პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 6
როგორა ბედავს რომელიმე თქვენგანი, ვისაც დავა აქვს სხვასთან, ურჯულოთა სამსჯავროს წინაშე წარსდგეს და არა წმიდათა წინაშე?
ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხავენ ქვეყანას, ხოლო თუ ქვეყანა თქვენს მიერ განიკითხება, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?
ნუთუ არ იცით, რომ ჩვენ განვიკითხავთ ანგელოზებს, და განა მით უმეტეს არ განვსჯით საერო საქმეთაც?
თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გამოგაქვთ სამსჯავროზე, მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცნ პირებს აყენებთ.
თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ: ნუთუ თქვენს შორის არ არის არცერთი ბრძენი, ვისაც შეეძლოს თავისი ძმების განკითხვა?
მაგრამ ძმა ძმასთან დავობს, და თანაც ურწმუნოთა წინაშე.
ისიც დიდად დამამცირებელია თქვენთვის, ერთმანეთს რომ უჩივით. რატომ არ არჩევთ უსამართლობა აიტანოთ, ან იზარალოთ რამე?
მაგრამ თქვენ თვითონ უსამართლოდ ექცევით და ზიანს აყენებთ თქვენსავე ძმებს.
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,
ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.
ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს.
საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი - სხეულისათვის.
ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.
ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.
ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.
ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?
რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
იკადროს-მე ვინ თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ, განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროისღა წმიდათა წინაშე?
არა უწყითა, რამეთუ წმიდათა სოფელი განიკითხონ? და უკუეთუ თქუენგან განიკითხვის სოფელი, არა ჰღირთა სამსჯავროჲსა მის საწუნელისა?
არა უწყითა, რამეთუ ანგელოზნი განვიკითხნეთ, ნუუკუე ამის სოფლისაჲცა?
უკუეთუ ამის სოფლისა სამშჯავროჲ რაჲმე გაქუნდეს, შეურაცხნი იგი კრებულისა შორის, ესენი დასხენით?
საკდემელად თქუენდა გეტყჳ: ეგოდენ არავინ არს თქუენ შორის ბრძენ, რომელმანმცა შეუძლო განკითხვად შორის ძმისა თჳსისა?
არამედ ძმაჲ ძმისა თანა განისჯების, და ესე ურწმუნოთა წინაშე.
აწ უკუე ყოვლითურთ ძლეულება არს თქუენდა ესე, რამეთუ სასჯელი გიც ურთიერთას. რაჲსათჳს არა უფროჲსღა თქუენ გევნების? რაჲსათჳს არა უფროჲსად თქუენ მიგეხუეჭების?
არამედ თქუენ ავნებთ და მოჰხუეჭთ, და ამას ძმათა.
ანუ არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ? ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგაჰრთა,
არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ.
და ესრეთ ოდესმე იყვენით, არამედ განიბანენით, არამედ განიწმიდენით, არამედ განჰმართლდით სახელითა უფლისა იესუჲსითა და სულითა ღმრთისა ჩუენისაჲთა.
ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ მე არავისსა ჴელმწიფებასა დავემორჩილო.
საზრდელი მუცლისათჳს და მუცელი საზრდელისათჳს. ხოლო ღმერთმან იგიცა და ესეცა განაქარვოს. ხოლო ჴორცნი ესე არა სიძვისათჳს, არამედ უფლისათჳს, და უფალი ჴორცთათჳს.
ხოლო ღმერთმან უფალიცა აღადგინა და ჩუენცა აღმადგინნეს ძალითა თჳსითა.
არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? აღ-უკუე-ვიხუნეა ასონი იგი ქრისტესნი და ვყვნე ასო მეძვის? ნუ იყოფინ!
არა უწყითა, რამეთუ რომელი შეეყოს მეძავსა, ერთ ჴორც არიან, რამეთუ იტყჳს: იყვნენ ორნივე ერთ ჴორც.
ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს.
ევლტოდეთ სიძვასა, ყოველი ცოდვაჲ, რომელი ქმნეს კაცმან, გარეშე ჴორცთა არს; ხოლო რომელი ისიძვიდეს, თჳსთა მიმართ ჴორცთა ცოდავს.
არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?
რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ.