ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 7

1

ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

2

მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი.

3

ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.

4

ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

5

ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო.

6

თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად.

7

რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს - ასე, ზოგს - ისე.

8

დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ.

9

მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.

10

ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს.

11

მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს.

12

დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

13

ასევე ცოლიც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.

14

რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.

15

ხოლო თუ ურწმუნოს გაყრა სურს, დე, გაეყაროს. ამ შემთხვევაში დასაც და ძმასაც გზა ხსნილი აქვთ, ვინაიდან მშვიდობისთვის გვიხმო უფალმა.

16

რა იცი, ქალო, იხსნი თუ არა ქმარს? ან შენ რა იცი, კაცო, იხსნი თუ არა ცოლს?

17

არამედ ყველა მოიქცეს ისე, როგორც განუწესა ღმერთმა და როგორც იხმო უფალმა. ამასვე ვუწესებ ყველა ეკლესიას.

18

წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს.

19

წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი.

20

ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი.

21

მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.

22

რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა.

23

სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.

24

ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე.

25

უქორწინებელთათვის კი არ მიმიღია უფლის ბრძანება, არამედ მხოლოდ რჩევას ვიძლევი, როგორც უფლის მიერ შეწყალებული, რათა შევირაცხო სარწმუნოდ.

26

მე მგონია, ახლანდელ გასაჭირში კაცისთვის უმჯობესია ისე დარჩეს, როგორც არის.

27

ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს.

28

მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს; მაგრამ ამნაირნი თავს იდებენ ურვას ხორცისას, მე კი არ მეთმობით თქვენ.

29

აი, რას გეტყვით ძმანო: უკვე იწურება ჟამი; ამიტომ ცოლიანები ისე იყავით, როგორც უცოლონი,

30

თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი;

31

ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.

32

მე მინდა, უზრუნველნი იყოთ; უცოლო უფლისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს უფალს.

33

ცოლიანი კი ქვეყნისას ზრუნავს, თუ როგორ აამოს ცოლს.

34

განსხვავებაა გათხოვილსა და გაუთხოვარს შორისაც: გაუთხოვარი უფლისას ზრუნავს, რათა სულითაც და ხორცითაც წმიდა იყოს; გათხოვილი კი ქვეყნისას ზრუნავს, რათა აამოს ქმარს.

35

ამას გეუბნებით თქვენსავე სარგოდ: იმიტომ კი არა, რომ ქამანდი მოგდოთ, არამედ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ მსახურებდეთ უფალს.

36

ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს.

37

ხოლო ვინც ურყევად დგას და მტკიცედ გადაუწყვეტია გულში, არა როგორც აუცილებლობით იძულებულს, არამედ თავისი ნების ბატონ-პატრონს, - დაიცვას თავისი ასულის ქალწულობა, კარგად იქცევა.

38

ასე რომ, ვინც ათხოვებს თავის ქალწულს, კარგად იქცევა, მაგრამ ვინც არ ათხოვებს, კიდევ უფრო უკეთ იქცევა.

39

ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ.

40

მაგრამ უფრო ბედნიერი იქნება, თუ ისე დარჩება, როგორც მე ვურჩევ. რადგანაც, ვფიქრობ, მეცა მაქვს ღვთის სული.

1

ხოლო რომლისათჳს-იგი მოსწერეთ ჩემდა, უმჯობეს არს კაცისა დედაკაცისა შე-ვე არა-ხებაჲ.

2

ხოლო სიძვისათჳს, კაცად-კაცადსა თჳსი ცოლი ესჳნ, და თჳთეულსა თჳსი ქმარი ესჳნ.

3

ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეთცა ცოლი - ქმარსა.

4

ცოლი თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი; ეგრეთცა და ქმარიცა თჳსთა ჴორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი.

5

ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაჲმე, ჟამ რაოდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად; და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა.

6

ხოლო ამას ვიტყჳ შენდობით, არა თუ ბრძანებით.

7

რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად, ვითარცა თავი ჩემი; არამედ კაცად-კაცადსა თჳსი მადლი აქუს ღმრთისაგან, რომელსამე ესრეთ და რომელსამე ეგრეთ.

8

ვეტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა, უკუეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე.

9

ხოლო უკუეთუ ვერ დაითმენენ, იქორწინნედ; რამეთუ უმჯობეს არს ქორწინებაჲ, ვიდრე განჴურვებაჲ.

10

ხოლო ქორწინებულთა მათ ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლსა ქმრისაგან არა განშორებად.

11

ხოლო უკუეთუ განეშოროს, ეგენ უქორწინებელად, გინა ქმარსავე დაეგენ; და ქმარი ცოლსა ნუ დაუტევებნ.

12

ხოლო სხუათა მათ ვეტყჳ მე, არა უფალი: უკუეთუ ძმასა ვისმე ესუას ცოლი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტეობნ ცოლსა მას.

13

და დედაკაცსა თუ ესუას ქმარი ურწმუნოჲ და მას ჯერ-უჩნდეს ყოფაჲ მის თანა, ნუ დაუტევებნ ქმარსა მას.

14

რამეთუ განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმინდების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა. უკუეთუ არა, შვილნიმცა თქუენნი არა-წმიდა იყვნეს, ხოლო აწ წმიდა არიან.

15

ხოლო უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეყენებოდის, განეყენენ; არა დამონებულ არს ძმაჲ იგი გინა დაჲ იგი ესევითართა მათ, რამეთუ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან.

16

რამეთუ რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?

17

არამედ კაცად-კაცადსა ვითარცა განუყო ღმერთმან, და კაცად-კაცადი, ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეთცა ვიდოდენ. და ესრეთვე ყოველთა ეკლესიათა უბრძანებ.

18

წინადაცუეთილი თუ ვინმე იჩინა, ნუ იურვინ; წინადაუცუეთელი თუ ვინმე იჩინა, ნუ წინადაიცუეთნ.

19

წინადაცუეთილებაჲ არარაჲ არს და წინადაუცუეთელებაჲ არარაჲვე არს, არამედ დამარხვაჲ მცნებათა ღმრთისათაჲ.

20

კაცად-კაცადი ჩინებითა მით, რომლითაცა იჩინა, მას ზედაცა ეგენ.

21

მონაჲ თუ იჩინე, ნურაჲ გეურვებინ; არამედ დაღათუ ძალ-გედვას განთავისუფლებად, უფროჲსღა იჴუმიე.

22

რამეთუ, რომელი უფლისა მიერ იჩინოს მონაჲ, უფლისა მიერ განთავისუფლებულ არს; ეგრეთცა აზნაური, რომელი იჩინოს, მონაჲ არს ქრისტესი.

23

სასყიდლით საყიდულ ხართ, ნუ იქმნებით მონა კაცთა.

24

კაცად-კაცადი რომლითაცა იჩინა, ძმანო, მას ზედაცა ეგენ ღმრთისა მიერ.

25

ხოლო ქალწულთათჳს ბრძანებაჲ უფლისა მიერ არა მაქუს; ხოლო ვაზრახებ, ვითარცა შეწყალებული უფლისა მიერ, სარწმუნო ყოფილ.

26

მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ: ესე კეთილ არს მოწევნულისა მისთჳს ურვისა, რამეთუ უმჯობეს არს კაცისა, ესრეთ თუ იყოს.

27

შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ; თავისუფალ თუ ხარ ცოლისაგან, ნუ ეძიებ ცოლსა.

28

იქორწინე თუ, არაჲ სცოდე; და თუ იქორწინოს ქალწული, არაჲ ცოდა. ჭირი ჴორცთაჲ თავს-იდვიან ეგევითართა მათ; ხოლო მე თქუენ გერიდები.

29

ხოლო ამას გეტყჳ, ძმანო, ჟამი ესე შემოკლებულ არს ამიერითგან; და რაჲთა რომელთა ესხნენ ცოლ, ესრეთ იყვნენ, ვითარმცა არა ესხნეს;

30

და რომელნი ტიროდინ, ვითარმცა არა ტიროდეს; და რომელთა უხაროდის, ვითარმცა არა უხარის; და რომელნი იყიდდენ, ვითარმცა არაჲ აქუნდა;

31

და რომელი იმსახურებდენ სოფელსა ამას, ვითარმცა არა იმსახურებენ, რამეთუ წარმავალს არს ხატი ამის სოფლისაჲ.

32

და მნებავს თქუენი, რაჲთა უზრუნველ იყვნეთ. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა,

33

ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ცოლსა.

34

განყოფილ არს დედაკაციცა იგი და ქალწული. უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაჲთა იყოს წმიდა ჴორცითაცა და სულითაცა; ხოლო ქორწინებული ზრუნავს სოფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს ქმარსა.

35

ხოლო ამას თქუენისა უმჯობესისათჳს ვიტყჳ, არა რაჲთა საფრჴე დაგიგო თქუენ, არამედ შუენიერად და კეთილად დადგრომად უფლისა მიმართ უზრუნველად.

36

უკეთუ ვისმე სარცხჳნელ უჩნდეს ქალწულებაჲ თჳსი, იყოს თუ გარდასრულ, და ეგრეთ ჯერ-უჩნდეს ყოფად, რომელი უნდეს, ყავნ, არა ცოდავს; იქორწინნედ.

37

ხოლო რომლისასა დამტკიცებულ არს გულსა მისსა მტკიცედ და არა აქუს ურვაჲ და ჴელმწიფებაჲ აქუს თჳსსა ნებასა ზედა და ესე განაჩინა გულსა შინა თჳსსა დამარხვად თჳსი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს.

38

და რომელმან იქორწინოს თჳსი იგი ქალწულებაჲ, კეთილად ჰყოფს. ხოლო რომელმან არა იქორწინოს, უმჯობესსა ჰყოფს.

39

დედაკაცი შეკრულ არს შჯულითა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს ქმარი მისი. ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, თავისუფალ არს, უნდეს თუ ქორწინებაჲ, გარნა ხოლო უფლისა მიერ.

40

ხოლო უსანატრელეს არს, უკუეთუ ეგრეთ დაადგრეს ზრახებისა ჩემისაებრ. ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქუს მე.

12345678910111213141516