ლოცვანი
აპლიკაცია

იესო ნავეს ძე, თავი 11

1

როცა გაიგო ეს ამბები იაბონმა, ხაცორის მეფემ, შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, შიმრონის მეფეს, აქშაფის მეფეს,

2

და მეფეებს, რომლებიც იყვნენ ჩრდილოეთით მთაზე და ველზე ქინორეთის სამხრეთით, შეფელაში და ნაფთოთ-დორში, დასავლეთით,

3

აღმოსავლეთის და დასავლეთის ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, მთის იებუსელებს და ხერმონისძირა ხეთელებს მიცფას ქვეყანაში.

4

ისინი მოვიდნენ მთელი თავიანთი ლაშქრითურთ, ზღვის ქვიშასავით უთვალავი ხალხით, უამრავი ცხენებითა და ეტლებით.

5

შეიყარა ყველა ეს მეფე, წავიდნენ და ერთად დაიბანაკეს მერიმის წყლებთან, რომ ისრაელიანებს შებრძოლებოდნენ.

6

უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროსთვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები.

7

მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს.

8

ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ. მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ.

9

ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები.

10

მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო.

11

მახვილით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ. ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს.

12

ამ მეფეთა ყველა ქალაქი და ყველა მეფე ჩაიგდო ხელში იესომ და მახვილით მოსრა. გაანადგურა ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფლის მორჩილს, მოსეს.

13

ოღონდ თავ-თავის ბორცვებზე გაშენებული ყველა ქალაქი როდი გადაუწვავთ ისრაელიანებს, ერთადერთი ნაცორი გადაწვა იესომ.

14

ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ.

15

როგორც უფალმა უბრძანა მოსეს, თავის მორჩილს, ისევე უბრძანა მოსემ იესოს და ისევე მოიქცა იესო: ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

16

დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები, გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი.

17

ხალაკის მთიდან მოკიდებული, სეყირს აღმა ბაყალ-გადამდე ლიბნის დაბლობზე, ხერმონის ძირას, ყველა მეფე შეიპყრო და დახოცა.

18

დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს.

19

არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.

20

რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს.

21

იმხანადვე გაემართა იესო და ამოწყვიტა ყანაკები მთაში, ქალაქებიანად მოსპო ისინი იესომ.

22

გადაშენდნენ ყანაკები ისრაელიანთა ქვეყნიდან. მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ.

23

დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც ეუბნებოდა უფალი მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, შტოებისთვის დასანაწილებლად. დაისვენა ბრძოლისგან ქვეყანამ.

1

და ვითარ ესმა იაბინს, მეფესა ასურისასა, მიუვლინა იობაბს, მეფესა მარდონისასა, და მეფესა სუმერონისასა, და მეფესა აქიფისასა.

2

და მეფესა სიდინით კერძოთა დიდსა მთისასა და რაბათდ, რომელ იყო მართლ ქენერეთსა, და ველსა და ნაფეთდორდ და ზღჳსკიდისათა.

3

ქანანელთა აღმოსავალით და ზღჳსკიდისათა და ამორეველთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იობოსელთა, რომელ იყვნეს მთასა შინა და ეველთა, რომელ იყვნეს ქუეშე აერმონსა, და მასეფათდ.

4

და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა ქჳშაჲ, რომელ არს კიდესა ზღჳსასა, სიმრავლით და ცხენები და ეტლები დიდად ფრიად.

5

და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მივიდეს ერთბამად და დაიბანაკეს ერთბამად წყალსა ზედა მერომისასა ბრძოლად ისრაჱლისა.

6

და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მიგცნე იგინი დაცემულნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. ჰუნებსა მათსა დაჰკუეთნეთ კირნი და ეტლები მათი დასწუათ ცეცხლითა.

7

და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა.

8

და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა დაუტევეს მათგანი განრინებული.

9

და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა.

10

და მოიქცა ისო მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასური და მეფე მისი, რამეთუ ასური მთავრობდა პირველად ყოველთა მეფეთა ამათ.

11

და მოსრეს ყოველი მშჳნვიერი მას შინა პირითა მახჳლისათა და აღჴოცეს ყოველი და არა დაშთა მას შინა მშჳნვიერი. და ასური მოწუა ცეცხლითა

12

და ყოველი ქალაქები მეფეთა და მეფენი მათნი შეიპყრნა ისო და მოწყჳდნა იგინი პირითა მახჳლისათა. და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ამცნო მონამან უფლისამან მოსე.

13

ხოლო ქალაქი, რომელი წინადაცუეთილ იყო, არა მოწუა ისრალმან, გარნა ასური მარტოჲ იგი მოწუა ისო.

14

და ყოველი ნატყუენავი მისი განიყვეს თავისა თჳსისად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო იგინი ყოველნი პირითა მახჳლისათა წარწყმიდნეს, არა დაშთა მათგანი რაჲთურთით მშჳნვიერი.

15

ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, და მოსე ეგრევე ამცნო ისოს. და ეგრე ყო ისო. არა გარდაჴდა არარას ყოველთაგან, რომელ ამცნო უფალმან ისოს.

16

და დაიპყრა ისო ყოველი ქუეყანა ნაგებისაჲ, და ყოველი ქუეყანა გოსომისაჲ, და ველი დასავალით კერძო, და მთაჲ ისრაჱლისა,

17

და ღელენი მთათა ქუეშენი მთიდგან ალაკისათ და რომელ აღჰმართეს სეირასა და გალგალდმდე და ველი ლიბანისა მთასა ქუეშე აერმონსა. და მეფენი მათნი ყოველნი მოსრნა და მოწყჳდნა იგინი.

18

და დაყვნა მრავალნი დღენი ისო მეფეთა ამათ მიმართ ბრძოლად.

19

და არა იყო ქალაქი, რომელი არა მისცა ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი დაიპყრა ბრძოლით.

20

რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ ისრაჱლისაჲ და გული მათი შეემთხუეოდა ბრძოლად ისრაჱლისა, რათა მოსრნეს, რათა არა იყოს მას ზედა წყალობაჲ, და მოისრნეს იგინი, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.

21

და მოვიდა ისო მას ჟამსა შინა და მოსრნა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა მთისაგან ქებრონისა და დაბირით, და ანობით და ყოვლისაგან საზღვრისა ისრაჱლისა ქალაქებითურთ მათით. და მოსრნა იგინი ისო.

22

არა ვინ დაშთა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა ძეთაგან ისრაჱლისათა, გარნა გაზს შინა და გეთს შინა და ასერის შინა დაშთეს.

23

და დაიპყრა ისო ყოველი ქალაქი, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს. და მისცა მათ ისო სამკჳდრებელად ისრაჱლსა განყოფით ნათესავთა მათთა და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.

123456789101112131415161718192021222324