ლოცვანი
აპლიკაცია

ოსია წინასწარმეტყველი, თავი 1

1

უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს.

2

როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს.

3

წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული; დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი.

4

უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეყელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეყელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა.

5

იმ დღეს იქნება, რომ შევმუსრავ ისრაელის მშვილდს იზრეყელის ველზე.

6

კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ.

7

იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, რც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ.

8

მოსხლიტა ძუძუს ლორუხამა და ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი.

9

თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი.

1

სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო ოსეს მიმართ, ძისა აბერისა, დღეთა ოზიასთა, და იოათამისთა, და აქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფისა იუდაჲსთა, და დღეთა იორობოამისთა, მეფისა ისრაილისათა:

2

დასაბამი სიტყუათა უფლისათა ოსეს მიმართ: და ჰრქუა უფალმან ოსეს: წარვედ და მოიყვანე თავისა შენისა დედაკაცი სიძვისაჲ და შვილნი მისნი სიძვისანი, რამეთუ სიძვით ისიძვიდეს ქუეყანასა უკანათგან უფლისა.

3

და წარვიდა და მოიყვანა გომერ, ასული დებელაიმისი, და მიუდგა და უშვა მას ძე.

4

და ჰრქუა ღმერთმან: უწოდე იეზრაელ ამისთჳს, რამეთუ მცირედღა და შური ვიძიო მე სახლისა მისთჳს იეზრაელისა და სახლსა ზედა იუდაჲსსა და დავაცხრვო მეფობა ისრაილისაჲ.

5

და იყოს მათ დღეთა შინა, შევმუსრო მშჳლდები იეზრაელისაჲ, ღელესა მას იეზრაელისასა

6

და მიუდგა და უშვა მას ასული და ჰრქუა მას უფალმან: უწოდე სახელი მისი არაშეწყალებულ, რამეთუ არღარა შევსძინო მერმე შეწყალებად სახლი ისრაილისაჲ, არამედ წინააღმდგომით წინაღუუდგე მათ.

7

ხოლო ძენი იუდაჲსნი შევიწყნარნე და ვიჴსნნე იგინი უფლისა მიერ ღმრთისა მათისა, და არა ვიჴსნნე იგინი მშჳლდითა, არცა მახჳლითა, არცა ბრძოლითა, არცა ცხენებითა, არცა მჴედრობითა

8

და სძესა განეყენა არაშეწყალებული იგი, და მერმე მიუდგა და შვა ძე

9

და უწოდა სახელი მისი - არა ერი ჩემი, და არა ვარ ღმერთი თქუენი, რამეთუ არა ხართ თქუენ ერი ჩემი

1234567891011121314