ლოცვანი
აპლიკაცია

პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 12

1

რაც შეეხება სულიერ ნიჭს, არ მინდა, ძმანო, უმეცარნი იყოთ.

2

იცით, რომ, ვიდრე წარმართნი იყავით, უტყვი კერპებისაკენ იარებოდით, თიოქოს ვიღაცა გეწეოდათ ძალით.

3

ამიტომაც გაუწყებთ, რომ ვერავინ, ვისაც ღვთის სული ალაპარაკებს, ვერ იტყვის, იესო შეჩვენებულიაო, და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.

4

ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული.

5

და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი.

6

სხვადასხვაა მოქმედებაც მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში.

7

ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.

8

ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;

9

ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;

10

ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.

11

ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.

12

ვინაიდან როგორც ერთია სხეული, მაგრამ მრავალი ასო აქვს, ხოლო ყოველი ასო, მათი სიმრავლის მიუხედავად, ერთი სხეულია, ასევეა ქრისტეც.

13

რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად, იუდეველნიც და ბერძენნიც, მონებიც და თავისუფალნიც, ასე რომ, ყველას ერთი სული გვაქვს ნასვამი.

14

ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.

15

და ფეხმა რომ თქვას: რაკი ხელი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?

16

ან ყურმა რომ თქვას: რაკი თვალი არა ვარ, სხეულისაც არა ვარო, განა ამიტომ არ ეკუთვნის სხეულს?

17

მთელი სხეული რომ თვალი იყოს, სადღა იქნება ყური? ანდა მთლიანად რომ ყური იყოს, სადღა იქნება ყნოსვა?

18

ხოლო აწ ღმერთმა მთელ სხეულში განალაგა ყოველი ასო, როგორც ინება.

19

მაგრამ ყველა რომ ერთი ასო ყოფილიყო, სადღა იქნებოდა სხეული?

20

ხოლო აწ ასო მრავალია, სხეული კი - ერთი.

21

ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.

22

არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე სუსტნი ჩანან, უფრო საჭირონი არიან.

23

ხოლო რომელთაც ნაკლებ საპატიოდ ვსახავთ სხეულში, მით უფრო მეტი პატივით ვმოსავთ, და ჩვენი უსახურებანი მეტ კეთილსახიერებას იძენენ.

24

ჩვენს სახიერებას კი ეს არ სჭირდება; არამედ ღმერთმა ისე ზომიერად შეთხზა სხეული, რომ ნაკლულევანს მეტი პატივი მიაგო,

25

რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში და ყველა ასო ერთმანეთისათვის ზრუნავდეს.

26

ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს.

27

ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი - მისი ასონი,

28

რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

29

განა ყველა მოციქულია? განა ყველა წინასწარმეტყველია? მოძღვარი თუ სასწაულთმოქმედი?

30

ყველას აქვს ნიჭი მკურნალობისა თუ სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა? ყველა არის განმმარტებელი?

31

მაშ, ისწრაფეთ უმეტეს ნიჭთა მიმართ, და მე უკეთეს გზას გიჩვენებთ.

1

ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი.

2

უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით.

3

ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა.

4

ხოლო განყოფანი მადლთანი არიან, და იგივე სული არს.

5

და განყოფანი მსახურებათანი არიან, და იგივე თავადი უფალი არს.

6

და განყოფანი შეწევნათანი არიან, და იგივე თავადი ღმერთი არს, რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის.

7

ხოლო თჳთოეულსა ჩუენსა მიცემულ არს გამოცხადებაჲ იგი სულისაჲ უმჯობესისათჳს.

8

რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა,

9

და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა,

10

რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ.

11

ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.

12

ვითარცა-იგი გუამი ერთ არს, და მრავალი ასოები აქუს, და ყოველი იგი ასოები ერთისა მის გუამისაჲ მრავალ ღათუ არს, ერთგუამვე არს, ეგრეთცა ქრისტე.

13

რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ, გინა თუ ჰუარიათა, გინა თუ წარმართთა, გინა თუ მონათა, გინა თუ აზნაურთა; და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გჳსუამს.

14

და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ.

15

უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი, ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი?

16

ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი?

17

უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი?

18

აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება.

19

ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?

20

ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი.

21

ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ.

22

არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს.

23

და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ.

24

და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი,

25

რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი.

26

და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი.

27

თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი.

28

და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ.

29

ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ?

30

ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ?

31

ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა, და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ.

12345678910111213141516