ოსია წინასწარმეტყველი, თავი 7
როცა ისრაელს ვკურნავდი, გამოაშკარავდა ეფრემის უკეთურებაც და სამარიის ბოროტებაც, რადგან თვალთმაქცურად იქცეოდნენ; მოდის ქურდი, ყაჩაღები დაძრწიან გარეთ!
არც უფიქრიათ გულში, რომ მე მახსოვს ყოველი მათი ბოროტება; ახლა გარემოუცავთ ისინი თავიანთ ავ საქმეებს; აჰა, ჩემს წინაშე არიან.
თავიანთი ბოროტებით ამხიარულებენ მეფეს და თავიანთი ტყუილებით - მთავრებს.
მრუშობენ ყველანი ხაბაზის გახურებულ თონესავით, რომელიც ანელებს ცეცხლს, სანამ ახალი ცომი არ გაფუვდება.
ჩვენი მეფის დღეს მთავრები სნეულდებიან ღვინის სიმხურვალისგან, მეფე კი მასხარებისკენ იწვდის ხელს.
რადგან თონესავით გახდა მათი გული მზაკვრობისგან; მთელი ღამე სძინავს ხაბაზს, დილით კი ანთია თონე აგიზგიზებული ცეცხლივით.
ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, არავინ მიხმობს მათ შორის.
ეფრემი შეერია ხალხებს, გადმოუბრუნებელი კოკორივით შეიქნა.
უცხოთესლი ჭამს მის ძალას, მას კი ვერაფერი შეუტყვია; ჭაღარა შეერია კიდეც, მას კი ვერაფერი შეუტყვია.
თავისი ამპარტავნობა ამხილებს ისრაელს, მაგრამ არ უბრუნდებიან უფალს, თავიანთ ღმერთს; არა და არ ეძებენ მას.
ბრიყვი და უგნური მტრედივით იქცა ეფრემი: ეგვიპტეს უხმობენ, აშურში კი მიდიან.
როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ.
ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან შემცოდეს მე! მათი გამოსყიდვა მსურს, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ!
გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
მე დავმოძღვრე, მკლავი გავუმაგრე, ისინი კი ავს მიზრახავენ.
არ მიიქცნენ, უზენაესისკენ; მოშვებულ მშვილდს დაემსგავსნენ; მახვილით დაეცემიან მათი მთავრები უტიფარი ენის გამო. ეს იქნება მათი სირცხვილი ეგვიპტის ქვეყანაში.
განკურნებასა შინა ჩემგან ისრაჱლისსა გამოცხადნეს სიბოროტე ეფრემისი და სიბოროტე სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუე და მპარავი მისსა მიმართ შევიდეს, განმძარცუელი ავაზაკი გზასა ზედა მისსა,
რაჲთა თანსახიობდენ, ვითარცა მსახიობელნი გულსა მათსა. ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს იგინი გულისზრახვათა მათთა, წინაშე პირსა ჩემსა იქმნნეს.
უკეთურებათა მიერ მათთა აშუებდეს მეფესა და ცრუობათა მიერ მათთა მთავართა
ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზებარე, განლევად სიცხისა ალისა მიერ შესვარულობისაგან ცმელისა ვიდრე შეფუვნებამდე მისსა
დღენი მეფეთა თქუენთანი. იწყეს მთავართა გულისწყრომად ღჳნისაგან, განირთხა ჴელი მისი ბუგრიანთა თანა
მით, რამეთუ აღეტყინნეს, ვითარაც თორნე, გულნი მათნი განბძარვასა შინა მათსა, სრულსა ღამესა ძილითა განძღა ეფრემ, განთიადი იქმნა, აღეგზნა, ვითარცა ცეცხლი მთებარე.
ყოველნი განჴურდეს, ვითარცა თორნე. და შეჭამნა მსაჯულნი მისნი. ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, არა იყოს მხადელი ჩემდამო.
ეფრემ ერთა მისთა თანა აღრეულ იყო. ვფრემ იქმნა ყუერბეულ არგარდაქცეულ.
შესჭამდეს უცხონი ძალსა მისსა, ხოლო მან ვერ აგრძნა და მჴცენი აღყუავნეს მისნი. და მან ვერსადა ცნა.
და დამდაბლდეს ვნება ისრაჱლისა პირისა მიმარათ მისისა, და არა მოიქცეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა. და არა იძიეს იგი ამათ ყოველთა ზედა.
და იყო ეფრემ, ვითარცა ტრედი, უგონებოჲ, არმქონებელი გულისაჲ, ეგჳპტესა ჰხადოდა და ასსურასტანელთა მიმართ წარვიდეს,
რაჲთა, ვითარ ისიძვიდენ, გარდავჰბურნე მათ ზედა ბადენი ჩემნი, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვყარნე იგინი, ვწუართნე იგინი ბავთითა ჭირისა მათისაჲთა.
ვაჲ მათდა, რამეთუ განვლიდეს ჩემგან, ჯაბან არიან, რამეთუ იუსჯულოეს ჩემდამო, ხოლო მე ვიჴსნიდ მათ. ხოლო მათ ზრახეს ძჳნად ჩემდა ცრუჲ.
და არა ჴმა-ყვეს ჩემდამო გულთა მათთა, არამედ ვალალებდეს საწოლთა ზედა მათთა, იფქლსა ზედა და ღჳნოსა დაიჭრებოდეს, იწუართნეს ჩემ მიერ.
და მე განვაძლიერნე მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს ბოროტი
და იქნნეს არარად, ვითარცა მშჳლდი მორთხმული, დაეცნენ მახჳლითა და მთავარნი მათნი უსწავლელობისათჳს ენისა მათისა, ესე საქიქელობაჲ მათი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.