პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 9
არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში?
სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.
აი, ჩემი თავისმართლება ჩემი ბრალმდებლების წინაშე.
იქნებ არა გვაქვს უფლება ჭამის და სმისა?
ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?
იქნებ მხოლოდ მე და ბარნაბას არა გვაქვს უფლება უქმად ყოფნისა?
ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
იქნებ კაცთა ჩვევისამებრ ვმსჯელობ? მაგრამ განა ამასვე არ ამბობს რჯულიც?
რადგანაც მოსეს რჯულში სწერია: „ნუ აუკრავ პირს მლეწავ ხარს“. ნუთუ ხარების დარდი აქვს ღმერთს?
თუ სწორედ ჩვენზე ამბობს ამას? რადგანაც მხვნელი იმედით უნდა ხნავდეს და ლეწვისას მლეწავსაც უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ თავის წილს მიიღებს.
ხოლო თუ ჩვენ სულიერი სიკეთე დავთესეთ თქვენთვის, განა დიდი ამბავი იქნება, რომ ხორციელი სიკეთე მოვიმკათ თქვენგან?
თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.
ნუთუ არ იცით, რომ მღვდელმსახურნი ტაძრისგან ჭამენ და საკურთხევლის მსახურნი საკურთხევლისაგან იღებენ წილს?
ასე უფალმაც უბრძანა სახარების მქადაგებელთ, რომ სახარებით ცხოვრობდნენ.
მაგრამ მე არასოდეს მისარგებლია ამით, და არც იმიტომ გწერთ, რომ ჩემი კუთვნილი მომაგოთ. რადგანაც სიკვდილი მიჯობს იმას, რომ ვინმემ გამიცუდოს ჩემი სიქადული.
რადგანაც თუ ვაბარებ, ვითომ რა მაქვს სასიქადულო? ვინაიდან აუცილებლობით ეს მადევს ვალად, და ვაი ჩემს თავს, თუ არ ვახარებ.
რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ძალაუნებურად, მხოლოდ ჩემთვის მონდობილ მნეობას ვასრულებ.
კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა.
იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი.
ურჯულოთათვის - ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.
უძლურთათვის - უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი.
ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი.
ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.
ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.
ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.
არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.
არა ვარა მოციქულ? არა ვარა აზნაურ? ანუ არა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე თუალითა ვიხილეა? ანუ არა ნამუშაკევნი ჩემნი თქუენ ხართა უფლისა მიერ?
სხუათა ღათუ არა ვარ მოციქულ, არამედ თქუენდა ხოლო ვარ, რამეთუ ბეჭედნი ჩემისა მოციქულებისანი თქუენ ხართ უფლისა მიერ.
ჩემი სიტყჳს-გებაჲ ჩემთა მათ განმკითხველთა ესე არს.
არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფებჲ ჭამად და სუმად?
არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას?
ანუ მე ხოლო და ბარნაბას არა გუაქუს ფლობაჲ საქმედ?
ვინ-მე სადა საგრობნ თჳსითა საგზლითა? ვინ დაასხის ვენაჴი და ნაყოფისა მისისაგან არა ჭამის? ანუ ვინ მწყსინ სამწყსოსა და სძისა მისგან სამწყსოთაჲსა არა ჭამის?
ანუ კაცობრივ-მე ნუ ვიტყჳ ამას? ანუ არა შჯულიცა ამასვე იტყჳსა?
რამეთუ შჯულსა მოსესსა წერილ არს: არა შეუკრა პირი ჴარსა მლეწველსა. ნუუკუე ჴართაჲ რაჲმე ეურვებოდა ღმერთსა?
არამედ ჩუენთჳს სამე იტყჳს, რამეთუ ჩუენთჳს დაიწერა. რამეთუ სასოებით თანა-აც ჴნვაჲ მჴნველსა მას, და რომელი-იგი ლეწავნ სასოებითა მითვე, - შეკრებაჲ სასოებით.
უკუეთუ ჩუენ სულიერი დავსთესეთ თქუენ შორის, დიდ-მე რაჲ არსა, თქუენგან თუ ჴორციელი მოვიმკოთ ჩუენ?
უკუეთუ სხუანი ჴელმწიფებჲსაგან თქუენისა მიღებენ, არა-მე უფროჲსღა ჩუენდა? არამედ არა ვინებეთ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ყოველსავე დავითმენთ, რაჲთა არა დაბრკოლებაჲ რაჲმე ვსცეთ სახარებასა მას ქრისტესსა.
არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ბაგინსა ჰმსახურებენ, ბაგინისაგან ჭამიან? და რომელნი საკურთხეველსა წინაშე დგანედ, საკურთხეველისაგან ნაწილი განიღიან?
ეგრეთცა უფალმან ბრძანა, რომელნი-იგი სახარებასა მიუთხრობენ, სახარებისაგან ცხორებაჲ.
ხოლო მე არარაჲ ვიჴუმიე ამათგანი. და არა ამისთჳს მივწერე ესე, რაჲთა ესრეთ იყოს ჩემდა მომართ. რამეთუ უმჯობეს არს ჩემდა სიკუდილი უფროჲს, ვიდრეღა სიქადული ჩემი, და-თუ ვინ-მე-აცუდოს იგი.
რამეთუ ვახარებ თუ, არა არს ჩემდა სიქადულ, რამეთუ უნებელი ზედა-მაც მე, და ვაჲ არს ჩემდა, არა თუ ვახარებდე.
რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ რწმუნებულ არს ჩემდა.
რაჲ-მე უკუე არს სასყიდელი ჩემი? რაჲთა, ვახარებდე რაჲ, უსასყიდლოდ ვახარებდე სახარებასა მას ქრისტესსა, რაჲთა არარაჲ ვიმსახურო ჴელმწიფებითა ჩემითა სახარებასა მას შინა ჩემსა.
რამეთუ თავისუფალ ვიყავ ყოველთაგან და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაჲთა უმრავლესნი შევიძინნე.
ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე;
უშჯულოთა თანა, ვითარცა უშჯულოჲ, - არა უშჯულოი ვიყავ ღმრთისა, არამედ შჯულიერი ქრისტესი, - რაჲთა უშჯულონი შევიძინნე;
ვიქმენ უძლურთა მათ თანა, ვითარცა უძლური, რაჲთა უძლურნი იგი შევიძინნე; ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაჲთა ყოველნი ვაცხოვნნე.
ხოლო ამას ვიქმ სახარებისა მისთჳს, რაჲთა თანა-ზიარ მისსა ვიქმნე.
არა უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ასპარეზსა მას შინა რბიედ, ყოველნივე რბიედ, ხოლო ერთმან მიიღის ნიჭი? ესრეთ რბიოდეთ, რაჲთა ეწინეთ.
ხოლო ყოველივე იგი მოღუაწე ყოველსავე მოითმენნ: იგინი უკუე სამე, რაჲთა განხრწნადი გჳრგჳნი მოიღონ, ხოლო ჩუენ - უხრწნელი.
მე უკუე აწ ესრეთ ვრბი, ვითარცა არა უჩინოდ; ესრეთ ვიჭირვი, ვითარცა არა ჰაერსა ვსცემ.
არამედ აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუუკუე სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო.