ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 14

1

მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.

2

რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.

3

ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს.

4

ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.

5

მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.

6

ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?

7

თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?

8

თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?

9

ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.

10

ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.

11

მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.

12

ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.

13

ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.

14

ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.

15

რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.

16

რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?

17

კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.

18

ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

19

მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.

20

ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.

21

რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.

22

ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.

23

მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?

24

მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.

25

ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.

26

მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.

27

თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.

28

ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.

29

წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.

30

ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.

31

რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს.

32

წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.

33

რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.

34

ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

35

ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

36

განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?

37

ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.

38

ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.

39

მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.

40

მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.

1

შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ.

2

რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა.

3

ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა.

4

რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს.

5

მნებავს თქუენ ყოველთაჲ ენათა სიტყუაჲ, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ, რამეთუ უფროჲს არს, რომელი წანაწარმეტყუელებდეს, ვიდრეღა რომელი იტყოდის ენათა, გარნა თუ რაჲთა გამოსთარგმანებდეს, რაჲთა კრებული აღეშენოს.

6

ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნირებითა ანუ წანაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა?

7

ეგრეთვე უსულოთა მათ ჴმაჲ გამოსციან - ანუ თუ ნესტუმან ანუ ებანმან; უკუეთუ გამოცხადებაჲ ჴმათაჲ მათ ვერ გამოსცენ, ვითარ-მე საცნაურ იქმნეს სტჳნვაჲ იგი ანუ ებნაჲ?

8

და უკუეთუ საყჳრმან უჩინოდ ჴმაჲ გამოსცეს, ვინ-მე განემზადოს ბრძოლად?

9

ეგრეთცა თქუენ ენისა მიერ უკუეთუ არა-გამოცხადებულად სიტყუაჲ იგი გამოსცეთ, ვითარ საცნაურ იქნეს თქუმული იგი? რამეთუ იყვნეთ, ვითარცა ჰაერსა მეტყუელნი.

10

ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო.

11

უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა ვითარცა სხუაჲ ენაჲ, და რომელი-იგი მეტყოდის მე - ვითარცა სხუაჲ ენაჲ.

12

ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით.

13

ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს.

14

რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს.

15

აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა.

16

ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას „ამინი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის.

17

რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების.

18

ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა, რამეთუ უფროჲს თქუენ ყოველთასა ენათა ვიტყჳ.

19

არამედ ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად, რაჲთა სხუათაცა უმოძღურო, ვიდრე ბერთა სიტყუათა ენითა.

20

ძმანო, ნუ ყრმა იქმნებით გონებითა, არამედ ბოროტისათჳს ყრმა იყვენით, ხოლო გონებითა სრულ იყვენით.

21

რამეთუ შჯულსა წერილ არს, ვითარმედ: უცხოჲთა ენითა და ბაგითა უცხოჲთა ვეტყოდი ერსა ამას, და არცაღა ესრეთ ისმინონ ჩემი, იტყჳს უფალი.

22

ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს.

23

აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ?

24

ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ეხმილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ.

25

და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს.

26

რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ.

27

უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ.

28

ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა.

29

ხოლო წანაწარმეტყუელნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ.

30

უკუეთუ სხუასა გამოეცხადოს მუნ მჯდომარეთაგანსა, პირველი იგი დუმენინ.

31

რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წანაწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.

32

და სულები წანაწარმეტყუელთა ისწავებდენ და ყოველნი დაემორჩილენ,

33

რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა.

34

დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს.

35

ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ: რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად.

36

ანუ თქუენ მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ გამოვიდა? ანუ თქუენდამდე ხოლო მიიწია?

37

უკუეთუ ვისმე ეგონოს თავი თჳსი წანაწარმეტყუელ გინა სულიერ, უწყოდენ, რომელსა-ესე მივსწერ თქუენდა, რამეთუ უფლისანი არიან მცნებანი.

38

ხოლო უკუეთუ ვინმე უმეცარ არს, უმეცარ იყავნ.

39

ვინაჲცა, ძმანო ჩემნო, გშურდინ წანაწარმეტყუელებად და სიტყუად ენათა ნუ დაეყენებით.

40

ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ.

12345678910111213141516