პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 1
პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -
ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, ქრისტე იესოს მიერ გაწმენდილთ და ხმობილ წმიდათ, ყველასთან ერთად, ვინც ყველგან, მათთან თუ ჩვენთან, მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს:
მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ.
მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ.
რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით.
ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში.
ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას,
ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.
მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის.
იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით?
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა.
რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე.
მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე.
რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი.
ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
რადგანაც დაწერილია: „შევმუსრავ ბრძენთა სიბრძნეს და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ“.
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? ან ამ საუკუნის მაძიებელი? განა სიშლეგედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამქვეყნიური?
რადგან ღვთის სიბრძნეში რომ ვერ შეიცნო ღმერთი ქვეყანამ თავისი სიბრძნით, ღმერთმა ინება ქადაგების სიშლეგით ეხსნა მორწმუნენი.
ვინაიდან იუდეველებიც სასწაულებს მოითხოვენ და ბერძნები ეძებენ სიბრძნეს.
ჩვენ კი ჯვარცმულ ქრისტეს ვქადაგებთ: იუდეველთათვის - საცდურს, ბერძენთათვის - სიშლეგეს,
ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, - ქრისტეს, ღვთის ძალას და სიბრძნეს.
რადგანაც სიშლეგე ღვთისა კაცთა სიბრძნეზე უფრო ბრძნულია, და უძლურება ღვთისა - კაცთა ძლიერებაზე უფრო ძლიერი.
დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული.
მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი.
უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი,
და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.
მისგან ხართ ქრისტე იესოში, რომელიც იქცა ჩვენთვის ღვთისმიერ სიბრძნედ, სიმართლედ, განწმენდად და გამოსყიდვად.
რათა, წერილისა არ იყოს: „ვინც იქადის, უფლით დაიქადოს“.
პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და სოსთენე ძმაჲ,
ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა, განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ, ჩინებულთა წმიდათა, ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა, ყოველსა ადგილსა მათსა და ჩუენსა:
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.
რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,
რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა.
რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო ჩემნო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომა რაჲმე არიან თქუენ შორის.
ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს, ვითარმედ: მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოჲსი, ხოლო მე - კეფაჲსი, ხოლო მე - ქრისტესი.
გან-მე-ყოფილ არსა ქრისტე? ანუ პავლე ჯუარს-ეცუაა თქუენთჳს? ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთა?
ჰვმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ ვეც, გარნა კრისპოსს და გაიოსს,
რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ: სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც.
ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსცა სახელსა, მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა.
რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად, არამედ სახარებად, არა სიბრძნისა სიტყჳთა, რაჲთა არა ცალიერ იყოს ჯუარი იგი ქრისტესი.
რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.
რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო.
სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?
რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ.
ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.
ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე.
ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.
რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს.
რამეთუ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო: არა მრავალნი ბრძენ არიანა ჴორციელად, არა მრავალნი ძლიერ არიანა, არა მრავალნი აზნაურ არიანა?
არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა.
და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან და არა-არსნი იგი, რაჲთა არსნი იგი განაქარვნეს;
რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა.
მისგან თქუენ ხართ ქრისტე იესუს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა,
რაჲთა, ვითარცა-იგი წერილ არს: რომელი-იგი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდის.