ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 7

1

ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.

2

გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.

3

ჩამობრუნდნენ იესოსთან და მოახსენეს: ნუ ავა მთელი ხალხი, ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და სძლევენ ჰაღაის. ნუ გასარჯავ მთელს ერს, რადგან ცოტანი არიან ისინი.

4

წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს.

5

დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.

6

შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.

7

თქვა იესომ: ეჰა, უფალო ღმერთო! რისთვის გამდმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი. ნეტავ, იორდანეს გაღმა დავრჩენილიყავით!

8

ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს.

9

გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს?

10

უთხრა უფალმა იესოს: ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი?

11

შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა: აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს.

12

ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს.

13

ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული გყავს შენს შორის, ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს.

14

თითო-თითო შტო მოდექით ხვალ დილით; რომელ შტოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს მისგან; რომელ საგვარეულოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო სახლი მოდგეს მისგან; რომელს სახლსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან.

15

ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელითურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში.

16

ადგა იესო დილაადრიანად და გამოაყვანინა ისრაელიდან თითო-თითო შტო; დაჭერილი იქნა იუდას შტო.

17

მოაყვანინა იუდას შტო და დაჭერილი იქნა ზარახის საგვარეულო; მოაყვანინა ზარახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილი იქნა ზაბდი.

18

მოაყვანინა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან.

19

უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.

20

მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: ნამდვილად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთეო.

21

დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ.

22

გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი.

23

წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და მთელს ისრაელობას, და დაყარეს უფლის წინ.

24

გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდითურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი, და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე.

25

თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.

26

აღმართეს ზედ ქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. დაცხრა უფლის რისხვა. ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი (რისხვის ველი).

1

და ცოდეს ძეთა ისრაჱლისათა ცოდვაჲ. და იპარეს შენაჩუენებისა მისგანი: და აღიღო აქარ, ძემან ქარმისმან, ძისა ზამბრისმან, ძისა ზარასმან, ნათესავისაგან იუდასმან, შენაჩუენებისა მისგან. და განრისხნა გულისწყრომით უფალი ძეთათჳს ისრაჱლისათა.

2

და წარავლინნა ისო კაცნი იგი იერიქოთ გაიდ, რომელ არს პირისპირ ბეთელისა, და ჰრქუა მათ: აღვედით და მოისტუანეთ გაიდ. და აღვიდეს კაცნი იგი და მოისტუანეს ქუეყანაჲ გაისაჲ.

3

და მოიქცეს ისოჲსა და ჰრქუეს მას: ნუ აღმოვალნ ყოველი ერი! არამედ ვითარ ორ ათას ოდენ, ანუ სამ ათას კაც აღვიდედ და მოიცვან ქალაქი. ნუ აღიყვანებთ მუნ ყოველსა ერსა, რამეთუ მცირედ არიან.

4

და აღვიდეს მუნ ვითარ სამ ათას კაც. და ივლტოდეს პირისაგან კაცთა გალილეველთასა.

5

და მოსწყჳდნეს მათგანნი კაცთა გაისათა ოცდაათექუსმეტ კაც და დევნა-უყვეს მათ ბჭითგან, ვიდრემდის შემუსრნეს იგინი შთამართებსა და შეძრწუნდა გული ერისა მის და იქმნა, ვითარცა წყალი.

6

და ჩამოიპო ისო სამოსელი თჳსი და დავარდა ქუეყანასა ზედა პირსა ზედა თჳსსა წინაშე უფლისა მიმწუხრადმდე, იგი და მოხუცებულნი ისრაელისანი და გარდაისხეს მიწაჲ თავსა ზედა მათსა.

7

და თქუა ისო: გევედრები, უფალო, უფალო! რაჲსათჳს წიაღმოიყუანა მონამან შენმან ერი ესე იორდანესა მიცემად იგი ამორეველსა და წარწყმედად ჩუენდა? და-თუმცა-ვეშენენით და დავემკჳდრენით წიაღ იორდანესა

8

და რაჲ ვთქუათ? რამეთუ მოიდრიკა ისრაჱლმან ქედი წინაშე მტერთა მისთა

9

და ესმას ესე ქანანელთა და ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, გარემოგუადგენ ჩუენ და მოგუსრნენ ჩუენ ქუეყანით. და ვითარ ჰყო სახელი იგი შენი დიდი?

10

და ჰრქუა უფალმან ისოს: აღდეგ! რაჲსათჳს-ეგე დაცემულ ხარ შენ პირსა ზედა შენსა?

11

ცოდა ერმან მაგან და გარდაჴდა შჯულსა ჩემსა რომელ დავდევ მათა მიმართ. და იპარეს შესაჩუენებელისა მისგან და შთაიდვეს ჭურჭელსა მათსა.

12

ვერ უძლონ ძეთა ისრაჱლისათა დადგომად წინაშე პირსა მტერთა მათთასა. და დაიდრიკონ ქედი მათი წინაშე მტერთა მათთასა, რამეთუ შეჩუენებულ იქმნნეს. არღარა შევსძინო მერმე ყოფად თქუენ თანა, არა თუ განიშოროთ თქუენგან შესაჩუნებელი იგი.

13

აღდეგ და განწმიდე ერი ეგე და არქუ წმიდა-ყოფად ხვალისა, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: შენაჩუენები თქუენ შორის არს ისრაჱლ. ვერ შეუძლოთ წინადადგომად წინაშე მტერთა თქუენთა, ვიდრემდის არა მოსპოთ შენაჩუენები იგი თქუენგან.

14

და შეკრიბენით ყოველნი დილითი ნათესავად-ნათესავადი თქუენი. და იყოს, ნათესავი, რომელი გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ ნათესავად-ნათესავად სახლად. და სახლი, რომელ გამოირჩიოს უფალმან, წარმოადგინოთ კაცად-კაცადი.

15

და იყოს, რომელი გამოჩნდეს შენაჩუენებსა მას ზედა, დაიწუას ცეცხლითა იგი და ყოველი, რაჲცა არს მისი, რამეთუ გარდაჰჴდა აღთქუმასა უფლისასა და ყო ურჩულოებაჲ შორის ისრაჱლისა.

16

და აღიმსთო ისო განთიად და წარმოადგინა ერი იგი ნათესავად-ნათესავად მათად. და გამოჩნდა ნათესავი იუდასი.

17

და წარმოადგინეს ტომად-ტომადი იუდაჲსი: და გამოჩნდა ტომი ოზარაჲსი და წარმოადგინეს ტომი ოზარაჲსი სახლად-სახლად და გამოჩნდა სახლი ზამბრისი.

18

და წარმოადგინეს სახლი მისი კაცად-კაცადი. და გამოჩნდა აქარ, ძე ქარმისი, ძისა ზამრისი, ძისა ზარაჲსი, ნათესავისაგან იუდაჲსისა.

19

და ჰრქუა ისო აქარს: შვილო, მიეც დიდებაჲ უფალსა ღმერთსა ისრაჱლისასა, და ეც აღსარებაჲ, და მითხარ მე, რაჲ ჰყავ, და ნუ დაჰმალავ ჩემგან.

20

და მიუგო აქარ ისოს და ჰრქუა: ჭეშმარიტად მე ვცოდე წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ესრე და ესრე ვყავ.

21

ვიხილე ტყუენვასა მას შინა შატროვანი ერთი ჭრელი და ორასი სატირი ვეცხლი და ენაჲ ერთი ოქროჲსაჲ ერგასის სატირ სასწორით. გულმან მითქუა მათგანი და მოვიღე. და აჰა, ესერა, ესე დამიმალავს მიწასა ქუეშე კარავსა შინა ჩემსა და ვეცხლი იგი დამიმალავს ქუეშე მათსა.

22

და მიავლინნა ისო მოციქულნი. და მირბიოდეს კარავსა მას ბანაკად და ესე დამალულ იყო კარავსა შინა მისსა და ვეცხლი იგი ქუეშე მათსა.

23

და გამოიღეს იგი კარვით და მოიღეს იგი ისოსა. და მოხუცებულთა ისრაჱლისათა დადვეს იგი წინაშე უფლისა.

24

და მოიყვანა ისო აქარ, ძე ზარაჲსი, და აღიყვანა იგი ჴევსა აქორისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი, და ზროხანი მისნი და კარაულნი მისნი, და ცხოვარი მისი და კარავი მისი და ყოველი ნაყოფი მისი და ყოველი ისრაჱლი მის თანა. და აღიყვანეს იგი სურმექარონდ.

25

და ჰრქუა ისო: რად აღგუჴოცენ ჩვენ? და აღგჴოცოს შენ უფალმან ვითარცა-ესე დღეს. და განტჳნა იგი ყოველმან ისრაჱლმან ქვითა და დაწვეს იგი ცეცხლითა.

26

და აღდგეს მის ზედა ჭორტი ქვისაჲ დიდი მოდღენდელად დღედმდე. და დასცხრა უფალი რიცხვისაგან გულისწყრომისაჲსა, ამისთჳს უწოდეს მას ემეკაქორ მოაქადღედმდე.

123456789101112131415161718192021222324