ადგილას მოიქცა იორდანეს წყლები; როგორც გუშინ და გუშინწინ, იწყეს დინება თავის კალაპოტში.
ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს და დაბანაკდა გილგალში, იერიხონის აღმოსავლეთით.
ის თორმეტი ქვა, იორდანედან რომ წამოიღეს, გილგალში დააწყობინა იესომ.
ასე უთხრა ისრაელიანებს: როცა შეეკითხებიან ოდესმე თქვენი შთამომავლები თავიანთ მამებს: ეს რა ქვებიაო?
ასწავლეთ თქვენს შვილებს: მშრალზე გადმოლახათქო ისრაელმა ეს იორდანე.
რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენს წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,
რათა ყველა ხალხმა გაიგოს ამ ქვეყანაზე უფლის მარჯვენის ამბავი, რომ მაგარია იგი, რათა მუდამ გეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთისა.
და ვითარცა დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა, მიუგო უფალან ისოს და ჰრქუა:
მოიყვანენ ერისაგანნი ათორმეტნი კაცნი: ერთი თითოჲსაგან ნათესავისა,
უბრძანე მათ და არქუ: აღიღეთ ამიერ საშუვალ იორდანესა, სადა ქუე დადგეს ფერჴნი მღდელთანი, მზანი ქვანი ათორმეტნი. და ესენი წიაღიხვენით თქუენ თანა და დასხენით იგინი საბანაკესა თქუენსა, სადა დაიბანაკოთ მუნ ამას ღამესა.
და მოუწოდა ისო ათორმეტთა კაცთა პატიოსანთა ძეთაგან ისრაჱლისათა, ერთსა თითოსაგან თესლისა.
და ჰრქუა მათ ისო: მოდით წინაშე ჩემსა. წინაშე პირსა უფლისასა საშუვალ იორდანესა. და აღებით აიღენ კაცად-კაცადმან ქვაჲ ერთი ზედა ბჭეთა თჳსთა მსგავსად რიცხჳსა მის ნათესავთა ისრაჱლისათა.
რათა იყვნენ ესენი თქუენდა სასწაულად მარადის. და რაჟამს გკითხვიდეს შენ ძე შენი ხვალე და გრქუას: რა არიან ქვანი ესე თქუენდა?
და შენ აუწყო ძესა შენსა და ჰრქუა, ვითარმედ: დასწყდა იორდანე მდინარე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყნისასა, რაჟამს წიაღვიდოდა მას. და იყვნენ თქუენდა ქვანი იგი საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა მიუკუნისამდე.
და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს. და აღიხუნეს ათორმეტნი საშუვალ იორდანესა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს დასრულებასა მას წიაღსლვისასა ძეთა ისრაჱლისათასა და წიაღიხუნეს მათ თანა ბანაკად. და დასხნეს იგინი მუნ.
და აღჰმართნა ისო სხუანი ათორმეტნი ქვანი იორდანესა შინა ადგილსა, მას, სადა დადგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და არიან მუნ დღეინდელად დღედმდე.
და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისაჲ, იორდანუსა შინა, ვიდრე დაასრულა ისო ყოველი, რავდენი ამცნო უფალმან ისოს თხრობად ერსა მას, და ისწრაფა ერმან მან და წიაღჴდა.
და იყო, რაჟამს აღასრულა ერმან მან წიაღსლვაჲ, წიაღჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ქვანი იგი წინა მათსა.
და წიაღჴდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა, მანასესი განმზადებული წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე.
ოთხი ბევრი ჭურვილი ბრძოლად და წიაღჴდეს წინაშე უფლისა ბრძოლად იერიქოსა ქალაქისა.
მას დღესა შინა აღამაღლა უფალმან წინაშე ყოვლისა ნათესავისა ისრაჱლისა, და ეშინოდა მისგან, ვითარცა ეშინოდა მოსესგან, რავდენ ჟამ ცხოველ იყო იგი.
და მიუგო უფალმან ისოს და ჰრქუა:
უბრძანე მღდელთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი იგი შჯულისა საწამებლისაჲ გამოსლვად იორდანისაგან.
და უბრძანა მღდელთა მათ ისო და ჰრქუა: გამოვედით იორდანით.
და იყო ვითარ გამოჴდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, იორდანისაგან. და დაიდგნეს ფერჴნი მათნი ჴმელსა ზედა. და წარმოემართა წყალი იგი იორდანისა ადგილსავე თჳსსა და ვიდოდა, ვითარცა გუშინ და ძოღან დღეთა ყოლად კიდესა.
და ერი იგი აღმოჴდა იორდანით მეათესა თთუესა პირველისასა და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა მიერ კერძო მზის აღმოსავლით იერიქოჲსა.
და ათორმეტნი ესე ქვანი, რომელნი აღმოიხუნეს იორდანით, დასხნა ისო გალგალს შინა.
და ჰრქუა: რაჟამს გკითხვიდენ თქუენ შვილნი თქუენნი და გქუან: რა არიან ქვანი ესე?
უთხრათ შვილთა თქუენთა და ჰრქუათ, ვითარმე: ჴმელსა ზედა წიაღმოჴდა ისრაჱლი იორდანესა,
რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წყალი იორდანისა წინაშე მათსა, ვიდრე წიაღსლვადმდე მათა.
ვიდრემდის წიაღვჰჴდით, რათა ცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ ძალი უფლისა ძლიერ არს, და ჰმსახურებდეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ყოველსა ჟამსა.