ოსია წინასწარმეტყველი, თავი 2
ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.
შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლვნ ქვეყნიდან, რადან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
დაუძახეთ თქვენს ძმებს: ყამი (ჩემი ერი) და თქვენს დებს: რუხამა (შეწყალებული).
უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი; ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან;
თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ.
არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან;
რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.
ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის; იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო.
მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.
ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას, წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა.
ახალ კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.
გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს;
გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ.
მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა უფალმა.
ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო.
იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.
იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ ჩემო ქმარო - და აღარ დამიძახებ ჩემო ბაალო (ბატონო).
მოვაშორებ მის ბაგეებს ბაალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი სახელებით.
დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას და მშვიდობით დავავანებ მათ.
და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით;
დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.
იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, თქვა უფალმა, გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას;
მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს.
და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამის (არა, ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი და ის მეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო.
არქუთ ძმათა თქუენთა: ერი ჩემი და დასა თქუენსა: შეწყალებული.
ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი ჩემი, და მე არა ქმარი მისი. განაგდოს სიძვაჲ პირისაგან მისისა და მრუშებაჲ მისი შორის ძუძუთაგან მისთა,
განვაშიშულო იგი და დავადგინო, ვითარცა დღესა შობისა მისისასა, და დავდვა იგი, ვითარცა უდაბნოჲ, და ვყო, ვითარცა ქუეყანა ურწყული, და მოვსპო იგი წყურილითა,
ძენი მისნი არა შევიწყალნე, რამეთუ ძენი მრუშებისანი არიან.
რამეთუ სიძვით ისიძვა დედამან მისმან და სირცხჳლვულ-ყო, რომელმან შვნა იგინი, და იტყოდა: შეუდგე ტრფიალათა ჩემთა, რომელნი მომცემენ პურსა და წყალსა ჩემსა, მატყლსა და სამოსელსა ჩემსა, და ზეთსა, და სასმელსა.
ამისთჳს დავჴშნე გზანი შენნი ბრწამლითა და მოგზღუდნე ყორითა, და კვალნი შენნი არა იპოვნეს.
მისდევდენ ტრფიალთა თჳსთა და ვერ ეწინეს მათ, ეძიებდეს მათ და არა პოვნეს. და თქუა: შევიქცე და მივიდე ქმრისა ჩემისა პირველისა, რამეთუ მაშინ უმჯობეს იყო ჩემდა, ვიდრე აწ.
ხოლო მან არა უწყოდა, თუმცა მე მივეც მათ იფქლი და ღჳნო და ზეთი, და განუმრავლენ მას ვეცლხლი და ოქროჲ, რომელი უქმნეს ბაალსა.
ამისთჳს მოვიქცე და მოუღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და განვსძარცო მისგან მატყლი ჩემი და სელი ჩემი, რომლითა დაიფარვიდენ სირცხჳლთა თჳსსა.
და აწ განვაცხადო სიცოფე მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს ჴელთაგან ჩემთა.
მოუღო ყოველი სიხარული მისი, და დღესასწაული მისი, და თთჳსთავნი მისნი, და შაბათობანი მისნი, და ყოველნი დღეკეთილობანი მისნი
უგულებელს-ვყუნე, ვენაჴნი მისნი და ლეღოვანნი მისნი, რომელთათჳს იტყოდა: მიზდი მრუშებისა ჩემისა არს ესე, რომელნი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, - ხოლო დავსხნა იგინი ოჴრად და მოსჭამდენ მას მჴეცნი უდაბნოსანი.
შურ-ვაგო დღეთა ბაალისთა, რომელ უზორვიდა და შეიმკობდა სამკაულითა თჳსითა და ვიდოდა ტრფიალთა თანა თჳსთა და მე დამივიწყა, იტყჳს უფალი,
ამისთჳს განვაძო იგი და წარვდევნო უდაბნოსა და ვიტყოდე შორის გულისა მისისა.
და მივცე მას მონაგები თჳსი, მასვე ადგილსა, ღელე ნაქორისა სასოდ მოსაღებელად და იმღერდეს დღეთაებრ სიჭაბუკისა თჳსისა და დღეთაებრ გამოსლვისა ქვეყანით ეგჳპტით.
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მხადოს მე მან ქმარი. ჩემი და არღარა ხადოს მან ბალამის.
და მოიღოს სახელი ბალამის პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი.
და აღუთქუა მათ აღთქმა მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა, და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა მშმჳლდი და ბრძოლა და მახჳლი შევმუსრო ქუეყანით. და დაგამკჳდრო შენ სასოებით,
და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ,
და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით, და განკითხვით, და წყალობით, და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა შენ უფალი.
და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ვისმინო მე ცისა. და ცამან ისმინოს ქუეყანისა და ქუეყანამან ისმინოს იფქლისა და ღჳნისა, და მათ ისმინონ იეზრაელისა.
და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არა შეწყალებული იგი. და ვრქუა არა ერსა ჩემსა: ერი ჩვმი ხარი შენ. და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.