ოსია წინასწარმეტყველი, თავი 6
წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას.
ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე.
შევიცნოთ, ვესწრაფოთ უფლის შეცნობას; განთიადივით საიმედოა მისი ამოსვლა, წვიმასავით მოგვივა, ისხარივით, მიწას რომ რწყავს.
რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი სიკეთე დილის ნისლივითაა, ცვარივითაა, ადრე რომ ქრება.
ამიტომაც ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვხოცავდი მათ ჩემი ბაგის ნათქვამით; შენი მსჯავრი ნათელივით ამოვა.
რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.
ადამივით გადავიდნენ ჩემს აღთქმას, იქ მიღალატეს მე.
ბოროტმოქმედთა ქალაქია გალაადი, კვალსისხლიანი.
როგორც ყაჩაღები უსაფრდებიან კაცს, ასევე იქცევა მღვდლების ხროვა, ხოცავენ შექემის გზაზე; სიბილწეს სჩადიან.
სისაძაგლენი დავინახე ისრაელის სახლში; იქ არის ეფრემის გარყვნილება, ისრაელის უწმიდურება.
შენზეც მოაწევს მკის ჟამი, იუდა, როცა ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ერს!
ჭირსა შინა მათსა აღიმსთონ ჩემდამო მეტყუელთა: წარვიდეთ და მივიქცეთ უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩვენისა,
რამეთუ მან მწყლნა, და განმკურნნეს ჩუენ, და მცნეს და მილბუნოს ჩუენ,
განმამრთელნეს ჩუენ შემდგომად ორისა დღისა, მესამესა დღესა შინა აღვდგეთ და ცოცხალ ვიყუნეთ წინაშე მისსა, და ვცნათ. ვსდევდით ცნობად უფალსა, ვითარცა ცისკარი მზაჲ, ვპოოთ იგი და მოვიდეს ჩუენდა, ვითარცა წჳმაჲ მსთუადი და მცხუედი.
გიყო რაჲ შენ, ეფრემ, რაჲ გიყო შენ, იუდა? ხოლო წყალობაჲ თქუენი ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ მავალი.
ამისთჳს აღმოვმკენ წინაწარმეტყუელნი თქუენნი და მოვაკუდინენ იგინი სიტყჳთა პირისა ჩემისათა და მსჯავრი შენი, ვითარცა ნათელი, გამოვიდეს.
მით, რამეთუ წყალობა მნებავს და არა მსხუერპლი და შემეცნება ღმრთისაჲ, ვიდრე ყოვლად დასაწუელნი.
ხოლო იგინი არიან, ვითარცა კაცი გარდამავალი აღთქმისა, მუნ შეურაცხ-მყვეს მე.
გალაად, ქალაქი მოქმედი ამაოთა, აღამრღუევღეს წყალსა,
ძალი მამაკაცისა გამცდელისაჲ დამალეს მღდელთა გზაჲ, მოაკუდინეს სიკიმაჲ, რამეთუ უსჯულოება ქმნეს
სახლსა შორის ისრაჱლისასა. ვიხილვ მუნ განსაკრთომელი სიძვაჲ ეფრემისი, შეიგინა ისრაჱლ
და იუდაჲ. იწყე სთულებად მისსა მოქცევასა შინა ჩემგან ტყუესა ერისა ჩემისასა.