ოსია წინასწარმეტყველი, თავი 13
როცა დასძრავდა სიტყვას ეფრემი, შიშის ზარი იყო; იგი აღზევდა ისრაელში, მაგრამ დადანაშაულდა ბაალის გამო და მოკვდა.
ახლა უმატეს ცოდვას; ჩამოისხეს ქანდაკნი ვერცხლისგან, ოსტატურად, კერპები, რომელთაც ყოველი მჭედელი აკეთებს; ისინი ამბობენ მათზე: კაცის შემწირველნი ხბოებს კოცნიანო!
ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი.
მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.
როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!
სადა არის ახლა შენი მეფე, რომ გიხსნას ყოველ შენს ქალაქში? ან შენი მსაჯულნი, რომლებზეც ამბობდით: მომეცი მეფე და მთავრებიო?
მე მოგეცით მეფე განრისხებისას და წაგართმევთ გულისწყრომაში.
შეფუთულია ეფრემის უკეთურებანი, გადანახულია მისი ცოდვები.
მშობიარის ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, თორემ არ დაყოვნდებოდა საშოს კარებთან.
ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
თუმცა განივრცო ეფრემი ძმათა შორის, მაგრამ დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყარო და დაწდება მისი სათავე; ის გაძარცვავს ყოველნაირ ძვირფას ჭურჭელთა საგანძურს.
სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა ბაალსა და მოკუდა,
და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს.
ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა.
ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, ღმერთი ჩემგან კიდე არა იცნა და არცა ვინ არის მაცხოვარ ჩემსა გარეშე.
მე გმწყსიდი შენ უდაბნოსა, ქუეყანასა უშენსა,
საძოვრისა მათისა მახლობელად. ამოროხვით განძღომილ იქმნეს, და გულნი მათნი აღიზუავნეს და დამივიწყეს მე.
მეცა ვიქმნე მათთჳს ლომი ძუჲ, ვითარცა ვეფხი გზასა ზედა ასსურასტანისისა.
შევემთხჳო მათ, ვითარცა დათჳ უღონოქმნილი, და განვბძარო შეჴშულობა გულისა მათისა და შეშჭამდენ მათ მუნ ლეკუნი მაღნარისანი, მჴეცთა ველისათა განხეთქნენ იგინი.
განხრწნილებასა შენსა, ისრაილ, ვინ შეეწიოს?
სადა არს მეფე შენი ესე? და განგარინედ შენ ყოველთა შორის ქალაქთა შენთა. გშმჯიდენ შენ, რომელ სთქუ: მომეც მე მეფე და მთავარი.
და მიგეც შენ მეფე რისხვითა ჩემითა და ვჰგებდ გულისწყრომასა შინა ჩემსა.
გრიგალი სიცრუჲსაჲ ეფრემ, დაფარულ ცოდვაჲ მისი.
და სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოვიდენ მისსა. ესე არს ძე შენი ცნობილი მით, რამეთუ აწ ვერ დაუთმოს შემუსრვასა შვილთასა.
ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა
მით, რამეთუ ამან საშუალ ძმათა განწვალოს, მოაწიოს ცეცხლი, ქარი უფალმან უდაბნოჲთ მათ ზედა, და განაჴმნეს ძარღუნი მისნი და მოაოჴრნეს წყარონი მისნი. ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.