ლოცვანი
აპლიკაცია

ოსია წინასწარმეტყველი, თავი 4

1

ისმინეთ უფლის სიტყვა, ისრაელიანებო, რადგან დავა აქვს უფალს ქვეყნის მკვიდრებთან; რადგან რ არის ჭეშმარიტება, არც სიქველე, არც ღვთის შემეცნება ქვეყანაზე.

2

წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.

3

ამიტომაც მოთქვამს მიწა, ჩაკვდა მისი ყოველი მკვიდრი ველის მხეცებთან და ცის ფრინველებთან ერთად; ზღვის თევზებიც კი გაუჩინარდნენ.

4

არავინ იდავოს, არავინ იყოს მამხილებელი, რადგან შენი ერი მღვდელს ედავება.

5

წაიფორხილებ დღისით და წაიფორხილებს ღამით წინასწარმეტყველიც შენთან ერთად; და მე მოვსპობ დედაშენს.

6

მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და მეც დავივიწყებ შენს შვილებს.

7

რაც უფრო მრავლდებიან, მით უფრო სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად შევცვლი.

8

ცოდვებით იკვებება ჩემი ერი და უკეთურებისკენ მიუწევთ გული.

9

მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო.

10

შეჭამენ და ვერ გაიგებენ გაძღომას, იბოზებენ და ვერ გამრავლდებიან, რადგან დაივიწყეს უფლის სამსახური.

11

ბოზობამ, ღვინომ და მაჭარმა დაიპყრო მათი გული.

12

ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას, რადგან ბოზობის სულმა შეაცდინა ისინი და განუდგნენ თავიანთ ღმერთს.

13

მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები.

14

როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება.

15

თუ შენ ბოზობ, ისრაელო, იუდა მაინც ნუ შესცოდავს; ნუ ივლის გილგალში, ნუ ავა ბეთ-ავენში, ნუ დაიფიცებს: ცოცხალიმც არის უფალიო!

16

რადგან ჯიუტი ფურივით ჯიუტია ისრაელი; როგორ აძოვოს ახლა ისინი უფალმა, როგორც ცხვარი, ვრცელ საძოვარზე?

17

შეეკრა კერპებს ეფრემი, დაეხსენი.

18

გამოუნელდებათ სიმთვრალე და ბოზობას იწყებენ, შეეჩვიენ სირცხვილს მისი მთავრები.

19

გაახვევს მათ ქარი თავის ფრთებში და მათ შერცხვებათ თავიანთი მსხვერპლისა.

1

ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ძეთა ისრაჱლისათა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ არს მკჳდრთა თანა ქუეყანისათა, რამეთუ არა არს ჭეშმარიტება, არცა წყალობა და არცა მეცნიერება ღმრთისაჲ ქუეყანასა ზედა.

2

წყევა და სიცრუვე, კლვა და პარვა და სიძვა განფენილ არს და სისხლთა სისხლსა შერევენ.

3

ამისთჳს იგლოვდინ ქუეყანაჲ და დასულბენ ყოველნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან, მჴეცნი უდაბნოსანი და მფრინველნი ცათანი და თევზნი ზღჳსანი მოკრბენ.

4

და არა ვინ იყოს განმსჯელ მათა და არცა მამხილებელ, ხოლო ერი ჩემი, ვითარცა მღდელი მაშფოთებელი.

5

მოუძლურდენ დღენი და მოუძლურდენ წინაწარმეტყუელნი შენ თანა, და ღამესა დავადუმო დედა შენი.

6

მიემსგავსა ერი ჩემი მათ, რომლისა თანა არა იყო მეცნიერება, რამეთუ შენ განიშორე მეცნიერება, და მეცა განგიშორო შენ და არღარა მღდელობდე ჩემდამო, ვინათგან დაივიწყე სჯული ღმრთისა შენისა, მეცა დავივიწყო ძენი შენნი.

7

სიმრავლისაებრ მათისა შემცოდეს მე, ეგრეთვე დიდება მათი სირცხჳლად გარადავსცვალო.

8

ცოდვასა ჭამენ ერი ჩემი და უსჯულოებამან მათმან აღამცირნა სულნი მათნი.

9

ვითარცა იყვნენ ერი, ეგრეთვე მღდელნი, და შურ-ვიგო მათ ზედა გზათაებრ მათგან და გულისსიტყუათაებრ მათისა მივაგო მათ.

10

სჭამდენ, ვერ განძღენ, მრუშობდენყე და არ დასცხრეს, ამისთჳს დაუტევეს უფალი არა დაცვითა.

11

სიძვამან, ღჳნომან და ანკანაკებამან გულნი მიუღნეს.

12

ერი ჩემი შეშისა მიერ იმისნვიდა და კუერთხებითა მითხრობდენ. აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა.

13

თხემთა მათთასა უზორვიდენ და ბორცვებთა ზედა დასწვიდენ რკოსა ქუეშე და ხესა ჩრდილოანსა, რამეთუ კეთილ არს საფარველი: ამისთჳს ისიძვენ ასულნი თქუენნი და სძალნი თქუენნი იმრუშებენ.

14

და არა მოვიხილო მე ასულთა თქუენთა ზედა, ოდეს ისიძვიდენ, არცა სძალთა თქუენთა ზედა, ოდეს იმრუშებდენ, რამეთუ იგინი მეძავთა თანა შეისვარვოდეს და მგებელთა თანა უზორვიდეს და ერი გულისხმისმყოფელი შეეთხზვოდა მეძავთა თანა.

15

ხოლო შენ, ისრაჱლ, ნუ უმეცარ ხარ, და იუდა, ნუ შეხუალთ გალგალად და ნუ აღხუალთ სახიდ მიმართ უსამართლოებისა, და ნუ ჰფუცავთ ცხოველსა უფალსა,

16

ვითარცა დიაკეული მტრიობალი, მტრიობალ იქმნა ისრაჱლი. აწ აძოვნეს იგინი უფალმან, ვითარცა კრავნი, ფართოსა შინა.

17

შემყოფმან კერპთამან ეფრემ დაუდვა მას საბრჴე, სათნო იყუნა ქანანელნი,

18

მსიძავნი განმეძვნეს, შეიყუარეს უპატიოებაჲ ფრტჳნვისაგან მისისა.

19

სტჳნვაჲ სულისაჲ სტჳნავს შორის ფრთეთა მისთა და ჰრცხუენოდის მსხუერპლისსაცავთა მისთაგან.

1234567891011121314